საქართველოს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ ამბობს, რომ შესაძლებელი და კანონიერია ბრძანება პირის ლიკვიდაციის გაცემის შესახებ. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის ბრძანება, უკანონოა. იურუდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ გავრცელებული კადრები აბსოლუტურად საკმარისი საფუძველია, რათა გია კრიალაშვილის მკვლელობის გამო გამოძიება დაიწყოს. კანონმდებელი ამბობს, რომ მკვლელობის ბრძანება არ არის სასჯელი, ან კანონის აღსრულება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
„მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია“,- მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ეს ვიდეო youtub-ზე ვინმე Appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერ უცნობია. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე მიმართავს სოდ-ის უფროსს ირაკლი კოდუასა და დათა ახალაიას (შეგახსენებთ, რომ ოფიცილური ინფორმაციით ახალაია კადრების განკარგულებაში იმყოფება და წესით შემთხვევის ადგილზე არ უნდა იყოს) მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა.
ბრალდებული ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ცამდე მართალია და არ რცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი.
„ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის ამბოხებაში ორი რუსი მრჩეველი მონაწილეობდა და სწორედ ამ ორ გვამს ვითხოვდი. ეს ორი რუსი მრჩეველი აჟიოტაჟის ატეხვისა და კვალის დაფარვის გამო მოკლეს. მე ვიძლეოდი მათი გვამების პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან“, - ასე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილი გავრცელებულ ჩანაწერს.
ყოფილი მერი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, დღეს ვერ იხსენებს როგორ აღმოჩნდა მუხროვანის ბაზაზე. გიგი უგულავას განცხადებით მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორებზე - კრიალაშვილზე და ოთანაძეზე საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობდა. შევარდნაძის დროს, როდესაც მათ მოაწყვეს პირველი ამბოხი, საქართველოში ნატო-ს დელეგაცია ჩამოდიოდა. რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ ნახსენებ ორ გვამს, უგულავა ამას გრამატაკის არცოდნით ხსნის.
„ვინც იცნობს მერაბიშვილს და მის არც თუ ისე გრამატიკულად გამართული საუბრის მანერას, კარგად გაარჩევს რა იგულისხმა მან. ეს კადრები გავრცელებულია შსს-ს და პროკურატურის მიერ. მერაბიშვილი ჯერ კადრებში საუბრობს, ორი პიროვნების დაჭერაზე და დაკითხვაზე, შემდეგ კი, როდესაც საუბარია თეორიულად გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, დავალებას აძლევს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
გავრცელებულ ვიდეომასალაში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. ეს სამხედო პირები კი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები შმაგი თელია და დავით ნაირაშვილი არიან.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ქაროსანიძის განცხადებით, სამინისტრო დაელოდება გამოძიების შედეგებს, ვინაიდან საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო.
„ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს და თუ ამ პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გამორიცხული არ არის, თუ გამოძიებას დასჭირდება, ისინი დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობას. ჩვენი მხრიდანაც მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევა ამ კადრებისა, რომ ვნახოთ კიდევ რომელი პირები მონაწილეობენ ამ კადრებში. ამიტომ, დღეს თავს შევიკავებ სახელების და გვარების დასახელებისგან და დაველოდებით გამოძიებას“, - განაცხადა ქაროსანიძემ.
დავით ნაირაშვილი, რომელიც გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ამჟამად დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეა, შმაგი თელია კი, მუხროვანის მოვლენების დროს სახმელეთო ჯარების სარდალი იყო და შეირაღებულ ძალებში ახლაც მსახურობს
ვინ ატვირთა ჩანაწერი?
მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ვანო მერაბიშვილი „დიდი პრემიის“ სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან „ორ გვამს“ ითხოვს, გამოძიება დაიწყო. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს იმ პირის დასადგენად ვინ ატვირთა ეს ჩანაწერი. გამოძიების ფარგლებში, შესწავლილი იქნება მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერება, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის და ლევან ამირიძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო გია კრიალაშვილის ლიკვიდაცია.
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე ამბობს, რომ ადგილზე მხოლოდ შსს-ს ვიდეოგადამღები ჯგუფი იმყოფებოდა და მისი ვარაუდით, კადრები სწორედ შსს-ს ოპერატორის მიერ არის გადაღებული.
ა-ო „სპეცსამსახურების საქმინაობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის თავმჯდომარე, ბესო ალადაშვილი არ გამოროცხავს, რომ ვიდეო შსს-ს თანამშრომლის მიერ იყოს გავრცელებული, რომელსაც გარკვეული წყენა აქვს ყოფილ ხელისუფლებასთან.
„არეალი დიდია. შეიძლება ეს იყოს რუსეთის სპეცსამსხურები, რომელსაც ძალიან უნდა საქართველოში იყოს დაძაბულობა. არაა გამორიცხული, ეს გაეკეთებინა თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“, სერიოზული განხეთქილებაა შიგნით. არის მესამე ვარიანტიც, არაა გამორიცხული პიროვნული წყენაც. ვგულისხმობ, შსს-ს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ პიროვნული წყენა, ამ მასალის დადებით სამაგიერო გადაუხადეს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ალადაშვილი.
ამბოხის ორგანიზებით გასამართლებული ლევან ამირიძე განმარტვას, რომ გარდა ამ კადრებისა, არსებოს მათი ჩაცხრილვის კადრები, რომელსაც ასევე შსს-ს პრეს-სამსახური იღებდა.
„მუხროვანში, როდესაც ესენი მივიდნენ მე იქ ვიყავი და ყველაფერს ვუყურებდი. მხოლოდ ერთი კამერა იღებდა. ეს იყო შსს პრეს-სამსახური. არ ვიცი ვინ გაავრცელა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არსებობს ასევე ჩვენი ლიკივიდაციის ამსახველი კადრები, ერთი კამერა იღებდა ამას. ეს იყო სააკაშვილის პირადი ბრძანება. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იგი პირდაპირ ავალებს მერაბიშვილს, რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეს, მიწიდან უნდა ამოთხაროთ კრილაშვილი, ოთანაძე და ამირიძე, ისე მკაცრად უნდა დაისაჯონ, რომ მსგვსი რამ 20 წლის განმავლობაში ვინმეს თავში არ მოუვიდესო. ეს იყო სააკაშვილის დავალება, რომელიც გაიმეორა მერაბიშვილმა და წარმატებით შეასრულა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ამირიძიე.
პრემია 2 გვამის სანაცვლოდ
მერაბიშვილმა პირობა შეასრულა. სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცდანიშნულების წევრებს, რომლებმაც მინისტრის ბრძანება სისრულეში მოიყვანეს და ამბოხის ორგანიზებით ძებნილები ჩაცხრილეს, 13-13 ათასი ლარი აიღეს პრემიის სახით. ქვეითებმა მერაბიშვილს 2-ის ნაცვლად, მხოლოდ 1 გვამი მიართავეს. კობა ოთანაძე იხსენებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს სამივე ლიკვიდირებული ეგონათ და საკონტროლო გასროლაც განახორციელს.
„მერაბიშვილმა დაურეკა სააკაშვილს და მოახსენა, რომ ლიკვიდირებულები არიანო და ამის მერე საკონტროლო მესროლეს, მაგრამ ღვთის წყალობით გადავრჩი. ჩვენც ლიკვიდირებული ვეგონეთ. ჯერ მორგში წაგვიყვანეს, იქ ექიმებმა გვნახეს, რომ ცოცხლები ვიყავით, მერე საავადმყოფოში წაგვიყვანეს. როცა დაჭრილები ძირს გადმოყარეს, წიხლებს გვირტყამდნენ, ხოლო შემდეგ ჩემი მისამართით საკონტროლო გასროლა განახორციელეს ხელ-ფეხისა და მკერდის არეში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცოცხალი გადავრჩი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა ოთანაძე.
ლევან ამირიძე განმარტავს, რომ ეს კადრები უშუალოდ 5 მაისს არის გადაღებული მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორიის გარეთ, გამშვებ პუნქტზე და იმ ადამიანებს, რომლებიც კადრებში ჩანან და რომლებიც განკარგულებებს გასცემენ, პირადად იცნობს.
ამირიძის განცხადებით, ეს არის პერიოდი, როდესაც ისინი სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გადიოდნენ და როდესაც ბლოკირება ხდება ტერიტორიის. მისი ინფორმაციით, იმ ვერტმფრენით, რომელიც კადრებში ჩანს, მათი ძებნა ხორციელდებოდა.
„13-13 ათასი ლარი აიღო იმ სამმა კაცმა, ვინც ჩვენ ჩაგვცხრილა. ჩემი თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ როდესაც დაგვაკავესო, ვანო მერაბიშვილი ეუბნებოდა, რატომ არ დახოცეთ ეს ჯარისკაცები, დახვრიტეთ ადგილზე და მოაწყვეთ ისე, თითქოს გაქცევას აპირებდნენო. ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი გადაეფარა ამ ჯარისკაცებს, რას აკეთებთო.
რაც შეეხება ნახსენებ ორ გვამს, რომელიც მერაბიშვილისთვის უნდა მიერთვათ, ჩვენ გვამებზეა საუბარი. ერთი გვამი დადეს კიდეც. გია კრიალაშვილი მოკლეს, ჩვენ ჩაგვცხრილეს. მე 9 ტყვია მქონდა მოხვედრილი, ხოლო კობას - 12.
ერთი წელია ვანო მერაბიშვილს და ახალაიას დასდევენ რაღაც აბსურდული ბრალდებებით, სამხედრო ნაწილებში ვიღაცებისთვის ყურის აწევის გამო და მსგავსი სუსტი ბრალდებებით. ამ დროს, რეალურად, 250 ადამიანი ჰყავთ მუხროვანის შემთხვევის მსგავსი მეთოდებით ჩახოცილი“, - ამბობს ლევან ამირიძე.
აღსანიშნავია, რომ გია კრიალაშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს გამოძიების დაწყების თხოვნით, თუმცა საქმე ამ დრომდე არ აღძრულა. სპეცოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის და ია კრიალაშვილი ფიქრობს, რომ „ორ გვამში“ მერაბიშვილი მის ძმასაც გულისხმობდა.
„ის ორი გვამი, რომელსაც ითხოვდა მერაბიშვილი, ეს იყო მინიშნება იმის, რომ გია და კობა უნდა მოეკლათ. ეს იყო პრეზიდენტის ბრძანება. მახსოვს მისი სიტყვები, მიწიდან ამოიღეთ გია, გვარიც არ უთქვამს, ვითომ არც ახსოვდა. ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ ამ ბიჭების ლიკვიდაცია მომხდარიყო. ჩემი ძმა მართლაც შეეწირა ნაძირლებს, მაგრამ კობა ოთანაძე ღმერთის წყალობით გადარჩა. ალბათ, ჩემს ძმას ასე ეწერა, რომ სატანების ხელით უნდა მომკვდარიყო.
თარგამაძე ბედავს და კიდევ ხმას იღებს, ეს გარეწარი. ჩემი ძმის ცხედარს წიხლების უტრყამდა. მერე შემომითვალა, მე არაფერ შუაში არ ვარო, ჩემთან რა უნდაო. არ მოვისვენებ, სანამ ესენი საბრალდებო სკამზე არ აღმოჩნდებიან. საბედნიეროდ მერაბიშვილს არ გაუმართლა და ორი გვამის ნაცვლად ერთი გვამი მიიღო“, - აღნიშნა ია კრიალაშვილმა.
გენერალი კობა კობალაძე, რომელიც ამბოხის ორგანიზებით დააკავეს და მალევე გაანთავისუფლეს, აცხადებს, რომ შეკრებილი იყო ხროვა, რომლის წევრიც იძახის, რომ უნდა ნადავლი - ორი გვამი, რომლებშიც კონკრეტული დამნაშავეები არ იგულისხმება.
„მთელი ამ სცენარიდან აკმაყოფილებს ორად-ორი გვამი, რომელსაც შემდეგ დოლ-გარმონით დამნაშავეებად გაასაღებენ და წარმატებულ სპეცოპერაციად წარმოაჩენენ. ამ ადამიანებს ცხოვრება, მომავალი დაუნგრიეს. ეს კადრები ჩვენ არ გაგვკვირვებია, ზოგიერთისთვის იყო გასაკვირი. ეს არაა ერთადერთი მასალა, ცოტა მოგვიანებით იგივე ფორმაში მითითებებს იძლევა სააკაშვილი ვინ უნდა დაიჭირიონ, ვინ უნდა დააპატიმრონ, ვის აქვს ქვეყანაში სიარულის უფლება და ვის არა.
ამ კადრებში ჩანს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შმაგი თელია, რომელიც კუდის ქიცინით შესციცინებდა თვალებში მერაბიშვილს. შემდეგში ის ბრალდების მხარემ მოწმედ გამოიყვანა ჩემს სასამართლო პროცესზე, რომელიც ადასტურებდა, რომ თითქოს, მე ვიყავი მუხროვანში. თქვა, რომ კაბინეტი იყო დაკეტილი და ჰქონდა ვარაუდი, რომ იმ კაბინეტში ვიმყოფებოდი. მითითებებს იძლევა დათო ნაირაშვილი. ამ მაღალჩინოსნებიდან არც ერთს არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, როდესაც გვამი მოსთხოვა ხროვის მეთაურმა. ხროვის მეთაურს უნდოდა ორი გვამი, არ აინტერესებდა ვინ იქნებოდა, უნდოდა ორი გავმი, სისხლი უნდოდა ბიჭს“, - ამბობს კობა კობალაძე.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ „გვამი“, რომელსაც მერაბიშვილი ახსენებს „კოდური“ სიტყვა ყოფილიყო.
„დავუშვათ, რომ ეს იყო რაიმე კოდური სიტყვა პოლიციელებს შორის, იქ სამხედროებიც იყვნენ და შს მინისტრს სამხედროებთან მიმართებაში კოდური სიტყვა ვერ ექნებოდა. „გვამი“, რომელსაც მერაბიშვილი ახენებს, ესაა მისი ემოცია, რომელიც შიშიდანაა გამოწვეული და მკაფიოდ ასახავს მის მოთხოვნას - მას სურს, რომ ადამიანები, რომელთა შესახებაც აქვთ ინფორმაცია, რომ არიან გაქცეულები, განადგურებულნი იყვნენ. ესაა ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა იმ სურვილისა, რაც სურდათ პოლიტიკურ ლიდერებს“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
„სპეცსამსახურების საქმინაობაზე საზოგადოებრი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე გამორიცხავს, რომ მერაბიშვილს „კოდური“ სიტყვა გამოეყენებინა.
„დასაზუსტებელია ის ორი სიტყვა, რაც ვანომ თქვა - ორ გვამზე. არანირი კოდური სიტყვა აქ არაა გამოყენებული. ძიება უნდა წავიდეს სწორედ ამ მიმართულებით - ორი გვამი, დანარჩენი ყველა დამტკიცებულია. ვხედავთ, რომ ეს არის ცირკი, როდესაც შს მინისტრი ასე ჰაერში გასცემს ბრძანებებს“, - ამბობს ბესო ალადაშვილი.
რა მოხდა 2009 წელს მუხროვანში?
მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხი, მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლის 5 მაისის დილას დაიწყო. საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ამბოხის მზადების ორგანიზტორები ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ, გეგმა ორგანიზებული იყო რუსეთიდან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატო-ს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და როგორც მაქსიმუმ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. იმავე დღეს შსს-მ ვიდეომასალაც გაავრცელა, რომლიდანაც უტიაშვილის ინფორმაციით, ჩანდა, თუ როგორ უკეთებს ორგანიზებას ამბოხს 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ „დელტას“ მეთაური გია ღვალაძე.
უტიაშვილის თქმით, ოპერატიული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამბოხში მონაწილე პირებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ რუსეთთან, იღებდნენ მათგან დავალებებსა და ფულს.
მუხროვანის სამხედრო ნაწილში კი ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე. ყოფილი მინისტრი დღეს განმარტავს, რომ 2009 წელს მუხროვანში იყო მკვეთრად გამოხატული ამბოხი. მისი ინფორმაციით, ბაზაზე შესვლა შეუძლებელი იყო, გარე პერიმეტერს კი ნიღბიანები მძიმე ტექნიკით იცავდნენ.
„ეს იყო მკაფიოდ გამოხატული ამბოხი. სოციალური მოთხოვნები იმ პერიოდში მე არ მახსოვს, წამოყენებული იყო გაუგებარი და მიუღებელი მოთხოვნები და ამოცანა იყო ერთი და მარტივი - არ მომხდარიყო ამ კრიზისის გაღრმავება, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
ე.წ. ამბოხებულებთან იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. უშუალოდ მოლაპარაკებებს კი სახმელეთო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი შმაგი თელია აწარმოებდა. პარალელურად, შსს-მ კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც უკვე საუბარია გადატრიალების კონკრეტულ თარიღებზე, ქმედებებსა და რუსეთიდან მისაღებ თანხებზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა კი მუხროვანის სამხედრო ნაწილში ამბოხებულ სამხედროებს იარაღის დაყრა და ჩაბარება შესთავაზა. „გადაყოლილი ვარ თქვენზე, მე, პირადად და ქართული სახელმწიფო! რატომ შეუშვით ნაწილში ოთანაძე და კრიალაშვილი, ეს კრიმინალები და ბანდიტები?! ხომ არ ეგონა თქვენს ბრიყვ მეთაურ გორგიაშვილს, რომ მე შევარდნაძე ვარ, რომელიც მოვიდოდა, მთელი დღე დაგიჯდებოდათ, თქვენ გენაცვალე, თქვენი ჭირიმეთი დაგელაპარაკებოდათ და ყველაფერი ჩაიფარცხებოდა?!“, - ამ სიტვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. ამბოხებულებს.
ამბოხი დასრულებულად საღამოს გამოცხადდა. ბაზიდან გაიყვანეს ჯარისკაცები. ასევე რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკაც. სამხედროები გადაყვანილები იყვნენ მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობდა. დააკავეს ამბოხის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, მუხროვანის სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი, ასევე ასმეთაურები და სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები. გარდა ამისა, დააკავეს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ „დელტას ყოფილი მეთაური გია ღვალაძე. ძებნა გამოცხადდა კობა ოთანაძეზე, ლევან ამირიძე და გია კრიალშვილზე.
დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, პოლიცია მათ კვალზე გავიდა. ოთანაძემ თავის ახლობელს თხოვა, რომ გაეყვანათ უსაფრთხო ადგილას. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს პიროვნება შსს-ს მიერ ყოფილა დამუშავებული. 21 მაისს, გვიან ღამით, თიანეთის გზატკეცილზე სპეცოპერაციის შედეგად ადგილზე ლიკვიდირებული იქნა პოლკოვნიკი, ე.წ. ამბოხის ორგანიზებაში ბრალდებული გია კრიალაშვილი. მძიმედ დაიჭრნენ ამირიძე და ოთანაძე.
2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში არშემდგარი ამბოხის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2010 წლის 11 იანვარს დასრულდა. სასამართლომ 41 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, დაკითხა 100-ზე მეტი მოწმე. სხვადასხვა მუხლით პატიმრობა სულ 19 მსჯავრდებულს მიუსაჯეს. მუხროვანის საქმის 3 მთავარ განსასჯელს ბრალი ამბოხის ორგანიზებასა და დაუმორჩილებლობაში წაუყენეს.
სასამრთლომ კობა ოთანაძეს 29, ლევან ამირიძეს 28, ხოლო შოთა გორგიაშვილს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და სასამართლოზე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ.
შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ შსს-ს მიერ მოპოვებული ოპერატიული ცნობებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მიიღო. ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ შსს-ში მათ წინააღმდეგ მტკიცებულების შექმნა თიანეთის გზატკეცილზე განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო.