დასავლეთიდან სიგნალის მოლოდინში

დასავლეთიდან სიგნალის მოლოდინში

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს ყველაზე გვიან, ადრე შემოდგომამდე მოაწერენ“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ევროკავშირი-რუსეთის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ასოცირების შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, სრულად თავსებადია ამ ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან“, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა. 

რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ევროპულ მომავალს, მაშინ, როდესაც უკრაინა მოულოდნელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, დაიწყებს თუ არა რუსეთი საკუთარ თამაშს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამ თემებზე ექსპერტი გია ნოდია გვესაუბრება.

ბატონო გია, ელოდებით, რომ საქართველოს შემთხვევაშიც უკრაინული სცენარი განვითარდება, თუ რუსეთისთვის შესაძლოა, ამ შემთხვევაში მოლდოვასა და საქართველოს ისეთი პრინციპული მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, როგორც დღეს უკრაინას?

- როგორც ჩანს, ევროპელებიც ვარაუდობენ, რომ რუსეთიც შეიძლება შეეცადოს გარკვეული გავლენის მოხდენას, ამიტომ ისინი მაქსიმალურად აჩქარებენ ხელმოწერას. ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში, რუსეთს მაინც გაუძნელდება ისეთი გავლენა მოახდინოს, რომ ასოცირების ხელშეკრულება გადაადებინოს. მითუმეტეს, რომ ჯერჯერობით, რუსეთის მთელი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული და არ ვიცით, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები.

მეორე საკითხია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ არის ბოლო ეტაპი. საჭიროა, რომ ევროინტეგრაცია ამის შემდეგაც გაგძელდეს. ასე რომ, შეაფერხებს თუ არა რუსეთი ამ პროცესს, ამის შემდეგაც გახდება ნათელი. სწორედ ამიტომ არის დღეს ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის მოვლენები და მისი შედეგი.

თუ რუსეთი შეძლებს, უკრაინას უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე, მაშინ, ევროპას, ალბათ, ნაკლები ინტერესი ექნება საქართველოს მიმართაც. ასოცირების ხელშეკრულებას კი მოეწერება ხელი, მაგრამ ვგულისხმობ შემდგომ უფრო ინტენსიურ ურთიერთობას.

თუ უკრაინამ შეძლო და იმ გზით წავიდა, რომ ევროინტეგრაცია იქნება მისი სამიზნე, მაშინ საქართველოს შანსებიც იზრდება, რომ შემდეგი ეტაპებიც იქნება ევროპული ინტეგრაციისა.

ფაქტობრივად, დღეს უკრაინაზეა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა აღმოსავლეთ ევროპის რუკა, თავად ევროპის ინტერესი რამდენად იკვეთება, ადეკვატურად აქტიურია, რომ ასე მოხდეს?

- ჩემი აზრით, უკრაინის და სომხეთის ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ ცოტა გამოაფხიზლა ევროპა. აქამდე თუ დუნედ უყურებდა მოვლენებს, იმით შეიძლება აიხსნას, რომ როგორც ჩანს, გულისხმობდა, რომ უკრაინასაც და ნებისმიერ ქვეყანასაც უნდოდა ევროკავშირთან ინტეგრირება. ყველაფერი კი, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ქვეყნების მზაობაზე, განვითარებასა და რეფორმებზე იყო დამოკიდებული და თუ ევროპა მიიღებდა ამ ქვეყნებს, მაშინ რა პრობლემა იყო.

ახლა, ევროპა მიხვდა, რომ ცოტა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, მაგრამ რამდენად კარგად არის ეს ყველაფერი გააზრებული, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, გარკვეული გააქტიურება ევროპისა, მაინც მოხდა.

ძალიან ხშირად სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველი ექსპერტების მხრიდანაც ისმის შეფასებები, რომ ევროპა მაინც რევერანსებს უკეთებს რუსეთს. ევროკავშირ-რუსეთის სამიტის დროსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა გავლენას არ ახდენს რუსეთის ეკონომიკურ, სავაჭრო, სოციალური, ჰუმანურ და კულტურულ კავშირებზე მეზობლებთან... ამ შემთხვევაშიც ფრთხილობს ევროპა რუსეთთან?

- ევროპა უწევს და ალბათ, მომავალშიც გაუწევს რუსეთს ანგარიშს, მაგრამ მას არ სურს, რომ რუსეთის ჭკუაზე იაროს და რუსეთს ვეტოს უფლება მისცეს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია, ან არ შეუძლია ევროკავშირს თავის სამეზობლოში.

ჯერჯერობით, ეს ევროკავშირისთვის მიუღებელია, ეს არის მთავარი წყალგამყოფი. ევროკავშირს სურს, რუსეთთანაც შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა, მაგრამ საკუთარ თავსაც არ შეუკრას ხელ-ფეხი. ეს, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ როგორც ჩანს, არასაკმარისად შეაფასეს ის ვითარება, რამდენად ნეგატიურად უყურებს რუსეთი ევროკავშირის აქტივობას პოსტსაბჭოთა სივრცეში.

იმედია, ცოტა უფრო რეალისტურად შეხედავს ამ ვითარებას - ერთი მხრივ, შეეცდება ევროპა საკუთარი ინტერესები გაატაროს, მეორე მხრივ კი, არ მოახდინოს რუსეთის გაუცხოება საჭიროზე მეტად.

ევრაზიის კავშირი რამდენად სერიოზული მეტოქე შეიძლება გახდეს ევროკავშირისთვის?

- თავისთავად, ევროკავშირისთვის ეს სერიოზული საფრთხე არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ევრაზიის კავშირის იდეა განხორციელდა და ეს ისევ და ისევ უკრაინაზეა დამოკიდებული, მაშინ, გამოდის, რომ ევროკავშირს აღმოსავლეთში ჰყავს მეტოქე, რომელთან ოპონირების რეჟიმშიც უნდა იყოს მუდამ, რომელსაც შეტევითი პოლიტიკა აქვს თავის სამეზობლოში და ამით პრობლემას უქმნის ევროპას.

ევროპისთვის არ არის მაინც და მაინც კარგი, რომ ევრაზიის კავშირის იდეა განხორციელდეს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას - ერთია, რომ შეიძლება რუსეთმა შეძლოს და უარი ათქმევინოს რომელიღაც ქვეყნებს ევროპულ ინტეგრაციაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ევრაზიული კავშირი იქნება წარმატებული პროექტი.

თუ უკრაინამ დათმო ევროპული მომავალი და დაჰყვა რუსეთის ნებას, ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა, რომ თავისი მცდელობის მიუხედავად, საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული ევრაზიულ კავშირში?

- ავტომატურად კურსის შეცვლაზე ლაპარაკი არ იქნება სწორი,  მაგრამ ვფიქრობ, საქართველო უფრო სერიოზული წნეხის წინაშე აღმოჩნდება.

უკრაინის მიმართ რუსეთს გააჩნდა სერიოზული ბერკეტები, სავაჭრო კავშირების შეზღუდვა, გაზის მიწოდების შეფერხება, ყირიმის თემის გააქტიურება და .. საქართველოს მიმართ რა წნეხი შეიძლება გამოიყენოს?

- ასეთი აშკარა ბერკეტები ნაკლები აქვს რუსეთს, მაგრამ თუ ის მთელ ყურადღებას გადმოიტანს საქართველოსთან ბრძოლაზე, ამ წუთას შეიძლება ვიფიქროთ, რომ შესაძლოა, ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული ბერკეტები, რომლის გამოყენებასაც შეეცდება.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა შეილება გამოიყენოს?

- ნეგატიური ზეწოლის ბერკეტი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში გახდეს რუსული ზეგავლენის გააქტიურება ქართულ პოლიტიკაში - გარკვეული ძალების დაფინანსება-გაძლიერებას ვგულისხმობ.

ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი სცენარი, იმუშავებს ევროპის დისკრედიტაციაზეც, რაზეც, ჩემი ვარაუდით, გარკვეული დოზით უკვე მუშაობს და შეუძლია ეს გაააქტიუროს.

საქართველომ რა ზომები შეიძლება მიიღოს, იმ ფონზე, როდესაც ის აცხადებს, რომ მან უკვე აირჩია ევროპული გზა?

- არ ვთვლი, რომ რაღაც ერთი, ან ორი კონკრეტული პრევენციული ღონისძიება შეიძლება განხორციელდეს, უბრალოდ პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული. საგარეო პოლიტიკა - ცალსახა და მკაფიო და რაც მთავარია, თვითონ შიდა პოლიტიკაც უნდა იყოს თანმიმდევრული იმ თვალსაზრისით, რომ უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ღირებულებებს.

ევროპის მხრიდან ყველაზე მკაფიო გზავნილია, რომ უნდა შეეშვან „ვენდეტას“, ანუ პოლიტიკური ანგარიშსწორების პოლიტიკას და მთელი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებზე.

უკრაინის შემთხვევაში ევროპისთვის ამოსავალი წერტილი გახდა ტიმოშენკოს მკურნალობა ევროპაში, საქართველოს შემთხვევაში ელოდებით თუ არა, დასავლეთმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოითხოვოს?

- ჯერჯერობით, ასეთი მკაფიო პირობა არ არის და შეიძლება არც იყოს წამოყენებული, ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ პრიორიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს უნდა შეწყდეს, უფრო კონკრეტული მოთხოვნები ევროპას არ აქვს წამოყენებული.

შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელი შემთხვევა შეაფასა ევროპამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად?

- არ აზუსტებენ, მაგრამ ზოგადად არსებობს ეს შეფასება, რომ საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორების პოლიტიკა არსებობს, თუმცა კონკრეტული საქმეების შეფასებაზე თავს იკავებენ.

როგორც ცნობილია, გამოძიებისგან ელოდებიან ბრალდების დასაბუთებას...

- არ უარყოფენ, რომ თავისთავად, არავის არ აქვს იმუნიტეტი მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ მთავარია მოტივაცია. ისინი დიპლომატიურად ამბობენ, არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მთელ ამ პროცესს საფუძველში უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მოტივაცია. რაც ნიშნავს, რომ მათი ვარაუდით საფუძველი არის პოლიტიკური მოტივაცია.

დადგება თუ არა ზოგადად დაკავებების თემა ევროპისთვის დღის წესრიგში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ? როგორც ბოლო პერიოდის განცხადებებით ირკვევა, ამ დოკუმენტის მიმართ ევროპა განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს...

- მეც ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს არ მოსწონს ეს მხარე ახალი ქართული ხელისუფლებისა, თუ რაღაც აშკარა გაუარესება არ მოხდა და რაღაც ახალი ტალღა არ დაიწყო, მაშინ, ეს ხელს არ შეუშლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. თუმცა, ეს ერთგვარი ლაქა არის ახალი ხელისუფლებისთვის.

თუკი დადასტურდება ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი დანაშაული, ისინი უნდა დაისაჯონ, თუ იმის შიშით, რომ ევროპამ პოლიტიკურ დევნად არ შეაფასოს, მათი პასუხისგებაში მიცემისგან თავი უნდა შეიკავოს საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურამ?

- რას ნიშნავს თუკი დადასტურდა... თუ დამაჯერებელი ბრალდებები იქნება და შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ შერჩევითი არ არის სამართალი. შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს არასწორად გაკეთებული რაღაც, მაგრამ ხელისუფლებამ არ უნდა შეარჩიოს ადამიანები, დასასჯელად იმისდა მიხედვით, ვის მიმართაც აქვს პოლიტიკური ინტერესი.

წინააღმდეგ შემთხვევში, არავინ და მათ შორის ევროპელი ლიდერებიც არ უარყოფენ, რომ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

ყოფილ ხელისუფლებაში არიან ისეთი ფიგურები, რომლის მიმართაც პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დღევანდელ ხელისუფლებას? ვინ არიან ისინი?

- ცხადია, არიან. პირველ რიგში, ვინც დაჭერილია - ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა. ისინი, ვინც არიან წამყვანი ფიგურები „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათ მიმართ ბუნებრივია, არსებობს პოლიტიკური ინტერესი. როგორც ვთქვი, პირველ რიგში, მერაბიშვილი და უგულავა, რა თქმა უნდა, ბაჩო ახალაია, რომელიც ერთგვარი ემბლემური ფიგურა გახდა, რომ ის არის ბოროტების განსახიერება და შესაბამისად, ღირსების საკითხი გახდა „ქართული ოცნებისთვის“, რომ მისი ბრალი დაასაბუთოს. თითქოს, მისი ღირსების შელახვა იქნება, რომ ბაჩო ახალაიას რაიმე სერიოზული კონკრეტული დანაშაული არ უმტკიცდება.

ამის შესახებ, უკეთესია, გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ. ევროპასთან ასოცირებას რომ დავუბრუნდეთ, თუ უკრაინაში გაიმარჯვებს რუსული ინტერესი, საქართველო კი ევროპის ასოცირებული წევრი გახდება, ასეთი სცენარის შემთხვევაში რა მოლოდინები უნდა არსებობდეს, რამდენად გართულდება ქართულ-ევროპული ურთიერთობები?

- მიჭირს ცალსახად რაიმეს თქმა, ზოგადი ვარაუდით, ინტერესი ევროპისა, რომელიც ისედაც არ არის საკმარისად მაღალი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, იქნება კიდევ უფრო შემცირებული. თუმცა, ასოცირების ხელშეკრულება უკვე რაღაცას ნიშნავს და ევროპა მთლად ზურგს ვერ შეაქცევს ამ ქვეყნებს, მაგრამ ევროპის ინტერესის ხარისხი, რუსეთისთვის არის მთავარი სიგნალი, თუ რას გაბედავს და ვერ გაბედავს თავისი მეზობელი ქვეყნების მიმართ.