რატომ უპირისპირდება გიორგი ვაშაძე გიგი უგულავას?!

რატომ უპირისპირდება გიორგი ვაშაძე გიგი უგულავას?!

"ნაცმოძრაობაში" ისევ დაიძაბა სიტუაცია, უფრო სწორად, ძალიან გამწვავდა კლანური დაპირისპირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუკი "ნაცბანდა" რეგიონებში, ასე თუ ისე, რაღაცას ახერხებს, დედაქალაქის მერის თანამდებობის გამო შიგნითვე წეწავენ ერთმანეთს. კერძოდ, გიორგი ვაშაძის გარშემო შეკრებილი "ნაციონალები" მერის არჩევნებში გიგი უგულავას კანდიდატურის დაყენების წინააღმდეგ გამოდიან და მის ნაცვლად "ახალ სახეს", იგივე გიორგი ვაშაძეს უჭერენ მხარს. როგორც "ალიას" წყარო ატყობინებს, "ნაციონალებს შორის დაპირისპირებამ პარტიაში გამართულ სამდივნოს სხდომაზე ღიად იჩინა თავი. ვაშაძის მიერ საკუთარი ამბიციების ღიად დაფიქსირება და გიგი უგულავას უალტერნატივო კანდიდატად დასახელების წინააღმდეგ გამოსვლა, სამდივნოს შეკრებაზე, მწვავე დაპირისპირებასა და ლანძღვა-გინებაში გადაზრდილა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ უპირისპირდება გიორგი ვაშაძე გიგი უგულავას?!

"ჩვენ უკვე არაერთხელ ვწერდით, რომ გიორგი ვაშაძემ "ნაცმოძრაობაში" ახალგაზრდული ფრთის უფროსობა ჩაიგდო ხელში და საქმეს ამ კუთხით აწვება. მისი აზრით, მიშა მაჭავარიანისა და ხათუნა გოგორიშვილის დრო წავიდა, უკვე საჭიროა ახალი "სისხლი", რათა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. მართალია, ის მაჭავარიანსა და გოგორიშვილს ღიად არ უპირისპირდება, მაგრამ კულუარებში მათ ლანძღვას ნამდვილად არ ერიდებაო. ვაშაძეს ნერვებს უშლის მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომელიც ტელეფონის საშუალებით მართავს მიშა მაჭავარიანს. ვაშაძეს სხდომაზე ასევე კატეგორიულად მოუთხოვია ხუთშაბათს, 30 იანვარს სასტუმრო "მერიოტში" დაგეგმილი თბილისის მერისა და გამგებლების კანდიდატების პრაიმერისის პრეზენტაციის გადადება, რადგან მის ჩატარებაში აზრს ვერ ხედავს, ხოლო სხვის თამაშში მონაწილეობის სურვილი არ გააჩნია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვაშაძე და მისი მხარდამჭერები კარგად აცნობიერებენ, რომ ძველ სახეებზე დაყრდნობით პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეულზე უარეს შედეგებს მიიღებს, მაგრამ ძველ სკამებზე მყარად მომჯდარ ძველ "ნაცელიტას" არანაირი სურვილი არ აქვს, წამყვანი პოზიციები დათმოს და ვაშაძისნაირ "ახალ სახეებს" აქტიურ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცეს. ამიტომ გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ შეიძლება პარტიის დატოვება საუკეთესო გამოსავალი იყოს. თუმცა ერთ-ერთი პარტიული სახის, ხვიჩა სანაიას თბილისის საკრებულოდან გაქცევის შემდეგ "ნაციონალებისთვის" პარტიიდან ვაშაძის წასვლა ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნება. მის მოსარჯულებლად ძველი პარტიული ელიტა ყველა საშუალებას იყენებს. მათ არ უნდათ, ჯერჯერობით დაპირისპირება გარეთ გამოიტანონ, მაგრამ უკვე გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც მისი ამბიციების მიმართ აგრესიას ღიად გამოხატავენ და მოღალატესაც უწოდებენ. ასეთთა რიცხვს განეკუთვნება თურმე გიგა ბოკერია. სწორედ მან და გიორგი ვაშაძემ დასცხეს ერთმანეთს პარტიულ სხდომაზე და უშიშროების ყოფილმა მდივანმა მაგრადაც აიყროლა პირი", - წერს სტატიის ავტორი.

"ვაშაძე უკვე გამოსულია მიხეილ სააკაშვილის კონტროლიდან და აღარც ძველ პარტიულ ბოსებს ემორჩილება, ის თვითნებურად მართავს შეხვედრებს "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებთან და ეძებს ახალ სახეებს. "ნაცმოძრაობაში" უკვე ფიქრობენ, რომ მათი სიით გასული დეპუტატი აშკარად შარზეა და ხელის აქნევას ელოდება, რათა შერისხულის მანტია მოისხას, რაც თბილისის მერის არჩევნებში ქულებს შემატებს. რაღა დაგიმალოთ და ვაშაძე მაგარი "ლაყაფისტია", მას შეუძლია, საკუთარი დემაგოგიის ხარჯზე ბევრი ადამიანი გააბრიყვოს. ახლა მისი პოლიტიკური მომავალი დიდადაა დამოკიდებული იმაზე, როგორი სკანდალით წავა "ნაცმოძრაობიდან". ამასთანავე, ვაშაძეს ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისეთ თანამდებობაზე იყო, მაინცდამაინც არ არის გასვრილი "ნაციონალურ" სიბინძურეში. რაც შეეხება ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ის ჯერჯერობით არ აქტიურობს და ელოდება, პარტიაში ვინ ვის "გადაუღუნავს". მას ერთი პერიოდი ეგონა, რომ თავი ქუდში ჰქონდა, რადგან სააკაშვილი და ძველი გვარდია მხარს მას უჭერს, მაგრამ ვაშაძისა და ახალგაზრდული ფრთის წინააღმდეგობამ თავის ტკივილი გაუჩინა", - დაასკვნის სტატიის ავტორი.