მერაბ ბაღათურია: „გირგვლიანის საქმე მესამე დღეს გავხსენით“

მერაბ ბაღათურია: „გირგვლიანის საქმე მესამე დღეს გავხსენით“

„საქმე მესამე დღეს გავხსენით. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ადგილზე, გარდა კუდ-ის დაკავებული თანამშრომლებისა, უნდა ყოფილიყვნენ ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია. გარკვეული გეგმაც მქონდა თუ როგორ უნდა განმეხორციელებინა მათი დაკავება. საქმე სასწრაფოდ ჩამომართვეს და ქალაქის პროკურატურას გადაეცა“, - ამბობს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი მერაბ ბაღათურია.

სანდრო გირგვლიანის მკვლეობიდან 8 წელი გავიდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება განახლდა. საქმის გახსნა რამოდენიმეჯერ დაანონსდა. თუმცა, ამ დრომდე საქმე გამოძიებული არაა. 2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასდა, როგორც გია ალანიასა და სანდრო გირგვლიანს შორის „შარდენ ბარის“ გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება. შესაბამისად, საქმეც დაიხურა.

ზურაბ ადეიშვილის დაქვემდებარებულმა გამოძიებამ მაშინ კუდ-ის მაღალჩინოსნების და შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას თანამონაწილეობა ამ საქმეში „ვერ დაადგინა“. მკვლელობიდან ზუსტად 2 თვეში ვანო მერაბიშვილმა საქმე გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დანაშაულში ეჭმიტანილი პირები კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობიდან ზუსტად სამ დღეში მერაბიშვილმა უკვე იცოდა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, მერაბ ბაღათურიასგან დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა და მკვლელობის მიზეზი, მერაბიშვილს 2006 წლის 6 მარტს გამართულ ბრიფინგზე, მათ შესახებ არაფერი უთქვამს.

სუფრის წევრების - დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, ვასილ სანოძის, გურამ დონაძის და თაკო სალაყაიას დაპატიმრებას ითხოვდა მოკლულის დედა ირინე ენუქიძე. მისი შვილის მკვლელობის დამკვეთად დათა ახალაიას და თაკო სალაყაიას ასახელებდა, ხოლო უშუალო შემსრულებლად ოლეგ მელნიკოვს. საქმის გამოძიების პროცესში გარდაცვლილის დედასთან კონტაქტზე გავიდნენ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები და სიჩუმის სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს:

„ჩემი შვილის მკვლელებმა, სიჩუმის სანაცვლოდ დიდი თანხა შემომთავაზეს. თუ მათ წინადადებას არ დავთანხმდებოდი, მითხრეს, რომ თავად გამაჩუმებდნენ“, - ამბობდა ირინე ენუქიძე.

დაკავებული კუდ-ის თანამშრომლები გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური 2006 წლის 6 ივლისის გასამართლდნენ. მოსამართლე გიორგი ჩემიამ ალანიას 8 წლით, ხოლო ბიბილურიძეს, აფციაურს და ღაჭავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მალევე უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი 6 თვით შეუმცირა. 2008 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა.

2012 წლის ბოლოს, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით დადგენილია, რომ გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ე.წ. „შარდენის სუფრიდან“, კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა. გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა, დათა ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ამ საქმეზე მსჯავრდებული პირები, არამედ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით, მსჯავრდებულმა პირებმა, დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება, თითოეულმა რამდენიმე ათეული ათასის ოდენობით. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად, არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან - პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ - კუდ-ს. გამოძიება ამ ეტაპზე თავს იკავებთ სხვა პიკანტური დეტალის გადმოცემისგან. გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ბრალი უკვე წაუყენეს ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ოლეგ მელნიკოვს და დათა და ბაჩო ახალაიებს. მოწმის სახით დაიკითხა თაკო სალაყაია.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცა თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მერაბ ბაღათურიამ, რომელმაც საქმე მესამე დღეს გახსნა და საქმის დეტალები შს მინისტრს მოახსენა. თუმცა, ბაღათურიას საქმე ჩამოართვეს, მოგვიანებით კი თანამდებობიდანაც გადააყენეს.

For.ge. თბილისის პოლიციის ყოფილ უფროსს, მერაბ ბაღათურიას ესაუბრა.

თქვენი თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება გახდა?

- ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ამ დანაშაულის გახსნის შემდეგ, ქალაქის პოლიციაზე ძალიან სერიოზული ზეწოლა დაიწყო.

ვისი მხრიდან მოდიოდა ეს ზეწოლა?

- შს მინისტრის და უწყების ხელმძღვანელობის მხრიდან. გენერალური ინსპექცია, კუდ-ი, სოდ-ი. მათი საუბრებიდან და ქმედებიდან ისე გამოდიოდა, რომ მე არ მენდობოდნენ.

უნდობლობა რაში გამოიხატებოდა?

- ფაქტობრივად, ეს დანაშაული მესამე დღეს გავხსენით. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ოპერატიულმა სამსახურმა მაშინ ყველაფერი გააკეთა.

თქვენი გამოძიების ფარგლებში, თუ გამოიკვეთა სუფრის წევრების დანაშაულის კვალი?

- სხვადასხვა საშუალებებით დავადგინეთ რა მოხდა „შარდენ-ბარში“. დავადგინეთ სუფრის წევრების ურთიერთკავშირი გირგვლიანის და ბუხაიძის გამტაცებლებთან. უკვე, როდესაც ეს დეტალები იქნა დადგენილი, აღნიშნული მოვახსენე შს მინისტრს. მან მიბრძანა - გავაგრძელეთ მუშაობაო. მიღებული იქნა დეტალური ჩვენება რა ხდებოდა „შარდენ-ბარში“. ჩვენს მიერ მოპოვებული მსალებით შესაძლებელი გახადა დანაშაული არ დამალულიყო. რაც შეეხება ახალიას და სხვების მონაწილეობას, მათ დაკითხვაზე და სხვა სახის ღონისძიების გატარებაზე კონტროლი დაწესებული ჰქონდა უშუალოდ შსს-ს ხელმძღვანელობას და პროკურატურას. ძირითადი სამუშაოების ჩატარებას უკვე ჩამოცილებული ვიყავით.

რამდენადაც ვიცი შემუშავებული გქონდათ სუფრის წევრების დაკავების ოპერატიული გეგმაც...

- დიახ, საშუალება რომ მომცემოდა ამას გავაკეთებდი. იცით, რომ ამას სჭირდებოდა შს მინისტრის თანხმობა, მისი თანხმობა რომ ყოფილიყო, საქმეს ბოლომდე მივიყვანდით, მაგრამ ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა. როდესაც უკვე გახამურდა ეს საქმე და პიკი ამ საქმის გახმაურებისა იყო ის, რომ დამევალა შევხვედროდი ქალბატონ ირინე ენუქიძეს. შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა ირინემ საჯაროდ განაცხადა, რომ ერთადერთი ადამაინი, ვისაც ვენდობი, ბაღათურია არისო.

ამ განცხადებამ სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია უკვე ხელმძღვანელობასთან. ამის შემდეგ ხდება ისე, რომ საქმე წაიღო ქალაქის პროკურატურამ. ამის შესახებ არ ვიცოდი. შემდეგ უკვე პროკურატურამ დააკავა კუდ-ის თანამშრომლები. სხათაშორის არის ერთი საინტერესო დეტალი, შს მინისტრი რამდენჯერმე იმეორებს თბილისის პოლიციას. თბილისის პოლიციას არავითარი მონაწილეობა ამ დაკავებაში არ მიუღია.

მთავარი, რის გამოც ეს საქმე გადაეცა პროკურატურას, იყო თუ არა თაკო სალაყაიას ფაქტორი. მერაბიშვილი ცდილობდა, რომ ამ დანაშაულში მისი მეუღლის კვალი წაშლილიყო?

- მათ მიეცათ საშუალება ამ საქმის დეტალები და მონაწილე პირები არ გამოჩენილიყვნენ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, თვითონ ბუხაიძეც მალავდა ინციდენტის დეტალებს. რა მოხდა უკვე ოქროყანაში, ეს ჩვენთვის უცნობი იყო. როგორც გითხარით, ამის გარკვევის საშუალება ჩვენ უკვე აღარ გვქონდა.

რომ დავაკონკრეტოთ, თაკო სალაყაიას და სუფრის წევრების მონაწილეობის კვალის წასაშლელად ჩამოგერთვათ საქმე?

- სასწრაფოდ ჩამოგავცილეს იმიტომ, რომ სხვანაირად დასრულებულიყო გამოძიება. იცით, რომ წინ არის სასამართლო პროცესები. გარკვეული საკითხების დაკონკრეტებისგან თავი უნდა შევიკავო. ეს დანაშაული მესამე დღესვე გახსნილი იქნა თბილისის პოლიციის მიერ, რის შემდეგაც, საქმე სასწრაფოდ ჩამოერთვა ქალაქის პოლიციის საგამოძიებოს და პროკურატურას გადაეცა. ამის შემდეგ ჩვენ არავითარი შეხება საქმესთან არ გვქონია.

გამოძიება მაშინ ამბობდა, რომ მკვლელობის მიზეზი ია ალანიასა და სანდრო გირგვლიანს შორის შარდენ ბარის გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტი გახდაო...

- ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სუფრაზე იყო ერთ-ერთი მანდილოსანი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა სანდრო გირგვლიანთან. სანდროს იქ მისვლის მიზეზიც გალდათ ეს მანდილოსანი. მის გამო მოხდა შელაპარაკება სუფრის წვერებსა და სანდრო გირგვლიანს შორის.

როდესაც მოახსენეთ მინისტრს საქმის გამოძიებისა და მონაწილე პირების შესახებ, როგორი იყო მერაბიშვილის პასუხი ამ ყველაფერზე?

- როდესაც ეს დანაშაული მოხდა და ლევან ბუხაიძის განცხადება გახდა ჩვენთვის ცნობილი, იმ დღესვე დაიწყო გირგვლიანის ძებნა. იმავე დღეს აღმოჩენილი იქნა ოქროყანის სასაფლაოზე მრავლობითი დაზიანებებით. მაშინვე მოვახსენე შს მინისტრს ოპერატიული ინფორმაცია - ოქროყანის სასაფალოზე ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის გვამი მრავლობითი დაზიანებებით და გადართული ვართ ამ საქმის გახსნაზე-თქო. მინისტრის პასუხი იყო, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა. უკვე იმავე ღამეს ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან ბევრი ინფორმაცია. უკვე ვცდილობდით ამ ინფორმაციის ოპერატიული ინფორმაციით გამაგრებას. ისევ მივედი მინისტრთან და მოვახსენე ყველა ის დეტალი, რაც იყო ცნობილი. პასუხი იყო ასეთი - კარგი გასაგებიაო.

უთხარით, რომ სუფრის წევრები ფიგურირებდნენ ამ დანაშაულში?

- რა თქმა უნდა, დღეს რაც არის ცნობილი, ეს ფაქტები ჩვენ მეორე დღეს ვიცოდით.

თქვენზე იყო ზეწოლა იგივე ამ სუფრის წევრების მხრიდან?

- ჩემს მეგობრებზე იყო ზეწოლა, რომ ინფორმაცია მიეღოთ ჩემზე რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით. ყველანაირად ცდილობდნენ შექმნილიყო ისეთი აზრი, რომ ქალაქის პოლიცია ძალიან ცუდად მუშაობს. ამის მიზეზი იყო ის, რომ გირგვლიანის საქმის გახმაურება მოდიოდა ქალაქის პოლიციიდან. იმ დღეს, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, დაკითხული იქნა ლესელიძის ქუჩის მაცხოვრებლები და „შარდენ-ბარის“ თანამშრომლები. უდიდესი როლი ითამაშა ვიდეოთვალმა, რომელიც სხვადასხვა ადგილებში იყო დამონტაჟებული. გარკვეული სიძნელეები წარმოიშვა ამ ვიდეოთვალების ნახვასთან დაკავშირებით. სირთულე წარმოიშვა ასევე მობილური ტელეფონით ადგილმდებარეობის დადგენასთან დაკავშირებით.

ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამჯერ შეხვდით ვანო მერაბიშვილს. როდესაც მას ჩამოუთვალეთ სუფრის წევრები, ახსენეთ თაკო სალაყაია?

- არა, არ მიხსენებია, რომ იქ იმყოფებოდა თაკო სალაყაია.

რატომ?

- იმიტომ, რომ ყველაფერი დეტალურად იცოდა ამ საქმის შესახებ. იგი ჩემს გადამოწმებას ცდილობდა. რამდენად ვიყავი ინფორმირებული სხვადასხვა დეტალებთან დაკავშირებით. შეგნებულად არ ვახსენე თაკო სალაყაია.

როგორი იყო მერაბიშვილის რეაქცია, როცა მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ თქვენ მალავდით საქმეში მისი მეუღლის მონაწილეობას?

- მითხრა, მუშაობა გააგრძელეო.

ირინე ენუქიძეს თუ უთხარით, რომ შს მინისტრის მეუღლე იყო სუფრის ერთ-ერთი წევრი?

- არა. ამ საუბარს ესწრებოდა მისი ნათესავი ქალბატონი. უარყოფითი რეაქცია ჰქონდა იმაზე, რომ თითქოსდა მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი იყო სვანური დაჯგუფება. მათ ავუხსენი, რომ გამოძიება შეიძლება მუშაობდეს უამრავ ვერსიებზე. მას პირობა მივეცი და ვუთხარი - „ამ დანაშაულს გავხსნი, ბევრი რამე უკვე ჩემთვის ცნობილია და გპირდებით, რომ ეს დანაშაული მალე გახსნება-თქო.

დათა ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში არის გრიფითსაიდუმლონაწილი, რომლის გამოქვეყნებას ის გეგმავს. გაქვთ ინფორმაცია, საქმის რა ნაწილს ადევს გრიფი?

- ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ თითქოს, მას აქვს მტკიცებულება და თუ არ მოხდება პროკურატურის მხრიდან რეაგირება, იმუქრება ამ მასალების დადებით. მათ შორის ხსენებული იქნა თბილისის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელობა, თოთქოს, ამ დანაშაულის გამოძიების პროცესში ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობამ რაღაცა გარიგება განახორციელა. ვთხოვ ზაქარეიშვილს დადოს ეს მასალები. ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და ალბათ, გამოძიებისთვის. ეს მისი ილუზიებია და მეტი არაფერი.

ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნ გრიფით საიდუმლო წერილი, რომელიც 2006 წლის 24 თებერვლით თარიღდება და რომელსაც ხელს კუდ- დირექტორი დათა ახალაია აწერს. ახ ალაია ვანო მერაბიშვილს საიდუმლო წერილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უგზავნის. ახალაია საიდუმლო გზავნილში წერს, რომ შემთხვევის დროს ის მეგობრებთან ერთად შარდენ-ბარშიიმყოფებოდა, თუმცა საქმეში კუდ-ის თანამშრომლების მონაწილეობის შესახებ გაუჩნდა ეჭვი და ითხოვს თანხმობას აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზნით. რატომ დასჭირდა ერთი თვის შემდეგ ამ წერილის გაგზავნა ახალაიას?

- მგონია, რომ მიზანმიმართულად არის გაკეთებული. ეს გაკეთდა იმისთვის, შემდეგ რა მიმართულებითაც წავიდა გამოძიება.

გასაგებია, რატომ არ გამოიძია ეს საქმე ყოფილმა ხელისუფლებამ, მაგრამ დღეს რა ხდება, რატომ არ გაიხსნა ეს საქმე?

- დროის ფაქტორია. 8 წელია გასული. ძალიან ბევრი, მონაწილეები თუ არაპირდაპირი მონაწილე პირების მოძიება რთულია. რთულია იმ სიტუაციების აღდგენა, რა ვითარება იყო მაშინ და რაც მთავარია, თვითონ სისხლის სამართლის საქმე, ძალიან ბევრი დეტალები საქმეში აღარ იყო. ყველაფერი ამის აღდგენა, ყველა დეტალის სრულყოფილად შექმნა და წარმოდგენა, დიდ დროს მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი.