როგორია ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა და რას უნდა ელოდოს საქართველო?

როგორია ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა და რას უნდა ელოდოს საქართველო?

მიუხედავად დაძაბული წინასაარჩევნო მარათონი, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები უპრობლემოდ მოიგო. იგი წინასაარჩევნო პროცესშივე ამბობდა, რომ მას საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა და ამის მიზეზად იმ რადიკალურ ეკონომიკურ გეგმას ასახელებდა, რომელიც მის გუნდს აქვს. მისი თქმით, ქვეყანასოქროს ხანადაუდგება.

შიდა გადასახადების შემცირება, ფართომასშტაბიანი ტარიფები, ყველა იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ჩინეთიდან პროდუქტებზე 20%-იანი გადასახადის დაწესება, კრიპტობიზნესის მხარდაჭერა, ეს იმ ცვლილებებს ნაწილია, რომელსაც ტრამპი აშშ-ის ჰპირდება.

შედეგად, ექსპერტულ წრეებში ვარაუდობენ, რომ იმპორტის ტარიფის დაწესებასთან ერთად, გადასახადების შემცირებამ, შესაძლოა, დოლარის მკვეთრი ზრდა, ევროს კი 8-10%-ით დაცემა გამოიწვიოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თავის მხრივ, მომატებული ინფლაციის მაჩვენებელი, აშშ-ში, ევროპასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთის და დოლარის მიმზიდველობას გაზრდის.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებსთიბისი კაპიტალიც“. როგორც ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული, მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება.

ტრამპის შეხედულებებმა ასევე უკვე იქონია გავლენა კრიპტობიზნესზე. რესპულიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის პირობის პარალელურად, რომ აშშ-ის კრიპტოვალუტის მსოფლიო ლიდერად გადააქცევს, მთლიანი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ბიტკოინის კურსი იზრდებოდა, არჩევნების დღეს კი მაქსიმუმს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შედეგების გამოცხადებასთან ერთად, მსოფლიო ბაზრებზე დოლარის კურსიც გამყარდა. ამერიკული ვალუტა ბოლო ერთწლიან მაქსიმუმამდე გამყარდა. ამ დროისთვის ერთი ევროს ღირებულება 1.06 დოლარია. არადა, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ერთი ევრო 1.10 დოლარი ღირდა.

ტრამპის შეხედულებებიდან, ასევე დასამახსოვრებელია საიმიგრაციო პოლიტიკა. წინა საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციამ მექსიკის კედლის მშენებლობაც კი დაიწყო, თუმცა, მხოლოდ 47 მილის აშენება მოხერხდა. დანარჩენი 652 კმ მექსიკის ფინანსური თანამონაწილეობით უნდა შესრულებულიყო, თუმცა პროცესი არ გაგრძელებულა.

როგორც ჩანს, აღნიშნული მიმართულება ტრამპისთვის კვლავ პრიორიტეტებში რჩება, რადგან მოსახლეობას საზღვრებისგამოსწორებასისევ ჰპირდება.

ამერიკასთან საქართველოს ქვეყანას მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რაც ქვეყნის სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის არაერთ პროგრამაში აისახა. ამასთან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთვის აშშ ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად და ამავე დროს ინვესტიციების კუთხით მნიშვნელოვან ქვეყნად იქცა.

ბიზნეს მედიამ მოიძია საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური კავშირების ამსახველი სტატისტიკა:

ვაჭრობა: საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვამ 9 თვეში 1 მილიარდ 472 მილიონი დოლარი შეადგინა. დასავლელმა პარტნიორმა, მეზობელი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ უმსხვილესი სავაჭრო მიმართულებების რეიტინგში 8.8%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა წლიურად 10.4%-ით შემცირდა.

აშშ-სთან ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში იმპორტის კლების ხარჯზე შემცირდა. ამ პერიოდისთვის საქართველომ ამერიკიდან 1 მილიარდ 376 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებელს 12.4%-ით ჩამორჩება.

ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში იმპორტი მთავარ ადგილს იკავებს. რამდენიმე წელია, რაც ეს მაჩვენებელი დადებითი ტრენდს აჩვენებს, რაც ძირითადად ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანის გაზრდილი სტატისტიკით არის განპირობებული. 9 თვეში აშშ საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში თურქეთის შემდეგ 11.5%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წელს ექსპორტ-იმპორტში მთავარი სავაჭრო საქონლის - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირებულია. სწორედ ამან განაპირობა იმპორტის და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვის შემცირებაც. წელს საქართველოში ამერიკიდან 1 მილიარდ 249 მილიონი დოლარის 103 206 ავტომობილი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 118 832 ავტომობილის ღირებულება 1 მილიარდ 489 მილიონ დოლარს აღწევდა.

ექსპორტი: საქართველოდან აშშ-ში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი მცირეა, თუმცა ამერიკა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2%-იანი წილით მეცხრე ადგილზეა. წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით 95 მილიონ 640 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტის ნახევარზე მეტი ადგილობრივი ნაწარმის ფეროშენადნობების გაყიდვაზე მოდის.

გარდა ამისა, 9 თვეში ამერიკაში საქართველოდან გავიდა წყალბადი და ინერტული აირები, ეთილის სპირტი, მინერალური წყლები, დაწებებული ფანერა, სუნამოები და ტუალეტის წყალი და სხვა.

ინვესტიციები: 2024 წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არამხოლოდ ვაჭრობის მიმართულებით იყო მოწინავე ქვეყანა, არამედ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც, რომელიც მხოლოდ აპრილ-ივნისში ინვესტორი ქვეყნების პირველ ათეულში მე-7 ადგილს იკავებდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციები არც ისე დიდია, წელს ამერიკული FDI-ის მოცულობა შემცირებულია. საქსტატის მიხედვით, 6 თვეში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ჩადებული ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 52.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-ივნისში ჯამურად 82.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. უნდა ითქვას ისიც, რომ 2023 წელს ამერიკული ინვესტიციების მოცულობა წლიურად 182 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (2022 წელს 178.7 მლნ დოლარი იყო).

ფულადი გზავნილები: აშშ დაწინაურდა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების რეიტინგშიც. მხოლოდ სექტემბერში, ქვეყანაში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 49 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-დან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 417 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა 26%-ია. ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში, საქართველო რუსეთის და იტალიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ, რომლის შფასებითაც, ორ ქვეყანას შორის კავშირი დაუბრუნდება იმ სტაბილურობის რეჟიმს, რითაც იგი ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე გამოირჩეოდა.

ვფიქრობ, ბოლოდროინდელი მდგომარეობისა და გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საქართველო მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ადგილი ექნება ღრმა საფუძვლიან მოლაპარაკებებს, ორივე მხარე როგორც სტრატეგიულ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს შეინარჩუნებს და კავშირიც დაუბრუნდება იმ სტაბილურობის რეჟიმს, რითაც იგი ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე გამოირჩეოდა. ის პოტენციალი, რაც გააჩნია ამერიკას, მისი მეათასედის გამოყენებაც კი საგრძნობლად გაზრდიდა საინვესტიციო პორტფელს საქართველოში. რაც არ უნდა იყოს, ტრამპის დაბრუნებას დიდ პოლიტიკაში გარკვეულ ძვრებს მოახდენს, - განაცხადა სტატისტიკოსმა.