მიხეილ ქარელსა და ირაკლი ოქრუაშვილს დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ოჯახის ამოწყვეტით და სახლის გადაწვით ემუქრება. მუქარის მიზეზი ათონელზე მდებარე პარტიის ოფისის წილების დათმობა გახდა. ირაკლი ოქრუაშვილმა მოთხოვნების შესასრულებლად მიხეილ ქარელს ვადაც დაუწესა – თუკი ის 31 იანვრამდე ყველა პირობას არ შეასრულებს, მშობლებს ამოუხოცავს და სახლ-კარს გადაუწვავს.
მუქარის წერილი მიხეილ ქარელმა მობილურ ტელეფონზე მიიღო. შეტყობინება რუსეთის ნომრიდან, კერძოდ +7 925 230 04 73 არის გაგზავნილი. ტექსტის შინაარსი კი ასეთია -„კარგად წაიკითხე და დაფიქრდი რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იმაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით ან ტელევიზიით, შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე.
თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ, შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი ჰოდა ნუ აყვები იმ ვოლკს თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ თუ არასწორად იფიქრებ, არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი“, - აღნიშნულია სმს გზავნილში.
მიხეილ ქარელი დარწმუნებულია, რომ ამ სმს-ის ავტორი ირაკლი ოქრუაშვილია. ყოფილი გუბერნატორი ორშაბათს საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს განცხადებით, დაიწყოს გამოძიება ოქრუაშვილის მუქარაზე საკუთარი ოჯახის წევრების განადგურების მცდელობასთან დაკავშირებით.
For.ge. გთავაზობთ ინტერვიუს მიხეილ ქარელთან, რომელიც საფრანგეთში იმყოფება.
ადასტურებთ, რომ განცხადება, რომელიც თქვენი სახელით გავრცელდა, რეალურია?
- რა თქმა უნდა. სმს რომელიც ჩემს ტელეფონზე მოვიდა, მე გავავრცელე სოციალური ქსელის საშუალებით. ამ ტექსტის ავტორად კი ვასახელებ ირაკლი ოქრუაშვილს.
ამ გზავნილიდან ირკვევა, რომ ის გთხოვთ ათონელის 27-ში არსებული ფართის გადაფორმებას...
- იცით, რომ „ერთიანი საქართველოსთვის“ ათონელის 27-ში 11 პირის მიერ შეძენილი იქნა საოფისე ფართი. 2009 წელს ეს ოფისი უკანონოდ ჩამოგვართვეს. კუთვნილი ქონება 2013 წლის 12 დეკემბერს სასამართლოს დადგენილების საფუძველზე მფლობელებს დაგვიბრუნდა. ოქრუაშვილმა ამ ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შენობის მეწილეებზე ზეწოლა დაიწყო. მიმართავდა როგორც ზეწოლას, ასევე მუქარას მეწილეების მიმართ. როდესაც დარწმუნდა, რომ არ ვაპირებდი ქონების მისთვის გადაფორმებას, დაიწყო მუქარა ჩემი მისამართით.
როგორც ამ წერილით ირკვევა თქვენ წილი უნდა გადაუფორმოთ ვინე თეოს. ვინ არის თეო?
- საუბარია თეო ტლაშაძეზე. თეო ჩართული იყო ამ პროცესებში და ეს დატურდება იმით, რომ მას ჰქონდა მიმოწერა ერთ-ერთ მესაკუთრესთან დავით კიკელიშვილთან და სთხოვდა, რომ დაკავშირებოდა ირაკლი ოქრუაშვილს. შესაბამისად, ამ სმს გზავნილში ნახსები ვინმე თეო, გახლავთ თეო ტლაშაძე.
თეო ტლაშე არ ადასტურებს, რომ ეს გზავნილი ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ოქრუაშვილის დისკრედიტაციას...
- ცდილობენ საზოგადეობა შეიყვანონ შეცდომაში. მინდა გითხრათ, რომ ოქრუაშვილი დიდი ხანია რაც დისკრედიტირებულია.
როგორც ამ გზავნილიდან ირკვევა, საუბარია მშობლებთან ერთად სახლის დაწაზე, აცნობიერებთ ამ საფრთხეს?
- სწორედ ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ყოველთვის მიმაჩნდა, ახლაც მიმაჩნია და განსაკუთრებით მისი ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, რომ ოქრუაშვილი არის ლაჩარი. შესაბამისად შეუძლებელია მისგან ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც გმირობასთან ასოცირდება. ეს მისი ლოგიკაა. მსგავსი მეთოდებით ცდილობს მიაღწიოს სასურველ შედეგებს. თუ რამე პრეტენზია გააჩნია ჩემთან, შეეძლო დამკავშირებოდა, მაგრამ ვერ გამიბედა, რადგან სერიოზული პრეტენზიები მე და ყველა ჩვენს თანამებრძოლს, დიხაც, რომ მასთან გვაქვს. ამიტომაც იფიქრა, რომ მარტივი გზით, ანუ მუქარით მიაღწევდა მიზნის მიღწევას.
31 ინავრამდე უნდა გადაუფორმოთ საკუთარი წილი. მუქარის მიუხედავად არ აპირებთ წილის გადაფორმებას?
- არა, რა თქმა უნდა. არანაირ დათმობებზე ოქრუაშვილთან არ წავალ. ეს ადამიანი არის სრულიად არადეკვატური. ადამიანი, რომლის ყოველი ქმედება ასოცირდება სიბეცესთან. რეალობის აღქმის უნარი არ შესწევს. მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური გზავნილი 2011 წელს მიუვიდა იასონ ჩიხლაძესაც და დიახ, მოიყვანა სისრულეში - მისი სახლი დაწვეს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ოქრუაშვილის ხელწერაა?
- ეს ეჭვი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ჩემთვის გამოგზავნილი სმს-დან უკვე აშკარაა, რომ ეს დანაშაული მათი ჩადენილია. სწორედ, ოქრუაშვილის ორგანიზებით განხორციელდა ეს ვანდალური აქტი. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთ მეწილეს მოსთხოვეს ასევე წილის გადაფორმება, უარის შემდეგ კი გადაუწვეს 60 ჰექტარზე მოსული ხორბალი და ძვირადღირებული მანქანა. შეიძლება ითქვას, რომ გასდიოდა ოქრუაშვილს, რადგან ადამიანები ამას არ ახამურებდნენ, არ მიმართავდნენ სამართალდამცავ ორგანოებს და შედეგიც სახეზეა. ის, რომ მან აქცენტები გააკეთა ჩემს მოხუცებულ მშობლებზე, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, სწორედ ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამევრცელებინა ეს ინფორმაცია და განცხადება შემეტანა საქართველოს პროკურატურაში.
მიმართეთ უკვე პროკურატურას?
- უახლეს დღეებში განცხადებით მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე საფრანგეთის პოლიციას რეაგირებისთვის.
პრევენციის მიუხედავად, გამორიცხავათ, რომ განცხადება სისრულეში მოიყვანოს?
- იცით, დიდხანია ოქრუაშვილს ვიცნობ და ვიცნობ რა მის ფსიქიკურ პორტრეტს, არაფერს არ გამოვრიცხავ. მთელი ცხოვრება სწორედ ასეთი მეთოდით ცხოვობდა, ასეთი ფორმებით ახორციელებდა თავის ბინძურ მიზნებს. მისი კარიერის მანძილზე ამის არაერთი ფაქტი და მოწმე არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ვაანალიზებ რა მუქარის შინაარსს და მის ფინანსურ შესაძლებლობებსაც, ვთვლი, რომ მას შეუძლია დაიქირავოს კონკრეტული კრიმინალური ჯგუფი, ან პიროვნება და სისრულეში მოიყვანოს მუქარა.
მე ვითხოვ პროკურატურისაგან ჩემი მშობლებისა და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით გაკეთებულ მუქარებზე გამოძიების დაწყებას, რომლის ავტორად ვასახელებ ირაკლი ოქრუაშვილს. თუ ჩემს მოხუცებულ მშობლებს, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმაც კი ჩამოუვარდათ, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ოქრუაშვილს.
რეალურად თქვენი დაპირისპირების მიზეზი ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისია? არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირების მიზიზი იყო პოლიტიკური უთანხმოება...
- ჩვენი დაპირისპირების მიზეზი არაა ოფისი. დაპირისპირება დაიწყო გაცილებით ადრე, 2008 წელს, როცა პროტესტის ნიშნად წამოვედი მისგან. ამის მიზეზი იყო ის, რასაც თავისი სიბეცით ახორციელებდა და რატომაც მაშინ ოპოზიციამ წარმატებას ვერ მიაღწია. მე ვაპირებ, რომ ამ დეტალებზე საჯაროდ ვილაპარაკო, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.
ირაკლი ოქრუაშვილი ამ ინფორმაციას არ დასტურებს და ამბოს, რომ სისულელეებზე კომენტარს არ გააკეთებს...
- როგორც წესი, ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში აღიარებს თავის დანაშაულებს, ეს მისი სტილია. მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულზე, როდესაც ეს საჯაროდ გაცხადდებოდა, კომენტარი იყო, რომ ეს არის სისულელე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი კომენტარი ასეთი იქნებოდა. მშვენივრად იცის თავისი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩემთან მიმართებაში. როგორც გითხარით, ვაპირებ მივმართო პროკურატურას და ვიტოვებ იმედს, რომ გამოძიება სწორი კუთხით წარიმართება და გარკვეული შედეგებიც იქნება. მე მზად ვარ, გამოძიების ნებისმიერ კითხვებს ვუპასუხო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორქუაშვილი გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას. თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?
- აშკარაა, რომ მას აქვს პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა. ეს დასტურდება იმითაც, რომ გაუჩნდა ოფისის ხელში ჩაგდების სურვილი. პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, ოქრუაშვილს, ბუნებრივია, დასჭირდება ოფისი. ამისთვის იდეალური ვარიანტია ათონელის ფართი, რომელსაც 11 მეწილე ჰყავს, ერთ-ერთი მე ვარ. ყველა მეწილე 9 პროცენტიან წილს ვფლობთ. ოქრუაშვილის მუქარა და ზეწოლა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ თანამესაკუთრეების თითქმის ნახევარი, დღეს უარს ვაცხადებთ, ფართი ოქრუაშვილის სასარგებლოდ დავთმოთ. ჩვენ ქონების გამიჯვნას ვაპირებთ და მზად ვართ, მას სასამართლოში დავუპირისპირდეთ. სწორედ ეს ფაქტები გახდა ოქრუაშვილის მუქარების მიზეზი. არ ვაპირებ ოქრუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
ნანობთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით იდექით?
- ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. გულწრფელად გეტყვით, ძალიან ვნანობ, რომ ასეთი უღირსი ადამიანის გვერდით ვიდექი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ინეტერსების გამო სამშობლო გაყიდოს. მისი მცდელობა ნამდვილად იქნება, რომ რაიმე სერიოზული ტკივილი მომაყენოს, იგივე მშობლებთან მიმართებაში. ის დღეს არარაობად არის ქცეული, რაც ბევრჯერ ვიხილეთ მისმა ყოფილმა მეგობრებმაც და იხილა საზოგადოებამაც.
ოქრუაშვილმა საქართველოში დაბრუნებისთანავე, ყოფილი მეგობრებისგან და თანამებრძოლებისგან წილებისა და ქონებების გადაფორმება მოითხოვა. არ გამოვრიცხავ ჩემს ფიზიკურ ლიკვიდაციას. კარგად ვიცნობ და ნამდვილად არის ამის მკადრებელი. ის არის ლაჩარი კაცი, არ იცის რა არის ღირსება და ერთგულება. არაერთხელ ჩაიდინა უღირსი ქმედება საკუთარი თანამებრძოლების მიმართ. მისი წარსულიდან გამომდინარე მას მუდმივად ექნება შიში იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ძალიან მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში.