უკვე ორი დღეა, სოფელ ხაიშის მოსახლეობა მიწის აზომვით სამუშაოებს აპროტესტებს, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწების მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემას ემსახურება. გუშინ მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი ლოდებით ჩახერგეს. ხაიშელების მძაფრი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ აზომვითი სამუშაოები ხუდონჰესის პროექტს უკავშირდება. სვანებს გიგანტური ჰესის სახელის გაგონებაც არ უნდათ.
მოსახლეობა სოფლიდან მიწის ამზომველების გაყვანას ითხოვს, რომლებიც ხაიშში მიზანმიმართულად ჩავიდნენ, თუმცა ადგილობრივები მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციაზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ცდილობდა სიტუაციას გაკონტროლებას, თუმცა ეს მაინცდამაინც არ გამოსდიოდა. კომპანია „ტრანს ელექტრო ჯორჯიას“ წარგზავნილებმა აზომვითი სამუშაოები ვერ ჩაატარეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება აპირებს, რომ ხაიშში მიწის აზომვები კომლების მიხედვით მოახდინოს, შემდეგი ეტაპი კი მიწის დათმობა და ანაზღაურების გაცემა იქნება, რასაც ისინი არ დაუშვებენ. „ხუდონჰესი“ არ აშენდება, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვთქვით და დავიფიცეთ ხატზე. არავითარ აზომვებს არ დავუშვებთ. არც ერთი ჩვენგანი ოჯახში ამზომველებს არ შეუშვებს. დროა, ხელისუფლება გონს მოეგოს. ჩვენ აქედან არ წავალთ, თუნდაც ჩვენს გვამებზე ააშენონ ჰესი“, - განაცხადა სოფლის წარმომადგენელმა ზურაბ ჭკადუამ.
ადგილობრივების განცხადებით, მათთან შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია იმყოფებოდა და შეკრებილებს უთხრა, რომ არ შეწინააღმდეგებოდნენ მიწის ამზომველ ჯგუფებს. თავის მხრივ, შსს-ში აცხადებენ, რომ ბესელია მართლა იმყოფებოდა ხაიშში, თუმცა მათ ადგილობრივებს კანონის დაცვისა და წესრიგისკენ მოუწოდა, რათა რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო.
დღის მეორე ნახევარში ხაიშის მცხოვრებლებმა ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გახსნეს. ASETI გადაწყვეტილება მათ დეპუტატა ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბრის შემდეგ მიიღეს.
„ტელეფონით ვესაუბრეთ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელიც დაგვპირდა, რომ სამ დღეში ჩამოვა და დაგველაპარაკება. მისივე თხოვნით, ავტომაგისტრალიდან ავიღეთ ლოდები, რადგან დეპუტატი დაგვპირდა, რომ სანამ ის ჩამოვიდოდა არანაირი აზომვითი სამუშაოები არ ჩატარდება. დაველოდოთ, რას გვეტყვის ვიქტორ ჯაფარიძე და შემდგომ ნაბიჯებს დავგეგმავთ“, - აღნიშნა ხაიშელმა ოლეგ ჭკადუამ.
„ტრანს ელექტრიკას“ პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ აზომვითი სამუშაო დაურეგისტრირებელი მიწების მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემას ემსახურება. „აიზომება ის მიწები, რომლებიც მოსახლეობას დარეგისტრირებული არ აქვს. სამუშაოების ჩატარება ინვესტორს სახელმწიფომ სთხოვა, რათა მიწები მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცეს. შემდეგ ეს მონაცემები სახელმწიფოს გადაეცემა, რომელიც მათ ქონებას საჯარო რეესტრში დაუმტკიცებს. ეს საკმაოდ მოცულებითი სამუშაოებია და სავარაუდოდ, 3-4 კვირას გაგრძელდება“, - აცხადებენ კომპანიაში.
ხაიშში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ხუდონჰესის პროექტის კოორდინატორმა, ილია ელოშვილმა: „უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც კანონს არღვევს, არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივით და რის გამო არღვევენ კანონს. პროტესტის ამგვარი ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია და შესაბამისად, ისინი უკვე იმ ძალით გვიპირისპირდებიან, რომ ამის მოგვარება სამართალდამცველებს ევალებათ. კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის ჩემი კომენტარი.
ამზომველები იქ იმყოფებიან აბსოლუტურად კანონიერად. ერთი რამ მინდა გაითვალისწინოს ყველამ. ეს მიწები უკვე კერძო ინვესტორის, „ტრანსელექტრიკას“ საკუთრებაშია. ის კი არა, რომ ამ ადამიანებს დარეგისტრირებული არ აქვთ, საერთოდ, არც არის მათ საკუთრებაში.
ცხადია, ამ ყველაფრის უკან ვიღაცის ფარული ინტერესები დგას. ამ ყველაფერში გავერკვევით, ეს არ არის პრობლემა და ყველაფერი მოგვარდება. რაც შეეხება ამ ფორმით და ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას, ამაზე სამართალდამცველებმა ადეკვატური რეაქცია უნდა მოახდინონ“, - განაცხადა ელოშვილმა.
ვიქტორ ჯაფარიძის ჩასვლამდე ხაიშში შედარებით სიმშვიდე იქნება, შემდეგ კი რა მოხდება ამ ეტაპზე უცნობია. სხვათა შორის, ადგილზე ჩასვლას და ადგილობრივებთან შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გეგმავდა, თუმცა მისი ვიზიტის დრო და დეტალები უცნობია.