ერთიან კომუნალურ ქვითარს რეგიონებშიც შემოიღებენ?!

ერთიან კომუნალურ ქვითარს რეგიონებშიც შემოიღებენ?!

კომუნალური გადასახადი ერთიანი ქვითრის შემოღების იდეამ უკვე რეგიონებშიც გაიჟღერა. ოპოზიციამ უკვე იგრძნო “საფრთხე” და პროტესტი წინასწარ გამოხატა.

ლეიბორისტულმა პარტიამ ქუთაისში სემეკის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ განაცხადა, სემეკის შენობასთან გამართული აქცია იყო თბილისში ლეიბორისტული პარტიის მიერ ჩატარებული აქციების გამოძახილი.

“პირველ რიგში, ჩვენ თანადგომა გამოვხატეთ თბილისელი თანამემამულეების წინაშე. თუმცა, დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ქუთაისშიც ამოქმედდეს კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითარი”, - აღნიშნა სამსონ გუგავამ.

მისი თქმით, აღნიშნული საპროტესტო აქცია მიმართული იყო სემეკთან, რადგან მათ პარლამენტის დადგენილება გაამყარეს. ლეიბორისტული პარტის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სემეკს კომუნალური გადასახადების ერთიანი წესით ადმინისტრირების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

რადგან საუბარი უკვე წამოიწყეს ქუთაისში ერთიანი კომუნალური ქვითრის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დანარჩენ დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდება. მით უმეტეს, რომ რეგიონებში წყლისა და დასუფთავების გადასახადის ამოღება, დედაქალაქთან შედარებით, ერთიათად გართულებულია. 

როგორც ჩანს, მთავრობა, სემეკი და სადისტრიბუციო კომპანიები ჯერჯერობით დაელოდებიან თბილისური ექსპერიმენტის შედეგებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

დედაქალაქში კი 15 თებერვლიდან სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამჯერად აბონენტებს შუქს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობის გამო გაუთიშავენ, მაგრამ ეს “შეღავათი” დიდხანს არ გაგრძელდება.

კომუნალური მომსახურების გადასახადების ერთიანი სისტემის შემოღებიდან გარკვეული დროის შემდეგ, აბონენტს დენს წყლის და ნაგვის ძველი დავალიანების გამოც გაუთიშავენ. ამჟამად მოქმედი წესით, მომხმარებელს ელექტროენერგია მაშინ გაეთიშება, თუ ის სასმელი წყლის და დასუფთავების მიმდინარე გადასახადს ვერ დაფარავს.

“თელასში” ამბობენ, რომ აბონენტებს მერიისა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ მიწოდებული ქვითრების შესაბამისად გათიშავენ. მერიაში კი განმარტავენ, რომ მომხმარებელს დასუფთავების დარჩენილი დავალიანების გამო ელექტროენერგია არ გაეთიშებათ. თუმცა მოგვიანებით, ანუ ერთიანი ადმინისტრირების მეორე ეტაპის ამოქმედებისთანავე, დენი ყველას გაეთიშება, ვისაც წყლისა და დასუფთავების გადასახადი არ ექნება დაფარული.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის თანახმად, ახალი ქვითარი ამ ეტაპზე გაითვალისწინებს მხოლოდ მიმდინარე გადასახადისა და უკვე რესტრუქტურიზებული დავალიანების თანხების გადახდას. ასევე ქვითრებში ასახული იქნება დავალიანების თანხაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთიანი ადმინისტრირების სისტემა უკვე ამ დავალიანებებსაც შეეხება.

რაც შეეხება დასუფთავების მოსაკრებელს, ამ შემთხვევაშიც მომხმარებელს დენს მხოლოდ მიმდინარე დავალიანების გამო ჩაუჭრიან. მოგვიანებით კი, როდესაც მერია ვალის რესტრუქტურიზაციის პროგრამას აამოქმედებს, დენს უკვე ძველი დავალიანების გადაუხდელობის გამოც გაუთიშავენ.