კარგია, როდესაც პოლიტიკოსები, მითუმეტეს ხელისუფლების წარმომადგენლები დაშვებულ შეცდომებს აღიარებენ. მაგრამ წინა წლებში დაშვებულ შეცდომებს, ლოგიკურად, მათი გამოსწორება უნდა მოჰყვეს. საქართველოში კი ლოგიკის კანონებს არაფრად დაგიდევენ და ომახიან განცხადებებს სასურველი შედეგები ნაკლებად მოჰყვება.
ერთ–ერთმა პროვინციელმა(კარგი გაგებით) პენსიონერმა „ლიბერთი ბანკიდან“(პენსიონერების მომსახურე ყოფილი „სახალხო ბანკი“) წინასწარ 5 თვის პენსია გამოიტანა. ამ თანხით სურდა, რომ შვილს ადგილზე პატარა სამეწარმეო საქმის წამოწყებაში დახმარებოდა. თუმცა თანხა საქმის წამოწყებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
პენსიონერმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ წინასწარ გამოტანილი ხუთი თვის საპენსიო თანხა უკან ბანკში დაებრუნებინა და მცირე სამიზნე ბიზნესკრედიტის გამოტანისთვის ეზრუნა. ბანკში მას აუხსნეს, რომ გატანილ საპენსიო თანხას ნებისმიერ დროს დაიბრუნებდნენ, რა თქმა უნდა ბანკის კუთვნილი პროცენტების დაქვითვით.
რაც შეეხება, კრედიტს მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის, პენსიონერს ამაზე უარი უთხრეს, რადგან ბანკი ასეთ სესხებს მხოლოდ სახელფასო თანამშრომლებზე გასცემს და არა კერძო პირებზე. არსებული პენსიის ოდენობა კი ვერანაირი კრედიტის გაცემის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
ასე დარჩა პენსიონერი ორ ცეცხლს შუა. ერთის მხრივ მას წინასწარ გამოტანილი საპენსიო თანხა ეხარჯება და შემდგომი ხუთი თვის მანძილზე ისედაც მიზერული პენსიის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. მეორეს მხრივ რის ვაი–ვაგლახით წამოწყებული საქმე (თევზის მოსაშენებელი აუზი) გაჩერებულია და მის გაგრძელებას, ბოლომდე მიყვანას კარგი პირი არ უჩანს. ამას ის უსამართლობაც ემატება, რომ რეგიონების პენსიონერები დღემდე დედაქალაქელებთან შედარებით 10 ლარით ნაკლებს იღებენ.
მმართველმა გუნდმა კი მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ აღიარა, რომ პენსიის 10 ლარით მხოლოდ თბილისელი პენსიონერებისათვის გაზრდა, დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იყო.
როგორც პარლამენტის ერთ–ერთ სხდომაზე ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩარკვიანმა განაცხადა, პენსიონერებს 10 ლარის დანამატი დოვლათს არ შეუქნის, მაგრამ თბილისის გარეთ მცხოვრები პენსიონერების განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება, მორალურად მიუღებელია.
„ამის გამო ხალხი აღშფოთებულია. აღნიშნული საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს ჩარკვიანი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომლის წინადადება სრულად გაიზიარა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმაც.
მაჭავარიანის შეფასებით, „მოსახლეობა მართლაც უკმაყოფილოა“. მან ამ მიმართულებით მთავრობასთან მუშაობის დაწყების პირობა დადო.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პენსია დედაქალაქში რეგისტირებულ პენსიონერებს 10 ლარით მოემატათ. ამ ფაქტს მაშინ ყველაზე აქტიურად „ქრისტიან-დემოკრატები“ აპროტესტებდნენ და ხელისუფლებას პენსიონერების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.
„მხოლოდ თბილისელ ხანდაზმულთათვის პენსიის ათი ლარით გაზრდა და 25 ლარიანი ფარმაცევტული ვაუჩერის დარიგება, ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობის უსამართლო დაყოფის და სახელმწიფო დახმარების არათანაბარი განაწილების მცდელობაა, რაც რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აქცევს“, – სწორედ ასე შეაფასა საპარლამენტო ოპოზიციამ დედაქალაქის მერიის ინიციატივა.
ოპოზიციის მოთხოვნით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელობებთან და დედაქალაქის პარალელურად ყველა დასახელებული შეღავათი საქართველოში მცხოვრებმა ყველა პენსიონერმა უნდა მიიღოს, რადგან დღევანდელი პენსია ძალიან მცირეა და აუცილებელია მისი გაზრდა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ნებისმიერ სხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები მოქალაქისთვის.
დედაქალაქის მერიის ინიციატივასთან დაკავშირებით ლევან ვეფხვაძემ მაშინ განაცხადა, რომ ეს იყო პოლიტიკური აქციაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებს.
არჩევნები კარგა ხანია დასრულდა და დროა ხელისუფლებამ უხვი დაპირებების აღსრულება დაიწყოს. ამისთვის მარტო პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული შეცდომის აღიარება და სინანული არ კმარა. არსებობისთვის ბრძოლაში პოლიტიკოსების მხრიდან შეცდომის „აღიარება“ და „სინანული“ მხოლოდ ლიტონი სიტყვებია, მეტი არაფერი.