როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, ბოლო თვეების განმავლობაში საიას პოლიციელთა მხირდან ძალადობის ფაქტზე არაერთხელ მიმართეს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადების თანახმად, მათი საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მონიტორინგი წარმოადგენს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე არაერთხელ მოუთხოვიათ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყება.
„სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში გამოძიება, ან საერთოდ არ დაიწყო, ან დაიწყო, მაგრამ ადეკვატურად და ეფექტურად არ წარიმართა. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ქმნის მსგავსი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობის გაზრდის მაღალ რისკს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია საუბრობს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ. არსებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის დანაშაულის ნიშნებს და როგორც საია აცხადებს, აუცილებელია ყველა მათგანი დაუყოვნებლივ იქნეს სათანადოდ გამოძიებული.
საია კონკრეტულ ფაქტებსაც აქვეყნებს, რომელიც მოქალაქეთა ჩვენებებს ემყარება.
მოქალაქე ლაშა შათირიშვილი 2013 წლის 24 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შენახვას გულისხმობს. მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა შათირიშვილი სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, აღნიშნულის შესახებ განცხადების შემთხვევაში ნარკოტიკის დადებით დაემუქრნენ. ლაშა შათირიშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოქალაქის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ანკეტა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.
მოქალაქე ირაკლი წულაძე 2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავების დროს ირაკლი წულაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ი. წულაძის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები მოწმობს.
მოქალაქე გ.ხ. 2013 წლის 24 სექტემბერს ღამის საათებში ძვ. თბილისის N5 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მისი თქმით, სხვა მოქალაქეების მსგავსად, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გ.ხ.-ს სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიმისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.
მოქალაქე დავით ჩაჩუას განცხადების მიხედვით, ის 2014 წლის 19 იანვარს პოლიციის თანამშრომლებმა გამთენიისას დააკავეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს (ტელევიზიის გვერდით). როგორც დავით ჩაჩუა ამბობს, მას თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ გაათავისუფლეს.
პოლიციელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობს მოქალაქე გიორგი ჯიქურაშვილი. ის მიუთითებს, რომ ძალადობის შედეგად აიძულეს ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. გარდა პოლიციელებისა, გ. ჯიქურაშვილის ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია ერთ-ერთი პროკურორის მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედება.
საია-ს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოქალაქე შიო კობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, 2013 წლის 27 ოქტომბერს, ღამის 00:02 საათზე, „ვარდების მოედანზე“, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. შ. კობიძის განცხადებით, პოლიციაში ის აწამეს, 4-5 ადამიანი დაუზოგავად სცემდა, ჭრილობაში ავტოკალამს აჭერდა, აგინებდა, „ცოცხების“ გამოყენებით აშინებდა და დაინვალიდებას პირდებოდა. სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. შ. კობიძის ინფორმაციით, წამების ფაქტის უშუალო მოწმეა მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად დააკავეს. შ. კობიძე მიუთითებს, რომ ადვოკატთან ერთად ბოლო სამი თვის განმავლობაში ითხოვს გამოძიების დაწყებას, თუმცა უშედეგოდ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ნიშნებს და გამოძიების დაუყონებლივ დაწყებას საჭიროებს.
საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ თითოეულ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე აწარმოოს ეფექტური, ობიექტური გამოძიება.
„ამავე დროს, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს თუ რამდენად ეფექტურია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო-უწყებრივი ქვედებარეობის მოქმედი წესი და ხომ არ იქნება უმჯობესი პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უკეთესი მექანიზმი“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საიას განცხადებას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამოეხმაურა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს მოუწოდა, რომ წინასწარ მსგავსი განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავონ:
„მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სისტემა მოწოდებულია და თავის საქმიანობაშიც რეალურად ახორციელებს პრინციპებს, რომლებიც არის მიმართული, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვაზე, იქნება ეს მოწმე, იქნება ეს დაზარალებული, არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთან მიმართებაში“, - აცხადებს იზორია.
მისივე განმარტებით, ეს არის მათი მუშაობის მთავარი პრინციპი და თუ გარკვეულ სამართალდარღვევებს ჰქონდა ან ექნება მომავალში ადგილი, ამაზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება, ამიტომ ყველა სამართალდარღვევაზე დაწყებულია მოკვლევა როგორც გენინსპექციის ფარგლებში, ასევე, რიგ შემთხვევაში პროკურატურაში.
„მერწმუნეთ, ყველა იმ პოლიციელისთვის, ვინც მართლაც მთელი თავისი საქმიანობით და შეგნებით საზოგადოების სამსახურშია, თითოეული თქვენგანის უფლებების დაცვის სამსახურში, ასევე ასეთი წინასწარი განცხადებების და დადანაშაულების ფორმით სისტემის წინააღმდეგ საუბარი იქნებოდა ძალიან ცუდი ფაქტი და დისკრედიტაცია. ამიტომ ვურჩევდი ყევლას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან“ , - აცხადებს იზორია.
წინა ხელისუფლების პირობებში მსგავს განცხადებასთან დაკავშირებით, შს სამინისტროს გამოხმაურებასა და შესაბამისი განმარტების მოსმენაზე ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ ისიც ფაქტია, თუკი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები დადასტურდა, ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს პრევენციული ღონისძიებები, იმისათვის, რომ არ მივიღოთ სააკაშვილის პოლიცია, არ მივიღოთ მორიგი „გირგვლიანის“ ან „რობაქიძის“ საქმეები.
როგორც პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, თუ ზოგადად ვსაუბრობთ პოლიციურ ძალადობაზე, ეს არის ყველა ქვეყნის პოლიციის სისტემის მეტ-ნაკლები პრობლემა და ამ კუთხით ქართულმა პოლიციამ სერიოზული გარდატეხა მოახდინა ძალადობის შეზღუდვის კუთხით.
„კონკრეტულად რაშია საქმე, სამწუხაროდ, არ ვფლობ ინფორმაციას და უფრო კონკრეტული შეფასების გაკეთება არ შემიძლია“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, არა მხოლოდ გირგვლიანის, არამედ ძალიან ბევრი საქმე იყო, რომელიც მართალია ლეტალური შედეგით არ დამთავრდა, მაგრამ დასრულდა უკანონო თავისუფლების აღკვეთით და ეს იყო წინა ხელისუფლების სავიზიტო ბარათი.
„თუ საიამ მსგავსი ფაქტები მოიძია და ამის შესახებ განაცხადა, მივესალმები, რადგან სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამასთან დაკავშირებით ახალ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრს. სჯობს, თავიდანვე იქნეს შესმენილი საზოგადოების მოთხოვნა, ვინაიდან ეს ფაქტები არ არის ერთეული. გახსოვთ ალბათ, ცოტა ხნის წინ ტარდებოდა ფართომასშტაბიანი რეიდები, ეს გამართლებული იყო იმით, რომ ამნისტიის შედეგად გათავისულფლებული მრავალგზის ნასამართლევი პირები არ ითვლებოდნენ კეთილსაიმედოდ. როგორც ჩანს, ასეთმა ღონისძიებებმა საბოლოოდ თავი იჩინა იმაში, რომ ასეთი გადაცდომები სახეზეა“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისივე განმარტებით, პრევენცია ეს არის, პირველ რიგში, განვითარების პოლიტიკა და პირდაპირი პასუხისმგებლობა, შს მინისტრისა მმართველი გუნდისა და პირადად პრემიერ-მინისტრისა.
„რაც უფრო მკაცრი იქნება მოთხოვნები საკუთარი პირადი შემადგებლობის მიმართ, რაც უფრო მალე შევა პოლიციის შესახებ კანონში დამატებითი ცვლილებები და ცივილურ სახეს მიიღებს, რაც სწორედაც რომ ევროპის წევრი სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი, მით უფრო მალე აღმოიფხვრება ამასთან დაკავშირებული ყველანაირი მითქმა-მოქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის საშუალებად გამოყენებულია მეთოდები, როდესაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით ხდება სამოქალაქო მშვიდობის დამყარება“, - მიიჩნევს ლორთქიფანიძე.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს: „ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს და თუ ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება აქვს უფლებადაცვით ორგანიზაციას, არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვერჩით ან ვიღაცის პოლიტიკას ვაკეთებთ“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე შეფასებით, შს სამინისტროს არ აქვს უფლება, ვიღაცას უთხრას, რომ წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებენ. როგორც მუხაშავრია ამბობს, მათი (სამინისტროს) ვალია, ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, არის თუ არა ყოველი ასეთი ფაქტი სრულყოფილად გამოძიებული და მიიღო თუ არა ზომები რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.
„თორემ პოლიციას ყოველთვის ეშლება, მათ შორის, მართლაც დემოკრატიულ ქვეყნებში. უბრალოდ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გამოიძიოს, დამნაშავე დასაჯოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ კვლავ არ განმეორდეს მსგავსი დაღრვევა“,- აცხადებს მუხაშავრია.