მესტიის სოფელ ხაიშის მცხოვრებლები სოფელში მიწის აზომვით სამუშაოებს ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივთა ნაწილი აცხადებს, რომ სოფელში მიწების აზომვას არ დაუშვებს და ხვალ დილიდან ამ მიზნით ხაიშის შესასვლელში დადგებიან - დილის 10 საათიდან საღამომდე იმორიგევებენ. ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ხაიშში მიწების აზომვა აუცილებლად დაიწყება.
ხაიშში მიწების აზომვითი სამუშაოების წამოწყებას „ხუდონჰესის“ პროექტზე მომუშავე კომპანია „ტრანსელექტრიკა საქართველო“ გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს მიწების კერძო საკუთრებად დარეგიტრირებაში დახმარებას პირდებიან. ხაიშელები კი აცხადებენ, რომ მათი მიწების აზომვა „ხუდონჰესის“ პროექტს უკავშირდება, ამიტომ, ინვესტორი კომპანიის დახმარებით მიწების საკუთრებაში დარეგისტრირებაც არ სურთ.
„ხაიშში არ დაიშვება არანაირი ქმედება, რაც ხუდონჰესს უკავშირდება! მიწების აზომვა ჩვენი დახმარების მიზნით არავის სურს. თუ დახმარება უნდათ, მთელს სვანეთს გაუფორმონ მიწები. გუშინ სამხარეო პოლიციიდან იყვნენ მოსულები, შეგვკრიბეს და შეხვედრა ჩაგვიტარეს. გვითხრეს, ამზომველები მოვლენ და ხელი არ შეუშალოთ, თორემ პრობლემები შეიქმნებაო. რადგან მოდიან და ძალაზე არიან, ყარაულობას გამოვაცხადებთ, ხვალიდან ყოველდღე ვიყარაულებთ. სანამ ცოცხლები ვართ, ეს არ მოხდება.უკან დამხევი არავინაა. არ მიიყვანონ საქმე იქამდე, რაღაც ცუდი მოხდეს. მხოლოდ 5 ოჯახია წასვლის მომხრე და ამ 5 ოჯახის ფონზე სურთ აზომვების დაწყება. ძალის გამოყენებას ფიქრობენ, ძალაზე იმ წუთში ძალას მიიღებენ,“ - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ხაიშის მცხოვრებმა გოჩა თოდრიამ.
კუთვნილი მიწის დარეგისტრირებაში დახმარებაზე უარს აცხადებს ხაიშის თემის რწმუნებული ოთარ ჭკადუაც.
„95% წინააღმდეგია, თუ ვინმეს არ სჯერა, ჩამოვიდნენ და ხალხს გაესაუბრონ. „ტრანსელექტრიკას“ უკვე მითვისებული აქვს დარეგისტრირებული მიწები. მე არ მაქვს დარეგისტრირებული და არც ვაპირებ, რა მეჩქარება?!“- აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხაიშის თემის რწმუნებულმა.
ხაიშის კიდევ ერთი მცხოვრები, ოლეგ ჭკადუა კი ამბობს, რომ სოფლის მიწების აზომვასა და ხუდონჰესის მშენებლობას ადგილობრივ მცხოვრებთა უმეტესობა ბოლომდე შეეწინააღმდეგება.
„ჩვენ არ გვაინტერესებს არც მიწების აზომვა და არც აღწერები. ვთქვით ჩვენი სიტყვა და ამით დავამთავრეთ. მორჩა, მეტი სათქმელი არ გვაქვს - ვეწინააღმდეგებით ხუდონჰესის მშენებლობას. ეს მოხდება მხოლოდ ჩვენი სიკვდილის შემდეგ, სხვაგვარად გამორიცხულია! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიჯეროს ყველამ - ინვესტორმაც, მთავრობამაც - უნდა შეიგნოს, რომ ეს მოხდება ასე! მოუწევთ ჩვენი დახოცვა, ესაა ჩემი პასუხი. არ გვაინტერესებს ჩვენ აზომვები და გაზომვები. აქ იყო ჩვენი მიწები საუკუნეების განმავლობაში და არსად წასულა!“ - განუცხადა for.ge-ს ოლეგ ჭკადუამ.
სვანები ხუდონჰესის საკითხზე მათ მიერ დადებულ ფიცსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ ფიცის გატეხვას არ დაუშვებენ, რადგან ეს არა მხოლოდ მათთვის, მათი შთამომავლებისთვის და მთელი სვანეთისთვის ცუდი იქნება.
„დავუშვათ და, ფიცი გატყდა... გამოდის, მთელს სვანეთს ხაიშმა კისერი უნდა მოჭრას. ღირსება და სიმტკიცე, რაც ფიცის და ღმერთის წინაშე გაგვაჩნია დაგვეკარგება, ამით მთელ საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ ეს რწმენა მოჩვენებითია. ამის შემდეგ ჩვენი მოდგმა მთელი სვანეთის საგინებელი და საწყევარი უნდა გახდეს. ეს საუკუნეებს გაჰყვება, ვეღარსად შევძლებთ ცხოვრებას. თანაც, მე თუ ღმერთის წინაშე ფიცს გავტეხ, წყეული ვხდები, ამიტომ ამას არავინ დაუშვებს და უკან დამხევი არავინაა. სჯობს, მე მოვკვდე, საფლავში მყოფი კარგად მომიხსენიონ და ჩემს შვილსაც ნათელი ცხოვრება ჰქონდეს“ - აცხადებს ხაიშელი გოჩა თოდრია.
იგი საბჭოთა პერიოდში „ხუდონჰესის“ მშენებლობის სანაცვლოდ გაცემულ კომპენსაციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ დროს მოსახლეობის აზრს არავინ ითვალისწინებდა და ადგილობრივები კომპენსაციის აღებასაც ვერ შეეწინააღმდეგნენ.
„სკოლაში დავდიოდი იმ დროს. ერთ ოჯახს სახლზე სახურავი აახდევინეს და სრული კომპენსაცია მისცეს, ხალხს წინასწარ კომპენსაციის ნახევარს აძლევდნენ, თუ სახურავს ახდიდი სახლს - სრულად გაძლევდნენ. სოფლის უმრავლესობამ კომპენსაციის ნახევარი აიღო. მერე ეროვნული მოძრაობა დაიწყო და მთელი სოფელი გამოვიდა, გადარჩენის შანსი რომ იგრძნეს, უკვე წასულებიც უკან დაბრუნდნენ. წასვლა არც მაშინ უნდოდა ვინმეს, მაგრამ მაშინ კომუნისტური პერიოდი იყო, ხალხის აზრს არავინ ითვალისწინებდა, თავისუფალი სიტყვა არ იყო. ახლა სხვა დროა და გვინდა, რომ ხელისუფლებამ ჩვენი აზრი გაითვალისწინოს“ - ამბობს გოჩა თოდრია.
ხაიშელების პროტესტს ეხმაურება ენერგეტიკის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მოსახლეობას აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ ეს პროცესი კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. მისივე თქმით, სოფელში მიწის აზომვითი სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება.
„უცნაური და საოცარი ფაქტია, რომ მოსახლეობა სოფელში ამზომველების შესვლას ეწინააღმდეგება. უმკაცრესად გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ნებისმიერი მოქალაქე, სადაც უნდა იყოს ის და რასაც უნდა წარმოადგენდეს, რომელ რეგიონში, რაიონში, თუ სოფელშიც უნდა იყოს, ვინც დაარღვევს კანონს, დაისჯება ასევე კანონის ძალით“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიის მიზანია, მოსახლეობას მათთვის ჩამორთმეული მიწების დარეგიტრირებაში დაეხმაროს და მხოლოდ საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დაიწყოს მიწების გამოსყიდვის პროცესი.
„ხაიშში აზომვითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება“ - განმარტავს ილია ელოშვილი.