ბრიტანეთის ხელისუფლება სოჭში მოსალოდნელ თავდასხმებზე გაფრთხილებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოჭში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ან თამაშების მსვლელობისას მოსალოდნელია ექსტრემისტების თავდასხმა სპორტსმენებზე და მაყურებლებზე.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ოლიმპიადის ძირითად საფრთხეს დოკუ უმაროვის სეპარატისტული დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ოლიმპიადის ჩაშლის პირობა დადო.
ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთმა სოჭში სამართალდამცავთა რაოდენობა 37 ათასამდე გაზარდა და ოლიმპიური ობიექტები ექსტრემისტებისთვის ადვილად ხელსმისაწვდომი ვერ იქნება.
პარალელურად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ჩრდილოეთკავკასიელი ბოევიკების ლიდერის დოკუ უმაროვის გარდაცვალების მტკიცებულებები გააჩნია. მართალია, გარდაცვლილის გვამი ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ კადიროვის თქმით, არსებული მტკიცებულებები მისი გარდაცვალების ფაქტზე მეტყველებს. კერძოდ, არსებობს ყაბარდო-ბალყარეთისა და დაღესტანის ემირების საუბრის ჩანაწერი, სადაც ისინი უმაროვის გარდაცვალების გამო ბოევიკების ახალი ლიდერის დანიშვნაზე საუბრობენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რამზან კადიროვს ადრეც რამდენჯერმე უთქვამს, რომ ჩრდილოეთკავკასიელი ბოევიკების ლიდერი მოკლულია, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, არაა გამორიცხული, ახლაც კადიროვი კიდევ ერთხელ ცდებოდეს. მით უფრო, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც აღიარებს, რომ დოკუ უმაროვის სიკვდილში დარწმუნებული არ არის.
უმაროვის ბედი არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას, არამედ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებსაც აღელვებთ, რადგან რუსეთში ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული ჩეჩენი საველე მეთაური სოჭის მოახლოებული ოლიმპიადისთვის მთავარ საფრთხედ განიხილება და 2013 წელს ინტერნეტ-სივრცეში უმაროვის მოწოდება გავრცელდა, რომელშიც ის თანამებრძოლებს ოლიმპიადის ჩაშლისკენ მოუწოდებს.
სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული აქტების მოწყობის მოწოდებით გამოვიდა ერაყული რადიკალური დაჯგუფება „ანსარ ალ სუნაც.“ ასევე, ცნობილი გახდა, რომ მუქარის წერილები ტერორისტებისგან გერმანიის, იტალიის, უნგრეთის, გერმანიისა და სლოვენიის ოლიმპიურმა კომიტეტებმაც მიიღეს.
სოჭის ოლიმპიადის წინ რა მდგომარეობაში არიან ქართველი სპორტსმენები და რას ფიქრობენ დოკუ უმაროვისგან მომდინარე საფრთხის შესახებ? ამის შესახებ სპეციალისტებს ვესაუბრეთ.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბრისას არ მალავს, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის წინააღმდეგი ყოველთვის იყო, რადგან ნებისმიერი ჭეშმარიტი კავკასიელისთვის მიუღებელია თავისი ძმების ძვლებზე თამაშების გამართვა და ეს მორალური მხარეა. ამდენად, მისი აზრით, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების გაფრთხილება, რადგან, თუკი რაიმე საშუალება იქნება, დოკუ უმაროვი, ალბათ, ეცდება, რამენაირად ხელი შეუშალოს ამ ოლიმპიურ თამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კავკასიელი წინააღმდეგია ტერაქტის, თუკი მას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირება.
„იმ დროიდან მოყოლებული, რაც საერთოდ სოჭის ოლიმპიადაზე დაიწყეს საუბარი, ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის მხრიდან, რომ ისინი მუდმივად გააპროტესტებდნენ რუსეთის ამ ამორალურ საქციელს. არ გამოვრიცხავ, ამჯერად დოკუ უმაროვის სახელის გამოყენება რუსებს აწყობდეთ. შეიძლება, სრულიად სხვა ვიღაცამ, იმავე რუსულმა სპეცსამსახურებმა განახორციელონ ჩანაფიქრი. დიდი ალბათობაა, თვითონ რუსების მხრიდან მოხდეს ტერაქტები სოჭის ოლიმპიადაზე. ეს არის მათი ხელწერა და, როგორც მათ სჩვევიათ, გადააბრალონ ჩეჩნებს. რამ შეიწირა ლიტვინენკოს სიცოცხლე? მან აღიარა, თუ როგორ ანგრევდნენ მოსკოვში სახლებს ფსბ-ს თანამშრომლები და როგორ აბრალებდნენ ჩეჩნებს. სწორედ ეს გახდა მეორე ჩეჩნური ომის დაწყების კამპანიის საბაბი. ასე თუ ისე, ჩეჩნური წინააღმდეგობა რეალურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სოჭის ოლიმპიადის ტერაქტი (რისი დიდი ალბათობაცაა) ჩეჩნებს გადააბრალონ“, - აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.
მანვე ჩერქეზული და კავკასიური სულის წარმოსაჩენად ერთი ფაქტი გაიხსენა. სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს რუსები გეგმავენ ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, რუსებმა უამრავი ჩერქეზი ამოწყვიტეს. ამ ადგილას ადრე უფრო დიდი ზღვა იყო. რუსებმა სწორედ ამ ზღვაში ჩაყარეს დახოცილი ჩერქეზები, ერთ-ერთი გადარჩენილი, 20-ოდე წლის ქალიშვილი ზღვამ ნაპირზე გამორიყა. ნაპირთან იდგნენ გადარჩენილი ჩერქეზი ასაკოვანი მამაკაცები, რომლებიც ელოდნენ რომელიმე ცოცხალი ადამიანის გამორიყვას წყლიდან და შემდგომ ამ ადამიანის გადარჩენას. თუმცა, როცა წყლიდან გამორიყული გოგონა ფეხზე წამოდგა, მას ტანზე შემოფლეთილი ტანსაცმელი ჰქონდა. მან დაინახა მამაკაცები და, მათ წინაშე შიშველი რომ არ ამოსულიყო წყლიდან, ისევ უკან შეცურდა ზღვაში და სამარადისო უკვდავებას შეუერთდა.
„ეს არის კავასიური სული, მნიშვნელობა არ აქვს ჩერქეზი იქნება, ჩეჩენი თუ დაღესტნელი, იქ ჩემი კავკასიელების ძვლებია და, ვინც რა მოტივით არ უნდა ახსნას ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა, ჩემთვის ეს ყოველთვის მიუღებელი იქნება“, - გვითხრა მექა ხანგოშვილმა.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ დოკუ უმაროვის დემონიზაცია ხდება, თითქოს, იგი მართავდეს ტერაქტებს. სინამდვილეში, ამ პიროვნებას არ გააჩნია ისეთი შესაძლებლობა, რაღაც მნიშვნელოვანი ორგანიზაცია მართოს. რა თქმა უნდა, მას ჰყავს დაჯგუფება, მაგრამ ამ დაჯგუფების მოცულობა მინიმალიზირებულია და ცენტრალიზებული მართვა არ ხორციელდება.
„ცოტა გადაჭარბებულია ერთიან ორგანიზაციაზე ლაპარაკი. ვფიქრობ, ეს არის სხვადასხვა მიმოფანტული დაჯგუფებები, რომლებიც ერთიან საინფორმაციო ველში ერთიანდება. ამიტომაა სახიფათო ეს დაჯგუფებები, რომ ისინი ქარის დინებას მიჰყვებიან და იმის მიხედვით დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა თემაა გააქტიურებული საინფორმაციო ველში. ამდენად, მათი ქმედება ასიმეტრიული, ირაციონალურია. ამიტომაცაა ეს ჯგუფები სახიფათო და ძნელად საბრძოლველი. თორემ, ეს რომ იყოს რაიმე ტიპის ერთიანი, ცენტრალიზებული ორგანიზაცია, თუნდაც იატაკქვეშეთში, მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ადვილი იქნებოდა. დოკუ უმაროვის წინ წამოწევა, ეს არის თამაში ობივატელზე. რუს ობივატელს აწყობს, მას ჰყავდეს ერთი მტერი, რომელსაც ყოველივე ცუდი მიეწერება, მისგან მტრის ხატი შეიქმნება და მის წინააღმდეგ ბრძოლა კონცენტრირებული იქნება. მეორე მხარესაც აწყობს, შეიქმნას იმიჯი, თითქოს, ის არის ერთიანი, მძლავრი ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებს, თუ მისი ღონისძიებები წარმატებული იქნება“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში და ფიქრობს, რომ აგრესია მაინც მიმართული იქნება რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ.
ამდენად, თუკი ბედის უკუღმართობით ან შემთხვევითობით ქართველები არ მოხვდებიან მოვლენის ეპიცენტრში, კონკრეტული მიზანმიმართული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ არცერთი ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან არ ჩანს. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ სამიზნე ობიექტები. ყველაფერი კი მაინც დამოკიდებულია რუსულ სპეცსამსახურებზე და მათ ოპერატიულ ქმედებებზე.
ვეტერანი ძიუდოისტი და პარლამენტარი შოთა ხაბარელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველი სპორტსმენები (და არა მარტო ქართველები) დაცულნი იქნებიან და საამისოდ დიდი მზადება მიმდინარეობს. ისე კი, მსგავსი მუქარა მოსკოვის, ლოს ანჯელესის, სიდნეის ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდსაც ახსოვს, თუმცა ეს მუქარები არ განხორციელებულა.
„ვიღაცას აწყობს ასეთი განცხადებების გაკეთება. ოთხი ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება სოჭში. მთლიანობაში იქნება 16-კაციანი დელეგაცია. ეს არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ აუცილებელია, მივიღოთ ოლიმპიადაში მონაწილეობა“.
ჩვენ ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიშვილსაც დავუკავშირდით. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ტერორისტული ორგანიზაციებიდან მუქარის შემცველი წერილი არ მიუღია. მართალია, რამდენიმე ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტს მიუვიდა მსგავსი შეტყობინებები, მაგრამ უშიშროების სამსახურების, მათ შორის, რუსეთის უშიშროების დასკვნით, ეს სერიოზულ საფრთხედ არ უნდა განვიხილოთ.
„დიდი ალბათობით, უნდა გამოირიცხოს, რომ იქ რამე მოხდეს. ამ თამაშების უსაფრთხოებას 40 ათასამდე სამართალდამცავი უზრუნველყოფს და ასეთი მასშტაბური ღონისძიებები არცერთ ოლიმპიადას არ ახსოვს. ჩვენი სპორტსმენები შეჯიბრებაზე კარგად გამოსვლას ფიქრობენ. რაც შეეხება დოკუ უმაროვს და სხვა დაჯგუფებებს, პერიოდულად ისინი აკეთებენ ასეთ განცხადებებს და მსგავსი მუქარები სხვა ოლიმპიურ თამაშებზეც ყოფილა“, - გვითხრა ელგუჯა ბერიშვილმა.