ჭიათურაში - მაღაროები, ზესტაფონში კი ფერო გაჩერდა

ჭიათურაში - მაღაროები, ზესტაფონში კი ფერო გაჩერდა

ჭიათურაში მადნის მოპოვების პროცესი თითქმის სრულად შეწყდა, ხოლო ზესაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ მუშაობა მინიმუმ გაზაფხულამდე შეაჩერა. კომპანია კრიზისს ებრძვის, პრობლემებია როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე საგარეო გასაღების ბაზრებზე.

პირველი ვინც განცხადება გაავრცელა ჭიათურა მენეჯმეტ კომპანი იყო. საწარმოო პროცესის გაჩერების მიზეზად კომპანიამ სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტი დაასახელა.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა. აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ. ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვათვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტეტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70%-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.

აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო, კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს. შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება.

მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ მძიმე ფინანსური კრიზისის გამო მიიღეს ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორის მაქსიმ მაზურენკოს თქმით, მოსახლეობის პროტესტის გამო მაღაროების 70% გაჩერებული იყო.

არ გვეძლეოდა მოპოვების შესაძლებლობა. თუ მაგალითად ადრე თვეში 90-იდან 100 ათას ტონამდე პროდუქციას ვაწარმოებდით, ამ პირობებში 30-35 ათს ტონამდე ჩამოვედით.

სწორედ ამან მიგვიყვანა მთავარ პრობლემამდე. მაღაროელებს რომლებიც შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ მუშაობდნენ, ხელფასის 100%-ს ვუხდიდით. პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით მოსახლეობასთან, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. გარდა ამისა მსოფლიო ბაზარზე ფასის კლების ტენდენციაა, თუ მაგალითად ივლისში 1 ტონა ნედლეულის ღირებულება 5,5 დოლარი იყო, ამ დროისთვის ის 3,5 დოლარზე ჩამოვიდა. მოთხოვნა შემცირებულია როგორც მანგანუმზე ასევე ფეროშენადნობებზე. შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიაში საწარმოო პროცესი სრულად შეგვეჩერებინა და თანამშრომლები გადაგვეყვანა 60%-იან ანაზღაურებაზე, - განაცხადა მაქსიმ მაზურენკომ.

პარალელუარ მუშაობას აჩერებს ზესტაონის ფეროც. კომპანია „ჯორიან მანგანეზის“ განცხადებით, 2025 წლის პირველ მარტამდე ფეროშენადნობთა ქარხანაში სრულად ჩერდება წარმოების პროცესი და ქარხანაში დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს.

„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.

ამ პირობებში, ჩვენს თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით და სრულად შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ.

ჩვენმა კონტრაქტორმა „ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ“, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა.

ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას“, - განაცხადეს კომპანიაში.

ვითარების დრამატულობას ადასტურებენ ფეროშენადნობთა ასოციაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ დარგში კრიზისი უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო და ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად, კრიზისის გამწვავება სრულიად მოსალოდნელი იყო.

2.5 წლის წინ, უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ღრმა კრიზისი ფეროშენადნობების დარგში და აღარ დამთავრდა. არაერთხელ მითქვამს, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდთან ერთად, ეს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდებოდა. ამ პერიოდში ქვეყანაში წყალუხვობა არაა, შესაბამისად, ელექტროენერგიის იმპორტი ხდება და ფასი იზრდება. ჩვენს დარგში ელექტროენერგიას თვითღირებულებაში 25-30% უჭირავს. შესაბამისად, წარმოების გაგრძელება არსებული კრიზისის ფონზე რთულია.

ცოტა გამოცოცხლება ზაფხულში იყო და ახლა ისევ შემცირდა ფასი. იმის რესურსი, რომ კიდევ ვიღაცამ რამდენიმე თვე და ერთი წელი შეინახოს საწარმო, არ მგონია, ბევრს ჰქონდეს ან საერთოდ ვინმეს ჰქონდეს. ზაფხულში რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლა და კიდევ თუ დაიწია ფასმა, რაც ჩემი აზრით, გარდაუვალია, საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ, ალბათ ისინიც შეაჩერებენ დროებით წარმოებას. ჯორჯიან მანგანეზს აქამდეც კბილებით ეჭირა წარმოება. ყველაზე რთული მათთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი ვერ დაინახეს.

ეს კრიზისი ცხადია, რომ ოდესმე დამთავრდება და მსოფლიო არ გაჩერდება, მაგრამ არ მგონია, რომ 1-2 თვეში, ან ახლო მომავალში მოგვარდეს, - განაცხადა კევლიშვილმა ბიემთან.