კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომლის ირგვლივ ამ დრომდე ბევრი კითხვის ნიშნებია, ლაფანყურის საქმეა. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გამოძიების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საგამოძიები სამუშაოების დასრულების შესახებ, გროზნოში მყოფ გარდაცვლილი ბაჰაუდი ალდამოვის მამას, კონტრდაზვერვის უფროსმა გამომძიებელმა ტელეფონით აცნობა.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს შსს-ს მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 11 შეიარაღებული პირი, რომელთაგან შვიდი დუისის სასფლაოზეა დაკრძალული. რამდენიმე თვის წინ მათ ცხედრებს განმეორებით ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაღუპულთა შორის სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო. გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ სპეცრაზმის ორი თანამშრომელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე.
ის, რომ ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, ეს უკვე დაანონსა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლაფანყურის საქმის გამოძიება მართლაც გაიწელა.
„მაგრამ რთული საქმეც იყო. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იძულებულია, ერთი საქმის გამო, მთავარი - ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დააზიანოს. მე მაქვს ინფორმაცია გამოძიებიდან, რომ ეს საქმე არის პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი და ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავენ ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, 2013 წლის ოქტომბერში, სახალხო დამცველის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა.
„რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ კითხვებზე პასუხი გაეცა. ძალიანცუდია, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, გამოძიება
ბოლომდე არ მისულა და სიმართლე დაუდგენელია. სახალხო დამცველთან შექმილია საზოგადოებრივი საბჭო, ვაწარმოებთ მოკვლევას და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბევრი ახალი დეტალი გაარკვია ამ კომისიამ. ის ინფორმაცია, რაც იყო მოცემული ჩვენს საპარალმენტო ანგარიშში, ეს ფაქტები კიდევ უფრო მყარდება დამატებითი მტკიცებულებით.
ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაგეგმვის შედეგად. ეს ჯგუფი არსაიდან არ იყო გადმოსული, ეს უბრალოდ, იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფი. თვეების განამვლობაში ხდებოდა ამის ორგანიზება და რაღაცა მიზეზების გამო დადგა ამ სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი.
გამოძიებამ დაკითხა ამ სპეცოპრეაციის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ახმედ ჩატაევი. დაკითხულთა შორის არის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე. დაიკითხა თუ არა ამ საქმეზე ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის სახელს უკავშირდება ლაფანყურის სპეცოპერაციის დაგეგმვა და განხორცილება, უცნობია. გამოძიება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
ძალოვანებს ზეწოლაში ადანაშაულებს ჩეჩნეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევი, რომელიც წლების განმავლობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში თარჯიმნად მუშაობდა. მუსაევი აცხადებს, რომ სამართალდამცველები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ჩვენების მიცემას და კონკრეტული გვარების დასახელებას აიძულებდნენ. მუსაევის განცხადებით მასზე ზეწოლას ვინმე გიორგი ახორციელბდა, რომელიც მოგვიანებით კონტრადზვერვის თანამშრომელი, ვინმე ვალერი ზუმბაძე აღმოჩნდა.
„დამიბარეს, მთხოვეს რომ ლაფანყურზე მიმეცა ჩვენება, დამესხელებინა ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები. უარი რომ ვუთხარი, პრობლემების შექმნით დამემუქრნენ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები მთხოვდნენ, რომ ჩვენება მიმეცა გია ლორთქიფანიძის და კონტრტერორისტული ცენტრის, კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, სანდრო ამირიძის წინააღმდეგ. ზეწოლა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. პირველად მიმიყვანეს რუსთაველზე, ერთ–ერთ შენობაში, შემდგომ კი 3-ჯერ ვიყავი მოდულის შენობაში.
მითხრეს, ვიცით, რომ რუსეთთან გაქვს პრობლემები და ნამდვილად ასე იყო, საქართველოში ჩამოვედი დევნილად და დამემუქრნენ, რომ თუ არ ვითანამშრომლებდი მათთან, ამ შემთხვევაში, ჩემს თავს რუსეთს გადასცემდნენ. მე ვკითხე, ოფიციალურად რის საფუძველზე გადამცემდნენ. მათ კი მიპასუხეს - არაოფიციალურად, უბრალოდ ლარსზე გადაგიყვანთ და რუსეთის ФСБ–ს ხელში ჩაგაგდებთ და დანარჩენი, რა მოგივა თავადაც იციო. 2014 წლის 18 იანვარს საქართველოდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს“, - ამბობს საიხან მუზაევი.
ის კატეგორიულად უარყოფს ნაცნობობას გია ლორთქიფანიძესთან, თუმცა ნაცნობობას ადასტურებს სანდრო ამირიძესთან. მისი თქმით, ამირიძე მაშინ გააცნეს, როცა ის კონტრტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, თუმცა არ აკონკრეტებს ვინ გააცნო. მუზაევი ამტკიცებს, რომ საქართველოში 2011 წელს ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა. ამავე წელს მან მიიღო ლტოლვილის სტატუსი, თუმცა 2012 წლის ოქტომბერში ლტოლვილის სტატუსზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 2012 წელს ჩეჩნეთიდან დევნილი მუზაევი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში თარჯიმნად იწყებს მუშაობას.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საიხან მუზევი საქართველოში საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა.
„თარჯიმანი იყო, ანუ არაბულიდან თარგმნიდა. იგი საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა, ხოლო საუდის არაბეთი ჩემთვის არ ასოცირდება ჯანსაღ პოლიტიკასთან. შეიძლება მე ვცდებოდი, მაგრამ გარკვეული ეჭვი მიჩნდება საუდის არაბეთში სწავლა-განათლება მიღებული და იქიდან დაბრუნებული ადამიანების მიმართ. ეს ხომ არაბი არაა, ჩეჩენია. რამდენადაც ვიცი, ყველა საბუთი წესრიგში აქვს, მაგრამ არ ვიცი რატომ არ აძლევენ მას ქვეყნის დატოვების უფლებას.
დაპატიმრებული არაა, თუმცა მის მიმართ არსებობს კითხვები, მაგრამ არა როგორც დამნაშავის მიმართ, არამედ როგორც მოწმის მიმართ. ჩვენ გვქონდა ორი შემთხვევა, არ მინდა გვარები დავასახელო, როდესაც ადამიანები საქართველოდან გავიდნენ და მერე გაირკვა, რომ ერთ-ერთს შეხება ჰქონდა ლაფანყურის საქმესთნ, პირადად მე მქონდა ასეთი შემთხვევა. ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით ჰქონდა თუ არა შეხება მუზაევს, მაგრამ გარკვეული ეჭვის საფუძველი არსებობს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებას ატარებს კონტრდაზვერვის სამმართველო. ექსპერტი ნაკლებად ვარაუდობს, რომ მუზაევზე რამე ტიპის ზეწოლა ყოფილიყო. კითხვაზე მოქმედებს თუ არა მუზაევი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვეთით, არეშიძე პასუხობს:
„ვერაფერს გეტყვით, შეიძლება სხვა ტიპის ზეწოლა იყოს მასზე, მაგრამ ვარაუდი ნაკლებად მაქვს, რომ ეს ასეა. არა მგონია, რომ ამ ადამიანებმა ამდენი გარისკონ. თუმცა, ისიც მინდა გითხრათ, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, რბილად რომ ვთქვათ, ჩემში ეჭვს იწვევს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.
ჩეჩნეთიდან დევნილი საიხან მუზაევი ავტორიტეტით არ სარგებლობს ჩეჩნურ დიასპორაში. მისი განცხადების კომეტირება უჭირს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს მექა ხანგოშვილს, რომლის განცხადებით, მუზაევი რაღაცა პერიოდის განმავლობაში, პანკისის ხეობაში ცხოვრობდა.
„სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ მუზაევი ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს ლაფანყურის საქმეში. არ მქონია მასთან შეხვედრის დიდი სურვილი. ჩეჩნურ საზოგადოებაში ავტორიტეტით არ სარგებლობს, არანაირი ავტორიტეტი ეს ადამიანი არ არის. რაც შეეხება მისი განცხადებას, არც მინდა დავიჯერო, არ ვიცი რა მოხდა. შეიძლება იყო ზეწოლა, შეიძლება არც იყო. თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, გულისტკივილი მქონდა, რომ ლაფანყურის საქმეს ის უწყება იძიებდა, რომელმაც განახორციელა ეს სპეცოპერაცია და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ძველი კადრი ცდილობდა გამოძიებისთვის კვალის არევას. ვნახოთ, დაველოდოთ, მთავარია დაიდოს გამოძიების საბოლოო შედეგი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილმა.