„შეკუმშული ზამბარის გახსნა რთული ამოცანა იყო სასჯელაღსრულების სისტემისთვის“

„შეკუმშული ზამბარის გახსნა რთული ამოცანა იყო სასჯელაღსრულების სისტემისთვის“

„ერთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში უწევდა მუშაობა. მთელი წლის განმავლობაში ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, ომი დასრულდა და ბრძოლის ველიდან დაჭრილი, დასახიჩრებული და მიტოვებული ადამიანების გაყვანა გვიწევდა. წელს უკვე გადავდივართ შედარებით ნორმალურ რეჟიმზე, როდესაც ჩვენი ჯანდაცვა ჩვეულებრივ ჯანდაცვას ემსგავსება და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში სასჯელაღსულების სისტემა აღარ იქნება ასეთი დიდი ინტერესის საგანი“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც For.ge-სთან იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც პატიმართა მკურნალობისა და დიაგნოსტირების კუთხით იგეგმება. 

როგორც ცნობილია, 1 მარტიდან სასჯელაღსრულების სისტემაში იწყება C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა. ალბათ, ამ პროგრამის დაწყებას წინ უსწრებდა კვლევა, რატომ იყო ეს დაავადება ამდენად გავრცელებული მსჯავრდადებულებში და თუ დაისახა პრევენციული ღონისძიებები?
- C ჰეპატიტი საქართველს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა და ამიტომაც 2013 წელს საქართველოს მთავრობამ პირველი ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა ამ ინფექციასთან ბრძოლის საქმეში. სასჯელაღსრულების სისტემისთვის შემუშავდა C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალური პროგრამა, რომელიც მთლიანად მოაგვარებს სასჯელაღსრულების სისტემაში დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხს. ეს პროგრამა სპეციალურად მომზადდა სასჯელაღსრულების სისტემისთვის. მის შემუშავებაში ჩართული იყვნენ მოწინავე ინფექციონისტები, უფლებადამცველები, იურისტები, ჯანდაცვის ეკონომისტები და იმდენად გამართული პროგრამა დაიწერა, რომ მთავრობის სხდომაზე მალევე მიიღო პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშილისა და მთავრობის მხარდაჭერა. მაშინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ანალოგიური პროგრამის შემუშავება სამოქალაქო სექტორისთვისაც უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ამ პროგრამაზე და რამდენადაც ვიცი, 2016 წლისთვის იგეგმება, რომ სხვა წყაროებთან ერთად C ჰეპატიტის მკურნალობის დაფინანსება სახელმწიფომ დაიწყოს.

პროგრამა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის მკურნალობისთვის შემუშავდა, გულისხმობს წელიწადში 12 ათასი ადამიანის გამოკვლევას, 5 ათასი ადამიანის ვაქცინაციას B ჰეპატიტზე, 3 ათასი ადამიანის გამოკვლევის სრულ პაკეტს და 2 წლის განმავლობაში 1000 პაციენტის მკურნლობას. შედარებისთვის გეტყვით, რომ დღემდე სასჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ რამდენიმე ათეულმა პატიმარმა იმკურნალა, ხოლო საქართველოში, მთლიანად, წლის განმავლობაში, 300-400 პაციენტზე მეტის მკურნალობა ვერ ხერხდებოდა. სასჯელაღსრულების სისტემაში წელიწადში 500 ადამიანის მკურნალობა სრულიად საკმარისია ამ ინფექციასთან საბრძოლველად.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების, ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრებისა და ორივე პრემიერ-მინისტრის მონაწლეობით ჩაატარა მოლაპარაკებები ისეთ

გლობალურ ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა „როში“ და „მერკი“ (რომელთა ბიუჯეტები მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ბიუჯეტს). ამ მოლაპრაკებების შედეგად ჩატარდა კონკურენტული, გამჭვირვალე და ძალიან კარგად მომზადებული სახელმწიფო ტენდერი მედიკამენტების შესაძენად და საქართველომ შედეგად მიიღო უპრეცედენტოდ დაბალი ფასი „პეგილირებულ ინტერფერონსა“ და „რიბავირინზე“. აქამდე საცალო ქსელში ამ ორივე მედიკამენტის ერთი ინექცია დაალოებით 250 დოლარი ღირდა და ახლა მათი ფასი ერთ ფლაკონზე საქართველოში 93 დოლარია. ეს ფასი მივიღეთ არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემისთვის, არამედ შესყიდვების პროცესში ჩაიდო პირობები, რომლის თანახმად, 2014 წლის 1 ივლისიდან ამავე ფასით მედიკამენტის ყიდვას შეძლებს საქართველოს 10 ათასი მოქალაქე, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ. არანაირი შეზღუდვა, შეფერხება, რიგები ან მედიკამენტების უკმარისობა არ იქნება - გაქვთ დიაგნოზი, ჩატარებული კვლევები და ექიმის დანიშნულება? იყიდით მედიკამენტს 93 დოლარად. თუ მედიკამენტებზე მოთხოვნა 10 ათასს გადააჭარბებს, საქართველოს მთავრობა დიდი ალბათობით ამ ქვოტას გააფართოებს.

საინტერესოა, დაავადების სტატისტიკა და ისიც, თუ რატომ აღმოჩნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებები C ჰეპატიტის გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგი?
- 10 წლის წინანდელი მონაცემებით, ინფექციის გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში იყო 6,7 %, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე ინფიცირებულია. სასჯელაღსრულების სისტემაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. მხოლოდ 2013 წელს ჩატარდა მასიური სკრინინგი 3 დაწესებულებაში (და 1 თვეში დასრულდება კიდევ 10 დაწესებულებაში) და პირველი დადასტურებული მონაცამებით ინფექციის გავრცელება ჩვენს სისტემაში 30%-ს უტოლდება. რაც 4-5-ჯერ მეტია სამოქალაქო სექტორთან შედარებით. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით წინა ადმინისტრაციას არასწორი პოლიტიკა ჰქონდა. დიაგნოსტიკა შეზღუდული იყო, სკრინინგი მასობრივად არ ტარდებოდა, რადგან ადამიანები, ვისაც დაავადება დაუდგინდებოდათ, მკურნალობას ითხოვდნენ და როდესაც არ მკურნალობდნენ, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩიოდნენ. 4 ასეთი საქმე წააგო კიდეც სახელმწიფომ სტასბურგში, რამდენიმე ათეული სარჩელი კი განხილვის პროცესში იყო. იმით, რომ 1 მარტიდან პატიმრების მკურნალობა დაიწყება, საქართველო მხოლოდ პატიმრების ჯანმრთელობის პრობლემას კი არა, ადამიანის უფლებების პრობლემასაც მოაგვარებს. რადგან იმ 4 საქმეზე, რომელიც საქართველომ სტრასბურგში წააგო, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევის გამო, რომელიც გულისხმობს წამების აკრძალვას. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეებმა წამებას გაუთანაბრეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ციხეებში ადამიანებს არ ჰქონდათ სათანადო მკურნალობა. ადამიანის უფლებათა სტანდარტი ასეთია: სასჯელაღსრულების სისტემაში, თავისუფლების აღკვეთის პირობებში გაცილებით მაღალია სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ადამიანებს უმკურნალოს. ამ ინფექციის ამ მასშტაბით გავრცელება ციხეებში, ნათლად მეტყველებს, რომ სისტემაში პრობლემა იყო ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მხრივ. C ჰეპატიტი ისეთი ინფექციაა, რომელიც სისხლისმიერი გზით ვრცელდება. ის არ ვრცელდება ჩახუტებით, ერთ ოთახში ადამიანების ყოფნით ან საკვები ჭურჭლის გაზიარებით.

ინფექციის გავრცელებას იწვევდა 90-იან წლებში შეუმოწმებელი სისხლის გადასხმა, რაც სახელმწიფომ აღკვეთა და დღეს ეს პრობლემა აღარ დგას. ამ ინფექციის რისკს ქმნის: ინტრავენური ნარკომანია, ქირურგიული, სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური მანიპულაციები, როდესაც სტერილიზაციის სტანდარტი არ არის დაცული. სასჯელაღსრულების სისტემაში ამ ინფექციამ კატასტროფული მასშტაბები შეიძინა, რადგან მოშლილი იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები, პრევენცია. სტომატოლოგიურ კაბინეტებში სტერილიზაციის პირობები სრულად არ იყო დაცული და ბევრი ინფიცირებული ადამიანი აზიარებდა სხვა პატიმრებთან საპარსებს და ისეთ ნივთებს, რომელთაც სისხლთან აქვს კონტაქტი. დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ეს პროგრამა მხოლოდ მკურნალობის კი არა, სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და პრევენციის პროგრამაა. პატიმრებს შევთავაზებთ (ეს სავალდებულო ან იძულებითი არ არის), რომ ინფექციაზე ტესტი გაიკეთონ. მსჯავრდებულების 90% თანახმაა, რომ ეს გამოკვლევა გაიაროს. სერგეენკოს უწყება ამკაცრებს კონტროლს სტომატოლოგიურ კაბინეტებზე და რისკის სხვა ადგილებში. ასეთია ამ პროგრამის არსი და არა მხოლოდ ის, რომ ადამიანებს სასჯელაღსრულების სისტემაში უმკურნალებენ. 

გარდა მედიკამენტების შესყიდვისა, ამ პროგრამის განსახორციელებლად დამატებით მოვამზადეთ 6 ექიმი ინფექციონისტი, 15 ექთანი და 15 ოჯახის ექიმი. შევისყიდეთ ულტრათანამედროვე აპარატი - „ფიბროსკანი“, ღვიძლის დაზიანების დიაგნოსტირებისთვის. ეს აპარატი 1 თვეში განთავსდება სასჯელაღსრულების ცენტრალურ განახლებულ საავადმყოფოში, რომლიც მალე გაიხსნება. დღეს ამ პროგრამის ეფექტურად განორხორციელება მხოლოდ იმიტომ კი არ არის შესაძლებელი, რომ მედიკამენტი ვიყიდეთ ფასდაკლებით, არამედ იმიტომაც, რომ ამისთვის მზად არის პერსონალი, მოწყობილია ლოჯისტიკა და ვიცით როგორ უნდა იმუშაოს ამ პროგრამამ. პატიმრები იმკურნალებენ იმ დაწესებულებებში, სადაც მოთავსებულები არიან.

ამ პროგრამის დაწყებას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ჰქონდა არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში C ჰეპატიტის სპეციალური პროგრამები ბევრ ქვეყანას არ აქვს და ისინი უკვე გვთხოვენ ამ პროგრამის დოკუმენტებს. მნიშვნელოვანია ის ფასი, რომელიც საქართველომ მიიღო მედიკამენტზე, რადგან საქართველო უკვე მეორე ქვეყანაა მსოფლიოში (პირველი არის ეგვიპტე), რომელსაც ასეთი დაბალი ფასი აქვს ერთ ფლაკონ „ინტერფერონზე“ (93 დოლარი). C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამისთვის ორ წელიწადში გამოყოფილია 4,5 მლნ ლარი და ვფიქრობთ, რომ ეს ხარჯები მომავალში შეცირდება, რადგან ინფექციის გავრცელება მნიშვნელოვნად შეფერხდება, როდესაც ინფექციის კონტროლის სტანდარტი გაუმჯობესდება. მოვა დრო როდესაც С ჰეპატიტი აღარ იქნება ამ მასშტაბის პრობლემა არც სასჯელაღსრულების სისტემისთვის და არც მოსახლეობაში.

მოარული ხუმრობაა, რომ ტუბერკულოზით და C ჰეპატიტით დაავადებულებმა ვიტრინები ჩაამსხვრიეს, რომ ციხეში მოხვედრილიყვნენ და იქ ემკურნალათო...
- რამდენიმე ასეთი ანეკდოტი მართლაც ტრიალებს ქალაქში. ტუბერკულოზთან ბრძოლის მხრივ მიღწევები აქვს სახელმწიფოს როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში. წინა წლებში ყოველწლიურად ციხეებში ტუბერკულოზის 800-900 ახალი შემთხვევა გქვონდა. ახლა კი ერთი წლის განმავლობაში იყო მხოლოდ 120-130 შემთხვევა. 8-9-ჯერ შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება ციხეებში, რადგან მუშაობს მასობრივი სკრინინგი და პატიმრებს აქვთ ისეთივე მკურნლობა, როგორიც სამოქალაქო სექტორში.

იყო ერთი ანეკდოტური შემთხვევა, როდესაც ამნისტიით გათავისუფლებულმა უსახლკარო ადამიანმა, რომლსაც თავშესაფარი და სოციალიზების საშუალება არ ჰქონდა და გარეთ გასული მოვლელის გარეშე დარჩა( არადა მიჩვეული იყო, რომ მასზე ყოველდღიურად ზრუნავდა ექიმი და რამდენიე ექთანი) დანაშაული ჩაიდინა, რომ ციხეში შებრუნებულიყო. ერთმა ყოფილმა პატიმარმა უთო მოიპარა მაღაზიიდან, მერე კი მივიდა პოლიციაში და განაცხადა, უთო მოვიპარე და დამაბრუნეთ ჩემს დაწესებულებაშიო. ეს იყო მძიმე პაციენტი, რომელიც იყო დიალიზზე და კვირაში რმდენჯერმე ჩვენი ხარჯებით გადაგვყავდა შესაბამისი პროცედურებისთვის. ის გარეთ მომვლელების გარეშე დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მას დიალიზს გარეთაც უფინანსებდა, ციხეში დაბრუნება არჩია. თუმცა C ჰეპატიტის შემთხვევაში უთოს მოპარვა ვერანაირი გარანტია ვერ იქნებ იმისა, რომ ადამიანი მკურნალობაში ჩაერთვება, რადგან არსებობს 12 კრიტერიუმი, რომლითაც პაციენტები ირჩევიან. ეს არის ღვიძლის დაზიანების ხარხისი, სასჯელის ხანგრძლივობა (ამ პროგრამაში ჩაერთვებიან ისინი, ვისაც 18 თვე და მეტი აქვს მისჯილი, რადგან ამ დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და მერე მონიტორინგს ეს პერიოდი სჭირდება (თუმც ვფარავთ გამოკვლევის ხარჯებს), სისხლის და სხვა ორგანული სისტემების მაჩვენებლები. ასე რომ, თეორიულადაც კი დაბალია შანსი, რომ ჩაიდინოთ დანაშაული და მოხვდეთ C ჰეპატიტის მკუნალობის პროგრამაში, ციხეში. თანაც ამ დაავადების მკურნალობა სამოქალაქო სექტორშიც გაიაფდა. 8-11 ათასი დოლარის ნაცვლად ადამიანს შეუძლია 2500 დოლარად ჩაიტაროს მკურნალობის ერთი კურსი.

გვსმენია, რომ ხშირია თვითდაზიანებების შემთხვევები, რასაც მოსდევს პატიმართა მოთხოვნა, რომ კონკრეტულ საავადმყოფოში მოხდეს მათი გადაყვანა.
- სასჯლაღსრულების სისტემისთვის უცხო და ახალი არ არის თვითდაზიანებები და უცხო სხეულების გადაყლაპვა. მიუხედავად ამისა, როდესაც არსებობს შესაბამისი სამედიცინო ჩვენება, ის კმაყოფილდება ნებისმიერ შემთხვევაში და პატიმარი საოპერაციოდ გადაჰყავთ. ამ მიდგომების შედეგად სიკვდილიანობა წლის განმავლობაში 140-დან 25-მდე დაეცა. თუმცა, ამ პრობლემას მკაცრი მონიტორინგი სჭირდება, რომ ადამიანისთვის რაღაც ნივთის გადაყლაპვა არ იქცეს გარეთ გასვლის ვიზად. უნდა ითქვას, რომ ასეთი ქმედებით ეს პატიმრები ხელს უშლიან სხვა ავადმყოფი პატიმრების მკურნალობას, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან (ეს ელექტრონული რიგია. ყველა რიგით გადის სავადმყოფოში და არა ნაცნობობით) ასეთი ქმედება 4-5 გეგმიურ პაციენტს აყოვნებს და ამის გამო სხვა პატიმრებს აქვთ სერიოზული აგრესიაც. არ გამოვრიცხავ, რომ თვითდაზიანების შემთხვევაში ოპერაციების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება პატიმრებს და მათ ოჯახებს მოუწიოთ. როდესაც ეს გადასახადი დაეკისრება პატიმარს და მის ოჯახს, ვფიქრობთ, თავს შეიკავებენ ამ ტიპის მოქმედებებისგან.
გვაქვს ბაზა, სადაც პატიმრების სიმულაციები აღინიშნება. ვიცით ცრუ შეტყობინებებსა და ჯანმრთელობის ხელოვნურად დამძიმებას რომელი პატიმრებიც მიმართავენ და მათ ასეთ ქმედებებს

კარგად მომზადებულები ვხვდებით. ბოლოს იყო ერთი შემთხვევა, როდესაც პატიმარი ითხოვდა ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაყვანას და ეპილეფსიური გულყრის სიმულაცია გააკეთა. როდესაც რეფერალის მართვის გუნდმა პატიმარი იმავე პროფილის, ოღონდ სხვა საავადმყოფოში წაიყვანა და პაციენტმა ეს დაინახა, მისი მდგომარეობა განიმუხტა, გამოჯანმრთელდა და სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა დაიწყო, - რატომ მომიყვანეთ აქ და რატომ არ გადამიყვანეთ იმ საავადმყოფოშიო.

მაგრამ პატიმრის ახლობლებს და პატიმართა უფლებების დამცველებს სიმულაციაზე მეტად ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ჩივილი უფრო აინტერესებთ და სტეხენ განგაშს. გამოდის, რომ ორ ცეცხლს შუა ხართ.
- ჩვენი არჩევანი ისაა, რომ პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესდეს და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ერთი წლის განმავლობაში ჩვენი სამინისტროს შესახებ ძალიან ბევრი ჭორი და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება ხდებოდა, რაზეც რეაგირება გვიწვდა. პროცესებს, რომელიც 2013 წელს დაიწყო, შევადარებდი შეკუმშული ზამბარის გახსნას. პატიმრებს გაუჩნდათ ხელმისაწვდმობა ნორმალურ სამედიცინო მომსახურებაზე. ამ სისტემაში პრობლემები ვერ დაიმალება, რადგან პატიმარს უამრავ ადამიანთან აქვს კონტაქტი. წლის განმავლობაში საავადმყოფოში 6 ათასზე მეტი პატიმარი გადაგვყავს და ისინი ხვდებიან ექთნებს, ექიმებს, ხშირად ოჯახრის წევრებს, რომლებსაც თავმდგმურად დავაყენებთ ხოლმე.

ბევრი პატიმარი სისტემაში არსებული ძალადობის მსხვერპლი იყო. ძალადობა რაღაც პერიოდის მერე მსხვერპლში პოსტრავმულ აშლილობას იწვევს (ეს აღიწერა კიდეც ვიეტნამის ომის შემდეგ ვეტერანებში. როდესაც ისინი სამშობლოში დაბრუნდენენ, მერე დაეწყოთ პრობლემები. ე.წ. ფლეშბეკები. ახსენდებოდათ აფეთქებები, დასახიჩრებები, რამაც გამოიწვია სერიოზული რყევები მათ ფსიქიკაში). ბევრ პატიმარს აქვს ეს პრობლემები და ადამიანი თუ ძალადობის მსხვერპლი გახდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ საკნიდან გავიდეს, სადაც მასზე იძალადეს. ან შეიძლება პატიმარი მეორედ მოხვდეს იმავე ციხეში, სადაც მისი წამება და შეურაცხყოფა მოხდა და მაშინ ეს ადამიანი უკონტროლო ხდება. მან შეიძლება ყველაფერი მოიმოქმედოს, ოღონდ იმ გარემოს დააღწიოს თავი. ვფიქრობ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რადგან ძალიან გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამ ვითარებამ ერთი წლის განმავლობაში დაძაბული რეჟიმი შექმნა სისტემაში. წელს, ალბათ, ეს პრობლემა შემცირდება. წელს გადავდივართ რეჟიმზე, როდესაც სასჯელაღსრულების ჯანდაცვა ჩვეულებრივ ჯანდაცვას ემსგავსება. ციხეებში ავადობის მაჩვენებლები ემსგავსება იმ ეპიდემიოლოგიას, რაც არის სამოქალაქო სექტორში. ადრე თუ ძალადობა და ტუბერკულოზი იყო სიკვდილობის ძირითადი მიზეზი, 2013 წელს სიკვდილობის ძირითადი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები იყო, ისე როგორც არის მთელ მსოფლიოში.