ფინანსური ბერკეტი, რომელსაც კრემლი საქართველოს წინააღმდეგ აამუშავებს!

ფინანსური ბერკეტი, რომელსაც კრემლი საქართველოს წინააღმდეგ აამუშავებს!

,,ვნეშტორგბანკისა’‘ და კგბ-ს საიდუმლო კავშირები

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ პუტინს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ,,ვნეშტორგბანკის’‘ ფილიალის, ვითიბი ბანკ ჯორჯიას სახით, სერიოზული ეკონომიკური ბერკეტი აქვს: ,,კრემლს, სურვილისა და შესაბამისი დავალების შემთხვევაში, შეუძლია, საქართველოს ფინანსურ სისტემას მნიშვნელოვანი რყევები მიაყენოს - მაგალითად, ვითიბი ბანკ ჯორჯიაში, რამდენჯერმე დიდ ფულად ტრანზაქციას განახორციელებს, რაც საქართველოში ჰიპერინფლაციას გამოიწვევს. ეს ჩემი მოსაზრებაა და რადგან ეკონომიკა და ბიზნესი ჩემი პროფილი არ არის, ეკონომისტებისა და ფინანსისტებისგან მაინტერესებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე’‘, - განუცხადა ,,ვერსიას’‘ ხათუნა ლაგაზიძემ. სხვათა შორის, რუსული ,,ვნეშტორგბანკის’‘ სამეთვალყურეო საბჭოსა და მმართველი მენეჯმენტის წევრთა უმრავლესობა, საბჭოთა კავშირის დროს, მაღალი თანამდებობის პირი ან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია. თავად განსაჯეთ, ჰქონდა თუ არა მაშინდელ კგბ-სთან აქტიური თანამშრომლობა. ,,ვერსია’‘ რამდენიმე მათგანის დოსიეს გთავაზობთ, რომელიც ამავე ბანკის რუსული საიტიდან ამოვიღეთ:     

,,ვნეშტორგბანკის’‘ პრეზიდენტი ანდრეი კოსტინია, რომელიც აქციების 0.00183%-ს ფლობს. მან 1979 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური სპეციალობით. 1979 წლიდან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, 1979-1992 წლებში საბჭოთა კავშირის კონსული იყო ჯერ ავსტრალიაში, შემდეგ დიდ ბრიტანეთში. ანდრეი კოსტინი ,,ედინაია როსიას’‘ უმაღლესი საბჭოს წევრია, ,,ვნეშტორგბანკის’‘ პრეზიდენტობის გარდა, ,,როსნეფტის’‘ გენერალური დირექტორის მოადგილეცაა. ვასილი ტიტოვი ,,ვნეშტორგბანკის’‘ პრეზიდენტის პირველი მოადგილეა, რომელიც აქციების 0.00112%-ს ფლობს. 1983 წელს ჟდანოვის სახელობის ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1983-1988 წლებში მუშაობდა გამომცემლობა ,,მეცნიერების’‘ ლენინგრადის განყოფილებაში. სხვადასხვა წლებში, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასის’‘ საპარლამენტო მიმომხილველად, რედაქტორად. ასევე მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მატიას ვარნიგი ,,ვნეშტორგბანკის’‘ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, აქციებს არ ფლობს, დაიბადა აღმოსავლეთ გერმანიაში. 1981 წელს ბერლინის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა დაამთავრა. 1981-1990 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ვაჭრობის სამინისტროში, 1989 წლიდან სამხედრო სამსახური მაიორის წოდებით დატოვა. 1991 წლიდან გერმანიის ,,დრეზდენ ბანკის’‘ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2002-2005 წლებში კი ამ ბანკის პრეზიდენტი იყო. 2006 წლიდან, ,,დრეზდენ ბანკის’‘ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რამდენად რეალურია ის საფრთხე, რაზეც ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს, შეძლებს თუ არა კრემლი ვითიბი ბანკი ჯორჯიას გამოყენებას, რომ საქართველოში ინფლაციური პროცესები გამოიწვიოს. ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარემ, სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მზაკვრულ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და საქართველოზე ზემოქმედების ისეთ მოდელს შეარჩევს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებისთვის სრულიად მიუღებელი იქნება: ,,თუ რუსეთი საქართველოზე ზემოქმედებას ეკონომიკურ სფეროში გადაწყვეტს, ამის წინმსწრებად, რუსეთის სანიტარული ექიმი ქართულ პროდუქციაში ყველა სახის შხამიან ნივთიერებას აღმოაჩენს და ზარ-ზეიმით შემდგარი რუსული ბაზარი ისევ მოგონებას მიეცემა. ვფიქრობ, ნებისმიერი სახის ზეწოლის პრევენცია ალტერნატიული გზების ძიებითაა შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელი არ არის, ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლება, საკუთარი ქმედებების ანონსირებაში, ზედმეტად საჯარო იყოს. რაც შეეხება ვითიბი ბანკ ჯორჯიას, როგორც რუსეთის იარაღს, ამ ზეწოლაში გარკვეული მონაწილეობა შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ საქართველოს ბაზარზე არსებობა აღარ სურს. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში თუ რამეა წარმატებული, მხოლოდ საბანკო სისტემაა და სხვაგვარად ,,ვნეშტორგბანკი’‘ მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს. ვფიქრობ, რუსეთი ვითიბი ბანკ ჯორჯიას ისევე არ გაწირავს, როგორც ენერგეტიკულ საყრდენს, რომელიც დღეს საქართველოში აქვს’‘. ,,მემარჯვენეების’‘ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კალანდაძემ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ თეორიულად შესაძლებელია, რუსეთმა ვითიბი ბანკ ჯორჯიას გამოყენებით, საქართველოში ეკონომიკური პროცესის მანიპულირება და საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელება შეძლოს, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს წარმოუდგენელია: - საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კომერციულ ბანკებში ფულადი ტრანზაქციის ყოველწუთიერ კონტროლსა და მონიტორინგს ახორციელებს. თუ ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძის ვარაუდი საფუძვლიანია, ეს ნიშნავს, რომ ,,ვნეშტორგბანკი’‘ სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა წავიდეს, მაგრამ ეროვნულ ბანკს ყველა სახის რეგულაცია და მექანიზმი აქვს, რათა მსგავსი ტიპის ტრანზაქცია აღკვეთოს. მხოლოდ თეორიულ შანსს ვუშვებ, მაგრამ ამასაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს წინააღმდეგ წავა როგორც ვითიბი ბანკი ჯორჯია, ასევე ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და მთელი სახელმწიფო აპარატი! წინააღმდეგ შემთხვევაში, სებ-ში კომერციული ბანკების ტრანზაქციების კონტროლი იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ეს ყოვლად წარმოუდგენელი და განუხორციელებელი იდეაა, მით უმეტეს, დღეს, როცა ლარის კურსის არასტაბილურობის კონტექსტში - სებ-ი აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციას ლუპით აკვირდება. ამ დღეებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შევხვდი და სხვადასხვა საკითხთან ერთად, კომერციული ბანკების მიერ გარკვეული სპეკულაციური ოპერაციების შესაძლებლობაც განვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ამის პრაქტიკული შესაძლებლობა ქვეყანაში არ არსებობს.

- ბატონო ლევან, სწორედ ამ თეორიულ შესაძლებლობას გავყვეთ - ,,ვნეშტორგბანკის’‘ სამეთვალყურეო საბჭოსა და ბანკის მმართველ მენეჯმენტში, რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომელთაგან ზოგს მაიორის წოდება აქვს, ზოგი კი საბჭოთა კავშირის დროს, ხელისუფლების აღმასრულებელ გუნდსა და დიპლომატიურ კორპუსში მუშაობდა...
- ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან აბსოლუტურად ყველა მსხვილი რუსული კომპანია სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესების გამტარებელია - ასეა ,,ვნეშტორგბანკი’‘, ,,სბერბანკი’‘, ,,გაზპრომი’‘, ნავთობისა და გაზის კომპანიების უმრავლესობა. სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ კომპანიებში, მთავარ მმართველ რგოლსა და გადაწყვეტილების მიმღებ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ახლაც კგბ აკონტროლებს.

- არ მიკვირს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომპანიებს კგბ აკონტროლებს, ,,ვნეშტორგბანკის’‘ მმართველი რგოლი პუტინს წინააღმდეგობას როგორ გაუწევს      
- ყოვლად წარმოუდგენელია და ვერც ვუშვებ, რომ რუსეთმა საქართველოში ასეთი ინტერვენცია განახორციელოს... ჯერ ერთი, მე-19 საუკუნე არ არის, ფულის შემოტანითა და მისი ბრუნვაში გაშვებით დესტრუქციული ეკონომიკური პროცესები გამოიწვიო, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ამის განხორციელება ყოვლად შეუძლებელია, ეს ვერც მე-20 საუკუნეში მოხდებოდა, რადგან ამ პროცესის მონიტორინგისა და კონტროლის საშუალება მაშინაც არსებობდა. ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ, ვითიბი ბანკ ჯორჯიას გამოყენებით, საქართველოს ეკონომიკაზე ასეთი ზეწოლა წარმოუდგენელია: ,,დავუშვათ, რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ,,ვნეშტორგბანკმა’‘ ვითიბი ბანკ ჯორჯიას, მართლაც, გამოუყო დიდი ფულადი ტრანზაქცია. ეს საკრედიტო რესურსი იქნება, რომელსაც ბანკი ისევ კრედიტების სახით გასცემს. როგორ გგონიათ, გამოიტანს ამ საკრედიტო რესურსს და აჩუქებს ვინმეს თუ მთაწმინდაზე ავა და იქიდან გადმოყრის? შესაბამისად, ინფლაციას ვერ გამოიწვევს და პირიქით, ასეთი ტრანზაქციის შემთხვევაში, ქართული ეკონომიკა მხოლოდ იხეირებს იმიტომ, რომ კრედიტს ისევ საქართველოს მოქალაქეები აიღებენ. გარდა ამისა, ფულად ტრანზაქციებს არა მარტო საქართველოს ეროვნული ბანკი, არამედ ფინანსური მონიტორინგის სამსახურიც აკონტროლებს. კანონის მიხედვით, თუ ფულადი ტრანზაქცია 30 000 აშშ დოლარს აღემატება, ასეთი გადმორიცხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმაც უნდა გააკონტროლოს. ეს კანონი რომ არ მიგვეღო, საქართველო ,,შავ სიაში’‘ მოხვდებოდა, რადგან ევროკავშირის მიერ დადგენილი საერთაშორისო რეგულაციაა’‘. 

P.s. ,,ვერსია’‘ კომენტარისთვის ვითიბი ბანკ ჯორჯიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, გიორგი ბარკალაიას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომ კითხვა - რამდენად რეალურია ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის ვერსია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკური დივერსიისთვის ვითიბი ბანკ ჯორჯია გამოიყენოს? - ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადავუგზავნეთ. პასუხს ორი დღის განმავლობაში ველოდით, მაგრამ უშედეგოდ.