მთავრობამ ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ამბიციური გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა გაორმაგდეს და საქართველო წმინდად ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს. ამისათვის კი ახალი ენერგოობიექტების აშენებაა საჭირო.
ეს პროცესი ჯერჯერობით ნელი ტემპით მიდის წინ, თუმცა ახალი ჰესები მაინც შენდება. მაგალითად, 2 დღის წინ საკმაოდ მძლავრი „ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 44.5 მეგავატია, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 202 მილიონი კვტ/სთ-ია. მნიშვნელოვანი ენერგოობიექტის გახსნაზე მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2030 წლამდე განსახორციელებელ გეგმაზე გაამახვილა ყურადღება. ამბიციური პროგრამის მიხედვით 6 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას გადააჭარბებს, ხოლო დადგმული სიმძლავრე გაორმაგდება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და გეგმის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ 40 მილიარდით ლარით უნდა გაიზარდოს. ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.
2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში. ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები.
ახლა გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უნდა გადააჭარბოს უკვე 10 000-ს გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
2023 წლის ენერგეტიკულ გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. როგორც ლევან დავიშვილმა განაცხადა, ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ელექტროენერგიის სიმძლავრემ 10 ათასი მგვტ-ს მიაღწიოს.
„საქართველოს გააჩნია განახლებადი ენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები, ეს არის, პირველ რიგში, ჰიდროელექტროსადგურების კუთხით. ქვეყანას გააჩნია 26 ათასზე მეტი მთის მდინარე და ეს რესურსები, სამწუხაროდ, არ არის ათვისებული, თუმცა მომავალ წლებში აქტიურად მოვახერხებთ მათ ათვისებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება, რა მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს სამინისტრო.
ის ამბიციური გეგმა, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, აბსოლუტურად რეალისტურია - ჩვენ შეგვიძლია არა მარტო გავაორმაგოთ დადგმული სიმძლავრე, არამედ 10 000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს, რაც სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მთავრობის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილება სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამაც შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
„სავსებით შესაძლებელია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გახდეს. პირველ რიგში, ქვეყანამ შეცვალა დამოკიდებულება ენერგიის შიდა წარმოების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დაახლოებით 2 წლის წინ დამტკიცდა ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მხარს უჭერს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებას. მათ შორის, საუბარია, ჰიდროენერგიაზე, ასევე ქარისა და მზის ენერგიაზე. აქედან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი აუქციონი, სადაც 1 000 მეგავატზე მეტი ახალი სიმძლავრე უკვე დაკონტრაქტებულია მთავრობის მიერ ხელშეწყობის მექანიზმებით, ან მიმდინარეობს უშუალოდ პროცესი ფასთან შორის სხვაობის კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით.
მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დაბალი გადასახადები, თავისუფალი ბიზნესს გარემო და მარტივი ადმინისტრაციული პროცესები. შესაბამისად, ინვესტორების ურთიერთობა მთავრობასთან არის ძალიან მარტივი. ისინი ინტერესდებიან ენერგეტიკის სექტორით, ვინაიდან მოთხოვნა ენერგიაზე არსებობს, არსებობს მთავრობის ხელშეწყობა და ასევე გვაქვს თავისუფალი ბიზნეს გარემო. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2030 წლისთვის იქნეს სრულად დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოთხოვნა და ქვეყანა გახდეს ნეტო ექსპორტიორი. ამასთან, ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დასრულდეს შავი ზღვისქვეშა კაბელის მშენებლობა, რითაც დამატებით ჩნდება საკმაოდ დიდი ბაზარი ევროპის სახით“, - განაცხადა ნარმანიამ.
ახალი სამთავრობო გეგმის განხორციელება უკვე საჩქაროც კია, რადგან 2024 წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში მატულობს. გამონაკლისი შარშანდელი წელი იყო, როდესაც ენერგომოხმარება შემცირდა, მაგრამ წელს სიტუაცია ისევ შეიცვალა და კვლავ აღმავალ ტრენდს დაუბრუნდა. 2024 წლის პირველ 9 თვეში დენის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 10.4 ტვტ/სთ შეადგინა.
პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების 14.1%-იანი წლიური ზრდა კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივების და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია.
„ამასთან, ეს საწარმოები ჯერ არ დაბრუნებიან თავიანთ მაქსიმალურ საწარმოო პოტენციალს. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია“, - აღნიშნულია ელექტროენერგიის ბაზრის კვლევაში.