პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შერჩეული კადრი რამდენიმე დღეში კიდევ ერთ უწყებას ეყოლება - საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელს ამჯერად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის არჩევს.
როგორც Ambebi.ge-სთვის პოლიტიკური კულუარებიდან გახდა ცნობილი, ამ პოსტზე ღარიბაშვილის სიმპათიები მისი ბავშვობის მეგობრისა და მოქმედი მაღალჩინოსნის, გიორგი მღებრიშვილისკენ იხრება. ამბობენ, რომ ამის შესახებ სდსს-ის თანამშრომლებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს, თუმცა უწყებაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადაწყვეტილებით არ მოხიბლულა.
როგორც Ambebi.ge-ს განუმარტეს, თანამშრომლების უარყოფით პოზიციას საფუძვლად მღებრიშვილთან მუშაობის გამოცდილება უდევს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამდებობაზე ერთხელ უკვე იყო.
რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც წლებია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსია, ის უწყებას იანვრის ბოლოს დაემშვიდობება. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ჩუბინიძეს ირაკლი ღარიბაშვილთან უთანხმოება მოუვიდა, თუმცა სდსს და თავად პრემიერ-მინისტრი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ და განმარტავენ, რომ ჩუბინიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად, და სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზით მიიღო.
სდსს-ის ახალი უფროსი გიორგი მღებრიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას, სავარაუდოდ, თებერვლიდან შეუდგება, იქამდე კი ის შსს-ის მოქმედი კადრია. როგორც Ambebi.ge-ს უთხრეს, მღებრიშვილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ახლო მეგობრობა აკავშირებს, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში მუშაობს.