პროკურატურა თეთრაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

პროკურატურა თეთრაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს შეხვდნენ. თეთრაძის მეუღლემ, შეხვედრაზე მთავარ პროკურორს სთხოვა იმ პირთა სიის გამოვლენა, ვინც თეთრაძის დაკავება და წამება დაგეგმა და ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული. ნანა თეთრაძის განცხადებით, ესენი არიან სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, ვინც თანამდებობებზე იმყოფებიან. ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მთავარ პროკურორს დამატებით ინფორმაციები მიაწოდა.

საქალაქო სასამართლომ თეთრაძის საქმეზე ბრალდებული 13 პირიდან 5 სრულად გაამართლა. 3 პირი კი, სასამართლო დარბაზში დააკავეს. თეთრაძის ნაწილში გამართლდა მეგის ქარდავაც, თუმცა ამ საქმის სხვა ეპიზოდებზე მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა. 9-9 წელი შეუფარდეს გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ძებნილ ალექსანდრე მუხაძეს, ასევე სხვა საქმეზე პატიმრობაში მყოფ ციხის ადმინისტრაციის ყოფილ წარმომადგენლებს ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილსაც.

მთავარი პროკურატურა სერგო თეთრაძის საქმეში მეგის ქარდავას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმის პროკურორი რეზო ნადოი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია.

„ის, რაც სასამართლოზე გაცხადდა, ჩემთვის გაუგებარი იყო. 3-4 კაცია პასუხისგებაში კონკრეტული დანაშაულისთვის მიცემული და ამ 4-დან ერთი მართლდება, 3-ის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოდის. გაუგებარია, რა მოტივით იხელმძღვანელა მოსამართლემ. მაგალითად, ანალოგიური დანაშაულისთვის რატი მგელაძე გაამართლეს, სერგო ბიწაძე კი გაამტყუნეს. პროკურატურა გამამართლებელ ნაწილში განაჩენს გაასაჩივრებს“, - განაცხადა რეზო ნადოიმ.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ სცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება.

გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობის შეფარდებიდან მე-2 დღეს ბრალდებული სერგო თეთრაძე, მე-8 დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს ამავე დაწესებულების დირექტორის ალექსანდე მუხაძის (ქილერა) მანქანით და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანეს. 4-5 საათის შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე პირებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. თეთრაძეს ძალადობის, ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი ეტყობოდა, რის გამოც უჭირდა სიარული.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა მე-8 დაწესებულებაში სერგო თეთრაძის ცემა-წამების, ძალადობის უშუალო აღმსრულებლები. მათ შორის სხვა დანაშაულებებისთვის მრავალჯერ ნასამართლევი მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ხშირად იყენებდა სხვა პატიმართა მიმართ ძალადობის განხორციელების მიზნით.

ამ პირებმა აღიარეს თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ თეთრაძის ე.წ. „დამუშავება“ მათ ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ოლეგ ფაცაციამ დაავალეს. გამოძიებით დასტუდება, რომ ისინი სცემდნენ და აწამებდნენ მას გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად იძალადეს მასზე, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

გლდანის მე–8 საპყრობილეში თეთრაძის წამების ფაქტს ადასტურებს მასთან ერთად, ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გია გორელიშვილი, რომელის განცხადებით, არა მხოლოდ ყოფილ პოლკოვნიკს, არამედ ოთხივე მათგანს აწამებდნენ შეთითხნილი ჯაშუშობის ბრალდების აღიარებისთვის.

„წამება მიმდინარეობდა ორ ეტაპად, პირველად - სამხედრო პოლიციაში და მერე - გლდანის ციხეს გადაგვცეს ოთხივე და უთხრეს, ესენი აქ არ ტყდებიან და ახლა თქვენ მიხედეთო. იყო მომენტი, როდესაც სამხედრო პოლიციაში ყოფნის დროს ფანჯრიდან გადახტომასაც კი ვცდილობდი, იმდენად აუტანელი იყო წამება. ყოველ 15 წუთში შევყავდით ქარდავას კაბინეტში, ის ითხოვდა მეღიარებინა ჯაშუშობა. უარზე ვიყავი, გამიყვანდნენ და გრძელდებოდა ცემა. 16 სექტემბერს დილით რომ დაიწყეს ჩემი ცემა, საღამომდე გრძელდებოდა.

მოსული იყო ბაჩო ახალაია. იკითხა, რას შვრებით, აღიარებინეთო? ქარდავამ უპასუხა, - არაო, არაფერს არ ამბობსო. ამის მერე ახალაიამ დამიწყო გინება, რას არ აღიარებ შენი დედა .….. პისტოლეტი ეკავა ხელში და ის ჩამარტყა თავში. გააღე პირი შენიო და ლულა ჩამიდო პირში, აღიარე ახლავე შენი დედა ….. თორემ შუბლს გაგიხვრიტავო. ისე ვიყავი ნაცემი, ძალა არ მქონდა. ბაჩომ იყვირა გაიყვენთ აქიდან თორემ მომეკვლევინება ამის დედ….ო. შემდეგ მოვიდა მისი ძმა დათა ახალაია და მითხრა – აღიარე ბიჭო, მოგისჯიან და მალე გამოხვალ, ხომ იცი ეს ჩემი ძმა გიჟია, მოგკლავსო. კეთილი პოლიციელის როლს ასრულებდა.

ისე მცემეს, რომ ნამსხვრევებად ვიყავი ქცეული, ფეხზე ვერ ვდგებოდი, სისხლში ვცურავდი. შემიყვანეს ისევ ქარდავას ოთახში. ქარდავა მეკითხება – კიდევ არ აღიარებო? რაზეც ვუპასუხე – რა ვაღიარო, გამორიცხულია არ ვაღიარებ-თქო. მაშინ ქარდავამ ბიჭებს დაავალა, შემოიყვანეთ „მეტრაკეო“ და ეგრევე მომვარდა 2 ბიჭი და შარვალი ჩამხადეს. ეს ხდებოდა მეგის ქარდავას კაბინეტში და თვითონაც იქ იყო. შარვალი ჩამხადეს და გადამაწვინეს მაგიდაზე. მაშინ ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რომ ესენი არანორმალურები არიან და მართლა გააკეთებენ-თქო და ვუთხარი ქარდავას, რომ ეს არ გამიკეთოთ და რაც გინდათ ყველაფერზე ხელს მოვაწერ-თქო. ამით დამითანხმეს აღიარებაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია გორელიშვილი.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს კი ოფიციალური ინფორმაციით გულის შეტევით გარდაიცვალა. თეთრაძის ასაყვანად ბინაში თავდაცვის ექვსი თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები გიორგი ხევსური და ზურა გოგიჩაიშვილი. ბინის ჩხრეკა დამსწრეების გარეშე მოხდა. გიორგი ხევსურმა ჩხრეკის ოქმში მიუთითა, რომ აღმოჩენილ იქნა გეოგრაფიული რუკები და წითელი „ფლეშკა“.

თეთრაძის დაკავების დღესვე დაახლოებით ოთხ საათზე, მისი მეუღლე გიორგი ხევსურს დაუკავშირდა და მეუღლის ამბავი იკითხა. გამომძიებელმა უპასუხა, რომ არაფერი იცოდა, რადგან სერგო თეთრაძე „უფროსს ჰყავდა ზევით აყვანილი“. იმავე საღამოს, ახლობლებმა და მეგობრებმა თავდაცვის სამინისტროს შენობაში სერგო თეთრაძეს ადვოკატი - თამარ იასეიშვილი მიუყვანეს. უკან გამოსული იასეიშვილი ამბობდა, რომ თეთრაძე სასტიკად იყო ნაცემი.

დაკავებული თეთრაძე უზნაძის ქუჩაზე თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს. სადაც მასთან ბაჩო ახალაია შევიდა, თვითმხილველების თქმით, თეთრაძეს თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული და სასტიკად აწამებდნენ. 18 სექტემბერს კი დიღომში, ცენტრალური სამმართველოს დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანეს. 19 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში დახურული სასამართლო სხდომა გაიმართა, შენობის გასასვლელთან ახლობლებმა თეთრაძეს მოჰკრეს თვალი, რომელიც ცუდად გამოიყურებოდა, სიარული უჭირდა და ნაცემი იყო. 24 სექტემბერს გლდანის ციხიდან თეთრაძის მეუღლეს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მისი მეუღლე ციხეში ინფაქრტით დაიღუპა და შეეძლოთ, ცხედარი წაესვენებინათ. გარდაცვალების ცნობის მიხედვით, სერგო თეთრაძე 23 სექტემბერს გარდაიცვალა.

ოჯახში მისვენებულ თეთრაძის ცხედარზე ექსპერტიზა უკვე ჩატარებული იყო, ნაცემი სახე სქელი მაკიაჟით ჰქონდა დაფარული. მეტიც, პოლკოვნიკს სხვისი ტანსაცმელი ეცვა და ახლად გარეცხილ ბოტასებზე სისხლის კვალი ჩანდა. სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე და აცხადებს, რომ მისი მეუღლის მკვლეობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა.

„ველოდებოდი უშუალოდ ჩემი მეუღლის წამებაში ბრალდებულების დაჭერას, ასევე ველოდებით, მესამე ეტაპს, სადაც ის პირები იქნებიან გამოვლენილნი, ვინც თვითონ დაგეგმა ეს ყველაფერი. ისინი შემსრულებლები არიან და არცერთი პირი არაა დაკავებული. ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, ჩემი მეუღლის წამების ეპიზოდზე ქარდავა გაამართლეს, რასაც არ ვეთანხმები, რადგან თავიდანვე ვიცოდით, რომ სწორედ ის აწამებდა ჩემს მეუღლეს“, - აცხადებს ნანა თეთრაძე.

თეთრაძის ოჯახის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე იმ პირების მიმართ ითხოვს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რომლებიც, მისი თქმით, პოლკოვნიკ თეთრაძის დაკავებასა და წამებით გარდაცვალებაში მონაწილეობდნენ.

„მეგის ქარდავას მხოლოდ თეთრაძის საქმეზე ლონდარიძის და ჩიკვატიას წამების ეპიზოდში მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ისინი, ვის მიმართაც დღეს განაჩენი დადგა თეთრაძის წამების საქმეში მხოლოდ პაიკები არიან. მივმართავ მთავარ პროკურორს, ვითხოვ მასთან შეხვედრას და იმ პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რომლებმაც თეთრაძის დაკავებასა და წამებით გადრაცვალებაში მონაწილეობა მიიღეს.

ესენი არიან ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე და თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები. სწორედ მათ დაგეგმეს და განახორციელეს სამხედრო პოლიციაში თეთრაძის წამება და შემდეგ ყაჭეიშვილთან და ფაცაციასთან გადაიყვანეს“, - განაცხადა კოტრიკაძემ და დასძინა, რომ ეს ადამიანები კვლავ მაღალ თანადებობებს ინარჩუნებენ.

სერგო თეთრაძის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით, არ დასტურდება სამინისტროს იმ თანამშრომლების დანაშაულებრივი საქმიანობა, რომელთაც სერგო თეთრაძის ოჯახი ამ ქმედებებში მონაწილეობას ედავება. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ პროკურატურის შესაბამისი წერილი გახდა საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული პირები თავდაცის უწყებაში თანამდებობებზე აღადგინეს.

„მე ვიყავი პირველი, ვინც საჯაროდ განაცხადა ამ საშინელი დანაშაულის შესახებ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. ჩემს მოვალეობადაც კი მიმაჩნია, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს ჩვენი მთავრობის პირობებში. რამდენიმე თვის წინ მე მივიღე უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, როცა ოჯახს და მის ადვოკატს შევხვდი.

ჩემი გადაწყვეტილებით, მოვალეობა შეუჩერდათ იმ პირებს, ვინც ოჯახს ეგონა, რომ ჩართულია ამ დანაშაულში. მას შემდეგ პროკურატურამ შეისწავლა ეს საკითხი და მივიღე დასაბუთებული წერილები, რომ ამ კონკრეტულ პირებს არ მიუძღვით ბრალი. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ ჰქონდა კადრების სამსახურს გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები აღედგინა. თავდაცვის სამინისტრო არ არის პროკურატურა, სასამართლო და მართლმსაჯულების აღსრულებაში ვერ ჩაერევა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.