„გიული ალასანია დაკავშირებულია რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების კაპიტალთან“

„გიული ალასანია დაკავშირებულია რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების კაპიტალთან“

„გიული ალასანიას წილი 19-მდე დაწესებულებაში აქვს“, -

ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ For.ge-სთან საუბარში განაცხადა.

ბაღათურიას თქმით, ამის შესახებ მან ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში პროკურატურაში შეიტანა მასალები, თუმცა, უკვე, წელიწადზე მეტია, უწყებიდან პასუხს ელის.

„დაახლოებით 200 მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას, რომელიც დავთვალეთ. ეს არის უძრავი ქონება, რომელიც ვიზუალურად არსებობს. გიული ალასანიას მიერ საეჭვო გზებით შეძენილი 19-მდე მდიდარი კომპანია არის იმ ქონების ნაწილი, რომელზეც ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, თორემ შეიძლება, გაცილებით მეტი ქონება ჰქონდეს. მათ შორის, პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობაში განთავსებული „საქართველოს უნივერსიტეტი“, შპს. „საუნივერსიტეტო ავეჯი“, უზარმაზარი კაფე „ხადილი“ - ყოფილი „გეპეი“-ს სასადილო, თურქული კაპიტალით შექმნილი 14-მდე დაწესებულება.

გიული ალასანია დაკავშირებულია რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების კაპიტალთან, რომელიც საქართველოს განათლების სისტემაში კომპანია „ჩაღლარის“ სახით არის შემოსული. ეს კომპანია თურქეთის მოქალაქე ფეთჰულაჰ გიულენის ბიზნესკომპანიაა, რომელიც თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს და დიდი კაპიტალის მფლობელია. თავის დროზე ამ კომპანიების უმეტესობა სახელმწიფო ქონება იყო (ზოგი სკოლა იყო, ზოგიც - სასამართლოს შენობა, საავადმყოფო). ეს ყველაფერი სააკაშვილის დედას სახელმწიფოსგან გადაეცა. მათ შორის, ბევრი ქონება, პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებებით, ერთ ლარად, ანუ სიმბოლურ ფასად აქვს გადაცემული. ანუ კაცი, რომელიც პრეზიდენტი იყო, წერდა ბრძანებას და ხელს აწერდა, რომ სახელმწიფო ქონება უნდა გადასცემოდა მის დედას საკუთრებაში. არა მგონია, ასეთი რამ აფრიკის ქვეყნებში მომხდარიყო“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია ჩვენთან საუბარში.

ამასთან, პრეზიდენტის უკანონო, დაუსაბუთებელ ქონებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც არალეგალურად მიიჩნევს. მისი თქმით, ქონების ნაწილი საჩუქრად არის გაფორმებული, თუმცა რეალურად ამას ქრთამი ჰქვია.

„ქრთამის სახით მიღებული მილიონ ასი ათასი ლარი ძალიან უხეში კანონდარღვევაა. კორუფციული სახით, გიული ალასანიამ და სააკაშვილმა ეს თანხები ერთობლივად მიიღეს. თანხის ნაწილი სააკაშვილმა მიიღო თურქებისგან, ასევე, სხვადასხვა ბიზნესმენისგან. „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ ჩემს მიერ ნახსენები რადიკალ-ისლამისტური დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პირადად გიულენის კაპიტალითაა შექმნილი. ასე რომ, ისლამისტური კაპიტალის დიდი გზამკვლევი საქართველოში არის პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. საჯარო რეესტრიდან ამონაწერში პირდაპირ წერია, რომ ზოგიერთ კომპანიაში გიული ალასანია არის შესული, როგორც „საქართველოს უნივერსიტეტის“ მფლობელი. ანუ, მან შექმნა შპს. „საქართველოს უნივერსიტეტი“, სადაც წილები ასე გადანაწილდა - 37, 5% გიული ალასანიას, 37, 5%, მანანა სანაძეს (მის დაქალს), 12,5% - 12, 5 % კი ედუარდ რობერტ რაუპსა და ნიკოლოზ ალასანიას აქვთ, სააკაშვილის ბიძაშვილს“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

იგი განმარტავს, რომ მისი სურვილია, თუნდაც უკანასკნელი მტრის ოჯახს პირადად არ შეეხოს და უპატივცემულობა არ გამოხატოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არის ფრაგმენტი, სადაც კანონდარღვევით შემოსავლების მიღებაში ერთობლივად ფიგურირებენ სააკაშვილის მეუღლე, დედა და სიდედრი. მისი თქმით, არსებობს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, დოკუმენტური მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, კლასიკური მუსიკის ასოციაცია „მუზა“ იღებდა მსხვილ საჩუქრებს, მათ შორის, 1 მილიონ ასი ათასი ლარი საჩუქრად აქვს გადაცემული. თუმცა, ბაღათურიას თქმით, როცა ამის შესახებ პარლამენტში განცხადება გააკეთა, მეორე დღესვე ეს დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან გააქრეს, მოგვიანებით კი ცვლილებები შეიტანეს მის დამფუძნებლებში. თუმცა „ქართული დასის“ ლიდერი თვლის, რომ მას გაუმართლა, რადგან აღნიშნული დოკუმენტის კოპირება მოახდინა. ასე რომ, ამჯერად ჯონდი ბაღათურია ფლობს ორ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ კლასიკური მუსიკის ასოციაციის კომპანიის დამფუძნებლები არიან სააკაშვილის მეუღლე, სიდედრი და დედა, ხოლო მეორე დოკუმენტში სულ სხვა სახელები ფიგურირებს.

რაც შეეხება პროკურატურას, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თავდაპირველად, სააკაშვილის ოჯახის წევრების უკანონო ქონების ამსახველ დოკუმენტებს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, კბილაშვილმა თავის თავზეც აიღო მათი შესწავლა და პირად კონტროლზე აიყვანა, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთ კოორდინატორი კვარაცხელია იყო, იგი გამოცდილ პროკურორად დაუხასიათეს. თავდაპირველად კვარაცხელიამ გარკვეული დრო ითხოვა, შემდეგ კიდევ ორი კვირა დაამატა ტევადი მასალის შესასწავლად, თუმცა უკვე ერთი წელია, ამ საკითთან დაკავშირებით მას აღარ ურეკავენ.

„ცეკვის მასწავლებელი ხომ არ ვარ, პოლიტიკოსი ვარ. მივხვდი, რომ ამ საქმეს ვერ იძიებდნენ, ზევიდან არ იყო ნებართვა. მაშინ ასე მიხსნიდნენ კულუარულად, რომ სააკაშვილს იმუნიტეტი აქვს და ახლა ვერ დავიჭერთო. ახლა იმუნიტეტი აღარ აქვს, რამდენიმე თვე გავიდა, რაც პრეზიდენტი აღარ არის. ამბობენ, ახალი პროკურორი უფრო ფხიანია, ვიდრე კბილაშვილი. ამიტომ რაღაც პერიოდი ვაცალოთ, რომ კაცი კაბინეტში შევიდეს. მომავალ კვირას კი აუცილებლად დავუკავშირდები ახალ პროკურორს და ვესაუბრები ამ საქმესთან დაკავშირებით. მზად ვარ, აქტიურად დავეხმარო ძიებას ამ საქმის გამოძიებას“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია და განმარტავს, რომ სააკაშვილი ახლა ხაფანგშია, თუნდაც ამ საქმიდან გამომდინარე.

მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი ვერ დაასაბუთებს ქონების კანონიერებას, რადგან თავის დროზე არ ჰქონდა შესაბამისი შემოსავალი. კერძოდ, როცა ადამიანს ათასლარიანი შემოსავალი აქვს და ამ დროს ასი ათასი ლარის ქონება აღმოაჩნდება, ცხადია, დანარჩენ ქონებას ვერ დაასაბუთებს. ხოლო, თუ სააკაშვილი მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ მას შემოსავალი ჰქონდა, მაშინ უკვე სხვა მუხლით უნდა აღიძრას საქმე, რადგან ეს არის დაფარული შემოსავალი და ის ვალდებული იყო, ამ ქონების დეკლარირება მოეხდინა.

***

ჩვენ დაინტერესდით, რა ეტაპზეა საკაშვილის დედის_გიული ალასანიას წინააღმდეგ საქმის ძიება და დავუკავშირდით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ მათთან შესულ საქმეებში ცალკე გიული ალასანიას გვარი არ ფიგურირებს და შესაძლოა, კანცელარიის ბაზაში ეს საქმე სხვა საქმეებთან ერთად იყოს გაერთიანებული.

რაც შეეხება გიული ალასანიასთან დაკავშირებულ კომპანიას, რომელიც ჯონდი ბაღათურიას თქმით, საქართველოს განათლების სისტემაში კომპანია „ჩაღლარის“ სახით არის ცნობილი და თურქეთის მოქალაქე ფეთჰულაჰ გიულენის ბიზნესკომპანიად ითვლება, მისი ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია და გიული ალასანიას მონოპოლიაზე მიუთითებს საგანმანათლებლო სფეროში:

დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი;

თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სხივი“;

ბათუმის შაჰინის სახელობის დაწყებითი სკოლა;

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა;

რუსთავის რუსთაველის სახელობის დაწყებითი სკოლა;

ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი;

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი;

ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა;

ბათუმის შაჰინის სახელობის დაწყებითი ლიცეუმი;

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი;

რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი;

მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.