რაც მართალია - მართალია! უახლოეს ისტორიაში, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება ორიენტირებული იყო საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვის კონსტიტუციურ უფლებაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოქალაქე ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები ან მათთან დაახლოებული პირები იყვნენ. ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდებით. ყველამ თავისი გული და მეხსიერება გადაქექ-გადმოქექოს და გაიხსენოს რამდენჯერ უსარგებლიათ სახელმწიფოს „ბეღლით“ თანამდებობის პირებს არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობის მოწესრიგების მიზნით, რომელსაც, შესაძლოა, პროტოკოლიც ითვალისწინებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, რიგით, ურიგოდ, „ჩაწყობით“ თუ რეკომენდაცია-შუამდგომლობით. „მასებისთვის“ მოუწვდომელი შეღავათები და საუკეთესო კლინიკები მსოფლიოს ფარგლებში ყოველთვის მიუწვდომელი იყო მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
ახალი ხელისუფლების მიერ მიდგომისა და სიტუაციის შეცვლა-გამოსწორების მცდელობის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც არსებობს უხილავი თუ ხილული ბიუროკრატია, შეზავებული თანამდებობრივი გულგრილობით.რაც შეეხება კონკრეტული სიტუაციების ადამიანური კრიტერიუმით შეფასებას, მდგომარეობა აქაც არაა დამაიმედებელი.
როგორც ჩანს, არც ისე საგრძნობია ბევრისთვის სხვისი ტკივილები. თუნდაც კარგი სახელმწიფო მოხელის ცივი გონება ირთვება იქ, სადაც, ყველაზე მეტად, ცხელი გულია საჭირო...
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა სრულიად მოულოდნელად, შობა- ახალი წლის დღეებში პირად მილოცვას იღებ ქვეყნის პრემიერისგან. არ ვიცი რამდენმა მოქალაქემ და რა კრიტერიუმით შერჩეულმა მიიღო ამ კეთილშობილური და დასავლეთში მიღებული ჟესტით წელს საქართველოში მსგავსი სიამოვნება, მაგრამ კონკრეტულ მისამართზე, ძალიან კონკრეტული პრობლემის მქონე კონკრეტული ოჯახი, რესპექტაბელურ ღერბიან კონვერტში მოთავსებულმა სახელმწიფოს პრემიერის ბედნიერი ოჯახის ფოტოთი დამშვენებულმა საშობაო მილოცვამ არც ისე სასიამოვნო შოკში ჩააგდო.
ერთი შეხედვით, ოჯახის და ადრესატის ასეთი რეაქცია, შესაძლოა, ბევრისთვის გადაჭარბებული და გაუგებარიც იყოს - ამხელა პატივისცემა დაუდასტურა პრემიერის ადმინისტრაციამ და ექსკლუზიური მილოცვების სიაში მოხვდნენო. ადამიანების უმადურებას საზღვარი არ აქვსო, ხალხი გადაეჩვია ადამიანურ დამოკიდებულებებსო... მაგრამ ამ ოჯახის რეაქციის გაგებას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია „სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის“ მოლოდინი. ვინც იმედით ებღაუჭება სულის კუნჭულში ხავსის ბღუჯას და ასეთ სიტუაციაში სულაც არ ეეტიკეტება. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნებისმიერმა კეთილშობილმა საქციელმა თუ ჟესტმა, შესაძლოა, უკურეაქცია გამოიწვიოს, თუ ის ამომხტარია კონტექსტიდან და სიტუაციას არ შეესაბამება. ისე, როგორც სიუხვის საზომი არა გაწეული დახმარების მოცულობა, არამედ დროულად გაწეული დახმარებაა.
ეს ის შემთხვევაა, როცა დრო ფულს კი არა, ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას იძენს. და თუ ამას ოდნავ მაინც აცნობიერებ, შეგიძლია, გევალება და არაფერს აკეთებ, მითუმეტეს, თუ თანამდებობის პირი ხარ და შესაბამის ბერკეტს ფლობ სიცოცხლის გადასარჩენად, ერთი ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო „ირიბი მკვლელი“ ხარ. ადამიანის სიცოცხლეს კი, ირიბადაც და პირდაპირაც, ერთი ფასი აქვს - შეუფასებელია...
რამდენიმე დღის წინ ტელეფონით პაციენტის და დამიკავშირდა. არ შეგაწუხებდით, სიტუაცია ძალიან სასწრაფო და კრიტიკული რომ არ იყოსო.
გიორგი შანშიაშვილი - 1957 წელს დაბადებული. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. პირველი ჯგუფის ინვალიდი...
იმდენად განიცდიდა ამ ყველაფერს, რომ კითხვის დასმაც მერიდებოდა.
მისი ტრაგედია 1993 წელს მიღებული უმნიშვნელო სამხედრო ტრამვით დაიწყო. 1993 წლის გვიანი გაზაფხული. ფეხში ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა.
- როცა შენს გვერდით ადამიანები იღუპებიან, მეომარი ასეთ ჭრილობებს ყურადღებას არ აქცევ. ასეთებიც ხდებოდა - 1993-ში აფხაზეთში ჩვენებმა აკრძალული ჭურვები გამოიყენეს. ბევრი ადამიანი დაიწამლა. მდინარე ლაბრასთან ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ მდინარის შესართავში ბევრი გახრწნილი გვამი იყო. წყალი, ცხადია, მოიწამლა. ჭრილობა გაიხსნა. მაშინ იგრძნო ჭინჭრის დასუსხვის მსგავსი რამ, ტკივილი ქვედა კიდურებში ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მერე გაიარა... თურმე რაღაც ჩხირი შეერია სისხლს. ნელ-ნელა ტკივილები საგრძნობი გახდა სიარულის დროს. მაშინ არც უეჭვია, რა ჭირდა. ვიდრე, 3 წლის შემდეგ, წყლული არ გაიხსნა ფეხზე.
სამხედრო ჰოსპიტალში უთხრეს, რომ მოწამვლა მთელს სხეულშია წასული. 39 წლის ასაკში ეს მძიმედგადასამუშავებელი ინფორმაციაა. მედიკოსმა დედამ შვილის დიაგნოზის გაგებიდან რამდენიმე დღე იცოცხლა. პროტესტი და დეპრესია იმდენად დიდი იყო, მკურნალობაზე უარი თქვა. 12 წელი იყო ამ დღეში. პირველი ოპერაცია, არასწორად ჩატარდა. მიხვდა, თუმცა არაფერი უთქვამს - მაინც ვკვდებიო, -იფიქრა...სეფსისის ცენტრში ოჯახმა გონებადაკარგული შეიყვანა.
120 000 იყო საჭირო მკურნალობისთვის. 120 000 დიდი ფულია ახლაც. დიდი ფული იყო მაშინაც, თანაც სიცოცხლის 5-6 თვიანი ლიმიტისთვის. ვენაში ცხელი ტყვიის ჩასხმის არაადამიანური ტკივილი ხშირად გონებას აკარგვინებს. საკუთარი თვალით ხედავ - როგორ ჭამს მატლი შენს სხეულს. 2008-ში ფეხის ამპუტაცია აუცილებელი გახდა. იქამდე იყო 2005-ში პირველი ოპერაცია ზურაბ ჟვანიას შუამდგომლობით. ჩანიშნული 3 ოპერაციის ნაცვლად გაკეთდა მხოლოდ ერთი. მეტისთვის თანხების მოძიება არ მოხერხდა.
პროცედურა ზუსტად რომ ჩატარებოდა, არც ფეხი დაიკარგებოდა. ამპუტაციამ საერთო ფონი ვერ შეცვალა - ორგანიზმი მთლიანადაა მოწამლული და სტაციონარული მკურნალობა ჭირდება, რომელიც ვერ მოხერხდა ჯერ-ჯერობით.
უცხოეთში გამოკვლევის დასკვნა 2009 წლიდან აქვს. საქმის კურსში იყო მინისტრი კვიტაშვილი, რომელიც მალე შეიცვალა. საქმის კურსში იყო გიგი წერეთელიც, თუმცა არც შედეგი ყოფილა ამით და არც პასუხი. პეტრე ცისკარიშვილმა კი უფრო მარტივი გამოსავალი იპოვა - „მაგნაირები იმდენიაო!“... შარშანწინ გაკეთებულ შულტირებას უნდა მოყოლოდა შესაბამისი გამოკვლევა, თან თანხა იყო დარჩენილი დაზღვევის 15 000-დან. განგრენას სხვა სპეციფიკა აქვს - დრო პაციენტის მკურნალი ვერაა. მეორე ფეხზე ცერა თითის ლპობა დაწყებულია უკვე, ფრჩხილი მოძვრა და გახსნილია. თვითონ ექიმებიც კი ნარკოტიკს ურჩევენ ტკივილების გასაყუჩებლად, მაგრამ არ უნდა, გათიშულ კუნძად იქცეს.
კეტანოლს სვამს, იკეთებს, არაადამიანური დოზებით.
„როდესაც ერის და საკუთარი გონიდან გამომდინარე თვლი, რომ აღმაშენებლის ლაშქრის ”ქრისტეს მეომართა” შთამომავალი ხარ, 90-იანი წლების ბრძოლების დაწყებისთანავე სრულიად ჯანმრთელი ქართველი მეზღვაური - გეომორფოლოგი, ჩამოდიხარ სამშობლოს ისტორიული ტერიტორიის დასაცავად და პატრიარქისაგან ”ღმერთის მხედრობად” წოდებულთა შორის ფრონტის პირველ ხაზზე პირველებში დგები, ვერაფრით წარმოიდგენ იმას, რომ მიღებული ჭრილობის გართულებით დაგემართება განგრენა, გადაიტან კომებს, გათიშვებს, 15 ოპერაციას, კვირაობით იცხოვრებ რეანიმაციაში, დაკარგავ მარცხენა ფეხს, 22 წლის თავზე - არასრულფასოვანი მკურნალობის გამო - გაგინვითარდება განგრენის ღია პროცესები მარჯვენა ფეხზე, დაგჭირდება რაღაც თანხა რომ მეორე ფეხი კი არ მოგკვეთონ, არამედ გერმანიის შესაბამის კლინიკაში გამოგიკვლიონ და ეგებ, ცალი ფეხი მაინც გადაირჩინო... მიხვალ შენი სამშობლოს მთავრობასთან და... სიკვდილის პირისპირ მდგომს სასიცოცხლოდ საჭირო 12000ევროზე ხელისუფლება თვეობით დაგიწყებს ვაჭრობას... მითუმეტეს რომ ყველამ ვიცით - ამ დაავადებას თუ დროზე და სათანადოდ არ მიეხედა, ავადმყოფობას თან სდევს ჯერ ლპობა, მერე ძვლებად დაშლა და აუტანელი ტკივილებით სიკვდილი...“ ეს ციტატა გიორგი შანშიაშვილის მიმართვის ტექსტიდანაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინტერნეტ სივრცეში.
ამ ადამიანის შემხედვარე ხვდები, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა - არა დახვრეტა,ჩამოხრჩობა, ელექტრო სკამი ან გილიოტინა - გულგრილობით მისჯილი სიკვდილის მოლოდინი ყოფილა.
არადა, არაფერი დაუშავებია. მიატოვა პრესტიჟული სამსახური უცხოეთში და თავის მიწას იცავდა.
- პროფესიონალი მეზღვაური ვარ და უბედურების სიგნალზე ყველა გარშემო მყოფი გემი მივდიოდით ნებისმიერი ქვეყნის გემის დასახმარებლად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც შეიძლებოდა იგივე დღეში აღმოვჩენილიყავით.
- ასეც უნდა იყოს.
- არავის ვეჯიბრები, მითუმეტეს მეომარ ადამიანს. მაგრამ გული დაგწყდება - მიდგომაა ასეთი - ავღანეთში სამშობლოს იცავენ და ჩვენ აფხაზეთში არ ვიცი რას ვიცავდით?
- ვეტერანთა დეპარტამენტი საქმის კურსშია?
- ყველა საქმის კურსშია. დეპარტამენტის რეკომენდაციით მოხვდა ჩემი საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში ახლაც. გერმანიაში, კლინიკის ანგარიშზე ჯანდაცვამ გადარიცხა 5 500 და მერიამ 1500 ევრო. ანუ 7000 ევრო უკვე არის. დარჩენილია 4000 და მგზავრობის ხარჯები. რეანიმაციაში სიკვდილმა საიქიოს გზებიც დამანახა - იქით გასულები, მართლა აქაური საქმეებით ვაგრძელებთ გზას. ანდაზაა- გიჟს არ უნდა აყვე, თორემ თავის განზომილებაში გადაგიყვანს და გამოცდილებიოთ გაჯობებსო. ჰოდა, აგვიყოლიეს, აფხაზეთშიც წამოგვიკიდეს, მერე საერთო ფსიქოზი აგვკიდეს, ხასიათი შეგვიცვალეს ერს.
„ავერსის“ კლინიკის მიერ გაცემულ სამედიცინო ისტორიაში(ცნობა 6600, სამედიცინო ისტორიის # 217/13), რომელიც გაცემულია 2013 2ლის 9 სექტემბერს და ხელს აწერს მკურნალი ექიმი კახა ქუთელია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნათქვამია: ..“ქვემო კიდურების ქრონიკული არტერიული უკმარისობა. მარჯვენა ქვემო კიდურის კრიტიკული იშემია,მარცხენა წვივის იშემიური ტაკვი, მარცხენა თეძოს გარეთა, ბარძაყის საერთო და ზედაპირული არტერიების სტენო-ოკლუზია... ოპერაციული ჩარევებიდან, კიდურის ამპუტაციის გარდა, 2002 წელს გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია... ასევე მარცხნივ მე-10 ნეკნის რეზექცია... ავადმყოფი შემოვიდა კლინიკაში 25.02.13 ჩივილებით: ტკივილზე მარჯვენა ქვემო კიდურში, უპირატესად წინა ტერფის არეში; თითების ფერის ცვლილებაზე, გამონადენის არსებობაზე თითებშუა არედან. მარცხენა ქვემო კიდურის ტაკვერის არეში ტროფიული წყლულისა და ჩირქოვანი გამონადენის არსებობაზე... ავადმყოფობის მიმდინარეობა - პროგრესირებადი. 27.02.13 ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ გაკეთდა ოპერაცია: პოპლიტეალურ-პერონეალური შუნტირება აუტოვენით... სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - ამ ეტაპზე საქართველოში რეკონსტრუქციული ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია. პაციენტი საჭიროებს კონსულტაციას უცხოეთში...“
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გიორგი შანშიაშვილის სამედიცინო მომსახურების 5500 ევროთი დაფინანსების თაობაზე Park-Krakenhaus Leipzig-ში…“ რეფერალური მომსახურების კომისიის სამმართველოს უფროსის, - ხათუნა ჩაჩავასგან მიღებული ოპერატიული გადაწყვეტილების შემდეგ (აღნიშნული თანხა უკვე ჩარიცხულია გერმანიის დასახელებულ კლინიკაში პაციენტის ანგარიშზე), რა თქმა უნდა, გაჩნდა იმედი, რომ შემდგომი ეტაპი, ანუ დანარჩენი საჭირო თანხის მოძიებაც შესაძლებელი იქნებოდა ოპტიმალურად მცირე ვადებში. მითუმეტეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა.
იმ მიზნით და იმედით, რომ დროულად მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება პაციენტის გამგზავრებასთან დაკავშირებით, პრემიერის სახელზე კაცელარიაში შევიდა წერილი. სადღესასწაულო დღეებში ოჯახმა პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციიდან კონვერტი მიიღო. სიხარული ძალიან ხანმოკლე იყო, რადგან მასში მხოლოდ პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახის ფოტო აღმოჩნდა საახალწლო მილოცვის ტექსტით. კონვერტი შუაზე გადახეული გადმომცეს. ეს მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანის ადექვატური რეაქცია იყო.
ოჯახში სამნი ცხოვრობენ. გიორგი და მისი 2 და. უფროსი და 9 აპრილს დაზარალებული მე-2 ჯგუფის ინვალიდია, ასევე გაუარესებული ჯანმრთელობით. ოჯახის მიზერული შემოსავალი გამაყუჩებლებისთვისაც არ კმარა. ერთი ოჯახიდან საკმაოდ პატრიოტული მსხვერპლია - 2 ადამიანის შეწირული ჯანმრთელობა. მაგრამ იმ კედლებში ამაზე არ ლაპარაკობენ. თვლიან, რომ ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. ძალიან უნდათ დაიჯერონ, რომ ეს უკვე სხვა სახელმწიფოა, 1 წლის წინანდელისგან განსხვავებული და ნამდვილად ადამიანზე ორიენტირებული.