არჩევნების დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ვითარება იმაზე უფრო მშვიდია, ვიდრე ეს 26 ოქტომბრამდე ჩანდა. მიუხედავად ამისა, სიტუაციის ესკალაციის მცდელეობა და გარკვეული წნეხი მაინც შეიმჩნევა. ბიზნესი კი ახლა სწორედ სიმშვიდეს ითხოვს, რადგან ქვეყნის განვითარების გზა დიდწილად ეკონომიკაზე გადის.
„კატევე ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში ბიზნესმენებზე ყოველგვარი წნეხი მოხსნილია.
„როდესაც ქვეყანაში სტაბილური გარემოა, შესაძლებელია, როგორც ბიზნესის განვითარება, ისე სხვადასხვა ინვესტორთან საუბარი და დასაქმებულების რიცხვის ზრდა - ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე“, - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაფუძნებული სტაბილურობაზე.
„26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მყარი პოზიცია დააფიქსირა, რომ ხმას აძლევს მშვიდობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას. იმ ღირებულებებს, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა აფასებს დასავლეთიც და პარტნიორი ქვეყნებიც, რომლებსაც აინტერესებთ როგორი მომავალი იქნება საქართველოში. ბიზნეს ჯგუფებს აინტერესებთ ჩვენს რეგიონში შემოსვლა და ისინი ყურადღებით აკვირდებიან თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს.
დაუკვირდით 2012 წლიდან როგორი თავისუფალია ბიზნესი. ბიზნესს განვითარება თან ახლავს და, რა თქმა უნდა, მთავრობა უსმენს ბიზნესს“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი შეფასებით, კომპანიების განწყობა არის ის, რომ სტაბილურობის შენარჩუნების ფონზე გააგრძელონ ინვესტიციების განხორციელება საქართველოში.
კიდევ უფრო დადებით შეფასებას აძლევს სახელმწიფოს აღებულ კურსს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინა კობახიძე. მისი აზრით, დღეს საქართველოში ისეთი დონის კომპანიები ოპერირებენ, რომ არავითარ შემთხვევაში, არც ერთი წამით არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ საქართველოს სხვა (არაევროპული) მიმართულებით მიდის.
„ბიზნესისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო როგორც არჩევნების დღეს, ისე არჩევნების შემდეგ. საქართველო არც ერთ შემთხვევაში რისკის ზონაში არ უნდა აღმოჩნდეს და არ უნდა მოხდეს იმ განვითარების გეზიდან გადახვევა, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულიც და დამარცხებულიც გონივრულად გადადგამს ნაბიჯებს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს მოლოდინი გვაქვს ბიზნესს.
ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, არ უნდა შევაჩეროთ ის ეკონომიკური განვითარება, რომელშიც მართლაც საოცარი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამარჯვებული მხარისგანაც ველოდებით იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ქვეყანას ევროპისკენ წაიყვანს.
სექტორში და არა მხოლოდ სექტორში არც ერთი წამით არ მიგრძვნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ კურსს გადაუხვია. ისეთი კანონები, რომლებსაც ასოცირება მოიცავდა, უკვე მზად არის და მთავრობაზე თითქმის გასული პროცესია. ეს სწორედ იმ მიზნისთვის კეთდება, რომ ასოცირების ჩარჩოდან არ ამოვვარდეთ და ყველა რეგულაცია დავაკმაყოფილოთ, რომელიც 2013-14 წლებში ავიღეთ.
ნურავის ექნება განცდა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ევროპისკენ სვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აქვს დაყენებული. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი სრული სვლით განაგრძობს ამ კანონების მიღებას. გამარჯვებული გუნდის მიმართაც, რა თქმა უნდა, გვაქვს თხოვნა, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინონ ურთიერთობების გადატვირთვა და ქვეყანამ სტატუსის შემდგომი პაკეტი მალე მიიღოს“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ნინა კობახიძემ.
ბიზნესმენთა ნაწილს კი იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობებში უკუსვლა შეწყდება და დაიწყება ურთიერთობის აღდგენა. როგორც კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განცხადა, ამას დასჭირდება დრო და ეს პროცესი იქნება ნელი, ვინაიდან ქვეყანა რეპუტაციულად ძალიან დაზიანდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობისა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს ევროპისგან და ამერიკისგან აშორებს. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებლები არიან საერთაშორისო ბანკები, რომლებშიც აშშ-ის ძირითადი აქციები აქვს და ისინი განსაზღვრავენ ამ პოლიტიკას. ესეც არის დიდი პრობლემა.
რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დიდი ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, მე მხედველობაში მაქვს როგორც ფიზიკური პირები, ასევე, კომპანიები. თუ მოხდა რომ სავიზო რეჟიმი შეწყდა, ეს საქართველოში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. მარტო ის კი არ არის პრობლემა, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი უფრო რთულად გაემგზავრება ევროპაში, ევროპაში ახლა არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ქართველი.
მე მაინც მინდა ვიყო განწყობილი დადებითად, რომ ეს უკუსვლა შეწყდება. ჩვენი მოლოდინი, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, არ არის. აღდგენა მოხდება ნელ-ნელა, ვინაიდან ჩვენ რეპუტაციულად ძალიან დავზიანდით“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.