ჩოჩელის დისკრედიტაციისთვის ესტაფეტა ახალ ხელისუფლებას გადაეცა

ჩოჩელის დისკრედიტაციისთვის ესტაფეტა ახალ ხელისუფლებას გადაეცა

ბოლო დროს მედიაში საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც ნაციონალთა ერთი ფრთა მეორეს დაუპირისპირდა. მათ შორის, ვინც უკმაყოფილოა და შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დატოვოს ანუ „ბუნტავშჩიკთა“ სიაში ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც იყო მოხსენიებული, რამაც ცოტა არ იყოს, გაოცებაც გამოიწვია, რადგან ცნობილია, რომ ჩოჩელი „ნაცმოძრაობის“ წევრი არასოდეს ყოფილა, ხოლო კომპანიები რომელიც ჩოჩელის ბიზნესჯგუფს ეკუთვნის, დაყადაღებულია და სავარაუდოდ, ბიზნესმენს ნაციონალთა გარჩევებისთვის არ უნდა ეცალოს. თავად ჩოჩელიც აცხადებს, რომ არა თუ ამ შეკრებას, ნაციონალთა არც ერთ სხდომას არ დასწრებია გუბერნატორობის დროსაც კი.

ჩოჩელის ბიზნესჯგუფის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ჯერ კიდევ ნაციონალების მმართველობის პერიოდში დაიწყო. დროდადრო მედიასაშუალებებში ჩნდებოდა სტატიების სერია, რომლის მიხედვითაც ჩოჩელი სხვადასხვა ბიზნესებს აკონტროლებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ხორცის ბიზნესი და საზოგადოების ცნობიერებაში ილექებოდა, რომ ხორცი იმიტომ გაძვირდა, რომ მას ჩოჩელი აკონტროლებდა.

თავად ჩოჩელი აცხადებს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდშიც მის საწინააღმდეგო პიარს კამპანიური ხასიათი ჰქონდა და ყველამ, ვინც ამტკიცებდა, რომ ხორცის ბიზნესს ჩოჩელი აკონტროლებდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩოჩელი ამ ბიზნესთან არაფერ შუაში იყო.

ჩოჩელი იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდსაც, როდესაც მასზე კამპანიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ქვეყნიდან გაიქცა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ მას ახალგორი არ დაუტოვებია და მუშაობდა სპეციალურ ჯგუფთან ერთად, რომელიც ტერიტორიას მოროდიორობისგან იცავდა. ჩოჩელი ფიქრობს, რომ მაშინაც და ახლაც, მიზანი მისი დისკრეტიტაციაა, რომელიც, ალბათ, საბოლოოდ, მის ბიზნესს უმიზნებს.

შესაძლოა, ლოგიკაც იყოს იმაში, რომ თუ კონკრეტული ბიზნესმენი დისკრედიტირებული იქნება, მისთვის ბიზნესის წართმევის შემთხვევაში, საზოგადოების რეაქცია მძაფრი არ იქნება. ან, შესაძლოა, ვინმემ გულიც კი მოიფხანოს. რამდენად ძლიერი არგუმენტია ძნელი სათქმელია, თუმცა გარკვეული კამპანია დროდადრო მართლაც რომ მუშაობს ჩოჩელის წინააღმდეგ, ეს ცხადია. ისიც ლოგიკურია, რომ ვინმესთვის ბიზნესის უხმაუროდ წართმევა საქმის ნახევარია, თუმცა დღევანდელი საქართველოსთვის, რომელიც წლებია, დემოკრატიაზე ღაღადებს, გასული საუკუნის 20-იანი წლების თამაშის წესები, სავარაუდოდ, უკვე უცხო უნდა იყოს.

ასეა თუ ისე, ჩოჩელი ამტკიცებს, რომ ნაციონალთა კრებაზე არ ყოფილა, თუმცა ამ თემაზე მუშაობისას ნაციონალთა შეკრებაზე გაცილებით საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.

„არავის არსად არ მივუწვევივარ და რომ მივეწვიე კიდეც, ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო, რომ პარტიული საქმიანობით დავკავდე. მაშინაც კი, როდესაც გუბერნატორი ვიყავი, ვთვლიდი, რომ ჩემი ძირითადი ფუნქცია სამეურნეო საქმიანობა იყო. დღეს, როცა ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვიცი რატომ უნდა ვუთმობდე დროს სხვა რამეს. ეს არის ცალკეული ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი, რომელსაც სხვა საქმე არ აქვს, გარდა იმისა, რომ რამენაირად საინტერესო გახადოს მკითხველისთვის თავისი ფანტაზია“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

ჩოჩელის გვარი მედიაში მხოლოდ ნაციონალთა კრებასთან დაკავშირებით არ გაჟღერებულა, ცოტა ხნის წინ ლაპარაკი იყო ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც, თითქოს, მასზე კომპრომატი ცეზარ ჩოჩელმა მოიპოვა გერმანიაში.

ჩოჩელი ამბობს, რომ სხვის საქმეებში ქექვა მას არ სჩვევია და მეორეც, რამდენიმე თვის წინ ელისო კილაძის გამოცემამ თავად შესთავაზა ფარცხალაძეზე კომპრომატების გადაცემა.

რა კომპრომატზე იყო საუბარი, ჩოჩელისთვის უცნობია, რადგან პირადად არავის შეხვედრია. რატომ შესთავაზეს მაინცდამაინც ჩოჩელს ეს კომპრომატი და რატომ სურდათ დოკუმენტის მაინც და მაინც მისი ხელით გავრცელება, თავად ჩოჩელისთვის მკაფიოდ გასაგები არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამ ინფორმაციისთვის ვინმე ფინანსურ სარგებელს ელოდა.

„ეს რომ არ გამოუვიდათ, მერე კამპანია წამოიწყეს, თითქოს, ნაციონალთა შეკრებებს ვესწრები და გარჩევებშიც ვმონაწილეობ“, - ვარაუდობს ჩოჩელი.

არ არის გამორიცხული, გარკვეულ წრეებს სურდათ, რომ მთავარ პროკურორზე კომპრომატების გავრცელების წყარო სწორედ ცეზარ ჩოჩელი ყოფილიყო და პირველი იერიშიც მას მიეტანა, თუმცა რატომ, კვლავ გაურკვეველია.

თუ გავიხსენებთ, რომ ჩოჩელის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ფარცხალაძის ფინანსური პოლიციის შეფობის დროს დაიწყო, რაღაც ჯაჭვი მართლაც შეიკვრებოდა - გამოვიდოდა, რომ ჩოჩელს შურისძიება ამოძრავებდა და მთავარ პროკურორად დანიშნული ფარცხალაძის თანამდებობას წყალიც კი შეუყენა, თუმცა ამით ვინ რას მოიგებდა, ამ ეტაპზე გაურკვეველია. აქვს კი მნიშვნელობა, ვისი ხელით მოიშორებდნენ მთავარ პროკურორს?!

„როდესაც კილაძე ამბობს, ცეზარ ჩოჩელმა მოიპოვა ეს ინფორმაცია, შემდეგ იგი ვიღაც ადვოკატს მისცა, მან კი სხვას გადასცა და ა.შ. გამოდის, ეს ქალბატონი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურის ხელმძღვანელია! საიდან ეს ინფორმაცია? მე თუ მოვიპოვებდი, ვიტყოდი კიდეც. ასეთი საქმეებით პოლიტიკოსები არიან დაკავებულები, ბიზნესი კომპრომატებში ქექვით ნამდვილად არ ინტერესდება“,- აცხადებს ჩოჩელი.

ეს ყველაფერი საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ფიგურები ისე არ დალაგდა, როგორც დაგეგმილი იყო.

ფარცხალაძის გერმანიაში ნასამართლევობის შესახებ ინფორმაცია მართლაც გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის საფუძველი, მაგრამ საინტერესოა, რა ინტრიგა იყო ჩადებული და რა კამპანია დაიწყებოდა, ჩოჩელი რომ ყოფილიყო ამ ინფორმაციის გავრცელების წყარო...

მოკლედ, გარკვეული კითხვის ნიშნები რჩება. ფაქტებს რომ დავუბრუნდეთ - მას შემდეგ, რაც ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა, გუნდი შეიცვალა პროკურატურაშიც, ლაშა ნაცვლიშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტიც დატოვა და საქართველოც. გავრცელებული ინფორმაციით, წასვლისას რაღაც თანხებიც გააყოლა ხელს.

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სწორედ ლაშა ნაცვლიშვილი იყო დაინტერესებული ცეზარ ჩოჩელის ბიზნესებით და კომპანიების დაყადაღებაც სწორედ ამისი შედეგი იყო.

უმიზნებდა თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი ცეზარ ჩოჩელის ბიზნესს, ძნელი სათქმელია, რადგან თანამდებობებზე ფარცხალაძე და ნაცვლიშვილი აღარ იმყოფებიან და, როგორც ამბობენ, აღარც ამ გუნდის რუხი კარდინალის, გია ხუხაშვილის გავლენებია უსაზღვრო.

მოკლედ, მთავარი ფიგურანტები თამაშიდან გავიდნენ, თუმცა ჩოჩელის ბიზნესები კვლავ დაყადაღებული რჩება და ამ მიმართულებით სიტუაცია არ იცვლება.

თავად ჩოჩელი ვარაუდობს, რომ, როგორც ჩანს, დღეს პროკურატურა სხვა დილემის წინაშე დგას, „არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ აღიარონ, რომ თავის დროზე შეცდნენ“ , - მიიჩნევს ჩოჩელი.

მართალია, ჩოჩელი არ აკონკრეტებს, ვისზეა საუბარი, მაგრამ ცნობილია, რომ შპალების ქარხნის საქმეში დღევანდელი მთავარი პროკურორის მოადგილის, შოთაძის ხელი ურევია, ჩოჩელი კი აცხადებს, რომ როგორც სხვა, ისე შპალების საქმეც „შეკერილია“.

სავარაუდოდ, გუნდი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩოჩელის ბიზნესით იყო დაინტერესებული, ბოლომდე არ დაშლილა, ან წინამორბედნი სხვებმა ჩაანაცვლეს.

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს ამ უწყების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ხელისუფლებაც განუკითხაობის ისეთსავე ჭაობში ჩაეფლობა როგორც ყოფილი.

რაც შეეხება ყოფილ ხელისუფლებას, სანდო წყაროს ცნობით, არსებობს გარკვეული გუნდი ძველი და ახალი ხელისუფლების გავლენიანი ფიგურებისგან შემდგარი, რომელიც გარკვეულ ბერკეტებს ფლობს და ცდილობს, საკუთარი გავლენის სფროები „მოინიშნოს“. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ეს ჯგუფი გარკვეულ მედიასაშუალებებსაც აკონტროლებს.

როგორ განვითარდება მოვლენები - ძნელი სათქმელია, ჯერჯერობით, რაც სახეზეა, ახალი ხელისუფლება ისევ ძველი წესებით თამაშობს. ძველი წესებისთვის კი ძველ ხელისუფლებას წელიწადზე მეტია, ხალხმა უარი უთხრა.