მარქსი ბრუნდება

მარქსი ბრუნდება

პროლეტარები ყველა ქვეყნისა ერთიანდებიან, და ეს კარგია. კარლ მარქსის საფლავზე ჰაიგეითსის სასაფლაოზე ლონდონში ასეთი წარწერაა: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით“. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. ის ხმაური და აღტყინება, რომელიც მოძრაობა Occupy-მ სულ რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნა, სრული დუმილით და სიჩუმით დასრულდა. ხშირად ვერ ვისმენთ იმას, თუ როგორ უყვირიან დეტროიტის ქარხნის მუშები საერთო სულისკვეთებით თავიანთ ჩინელ კლასობრივ ძმებთან ერთად დალიანიდან, საკუთარ კაპიტალისტ ბოსებს: „წაეთრიეთ აქედან!“ სინამდვილეში, რაც უფრო ასუსტებენ პროფკავშირების ძალას და გავლენას გლობალური ტრანსნაციონალური კომპანიები, მით უფრო ნაკლებ სურვილს ავლენენ მდიდარი ქვეყნების ქარხნის მუშები დაეხმარონ თავიანთ კოლეგებს ღარიბი ქვეყნებიდან. მაგრამ არსებობს მოსაზრება (სხვათა შორის, მას არა მხოლოდ მცირერიცხოვანი ტროცკისტი-პროფესორები, არამედ „ახალი სკოლის“ წარმომადგენლებიც იზიარებენ), რომ გლობალური კლასობრივი პოლიტიკა ბრუნდება. თუკი ეს ასეა, მსოფლიო ელიტას მზადყოფნა მართებს. რა თქმა უნდა, ეს არ ჟღერს ისევე პირქუშად, როგორც თავდაპირველი მოწოდებები იარაღის ხელში აღებაზე, თუმცა ახალმა აჩრდილმა შეიძლება მალე დაიწყოს იმ ცნობილი ერთი პროცენტის დევნა. ვგულისხმობ საშუალო კლასის მასობრივ პოლიტიკურ გააქტიურებას.  

კლასობრივ ბრძოლაში კარლ მარქსი აპოკალიფსურ ლოგიკას ხედავდა. მისი აზრით, ფართო მასების ბრძოლა მცირერიცხოვანი პლუტოკრატიის წინააღმდეგ აუცილებლად დასრულდებოდა ანგარიშით: 1 - 0 მუშების სასარგებლოდ მდიდარი ბიჭების წინააღმდეგ. მარქსი ამტკიცებდა, რომ პროლეტარიატის რევოლუციურ სულისკვეთებას ჭეშმარიტად გლობალური ხასიათი აქვს; რომ ის ყველა, ახლო და შორეული ქვეყნის მუშათა კლასს გააერთიანებს დამანგრეველი სიღარიბით და ქარხნული ყოფის გულგრილობით გამოწვეული უბედურების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც მარქსი საკუთარ ნაშრომებს წერდა, ის, რომ ღარიბი ადამიანი თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირია (ან მალე დაემსგავსება ერთმანეთს), უკიდურესად ჯანსაღ და გონივრულ მოსაზრებას წარმოადგენდა. მსოფლიო ბანკის ეკონომისტის ბრანკო მილანოვიჩის თქმით, როდესაც 1848 წელს „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ დაიწერა, მსოფლიოში შემოსავლებს შორის უთანასწორობა ქვეყნებს შიგნით არსებული კლასობრივი სხვაობებით აიხსნებოდა. მართლია, ზოგიერთი ქვეყანა სხვაზე აშკარად მდიდარი იყო, მაგრამ შემოსავლებს, რომლითაც ადამიანი ან მდიდრად ან ღარიბად მიიჩნეოდა, ერთნაირად ითვლიდნენ ინგლისში, საფრანგეთში, აშშ-სა და არგენტინაშიც კი. 

მაგრამ როდესაც შემდეგ საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ძალა მოიკრიბა, ეს პარიტეტი არსებითად შეიცვალა. სწორედ ამ მიზეზის გამო აღმოჩნდა მცდარი მარქსის წინასწარმეტყველება გლობალურ პროლეტარულ რევოლუციაზე. კომუნისტური მანიფესტის გამოცემიდან სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთში დაიწყო მუშათა ხელფასების ზრდა. ტენდენცია მთელ ევროპას გადაედო და ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა. მედისონის პროექტის ისტორიული სტატისტიკის მონაცემთა ბაზის თანახმად, 1879 წელს ბრიტანეთში მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 2190 დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც აფრიკაში ის იყო საშუალოდ 648 დოლარი. ახლა შეადარეთ ეს ციფრი 2010 წლის მონაცემებს, როდესაც ბრიტანეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 23 777 დოლარი იყო, აფრიკაში კი საშუალოდ 2034 დოლარი. 140 წლის წინათ, საშუალო სტატისტიკური აფრიკელი იყო დაახლოებით ხუთჯერ ღარიბი თავის ბრიტანელ კოლეგაზე. დღეს ის მასზე ათჯერ უფრო ღარიბია.  

ბევრი ამერიკელი ბრაზობს იმაზე, რომ კომპანიების ხელმძღვანელებს წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები და ბონუსები აქვთ, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევენ ერთ ეკონომიკურ ფაქტს. როდესაც დასავლეთი მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე გადავიდა, სხვადასხვა ქვეყნების შემოსავლებს შორის სხვაობამ ბევრად გადააჭარბა სხვაობას შემოსავლებს შორის ქვეყნებს შიგნით. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ლონდონში დროებით დასაქმებულ მდივანს ხელფასი არ ჰყოფნის, ლაგოსში ის დედოფალივით იცხოვრებს. თუკი უკმაყოფილო ხართ იმით, რომ წლის ბოლოს პრემია არ გადაგიხადეს, შემდეგზე დაფიქრდით: მილანოვიჩის შეფასებით, ინდოეთში ყველაზე მდიდარი ადამიანების 5%-ის შემოსავლები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც აშშ-ში ყველაზე ღარიბი ადამიანების 5%-ის.  

ბანკების და კორპორაციების მსგავსად, დღეს სიმდიდრეც და სიღარიბეც გლობალიზებულია. დაბალანაზღაურებადი მუნიციპალური მუშები ევროპაში და აშშ-ში ბევრად უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მათი კოლეგები განვითარებად ქვეყნებში (შემსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინების შემთხვევაშიც); და ისინი განუზომლად შეძლებულები არიან, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დღემდე პატარა ქრისტიანული მეურნეობების და მიკროსაწარმოების ხარჯზე ცხოვრობენ.

მაპატიე, კარლ. მაგრამ ის, რომ ევროპის და ამერიკის ღარიბები თავიანთი შემოსავლებით უფრო მდიდრები არიან, ვიდრე სამხრეთ აზიის და აფრიკის ელიტები, არის იმის მიზეზი, რომ ყველა ქვეყნის პროლეტარები ჯერ ვერ შეერთდნენ. კომუნისტური ინტერნაციონალის მეორე კონგრესმა დაგმო ბევრი ევროპელი და ამერიკელი სოციალისტის ღალატი პირველი მსოფლიო ომის დროს, რომლებმაც თითქოს „სამშობლოს დაცვის ლოზუნგის გამოყენებით“ შენიღბეს „საკუთარი“ ბურჟუაზიის მხრიდან კოლონიების ჩაგვრის უფლება. კონგრესზე შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ უნდობლობის გადალახვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, „როდესაც განვითარებულ ქვეყნებში იმპერიალიზმი განადგურდება, ჩამორჩენილ ქვეყნებში კი ეკონომიკური ცხოვრების მთელი საფუძველი რადიკალურად გარდაიქმნება“.  

მაგრამ ყველაფერი შეიძლება მალე შიცვალოს. მართალია, გლობალიზაცია წარსული 1990-იანი წლების ლოზუნგი იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ არსებობს და ვითარდება. ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიო ბაზრებს შორის დამოკიდებულება კიდევ უფრო იზრდება, საშუალო შემოსავლები კი ერთმანეთს უახლოვდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნები ბევრად უფრო სწრაფად ვითარდებოდნენ, ვიდრე მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოები, რის გამოც შემოსავლებს შორის სხვაობა მცირდებოდა. ეკონომისტ არვინდ სუბრამანიანის შეფასებით, 2013 წელს ჩინეთი ისეთივე მდიდარი იქნება, როგორც დღეს ევროკავშირი, ხოლო ბრაზილია მას ოდნავ ჩამორჩება და მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 31 000 დოლარი გახდება. ექსპერტის ვარაუდით, ინდონეზიიის მშპ-ის მაჩევენებელი ერთ სულ მოსახლეზე მიაღწევს 23 000 დოლარს და ტექნოლოგიური ლიდერის, სამხრეთ კორეის დღევანდელ დონეს გაუტოლდება.  

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი გამდიდრდება, და გაჩნდება სოლიდური საშუალო კლასი. პროგნოზების თანახმად, რომელიც მე ჩემს კოლეგა სარა დიკსტრასთან (გლობალური განვითარების ცენტრიდან) ერთად შევადგინე, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 16% ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც საკმარისად მდიდრები არიან იმისთვის, რომ მსოფლიო ბანკმა მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს. თუკი გასული საუკუნის ზრდის ტემპები შენარჩუნდა, 2030 წლისთვის ამ კატეგორიაში მოექცევა მსოფლიოს მოსახლეობის უკვე 41%. მოკლედ, თუკი განვითარებადი ქვეყნები იმავე ტემპებით განაგრძობენ ზრდას, რასაც ბოლო დროს ვაკვირდებით, სახელმწიფოებს შორის უთანასწორობა შემცირდება. ხოლო მსოფლიო უთნასწორობის მთავარი მიზეზი გახდება უთანასწორობა ქვეყნებს შიგნით.  

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარქსი მართალი იყო, და უბრალოდ ვადებში შეცდა რამდენიმე საუკუნით? 

სინამდვილეში, ეს ახალი საშულო კლასი ისე იცხოვრებს, როგორც ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანელი პროლეტარები მხოლოდ იოცნებებდნენ. ბნელი შენობების ნაცვლად, ისინი ცეხებსა და ულტრათანამედროვე ოფისებში იმუშავებენ; ხოლო, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 1848 წლის საშუალოსტატისტიკურ ადამიანთან შედარებით, ისინი თითქმის 40 წელიწადზე მეტს იცოცხლებენ, მაგრამ იქნებიან კი სოლიდარული ოკეანის გაღმა მცხოვრები კლასობრივი ძმების მიმართ? 

შეიძლება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბარიკადა, ბრძოლის ერთადერთი გზაა. მარქსი წინასწარმეტყველებდა, რომ მთელი მსოფლიოს მუშათა კლასი გაერთიანდებოდა და აჯანყდებოდა, რადგან ხელფასებს ყველგან შეამცირებდნენ საარსებო მინიმუმამდე. მაგრამ, რადგან დღეს, მთელ მსოფლიოში, ხელფასები იზრდება და ერთმანეთს უტოლდება, გასული საუკუნეების პროლეტარიატის ისეთი პრობლემები, როგორიცაა მძიმე შრომა და დაბალი შემოსავლები, წარსულს ბარდება, ხოლო სამუშაო სულ უფრო მსუბუქი და მაღალანაზღაურებადი ხდება. მარტო ჩინეთში, მას სიღატაკიდან გამოჰყავს ასობით მილიონი ადამიანი. ცხადია, რომ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის კომუნისტური რევოლუციები ბევრად უარესი აღმოჩნდა ხალხის ცხოვრების დონისათვის, ვიდრე მის მეორე ნახევარში კარგად რეგულირებადი ბაზრები. 

მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ უორენ ბაფეტს შეუძლია მშვიდად იყოს. სინამდვილეში, სწორედ იმის გამო, რომ ღარიბები და მდიდრები ლაგოსსა და ლონდონში სულ უფრო დაემსგავსებიან ერთმანეთს, იზრდება იმის ალბათობა, რომ 2030 წლისათვის პროლეტარები ყველა ქვეყნისა მართლაც შეერთდებიან. როდესაც ტექნოლოგია და ვაჭრობა უფრო თანაბარ პირობებს შექმნის, ხოლო კაცობრიობა ერთმანეთს დაუახლოვდება, 3,5 მილიარდი მომავალი პროლეტარი მიხვდება, რომ ბოლოს და ბოლოს, მათ გაცილებით მეტი რამ აქვთ საერთო ერთმანეთთან, ვიდრე საკუთარი ქვეყნების სუპერმდიდარ ელიტებთან.  

ისინი მოსთხოვენ საკუთარ სახელმწიფოებს, რომ მათი სისხლის და ოფლის ფასად უსაზღვროდ აღარ მდიდრდებოდეს კაპიტალიზმის მსოფლიო ელიტა, არამედ ხელი შეუწყონ იმას, რომ სიმდიდრე თანაბრად გადანაწილდეს; ისინი მოითხოვენ ასევე საგადასახადო თავშესაფრების დახურვას, სადაც მსოფლიოს პლუტოკრატები საკუთარ შემოსავლებს მალავენ; მოითხოვენ ისეთი შეთანხმებების გაფორმებას, რომელიც ხელს შეუშლის შრომის კანონმდებლობის და საგადასახადო ტარიფების გაუარესებას, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების და კომპანიების მოზიდვას; ისინი შეეცდებიან მიაღწიონ იმას, რომ გლობალიზებული ცხოვრების წესისგან სარგებელს იღებდნენ არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები, არამედ შეიქმნას პირობები შრომითი რესურსის თავისუფალი გადაადგილებისათვის მსოფლიო მასშტაბით, და არამხოლოდ ქვეყნებს შიგნით ან ამ ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ტიპურ პროლეტარულ რევოლუციას არ ჰგავს. მაგრამ, საშუალო კლასის წარმომადგენლები არასდროს იყვნენ ყველაზე გულანთებული რევოლუციონერები, არამედ იყვნენ ყველაზე ეფექტურები. მომდევნო ათწლეულში ჩვენ საეჭვოა გავხდეთ სასოწარკვეთილი სიღარიბისა და პლუტოკრატიის ხშირი შეტაკებების მოწმე, რადგან საშუალო კლასი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. ვფიქრობ, კარლ მარქსის აჩრდილი ამითაც კმაყოფილი იქნება.  


foreignpress.ge