როგორ „მოატყუა“ გაბელიამ ფარსადანოვიჩი

როგორ „მოატყუა“ გაბელიამ ფარსადანოვიჩი

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება. დღევანდელ წერილში ქართველი ფეხბურთელების თავზე გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებთ და თავდაპირველად სიტყვას თბილისის „დინამოს“ ყოფილ კარის დარაჯ ოთარ გაბელიას გადავცემ.

„მთლად უცოდველი არ გეგონოთ, ხანდახან ღვინოც დამილევია, კონიაკიც, ვისკიც და ჭაჭის არაყიც, თუმცა, ვცდილობდი, ზომიერება არასდროს დამერღვია.

ერთხელ, მოსკოვში, მოგებული თამაშის შემდეგ იქ მცხოვრებმა მეგობარმა სახლში მიგვიპატიჟა მე და დავით მუჯირი – ელარჯი უნდა გაჭამოთ შუაგულ მოსკოვშიო. რა უნდა მექნა? მეგრელი რომ ელარჯზე უარს იტყვის, მე იმ მეგრელს, მაგალითად, კარგი თვალით ვერ შევხედავ. რას ვიზამდით, ვესტუმრეთ ამ კაცს.

გაიშალა ზღაპრული სუფრა.

მესამე ჭიქას რომ ვსვამთ, კარზე ზარმა დარეკა, მასპინძელი შემოუძღვა სტუმარს და, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა – ფარსადანოვიჩის ხმა არ გავიგონე?! თურმე ისიც დაპატიჟებული ჰყოლია ჩვენს მასპინძელს და ცოტა დაჰგვიანებია.

– რაღა ვქნა ახლა?! გამოგვჭერი ყელი და ესაა, – ვეცი მასპინძელს, სანამ ნოდარ ახალკაცი ხელის დასაბანად იყო გასული, – არ დაგველია მაინც! თან, სიგარეტის ბოლიც დგას.

– ნუ გეშინიათ, – გვამშვიდებს მასპინძელი, – ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებულ-მომზადებული.

– რა?

– რა და, აგერ დაგიდგამთ ჩაის ჭიქებს, ვითომ ჩაის სვამთ, რა მოხდა მერე!

ბატონი ნოდარი დაჯდა და დაიწყო საუბარი.

ჩვენ კი ვართ და აღარც ვართ. ფარსადანოვიჩი არაფერს გვეკითხება – ან აქ რა გინდათ, ან, რომ მოდიოდით, რატომ არ გამაფრთხილეთო. არაფერს გვეუბნება, თითქოს არც ვიყოთ იქ.

– კაცო, მგონი ვერც გვხედავს, – დაეჭვდა მუჯირი, – უჩინმაჩინის ქუდები ხომ არ გვახურავს?

ცოტა ხანში მასპინძელმა მე და მუჯირი მეორე ოთახში გაგვიხმო, რა თქმა უნდა, ფარსადანოვიჩთან ბოდიშის მოხდით.

გავედით და რას ვხედავთ – გაუშლია ჩვენთვის ცალკე, „სკუჩნი“ სუფრა. ვუთაქეთ თითო ჭიქა გულისჯავრზე, ჩავაყოლეთ და შემოვბრუნდით ახალკაცთან. აბა, სულ იქ რომ დავრჩენილიყავით, დაეჭვდებოდა.

ცოტა ხანში ისევ გაგვიხმო მასპინძელმა მეორე ოთახში.

ისევ ვუთაქეთ, ოღონდ, ახლა, ორ-ორი (მაინც დალეული გვაქვს და...) დავბრუნდით საერთო სუფრასთან უცოდველი კრავებივით, თუ შეიძლება, რომ კრავები ჩაის სვამდნენ.

მესამედაც რომ გავედით და ისევ შემოვბრუნდით, ფარსადანოვიჩი ბოლოს და ბოლოს დაინტერესდა:

– კი მაგრამ, რაშია საქმე?

– რაზე გვეკითხებით, ნოდარ ფარსადანოვიჩ? – ვიკითხეთ ჩვენ ორ ხმაში.

– რაში და, რას გარბიხართ ყოველ ხუთ წუთში იქით ოთახში? რაშია საქმე, თუ საიდუმლო არაა?

– არაფერი, ისე...

– რას ჰქვია – ისე?

– ისე, ჩვენთვის...

– რა და, – მოულოდნელად გააქტიურდა მუჯირი, – ჩვენი მასპინძლის სამზარეულოს პროექტი მოგვეწონა მე და აგერ – გაბელიასაც და, გვინდა, რომ თბილისშიც ამ პროექტით გადავაკეთოთ სამზარეულოები.

– ვთქვათ, დავიჯერე, მაგრამ, ყოველ ხუთ წუთში რომ გარბიხართ, ერთი გასვლით ვერ დაათვალიერეთ?

– რა ვქნათ, ძალიან მოგვწონს და... – ავლუღლუღდი... – თან, გამეორება ცოდნის დედაა.

– აბა, მე გეტყვით ახლა! – დაიწყო ახალკაცმა თავისებური, დამაჯერებელი ხმით, – რომ დაგიღიათ პირი და მამა აბრამის ბატკნებივით შემოდიხართ აქ და გგონიათ, რომ მე ვერაფერს ვხვდები,  მაგას რა ჯობია, იცით?

– რა? – სასტიკად დავინტერესდით.

– რა და, აქ დალიოთ, ვაჟკაცურად, ჩემთან ერთად და მერე გახვიდეთ იმ სამზარეულოს დასათვალიერებლად, ასე თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა.

„გაშიფრულები“ ვიყავით!

ასეთი იყო ცხონებული ფარსადანოვიჩი, ვერაფერს გამოაპარებდი“.

ჩვენი მომდევნო საკვირაო სტუმარი ცნობილი მსაჯი, ბატონი ველოდი მიმინოშვილი გახლავთ. ბატონი ველოდი ყოფილი სსრკ-ის საფეხბურთო პირველობის ერთ საინტერესო მომენტს გაიხსენებს.

„კიევში ვართ. ერთ ფრიად უმნიშვნელოვანეს მატჩს ვმსაჯობ. საერთოდ, სპორტსმენებს და, მით უმეტეს, მსაჯთა ბრიგადას, უფლება არ გვქონდა „პაეზდკაში“ ოჯახის წევრები წაგვეყვანა, მაგრამ, ყოველთვის ისე არ ხდება, შენ რომ გინდა. ჩემს ერთ დამხმარე (გვერდით) მსაჯს ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყოლია – რუსი გალია. როგორღაც, მოუხერხებია და წამოუყვანია კიევში (ოღონდ, შენი ხმა არ გავიგო, ქალოო!) და დაუბინავებია მეზობელ სასტუმროში.

წესად, ტრადიციად გვქონდა, რომ თამაშის შემდეგ ერთ-ერთის ნომერში მსაჯები შევიკრიბებოდით და თითო ჭიქით... მიხვდებით, ალბათ... იმ შემთხვევაშიც ასე მოხდა. პირველი ჭიქა ავწიეთ და... აბრახუნდა კარი.

– კტო ტამ? – ვიკითხე („სამ გოჭშია“ ასე). კიდევ კარგი, სახელი თქვა.

– ია, გალია! – ატკროიწე ნემედლენნო!

– მიშველე, მევლუდ! – დაეკარგა ფერი კაცს, რაღა ვქნა ახლა?

„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა – მსაჯი დასაკარგავი!“ – ვფიქრობ ელდანაკრავი.

– ჟოლობი! – მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, – ჟოლობი, ჩქარა!

– რა ჟოლობი? – გადამერია თანაშემწე, – სად შემიძლია, კაცო!

– ბიჭო, შენ რომელი გირჩევნია, ქალის ხელით სიკვდილი თუ ჟოლობიდან ჩავარდნა და „ალპინისტური“, ვაჟკაცური?

– კი, ეგ ჯობია, – ეცა ფანჯარას (მეორე სართული იყო, კიდევ კარგი), – ატკროიიწეეე! – სულ გაანჩხლდა ქალი.

– სპორტული ჩანთა, ამისი სპორტული ჩანთა გაგვყიდის! – იმარჯვა ვიღაცამ.

ჩანთაც ინსტინქტურად გადავუძახე იმავე ფანჯრიდან და გავაღე კარი. გაანჩხლებული ქალი შემოვარდა თვალების ბრიალით და – არაა მისი ქმარი.

– ადინ, დვა, ტრი... – ჩამოგვთვალა, – გდე მოი მუჟ?

– ზდეს ნიეტუ, ზდეს ნიეტუ... – ვეფარებით ერთმანეთს სიკო-საქოსავით.

– ა, გდე? ია ზნაიუ, ჩტო ონ ზდეს!

– ნიეტუ... ნიეტუ... ვოტ... ნიეტუ! – ვამშვიდებთ.

– სტერვი, – მიმართა გოგოებს, – გდე მოი მუჟ?!

„სტერვები“ გაყუჩდნენ. ამ დროს იღება კარი და შემოდის მხარზე ჩანთაგადაკიდებული (მე რომ ვესროლე) ჩემი თანაშემწე – გალიას ქმარი, ვითომც, აქ არაფერი, თუმცა, ხელები გადატყავებლი აქვს და ცხვირი აქერცლილი („ოხ, ჟოლობო, ჟოლობო...“).

კმაყოფილი ცოლი ისე ჩაეხვია, კინაღამ კოცნით დაახრჩო.

– ცხვირზე და ხელზე რა მოგივიდა? – ჰკითხა დაწყნარებულმა.

– მატჩის დროს წავიქეცი და... – შეაცოდა თავი ქმარმა.

ქალი მაინც ქალია და, ბედნიერებისგან გალაღებულს, სულ გამორჩა, რა ჯანდაბა წააქცევდა გვერდითა მსაჯს ისე მწარედ, რომ ცხვირ-პირი ცირკის კლოუნივით ასწითლებოდა?!“.

ნება მომეცით „სპორტული მოგონებების“ დასასრულს თბილისის „დინამოს“ ყოფილი წევრი ბატონი ჯემალ ზეინკლიშვილი წარმოგიდგინოთ.

„საფეხბურთო კარიერა რომ დავამთავრე, ჩემს მშობლიურ ბორჯომში გადმოვსახლდი, ბორჯომ-ხარაგაულის რესტორნების ხელმღღვანელად დავიწყე მუშაობა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებოდი - სმა ხშირად მიწევდა. ერთხელ სახლში ძალიან მთვრალი დავბრუნდი, ისეთი მთვრალი, კარგა ხანს მოვუნდი შინ მისვლას და გზაში საკმაოდ მომშივდა. ჩემი სიდედრი გემრიელ საჭმელებს აკეთებდა და სამზარეულოდონ ისეთმა მადისაღმძვრელმა სუნმა შემიღიტინა ცხვირში, შევედი და დიდი ჯამი საცივისა გავათავე. ცოტა მეეჭვებოდა, რაღაცა სქელი საცივი გაუკეთებია პაშას-მეთქი, მაგრამ სანამ არ მოვლოკე, არ გავჩერებულვარ! გამოვძეხი და მშვიდად მივიძინე... დილას კი პაშას კივილმა გამაღვიძა: ჯემალი, ადეკი, გამე კურდები შემოპარულანო! გადავირიე, ვინ ქურდები, როგორ გამიბედეს, ჩემს სახლში რა უნდოდათ-მეთქი! რამე ხომ არაა წაღებული? - ვეკითხები პაშას. ჩვენი პატარა გოჩებისტვის ერტი ჯამი კომბიკორმა მოვამზადე, სამზარეულოში მაგიდაზე იდო და მამადზაგლებს სულ ცაუგიატო – რუსულ-ქართულით შემომჩივლა სიდედრმა“.