უშუალოდ არჩევნების წინ ლარის გაცვლითი კურის 2.75-ს გადასცდა და ბოლო პერიოდის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მივიდა. ბაზარზე მცირე აჟიოტაჟი შეინიშნება, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ისიც უნდა ითქვას, რომ კურსის ამ დონეზე შენარჩუნება ეროვნული ბანკის უპრეცედენტო ჩარევის შედეგად მოხერხდა. სებ-მა ოქტომბერში 213 მლნ დოლარი გაყიდა, მათ შორის 40 მილიონი არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე.
25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თანხა მონაწილეებმა სრულად აითვისეს. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7199 შეადგინა.
„სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ამჯერადაც არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო“, - განმარტეს სებ-ში.
ეს 2024 წლის ოქტომბერში რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამიც 213 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანად 2024 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკმა 382 მილიონი დოლარი გაყიდა.
სებ-ის გადადგმულ ნაბიჟებს იწონოებენ საქართველოს მთავრობაში. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი ხედავს წინაპირობას, რომ არსებობს რიგი გაურკვევლობით გამოწვეული პანიკური პროცესების საფრთხე, რა თქმა უნდა, რეზერვები უნდა გამოიყენოს. მისი აზრით, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ეს არის საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებში.
„არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენ იმისთვის გვჭირდება მაკროეკონომიკური ჯანსაღი პარამეტრები, რომ ქვეყანას ჰქონდეს საშუალება გარკვეულ გაუთვალისწინებელ ეკონომიკურ ფაქტორებს გაუმკლავდეს - ავიცილოთ შოკები ეს იქნება შიდა თუ გარე. იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი ხედავს წინაპირობას, რომ არსებობს გარკვეული გაურკვევლობით გამოწვეული პანიკური პროცესების საფრთხე, რა თქმა უნდა, ის რეზერვები უნდა გამოიყენოს. ამ რეზერვების დანიშნულება ზუსტად ამისთვისაა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო.
ბუნებრივია, რომ სებ-ი იღებს გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ეს არის საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებში. ეს ინტერვენციები არის გათვლილი და შესაბამისად, როცა საჭიროა სებ-ი ახდენს სავალუტო რეზერვების რეალიზებას და როცა საჭირო სებ-ი სავალუტო რეზერვებს ივსებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
არჩევნებამდე გაცვლითი კურსის შენარჩუნება ასე თუ ისე მოხერხდა, მაგრამ რა იქნება შემდეგ? ეს, პირველ რიგში, პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის რყევებსა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ ელოდება. ეროვნული ვალუტა შეინარჩუნებს სტაბილურობას, თუმცა შესაძლოა, გვქონდეს მცირე გაუფასურება, რაც წლის დასაწყისშიც იყო მოსალოდნელი, რადგან საარჩევნო პერიოდში ბევრი ლარი ხვდება მიმოქცევაში.
„მეორე მხრივ მოქალაქეები ცდილობენ, რომ საკუთარი დანაზოგები შეინახონ დოლარში. ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ყოველთვის ამას დარტყმა აქვს ხოლმე ლარზე. თუმცა ბაზარზე ძლიერ რყევებსა და ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა კაპანაძემ.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ტრანზაქციებიც შეაფასა.
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენ ბოლო 10 დღის განმავლობაში ვხედავთ, არის აბსოლუტურად სწორი, რადგან პოლიტიკურად დაძაბული საარჩევნო გარემო გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მათ შორის ლარის გაცვლით კურსზე. იმისათვის, რომ გარკვეულმა მოლოდინებმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმა, ასევე ერთჯერადმა ტრანზაქციებმა არ მოახდინოს ერთჯერადი გავლენა ლარის კურსზე და ჩვენ არ მივიღოთ სწრაფი დევალვაცია, პულსზე ხელი ედოს ეროვნულ ბანკს და საჭიროების შემთხვევაში მყისიერად ჩაერიოს“, - აღნიშნა კაპანაძემ.
მისი თქმით, სავალუტო ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესაა, რომ შეაჩეროს ბაზარზე ლარის გაუფასურება, თუკი ეს ფუნდამენტური ფაქტორებიდან არ არის გამოწვეული.