ახლა საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მართალია, ბოლო წლებში ამ მხრივ არსებული სტატისტიკა დადებითად გამოიყურება და შედეგი სულ უფრო უკეთესია, თუმცა უმუშევრობის დონე მაინც მაღალია. შესაბამისად, მთავრობა უკვე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რაც მიზნად ისახავს არსებული მაჩვენებლის 2/3-ით შემცირებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეორე კვრტალის მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი 13,7%-ია.
„ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%).
ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის 21 წევრ ქვეყნას აქვს.
4%-ზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში მხოლოდ ნიდერლანდებს, გერმანიას, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს და ჩეხეთს აქვს, საიდანაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (2,7%) ჩეხეთშია“, - დაწერა სოციალურ ქსელში პაპუაშვილმა.
ძალიან ამბიციურ და ცოტა საეჭვო გეგმას სრულად იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემცირდება სიღარიბე და 2028 წლისთვის მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა.
„გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში და ამისთვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს. სიღარიბეს რაც შეეხება, 1 მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 440 ათასამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წლისთვის.
საშუალოვადიან პერიოდში 2024-29 წლებში ჩვენს ქვეყანას ექნება ანალოგიურად ფართო რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი ახორციელებს. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამისათვის. რაც შეეხება წლევანდელ პროგნოზს, 2,5-ჯერ აჭარბებს ის ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება 2024-2029 წლებს, ამ შემთხვევაში, ჩვენი უპირატესობა არის. დაახლოებით 1,6-ჯერ აღემატება ჩვენი პროგნოზი იმ პროგნოზს, რომელიც არის გათვალისწინებული სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის.
ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეს ტემპი. ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. აქაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ჩვენ გვაქვს ამისათვის გაწერილი კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც 2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, კონკრეტული პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სპეციალისტებიმ მიიჩნევენ, რომ თეორიულად შესაძლებელია დასახული მიზნის მიღწევა, მაგრამ პრაქტიკულად ეს ძალიან ძნელი განსახორციელებელი იქნება, მით უფრო არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში. როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, დღეს არსებული მიდგომით და სხვადასხვა სოციალური პაკეტებით სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია 4 წელიწადში კარგი შედეგის მიღწევა, მაგრამ მთავრობის გეგმის განხროციელება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებასა და ინკლუზიობის ზრდაზე. ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რეალურად, მისი გადაცემა რიგით მოქალაქეებზე საკმაოდ დაბალია. ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკური ზრდის ასახვა საერთოდ არ ხდება, მაგრამ მცირეა. ეს განპირობებულია იმით, რომ ინკლუზიერობის მაჩვენებელი არის საკმაოდ დაბალი.
რეალურად უნდა მოხდეს ბიზნესის დაკრედიტება, კერძო სექტორის წახალისება, ეკონომიკაზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნა. ახალი ველოსიპედის მოგონება საჭირო არ არის, ძალიან ბევრი აპრობირებული მეთოდი არსებობს“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.