ქვეყანაში დაბალი და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები იქმნება, სადაც მსჯავრდებულთა განთავსება რისკების მიხედვით მოხდება, რისკების სახეები და კრიტერიუმები კი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები - „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორიც მთავრობაა.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ის პირები განთავსდებიან, რომელთა მხრიდან მათი პიროვნული თვისების, დანაშაულის ჩადენის მოტივის და შედეგის ან/და პატიმრობაში გამოვლენილი ქცევის გათვალისწინებით რისკები და საფრთხეები დაბალია.
პროექტის თანახმად, ამ ტიპის დაწესებულებაში პირის განთავსება მისი წერილობითი თანხმობით მოხდება და ამ დაწესებულებაში სავალდებულო იქნება სწავლა ან/და მუშაობა. ამასთან, დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავდებულებს სხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავდებულებისგან განსხვავებული (უკეთესი) პირობები ექნებათ. მათ შორის ულიმიტო სატელეფონო საუბარი და ასევე მათ ერთი წლის განმავლობაში, ექვსი ხანგძლივი პაემანი ექნებათ, ხოლო წახალისების ფორმით, მათ დამატებით სამი პაემანის უფლება მიეცემათ.
რაც შეეხება მაღლი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მასში განთავსდებიან საშიშროების მაღალი რისკის მქონე პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის მოტივი, დამდგარი მართლსაწინაღმდეგო მოტივი ან/და დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთ, ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, სამართალდამცავ ორგანოებსა და სახელმწიფოს.
ცვლილებებით, ამ ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს გარკვეული უფლებრივი შეზღუდვები ექნებათ, მათ შორის მათ არ ექნებათ ხანგძლივი პაემნის, შრომითი უზრუნველყოფის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, დაწესებულების დროებითი დატოვების (გარდა ახლობელის გარდაცვალების შემთხვევისა) და ვიდეოპაემნის უფლებები. ამასთანავე, ინიციატივით, მათ მიერ სატელეფონო საუბრები განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომრებზე და დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მსჯავდებულებისგან განსხვავებით, ისინი წელიწადში ერთი ხანმოკლე პაემნით ისარგებლებენ, წახალისების ფორმით კი, თვეში ერთ ხანმოკლე პაემანის უფლებას მიიღებენ.
ზემოთაღნიშნული სიახლეების გარდა, პროექტით, არასრულწლოვანთა დაწესებულების სახელწოდება იცვლება, მას „არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება“ დაერქმევა და არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, მათი წახალისება მოხდება - კომპიუტერული თამაშების ნებართვით, აუდიო-ვიდეო საშუალებებით სარგებლობის უფლებით, ამასთანავე, არასრულწლოვანებს ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების და ნაკეთობების მიღება შეეძლებათ, რისი ქონის უფლებაც დაწესებულებაში მყოფ მსჯავდებულს ჩვეულებრივ არ აქვს.
კანონპროექტით, დაწესებულების სამეურნეო სამუშაოებში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დასაქმება დაუშვებელია.
მთავრობის განმარტებით, კანონპროექტი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების და მათი რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, გარკვეულ სიახლეებს ითვალისწინებს, მათ შორის ცვლილებებით, მსჯავდებულთა ფართები იზრდება. კერძოდ, ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე, ხოლო ერთ ბრალდებულზე 3 კვ. მეტრზე ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ კოდექსის ახალი რედაქციით იმ პირთა წრეც იზრდება, რომლებთანაც ბრალდებულებს/მსჯავრებულებს ხანმოკლე პაემნის საშუალება მიეცემათ. კერძოდ, დაწესებულებაში მყოფ პირებს მომავალში საშუალება იმ ადამიანის ნახვა მიეცემათ, ვისთანაც საერთო შვილი ჰყავთ, ისინი ისარგებლებენ დედინაცვლის, მამინაცვლის, მეუღლის მშობლებისა და გერის ნახვით. ქალ მსჯავდებულებს კი, საოჯახო პაემნის უფლება მიეცემათ დამატებით გერთან, შვილიშვილთან, ბებიასთან, ბაბუასთან და ასევე იმ პირთან ვისთანაც საერთო შვილი ჰყავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ სიახლეების პარალელურად, ხანგძლივი პაემნის ხანგძლივობა 24 საათიდან 23 საათამდე მცირდება, რაც მთავრობის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ არსებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში, ხანგძლივი პაემნის უფლებით სარგებლობაზე ყველა მსჯავდებულის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.
კანონპროექტი ახლებურად იმ მუხლსაც აყალიბებს, რომლის გათვალისწინებით, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული ხდება მისთვის ან სხვისთვის მიყენებული ზიანითვის გაწეული მკურნალობის ხარჯები იმ შემთხვევაში აანაზღაუროს, თუ აღნიშნული ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არის მიყენებული.
ამასათანავე, კანონპროექტით, დისციპლინურ დარღვევათა ნუსხას ემატება დაწესებულების ტერიტორიაზე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა, რისთვისაც ცვლილებებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასევე პროექტით, მსჯავრდებულს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ იგი დისციპლინური სახედლის მოქმედების ვადაში კოდექსით გათვალისწინებულ დისციპლინურ დარღვევას ჩაიდენს.
ახალი ნორმების პარალელურად, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის ანაზღაურების მიცემა მოხდება.
კანონპროექტით განსაზღვრულია ასევე იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით დასაშვებია. კერძოდ, სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს ემატება - ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, სკამი და საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი.
აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასებით, ცვლილებების მომზადება განაპირობა საქართველოს პენიტენციალური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობამ.
პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიიდან დაიწყება, რომელიც 4 თებერვალს გაიხსნება.