ანაკლიის პორტის მშენებლობის სამუშოები უკვე აქტიურ ფაზაში გადადის. მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ღრმაწყლოვანი ნავსადგური იმაზე ადრე შევიდეს ექსპლუატაციაში, ვიდრე გეგმით არის გათვალისწინებული. საბოლოო თარიღი კი 2029 წელია, როდესსაც პორტი ტვირთების გადამუშავებას დაიწყებს.
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინა. მისი თქმით, ბელგიურმა კომპანიამ „იან დე ნული“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ანაკლიაში მუშაობა 16 სექტემბრიდან დაიწყო.
ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, უკვე გაწეულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიღო. მათ შორის, განხორციელდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV – სთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობის სამუშაოებსა და პროექტირებაზე. მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის თანახმად, დაიწყება დაახლოებით ერთი კმ სიგრძის მქონე ტალღმტეხელის მოწყობისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შემოტანა სამშენებლო მოედანზე და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
ზურაბ სიჭინავას განცხადებით, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი სპეციფიკური და რთული საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით, დაქირავებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპელი დამოუკიდებელ ინჟინერთა გუნდი.
„დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება“, - აღნიშნა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. ის დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს უსაფრთხოებას.
„რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება. უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას“,- განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა კი წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს მიაღწევს.
ანაკლიაში ნავსადგურის პარალელურად სხვა ეკონომიკური აქტივობებიც იგეგმება, რომელიც როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ადგილზე შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
„პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 600 000 კონტეინერს. პირველ ეტაპზე, ჩვენ ავითვისებთ დაახლოებით 85 ჰა ტერიტორიას. საბოლოოდ, 9 ფაზის დასრულების შემდეგ ვიცით, რომ პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. ჩვენ, საბოლოოდ მოვიცავთ 400 ჰა-მდე ტერიტორიას და დამატებით გვექნება სამრეწველო თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების პროექტი, რომელიც თავის თავში ასევე მოიცავს დამატებით 600 ჰა ტერიტორიას. აქ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სამრეწველო, საწარმოო, სავაჭრო აქტივობები, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დასაქმების წყარო იქნება რეგიონისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
600 ჰა-ზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეა ახალი არ არის. ის, ჯერ კიდევ 2015 წელს გააჟღერდა.