ბოლო ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს უმცირესობის თხოვნა დააკმაყოფილა და რიგგარეშე სხდომა დღესვე 20.30 საათზე დანიშნა. მანამდე კი საკრებულოში მოვლენები დაძაბულად მიმდინარეობდა.
კერძოდ, დედაქალაქის საკრებულოს უმცირესობამ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დღევანდელ სხდომას აღარ დაესწრნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში თბილისის ბიუჯეტის საკითხის განხილვა არ იყო შეტანილი. პარალელურად, საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატებმა მიმართვა გაუგზავნეს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს და სთხოვეს, დაინტერესდნენ საკრებულოში მიმდინარე პროცესებით.
დღესვე ნაციონალებმა საკრებულოს მიმართეს და რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვეს. მათი განმარტებით, მოთხოვნიდან შვიდი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია, სხდომა ჩაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოს წევრებს შეუძლიათ, მოიწვიონ სხდომა და ნახევარზე მეტი დეპუტატის შეკრების შემთხვევაში, გადაწყვეტილება უშუალოდ მიიღონ.
„თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდება, შემოღებულ იქნება ფედერალური მმართველობა და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, დედაქალაქს თავზე დაასვამენ ირაკლი შიხიაშვილს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების“ წარმომადგენელმა თემურ გრიგალაშვილმა.
საკრებულოს წევრის, მამუკა ახვლედიანის თქმით, საკრებულოს დღის წესრიგში მხოლოდ ქუჩებისთვის სახელის დარქმევის საკითხია შესული, საკრებულოს ბიუჯეტის არმიღება კი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და 29 დეკემბრის შემდეგ, ანუ იმ დღის შემდეგ, რაც ბიუჯეტი ჩავარდა საკრებულოს სხდომაზე, არცერთი შენიშვნა არ იყო მიწოდებული ქალაქის მთავრობისთვის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
„თბილისის ბიუჯეტისთვის მხარის არდაჭერა მხოლოდ შიხიაშვილის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება არ არის, ეს არის პოლიტიკური შედეგი და ამის თავი და თავი არის „ქართული ოცნება“ და მისი მარიონეტული შემსრულებელი აღმოჩნდა საკრებულოს წევრების ნაწილი“, - განმარტა მამუკა ახვლედიანმა.
მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძეც რიგგარეშე საკრებულოს სხდომის დანიშვნას მოითხოვდა, სადაც თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი განიხილებოდა.
საკრებულოს უმრავლესობა კი აცხადებდა, რომ პოლიტიკური მოტივები აქ არაფერ შუაში არ იყო და მერიიდან საკრებულომდე დოკუმენტების გამოგზავნას დასჭირდა გარკვეული დრო. პარალელურად, ირაკლი შიხიაშვილმა ორშაბათს საკრებულოში მიიწვია „ნდობის კრედიტგაუქმებული“ სევდია უგრეხელიძე და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი. თუმცა მოგვიანებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღესვე საკრებულოს სხდომის დამთავრებიდან სულ რაღაც ორ საათში დანიშნა.
„ჩემი დამოკიდებულება ბიუჯეტთან დაკავშირებით არის ცალსახა - ბიუჯეტი უნდა იყოს ისეთი, როგორც ქალაქს სჭირდება და არა ისეთი, როგორც რომელიმე პარტიას სჭირდება. ძალიან დაბალია მათი ნდობის მანდატი. ბუნებრივია, ნულის ტოლამდეა დასული დღევანდელი ქალაქის მთავრობის მიმართ ნდობა, ვინაიდან ქალაქის მთავრობაც დანიშნულია და დანიშნულია მერის მოვალეობის შემსრულებელიც, დანიშნულია იმ მერის მიერ, რომელიც ბრალდებულია 50 მილიონის გაფლაგვაში. თუ გვინდა, რომ ორდინალური გახდეს ჩვენი ურთიერთობა, უნდა შეწყდეს ქალაქის მთავრობის, გამგებლების მხრიდან ბრალდებების ნიაღვარი, რომელიც მათგან მომდინარეობს. არ შეიძლება მერია გადაიქცეს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ფილიალად. მათი ქმედება ემსგავსება საბოტაჟს. ისინი პასუხიმგებლობით უნდა აღიჭურვონ საკრებულოს მიმართ და არა ერთი პარტიის მიმართ, რომელიც აეროპორტის ტრასაზე მდებარეობს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
For.ge-სთან საუბარში მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ გამინჯვნა და ბოიკოტი საქმეს ვერ შველის.
„მე და კახა კუკავამ გავგზავნეთ წერილი სევდია უგრეხელიძის სახელზე, მერიაში, ჩვენეული შესწორებებით მათ მიერ შემოტანილ ბიუჯეტთან დაკავშირებით. დღესვე მივიღეთ პასუხი, რომ მერია გაეცნო ჩვენს წინადადებებს, ინტერესით მოეკიდა და ჩვენთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ამდენად, ცოტა გაურკვეველია, მერიას შეხვედრა და ბიუჯეტის განხილვა უნდოდა და ამ დროს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაჩქარებულად, დღევანდელ სხდომაზევე ითხოვდნენ ბიუჯეტის განხილვას. მართალი გითხრათ, ვერ გავიგე“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე და გამოსავალს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრაში ხედავს.
მისი აზრით, საკრებულოს უკითხავად ერთმნიშვნელოვნად მერია საკითხს ვერ გაიტანს და ვერც საკრებულოს პოზიცია გაიმარჯვებს მერიის წინაშე. ხოლო, თუ კომპრომისი არ მოხდება, მაშინ თვენახევრის შემდეგ ამოქმედდება საკრებულოსა და მერიის დათხოვნა და ცენტრალური მმართველობის შემოღება, რაც მამუკა კაციტაძეს ჯიუტი თხების ზღაპარს აგონებს, როცა ორივენი მდინარეში აღმოჩნდებიან.
For.ge ყოფილ ვიცე-მერს, მამუკა ახვლედიანსაც ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ, სახელდახელოდ დანიშნულ საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომას ნაციონალები არ დაესწრებიან.
„ახლა გავიგე, რომ დღეს დანიშნეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. ვეცდებით, ჩვენი დეპუტაციის მობილიზება მოვახდინოთ. ეს კაცი (შიხიაშვილი) სრულიად არაადეკვატურია. ერთი საათია, რაც დამთავრდა საკრებულოს სხდომა და ახლა ნიშნავს რიგგარეშეს. რატომ? ვერც ჩაატარებს, ელემენტარულად კვორუმი არ ექნება. ჩვენ ვერ და არ დავესწრებით ამ სხდომას. ჩვენ გვაკლია ორი დეპუტატი, ეს მან კარგად იცის. ისინი მივლინებაში არიან. ჩვენ ბიუჯეტის განხილვა გვინდოდა და არა - ჩაგდება“, - გვითხრა მამუკა ახვლედიანმა.
მისი თქმით, სევდია უგრეხელიძის შეხვედრა საკრებულოში ორშაბათს ნამდვილად შედგება, პირადად ისიც მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას.
„ჩვენ არაფერს არ ვაჩქარებთ, ჩვენ ვითხოვთ, დავსხდეთ, განვიხილოთ კომისიის და ფრაქციების ვარიანტში დედაქალაქის ბიუჯეტი და შემდგომ მივიღოთ ან არ მივიღოთ. რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ვითხოვთ, მაგრამ ამას უნდა უსწრებდეს პროცედურულად განსაზღვრული ნორმები, ბიუჯეტის განხილვა კომისიასა და ფრაქციებში და წინადადებების წარმოდგენა, თუ რა პრეტენზიები აქვს საკრებულოს“.