ვაკეში, ჭავჭავაძის N29-31-33-სა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას შორის არსებულ ტერიტორიაზე, შპს "მოყვასი 2012" 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ჭავჭავაძის N29-31-33-ის მობინადრეები, რომლებიც "ამხანაგობა - ჭავჭავაძე 2001"-ის წევრები არიან, აცხადებენ, რომ კომპანია მრავალფუნქციურ კორპუსს დარღვევებით აშენებს, რის გამოც, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მობინადრეები შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან დახმარებას, მათი უფლებების დაცვასა და უკანონო მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ჭავჭავაძის N29-31-33-სა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას შორის მდებარე ტერიტორია 2009 წელს შეიტანეს საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. ტერიტორია რამდენჯერმე გაიყიდა, ბოლოს კი შპს "მოყვასი 2012"-მა შეიძინა, რომელიც, თავდაპირველად, 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. სამი წლის განმავლობაში, თბილისის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ამ ტერიტორიის მწვანე საფარი განადგურდებოდა. გარდა ამისა, იმის საშიშროებაც იყო, რომ ახალი ობიექტი, ჭავჭავაძის N29-31-33-ში, უკვე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის წითელ ზოლში შეიჭრებოდა. 2013 წლის ოქტომბერში, მოულოდნელად, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შპს "მოყვასი 2012"-ს ოფიციალური ნებართვა მისცა და კომპანიამ 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რისთვისაც იშვიათი ჯიშის, 30-წლიანი ხეები მოჭრეს, "ამხანაგობა - ჭავჭავაძე 2001"-ის წითელ ზოლში შეიჭრნენ, სახანძრო და მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები დაარღვიეს და გაზის მილებიც უკანონოდ გადააადგილეს.
"ვერსიაში" არაერთი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, რომელიც გიგი უგულავას სამშენებლო "ვნებებს" უკავშირდება. სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც თბილისის უფლებაშეჩერებული მერის წინააღმდეგაა აღძრული, არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაში უგულავას ქვისლის (ცოლის დის ქმრის) სამშენებლო კომპანია იღებდა მონაწილეობას. მეტიც, გუდაურის სასტუმროებშიც უგულავას მეგობრებისა და ნათესავების ინტერესები იკვეთება და ზოგადად, თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერებში, ხშირად მისი ძმის კუთვნილი კომპანია იმარჯვებდა. მართალია, ჭავჭავაძის N29-31-33-ის მობინადრეებს ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ, რომლითაც ამავე მისამართზე, 22-სართულიანი კორპუსის უკანონო მშენებლობაზე ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა და გიგი უგულავას თანხმობის გარეშე, ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა. ალბათ, ესეც გახდა მიზეზი, რომ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, 22-სართულიან შენობას თავად უგულავა აშენებს.
საეჭვოა ისიც, რომ სამი წლის განმავლობაში, ნებართვა მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიცა. როგორც ჩანს, ოფიციალური შედეგის დადგომამდე, დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოსწრებაზე იყო, თორემ სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ 10-სართულიანი კორპუსის ნაცვლად, მოულოდნელად, 22-სართულიანის მშენებლობა გადაწყდა?
"ვერსიას" ჭავჭავაძის N29-31-33-ის მობინადრე, "ამხანაგობა - ჭავჭავაძე 2001"-ის წევრი, მანანა ნავროზაშვილი ესაუბრება.
- ამ ტერიტორიის მფლობელია კომპანია "მოყვასი 2012", სადაც განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი 3.5-ია, მაგრამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ახლა ეს კოეფიციენტი 5.5-მდე გაზარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანიას ადრე 10-სართულიანი კორპუსის აშენება შეეძლო, ახლა 22 სართულიანს აშენებენ. რა თქმა უნდა, ამაზეც ვამზადებთ საჩივარს. სამი წლის განმავლობაში, თბილისის არქიტექტურის სამსახური ამ პროექტს არ ათანხმებდა. პრობლემა გამწვანება, კომუნიკაციები და კორპუსის სიმაღლე იყო. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ 2013 წლის ოქტომბერში, არქიტექტურის სამსახურმა პროექტი შეათანხმა და კომპანიამ მშენებლობა დაიწყო. არადა, პირობები არ შეცვლილა, არც ტერიტორია გაზრდილა და არც კორპუსის გაბარიტები შემცირებულა.
- ქალბატონო მანანა, გამწვანებისა და კომუნიკაციების პრობლემების მიუხედავად, კომპანიამ მშენებლობა მაინც დაიწყო?
- დიახ, და იცით, ეს პრობლემა როგორ გადაჭრეს? ერთ დღეს მოვიდნენ და ხეები ქურდულად მოჭრეს. რა თქმა უნდა, პატრული გამოვიძახეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, ხეების უკანონო გაჩეხვის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩვენ ქალაქის გამწვანების სამსახურის უფროსის წერილიც გვაქვს, რომლის მიხედვითაც, კორპუსი ხეებიდან 4 მეტრის დაშორებით უნდა აშენდეს, მაგრამ 4 მეტრი კი არა, პირდაპირ 1 მეტრშია ჩაჭრილი. მეტიც, ჩვენი კორპუსის მხარეს, ხეებს ფესვებიც კი გამოჭრეს. საერთოდ, არავითარ ნორმებს არ იცავენ და ჩვენს წითელ ხაზებშიც უკანონოდ შემოიჭრნენ. გამწვანების სამსახურმა მისწერა კიდეც სამშენებლო კომპანიას, რომ ხეების მოჭრა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ უშედეგოდ. საერთოდ, ქალაქის არქიტექტურის სამსახური აუღებელი ციხესიმაგრეა, რადგან გამწვანების სამსახურის მითითებებს არ ითვალისწინებს და როგორც გითხარით, მშენებლობის ნებართვა გასცა. სხვათა შორის, თბილისის ზედამხედველობის სამსახურიც პატიოსნად მოიქცა, რადგან 2014 წლის 17 იანვარს, მშენებლობა შეაჩერა. ზოგადად, ზედამხედველობის სამსახური იქამდე ვერ ჩაერევა, ვიდრე მშენებლობა არ დაიწყება. როდესაც კომპანიამ ხეები მოჭრა და ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, ისინი თვითონ დაუკავშირდნენ ზედამხედველობის სამსახურს.
რაც შეეხება კომუნიკაციების პრობლემას, მშენებლობის ტერიტორიაზე გაზის ხაზოვანი კვეთის მილი გადიოდა, 2013 წლის 16 მაისს, "ყაზტრანსგაზთბილისს" მივწერეთ წერილი, რათა ეს ობიექტი კონტროლზე აეყვანა, რომ გაზის მილს ჩვენს ტერიტორიაზე არ გაევლო. კომპანიამ საინტერესო პასუხი მოგვწერა: "აღნიშნული გაზსადენის გადალაგების სამუშაოები ჩატარდა შპს "მოყვასი 2012"ის საკადასტრო ხაზებში. შესაბამისად, ჩატარებულ სამუშაოს არანაირი შეხება არ აქვს "ამხანაგობა - ჭავჭავაძე 2001"-ის წითელ ხაზებთან". ამის შემდეგ, ჩვენი წითელი ხაზები დამატებით შევამოწმეთ და დავამტკიცეთ, რომ სამშენებლო კომპანია შემოჭრილია. ამაზე "ყაზტრანსგაზთბილისმა" ასე გვიპასუხა: "როგორც წითელი ხაზების განმეორებითმა აზომვამ აჩვენა, დღეს არსებული მდგომარეობით, გადალაგებული გაზსადენი 30-40 სანტიმეტრითაა შესული "ამხანაგობა - ჭავჭავაძე 2001"-ის საკადასტრო ხაზებში". უახლოეს დღეებში, ვაპირებთ, "ყაზტრანსგაზთბილისის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ. გარდა ამისა, სახანძრო უსაფრთხოების ნორმებიც დარღვეულია, რადგან ჩვენს კორპუსსა და მშენებარე ობიექტს შორის, დაშორება 8-10 მეტრი და დამატებით, კიდევ 6 მეტრი უნდა იყოს, რომ სახანძრო მანქანა შემოვიდეს და კიბე გაშალოს. ეს აუცილებელია, რათა ხანძრის შემთხვევაში, მეხანძრე ყველა ფანჯარაში შევიდეს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სამშენებლო ნორმები უკვე აღარ არსებობს, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუქმდა.
- თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ სამშენებლო კომპანიაში, ან თუნდაც ამ კორპუსის მშენებლობაში გიგი უგულავას ინტერესი იკვეთება?
- ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს.
- თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის 33-ში, უკანონოდ შენდება 22-სართულიანი კორპუსი, რის გამოც, სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული და როგორ ფიქრობთ, უგულავას ხელშეწყობის გარეშე, რომელი კომპანია გაბედავდა ამდენს?
- ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ასეთი პირდაპირი კავშირი არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური ხელს უწყობს ამ უკანონობას. შესაბამისად, ასეთი ეჭვი ჩნდება, მაგრამ დამადასტურებელი საბუთი არ გვაქვს. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიას, მათ კეთილსინდისიერ ინვესტორებს ვერ ვუწოდებთ, რადგან 2012 წელს, როდესაც ეს ტერიტორია შეიძინეს, ჩვენი კორპუსი უკვე აშენებული იყო. როცა ხედავ, ამხელა კორპუსი უკვე აშენებულია და პარალელურად, ყოველგვარი ნორმების დარღვევით, 10-სართულიანის ნაცვლად, მოულოდნელად, 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებ, კეთილსინდისიერი ინვესტორი უკვე აღარ ხარ. რაც მთავარია, ამ ტერიტორიაზე 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობა არ შეიძლება.
- როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?
- ამხანაგობამ სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი რამდენიმე მიმართულებით. პირველი - დაუყოვნებლივ შეჩერდეს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა, მეორე - "ყაზტრანსგაზთბილისს" ვუჩივით ამ უკანონობის გამო და მესამე - უკვე მოვამზადეთ სარჩელი იმის გამო, რომ 3.5-იანი კოეფიციენტი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 5.5-მდე გაზარდეს.