"ახალი პროკურორისთვის ყველაზე სერიოზული კეზერაშვილის საქმე იქნება"

"ვერ შედგა ვერც ერთი სახელმწიფო, სადაც არ არის სამართლიანობა. ამაში მთავარ პროკურატურას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. სამართლიანობის განცდა საზოგადოებას სასამართლოსთან ერთად, სწორედ პროკურატურამ უნდა დაუბრუნოს. გიორგი ბადაშვილს პირველ რიგში მინდა მივულოცო მთავარ პროკურორად დანიშვნა და წარმატებები ვუსურვო. როგორ ადვოკატს, მე პირადადაც მქონია მასთან წმინდა სამართლებრივი ურთიერთობა. გარდა ამისა, იურიდიულ საზოგადოებაშიც გავიკითხე ამ ადამიანის შესახებ და რა ინფორმაციაც გამაჩნია, ყველა კუთხით მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა ხაჭაპურიძე: "ახალი პროკურორისთვის ყველაზე სერიოზული კეზერაშვილის საქმე იქნება".

"მოდით, ჩვენ მას პროფესიონალიზმის კუთხით შევხედოთ. ამ ადამიანს დაწყებული აქვს მუშაობა რიგით გამომძიებლად. მე ვთვლი, რომ რიგით პროკურორადაც არ უნდა დაინიშნოს ადამიანი, ვისაც გამოძიების სკოლა არ აქვს გავლილი, ეს არის აქსიომა - ვინც იურისტია და განსაკუთრებით პროკურატურაშია ნამოღვაწარი, ძალიან კარგად იცის, რომ თუ გამოძიების სკოლა არა გაქვს გავლილი, ეს არის ზღაპარი, რამე ნორმალურ პროკურორად ჩამოყალიბდე. ბადაშვილს ეს სკოლა გავლილი აქვს. მან ასევე საგამოძიებო სტრუქტურებში მიიღო დაწინაურებები, შემდეგ მუშაობდა ოპერატიულ სამსახურშიც და საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. მართალია, ის არ არის პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციისთვის უკეთესიც კია, რომ ასეთი კადრი დაინიშნა ამ თანამდებობაზე. მას წინ უამრავი გამოცდა ელოდება. ყველა საქმე სერიოზულია, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული იქნება ალბათ კეზერაშვილის საქმე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.

"კეზერაშვილის მიმართ უამრავ ფაქტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მის წინააღმდეგ თავდაპირველად საქმე აღიძრა მთავარ პროკურატურაში, დაიწყო გამოძიება ქონების წართმევის ფაქტებზე, ფულის გათეთრების ფაქტებზე და ა.შ. და ა.შ. უამრავ ფაქტზეა საუბარი, დაიკითხა მოწმეები და შემდეგ ეს საქმე, ნაცვლიშვილის მითითებით, გადაიგზავნა საფინანსო პოლიციაში - რა მიზანს ემსახურებოდა საქმის გადაგზავნა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უცნობია. დღეს ეს საქმე აწერია საფინანსოს გამოძიებელ ლაშა ცაცუას. დადებითი პიროვნებაა, მაგრამ ფაქტია, ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს. მოგეხენებათ, კეზერაშვილის საქმეში საფრანგეთთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურები არიან ჩართული - ჩვენი მეგობარი ქვეყნები მას მნიშვნელოვან თემებზე ედავებიან (არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კეზერაშვილი იარაღის ვაჭრობით იყო დაკავებული). რაც შეეხება კეზერაშვილის დანარჩენ საქმიანობას, სადაც აბსოლუტურად მთელი კოლაჟია მოცემული, მთელი სურათია შექმნილი ამ ადამიანის შესახებ", - განაგრძობს ადვოკატი.

"კარგი იქნება თუ დაინტერესდებით, რატომ არის ეს საქმე გაჩერებული/ საფინანსო პოლიციაზე და ზოგადად პოლიციაზე ზედამხედველი ორგანო გახლავთ პროკურატურა და აქედან გამომდინარე, გიორგი ბადაშვილს საკმაოდ სერიოზული სამუშაო ხვდება წინ. უკვე აღარაფერს ვამბობ ჟვანია მკვლელობაზე და მსგავს გახმაურებულ საქმეებზე. თუმცა კეზერაშვილთან დაკავშირებული საქმე მნიშვნელოვანია - ხელისუფლებამ, უნდა თუ არ უნდა, ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, - წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხს გასცემს საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურები და ჩვენ საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით" - განმარტავს შალვა ხაჭაპურიძე.

"ცალსახაა, რომ კეზერაშვილს მფარველი ჰყავს სასამართლო სისტემაში - მხედველობაში მყავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი ძმა პარლამენტარი და ზოგადად "ნაცმოძრაობა". კუბლაშვილი, ჩვენდა სამწუხაროდ და ქვეყნის საუბედუროდ. არის არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ "ნაცმოძრაობის" მფარველი მაღალი სახელმწიფო მოხელე. ღვთის წყალობით, გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც მას არ ემორჩილებიან და იღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს. თუმცა სასამართლო ჯერჯერობით "ნაცმოძრაობის" ხელში რჩება - ერთი პარტიის მსახურია და არა მთლიანად ქვეყნის და სახელმწიფოსი. ამიტომ, დღეს მთავარი პროკურორი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ურთულეს კითხვებს უნდა გასცეს პასუხი", - დასძენს რესპონდენტი.

"მე გამაჩნია უტყუარი ინფორმაციები, რომ იგივე მოსამართლე ცერცვაძე, ასევე არიან სხვა მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში - როინიშვილი, ჩინჩალაძე- ეს მოსამართლეები ყველანაირად ცდილობენ რამენაირად მიავიწყონ საზოგადოებას და ახალ ხელისუფლებას თავიანთი წარსული, ცდილობენ ახალ ხელისუფლებას გამოუცხადონ კეთილგანწყობა და ამჯერად გადმოერთონ ახალი ხელისუფლების სამსახურში - მზად არიან ახალი ხელისუფლების დაკვეთები შეასრულონ. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება რომელიმე ხელისუფლების მსახური მოსამართლე. მოსამართლე, რომელიც ვინმეს ემსახურება, ის უკვე მოსამართლე აღარ არის. ჩვენ გვჭირდება კანონის მორჩილი და კანონის მსახური მოსამართლეები, რომ ქვეყანა შედგეს - წარმოიდგინეთ, ვთქვათ, შეიქმნა ქმედუნარიანი პროკურორი ბადაშვილი და გამოძია ყველა საქმე, ეს საქმეები სად უნდა წავიდეს? იმედს ვიტოვებ, პროკურატურა იმდენად მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს დადებს, რომ კუბლაშვილის სასამართლოც უძლური აღმოჩნდება მის წინაშე", - მიიჩნევს შალვა ხაჭაპურიძე.