ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა. ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად შექმნა და „ქართუ“ ბანკის მისამართზე - ჭავჭავაძის 39ა-ში დაარეგისტრირა. ამ ეტაპზე ორგანიზაციის და მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაცია ვრცელდება.
ორგანიზაციას უკვე ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი საბანაძე. ის დღემდე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
როგორც გიორგი საბანაძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ახალი არასმთავრობო ორგანიზაცია დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა და მისი ძირითადი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იქნება.
„28 იანვარს მედიასთან შეხვედრას ვგეგმავთ და ამ შეხვედრაზე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებსაც ვუპასუხებთ“, - განაცხადა გიორგი საბანაძემ.
პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ივანიშვილის მრჩეველი გია ხუხაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას ქართული სინამდვილისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ყოფილი პრემიერისგან ხელისუფლების ობიექტურ კრიტიკას ელის.
„ბიძინა ივანიშვილს ახალი ორგანიზაციით შეუძლია სერიოზული სტიმული, ბიძგი მისცეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. სამოქალაქო საზოგადოების ფუნქცია ხელისუფლების კონტროლი, მის მიმართ კრიტიკული ხედვა და საბოლოო ჯამში, მეოთხე ხელისუფლებად ფორმირებაა. ბიძინა ივანიშვილთან მთავარი კითხვა გახლავთ ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად მისი პირმშოა. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ის არასტანდარტულად მოაზროვნე პიროვნებაა და ეჭვი არ მეპარება, რომ დისტანცირებას და ხელისუფლების კრიტიკას მოახერხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის დისტანცირებულია ხელისუფლებისგან, მაგრამ საზოგადოებასაც უნდა აჩვენოს, რომ ეს ყველაფერი რეალობაა“, - განუცხადა for.ge-ს გია ხუხაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი კი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენილიყო, მთავრობისთვის ეხელმძღვანელა და დაპირებები შეესრულებინა.
„როგორ შეუწყობს ხელს ამ დაპირებების შესრულებას არასამთავრობო სექტორიდან, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა, რასაც ვხედავთ, დღეს მთავრობა კვლავ მასთან გადის კონსულტაციებს, რასაც ხმამაღლაც ამბობენ. ორგანიზაციის სახელწოდება „მოქალაქე“ ერთგვარად გვახსენებს პერიოდს, როცა „მოქალაქეთა კავშირი“ არსებობდა, რომელსაც ჰქონდა პროგრესული იდეებიც თავიდან, მაგრამ შემდეგ უარყოფითად განვითარდა მისი ბედი. ივანიშვილს ფული აქვს, როგორც ჩანს, იდეებიც აქვს და დააფუძნა ორგანიზაცია. ყველა ახლად შექმნილ ორგანიზაციას ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებ,“- განუცხადა for.ge-ს გიგი წერეთელმა.
მისი თანაგუნდელ გოგა ხაჩიძე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდებით სხვა კუთხით დაინტერესდა.
„პირველი კითხვა რაც გამიჩნდა, არის ის, რომ ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი თვითონ თუ გახდა მოქალაქე?!“- სვამს კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს მილიარდები და, შესაბამისად, შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორი კი არა ყინულით დაფარული ანტარქტიდაც აამუშავოს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაგუნდელები კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება საზოგადოებას კარგა ხნის წინ ამცნო და საზოგადოება ამ ნაბიჯს უკვე ელოდა.
„მნიშვნელოვანი სახელით მოგვევლინა დღეს ეს ორგანიზაცია. ვფიქრობ, მთელი არსი სახელწოდებაში დევს და გასაგებია, რას აპირებს, რა გეგმები და მიზნები აქვს. ობიექტური მდგომარეობაა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ფხიზელი თვალით უყურებდეს მოვლენებს, არ იყოს იმ რუტინაში ჩართული და არ იხარშებოდეს იმ წვენში, რომელშიც ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფი ძალები იხარშებიან. ამიტომ, ამ პოზიციიდან უფრო მარტივად და საღად შეგიძლია უყურო მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ველოდებით ამ ორგანიზაციის გააქტიურებას“, - განუცხადა for.ge-ს თინა ხიდაშელმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია საქართველოს მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს.
„გადაწყვეტილებას მივესალმები. ორგანიზაციის პრეზენტაციაზე მიზნები და გეგმები გაცხადდება. პირადად ბატონ ბიძინას და ამ ორგანიზაციას წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრი კარგი საქმის დასაწყისი იქნება და სარგებელს ბევრი მოქალაქე ნახავს“, - აცხადებს მანანა კობახიძე.