ქართველებს სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკით თავი მოგვაქვს, თუმცა ეს სიყვარული ხშირად მხოლოდ გრძელ სადღეგრძელოებში გამოიხატება და როგორც ჩანს, ალკოჰოლურ სასმელებში იხრჩობა. ხშირად იმასაც ვამბობთ, რომ ქართველები ყველაზე კარგი ერი ვართ, ამ დროს კი შეიძლება ჩვენი პატივსაცემი და საყვარელი მსახიობის ბიუსტს თავზე მწვანე საღებავი გადავასხათ... პოლიტიკური მოწოდებებითა და სასიყვარულო ტექსტებით აჭრელებულ ძეგლებზე რომ არაფერი ვთქვათ, თბილისის ქუჩებში განადგურებული ინვენტარი ვიღაცას აუცილებლად ათქმევინებს, რომ ამ ქვეყანაში ვანდალიზმით შეპყრობილ ადამიანებს ფართო ასპარეზი აქვთ.
თბილისი, და არა მარტო თბილისი (მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ასუფთავებს), ნაგვით სავსეა - ავტობუსიდან ჩამოსული მგზავრები ბილეთებსა თუ ხაჭაპურის ნარჩენებს პანტაპუნტით რომ ისვრიან, ამასაც თითქოს შევეგუეთ. ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ვერც ყოველი ფეხის ნაბიჯზე დადგმულმა ნაგვის ურნებმა გამოასწორა და ვერც ამა თუ იმ პიარკამპანიამ (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზოგან ურნები საერთოდ არ არის). თბილისის ქუჩებში მიმავალს ბევრჯერ მინახავს ძირგამომწვარი ნაგვის ურნები და მის იგვლივ მიმოფანტული ნაგავი. რატომ უნდა წაუკიდო ცეცხლი ნაგვის ურნას, ამაზე პასუხის პოვნა ძნელია…
ალბათ შეგიმჩნევიათ ავტობუსის გაჩერებებზე გაკრული ასეთი შინაარსის განცხადება: "ტერიტორიას აკონტროლებს ვიდეოთვალი! გაჩერებების დაზიანება ან ნებისმიერი ვანდალური ფაქტის გამოვლენა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება კანონით." ამ განცხადების გამოკვრას თავისი მიზეზები აქვს, გაჩერებებზე დალეწილი შუშები და სკამები ხომ ყველას გვინახავს...
თავდაპირველად გაჩერებებზე გამოჩენილ წითელი პლასტმასის სკამებს ვანდალები შედარებით იოლად "გაუმკლავდნენ", თუმცა არც რკინის სკამებს შეუშინდნენ და თუ მთლად ვერ დალეწეს, მათი მოგლეჯით გული ხომ მოიოხეს! ჰოდა, გაჩერებაზე ჩამოსხდომის მსურველებს მეტი რაღა დარჩენოდათ, რომ სკამები ახლომდებარე პარკიდან არ წამოეჩოჩებინათ. "ამ ხალხს არაფერი ეშველება, ყოველ დილით რაღაც მხვდება გაფუჭებული. ვიღაცას პარკიდან სკამი გაჩერებაზე მოუთრევია და ახლა ნახეთ, ის სკამი რას ჰგავს, ისე გაანადგურეს, დაჯდომა შეუძლებელია,"
გზას ვაგრძელებ და ვხედავ, რომ ცენტრალურ ქუჩებშიც ასეთივე მდგომარეობაა. რუსთაველის გამზირზე ყოველ მეორე თუ მესამე სკამს ან მოაჯირი აქვს მოგლეჯილი, ან საზურგე.
ერთ-ერთ პარკში სკამი ხომ სართოდ არ დამხვდა და საქანელებიც კი მოეგლიჯათ უგუნურებს. ერთხანს ჩამოვჯექი, ქარი ჭრაჭუნით ისე არწევდა ამ განადგურებულ და უკვე დაჟანგულ საქანელებს, რომ ომგამოვლილ, უბავშვოდ დარჩენილ ქალაქში მეგონა თავი. არა, ასეთ პარკში ნამდვილად ვერ დაისვენებ, ცუდი მოგონებები მომეძალა და იქაურობას გავერიდე… მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს ჯებირია მოხსნილი, როგორც ჩანს, ყინვაში ღამის გამთევებს აქ ცეცხლიც კი დაუნთიათ. იქვე მჯდომი გამყიდველი მეუბნება, რომ ეს ადგილი "უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს" ეკუთვნის, ჯებირი კი მეძავებს თურმე მანქანებთან მიახლოებაში უშლიდათ ხელს…
გზად კიდევ ერთ, შედარებით "უწყინარ" ვანდალურ ფაქტს ვაწყდები - ილიასა და აკაკის ძეგლზე ვიღაცას სასიყვარულო სტრიქონები წაუწერია. ამის დანახვაზე წლებისწინანდელი ამბავი მახსენდება: სატრფოსგან უარყოფილმა ახალგაზრდამ ბარათაშვილის ხიდზე ჩამომსხდარი შეყვარებული წყვილების ქანდაკებები დაცხრილა. მაშინ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა, როგორც მახსოვს, დამნაშავეს ვერ მიაკვლიეს…
"ექსკურსიას" თბილისის ცენტრალური ქუჩების დათვალიერებით ვასრულებ და შინისაკენ ავტობუსით მივეშურები. ჩვენი საზოგადოების უსაქციელობა აქაც თავს მახსენებს. ავტობუსის თითქმის ყველა სავარძელი დაზიანებულია, განსაკუთრებული გაბოროტებით უკანა სავარძლებს "გასწორებიან", იქ ვინღა იქნებოდა მათი დამშლელი...