ანზორ ჩუბინიძე თანამდებობას ტოვებს. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას იგი, პირადი გადაწყვეტილებით, თვის ბოლოს დატოვებს. თუმცა, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანზორ ჩუბინიძე თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტის საფუძველზე ტოვებს.
ჩუბინიძის გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ანზორ ჩუბინიძე მიმდინარე თვის ბოლოს მართლაც აპირებს დატოვოს დაკავებული თანამდებობა ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან უკვე აცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სრულიად უსაფუძვლოა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, არსებობს რაიმე დაპირისპირება. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩუბინიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა, რომლის განცხადებით, ჩუბინიძე თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტის საფუძველზე ტოვებს.
„ჩუბინიძემ დაკავებული თანამდებობა პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების გამო დატოვა. ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა განცხადება დღეს დილას დაწერა. ჩემი ინფორმაციით, მას პრობლემები ღარიბაშვილთან ჰქონდა. გაპრემიერების შემდეგ ღარიბაშვილმა უარი თქვა სპეცსამსახურის დაცვაზე და გარკვეული პერიოდი ისევ შსს-ს დაცვით სარგებლობდა.
ეს ინციდენტი მაშინ ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ დარეგულირდა. დღეს კი ჩუბინიძე იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. საუბარია იმაზეც, რომ საკადრო ცვლილებები უწყებაში მოადგილეებსაც შეეხებათ“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძემ თემურ ჯანაშია შეცვალა. თანამდებობა მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა. საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობა 2850 თანამშრომლით, ბიუჯეტი კი 42 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსად მუშაობდა.