1-ელი სექტებრიდან საქართველოში მედიკამენტების უმრავლესობა რეცეპტით გაიყიდება. თუმცა, კვლავ რჩება გადაუდებელი აუცილებლობისთვის საჭირო წამლების ნაირსახეობა, რომელთა ყიდვასაც მომხმარებლები შეუზღუდავად შეძლებენ, ასეთი კი დაახლოებით 5500 პრეპარატია. წამლების რეცეპტებით გაყიდვის დანერგვა უკვე დაწყებულია და თვეების განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
„რეფორმის ძირითადი მიზანი ჯანდაცვის მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებაა, რომელიც არა სტიქიური და ველური ბაზრის პრინციპებზე, არამედ, პაციენტის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული,“- განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრების დეტალების გარდა ისეთ საკითხებზეც ისაუბრა, როგორიცაა „სააფთიაქო ნარკომანია“ და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა.
დავით სერგეენკოს განმარტებით, რეფორმაზე მუშაობის პერიოდში ორი მთავარი საკითხი გამოიკვეთა - კატასტროფული მასშტაბების სააფთიაქო ნარკომანია და თვითმკურნალობის მაღალი რისკი, რაც განსაკუთრებით მწვავედ მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში აღინიშნება.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეცეპტებზე გადასვლასთან დაკავშირებული რეფორმა ორი ნაწილისგან შედგება. ერთია სავალდებულო საკანომდებლო და მეორე - სარეკომენდაციო მოსამზადებელი.
რეფორმის ფარგლებში უკვე აიკრძალა არასრულწლოვნებზე მეორე ჯგუფის პრეპარატების მიყიდვა, შემდეგი ნაბიჯი იქნება განსაკუთრებით სახიფათო ორი ჯგუფის - ეფედრინისა და კოდეინის შემცველი მედიკამენტის შეტანა ნარკოტიკების ჯგუფში. სწორედ, ამ ორი წამლისგან მზადდება სუროგატი ნარკოტიკები, მათ შორის, კრაკადილი. უახლოეს დღეებში მედიკამენტების პირველ ჯგუფში გადადის 6 დასახელების პროდუქტი, რომელიც ნარკოტიკებთან გათანაბრებული მედიკამენტის სატატუსს იძენს. რეგულაციები მკაცრდება ანესთეზიისთვის საჭირო პრეპარატებზეც. მედიკამენტები, რომლებიც ქირურგიული ოპერაციების დროს ნარკოზისთვის გამოიყენება, დღეს თუ თავისუფლად იყიდება, სამომავლოდ მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შეკვეთის საფუძველზე გაიცემა.
რეფორმის სარეკომენდაციო-მოსამზადებელი ნაწილის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს უახლოეს დღეებში მინისტრის ბრძანებით დაევალებათ, წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოამზადონ სამედიცინო პერსონალი, რომ 1-ელ სექტემბერს უკვე გამართულად შეძლონ რეცეპტების სისტემაზე გადასვლა.
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენეტებს კი, რომლებსაც კონკრეტული მედიკამენტების ყიდვა ხშირად უწევთ, სამინისტრო ხანგრძლივი მოქმედების მედიკამენტებს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმის მიერ მათთვის გამოწერილ რეცეპტს დაახლოებით ერწლიანი ვადა ექნება და ამ ხნის განმავლობაში რეცეპტში მითითებულ საჭირო მედიკამენტებს შეუზღუდავად იყიდიან. ერთი წლის შემდეგ კი მათ კვლავ უნდა მიკითხონ ექიმს, თუნდაც, დანიშნულების გადასახედად.
მოსახლეობას 1-ელი სექტემბრის შემდეგაც ურეცეპტოდ შეეძლება გადაუდებელი დახმარების მედიკამენტების შეძენა, რომელთა ჩამონათვალი აფთიაქებშიც იქნება გამოკრული. ასეთი იქნება, მაგალითად, ხანმოკლე და სწრაფი მოქმედების წნევის დამწევები, ძლიერი ალერგიის სამკურნალო წამლები, ბავშვებში კრუპის, ზედა სასუნთქი გზებისა შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატები.
„რეცეპტებზე გადასვლაში აქამდე ხელს გვიშლიდა მთავარი ფაქტორი - საქართველოს ყველა მოქალაქეს არ ჰქონდა ექიმთან მისვლის საშუალება. 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ კი საქართველოს მოსახლეობის 100%-ს ოჯახის ექიმთან ვიზიტი უფინანსდება სრულად და ულიმიტოდ - ნებისმიერ დაწესებულებაში ნებისმიერი სიხშირით მისვლა და ოჯახის ექიმის კონსულტაციის მიღება შეუძლიათ. ოჯახის ექიმებს კი შეუძლიათ, გამოუწერონ მათ საჭირო რეცეპტები. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ჩვენ მოსახლეობას მივეცით სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა , 2-3 თვის შემდეგ „თავისუფალი არჩევნით“ ისარგებლებენ კერძო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციარები,“- განმარტავს დავით სერგეენკო.
მინისტრი კიდევ ერთ პრობლემაზე „საფთიაქო ნარკომანიაზეც“ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ნარკომანია საკმაოდ მოქნილი სფეროა და როდესაც ნარკომანებს კონკრეტულ არხს უკეტავ, წარმოიქმნება სხვა არხები, რომლებიც არსებულზე უფრო საშიში და უკონტროლოა. სერგეენკო აღიარებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწია. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ქვეყანას უკვე ექნება შედეგზე ორიენტირებული ნარკომანიის მართვის ახალი სტრატეგია.
„ვაღიარებ, რომ ამ მიმართულების რეფორმა არ მიდიოდა ეფექტიანად. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი დავიწყეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, სამსახურის ხელმძღვანელად დავნიშნეთ ამ დარგის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი გელა ლეჟავა. ეს სამსახური და უშუალოდ ეს მიმართულება დაექვემდებარა ჯანდაცვის მინისტრის კურირების სფეროს. იმედი მაქვს, მალე წარმოვადგენთ შედეგზე ორიენტირებულ ნარკომანიის მართვის ახალ სტრატეგიას. ეს საკითხი, საბოლოოდ, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოაგვარა, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რეფორმა, რომელსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩავატარებთ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ზიანს. „სააფთიაქო ნარკომანებს“ მივცემთ საშუალებას რეალური რეაბილიტაცია შეძლონ და რაღაცნაირად მოახერხონ იმ ჯოჯოხეთიდან გამოსვლა, რაშიც ახლა არიან,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე C ჰეპატიტის მკურნალობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, 10 ათასზე მეტ პაციენტს C ჰეპატიტის მკურნალოსბისთვის საჭირო მედიკამენტი საბაზრო ფასზე 60%-ით ნაკლებ ფასად შესთავაზოს.
შესაბამისი პროექტი 1-ელი თებერვლიდან დაიწყება და მედიკამენტების 60%-იანი ფასდაკლებით შეძენა იმ პაციენტებს შეეძლებათ, რომლებსაც უკვე დიაგნოზი დადგენილი აქვს, ჩატარებული აქვთ კვლევა და ხელთ აქვთ დანიშნულება.
C ჰეპატიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა გაიარონ, შემდეგ კი მედიკამენტებ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ ავტორიზებულ აფთიაქებში შეიძენენ.