"საქართველოს ევროინტეგრაციას დასავლეთში სერიოზული ძალები ამუხრუჭებენ"

"დასავლეთს ნამდვილად არ აძლევს ხელს დღეს პოზიციის შეცვლა, რადგან ეს რუსეთისთვის კოჭის გაგორების ნიშანი იქნებოდა, არადა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება სრულიად სხვა სურათს აჩვენებს. დასავლეთი აშკარად არ ცდილობს რუსეთის გულის მოგებას. მეტიც, ვიცი, რომ აშშ და ევროპის რიგი ქვეყნები ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება არ მოხდეს. ამის ბოლო მაგალითი იყო ის, რომ სან-მარინოს სოციალისტურ ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა, მაგრამ იქ ძალიან აქტიურად ჩაერივნენ სხვადასხვა ევროსტრუქტურის წარმომადგენლები და ეს აღიარება არ მოხდა", - აცხადებს ესქპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სან-მარინოს ხელისუფლება აფხაზეთის აღიარებას აპირებდა" / "საქართველოს ევროინტეგრაციას დასავლეთში სერიოზული ძალები ამუხრუჭებენ" 

"უსუფაშვილმა ესტონეთში თავისი განცხადებით - როცა პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლეთს დასავლეთს 2008 წლის აპრილში ნაკისრი ვალდებულება შეახსენა, - მათ მიანიშნა, რომ მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, დასავლეთი დიდად არ ჩქარობს ჩვენს ევროინტეგრაციას და არც რუსეთის მიმართ არის აქტიური. უსუფაშვილის პოზიცია სავსებით სწორია, თუმცა ხშირად ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური კორპუსის სისუსტეც ჩანს. წინა ხელისუფლება გაცილებით აქტიური იყო და საშუალებას არ აძლევდა დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს პრობლემებზე თვალი დაეხუჭათ. მეორე მხრივ, ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ დასავლეთს ზოგადად ძალიანაც უნდა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარება, მაგრამ ამას თვით დასავლეთშივე ძალიან სერიოზული ძალები ამუხრუჭებენ. აშკარად ჩანს, რომ საფრანგეთი ბევრად უფრო აქტიურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, ვიდრე იყო. ხომ ვიცით, რომ თავის დროზე ამ პროცესს ყველაზე მეტად ხელს საფრანგეთი და გერმანია უშლიდნენ. დღეს საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია აშკარად შეცვლილია, თუმცა გერმანია იმავე აზრზე რჩება - არადა, გერმანია არის ევროკავშირის ერთერთი ძირითადი ქვეყანა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. 

"უნდა ითქვას, გერმანიისა და რესეთის ურთიერთობა მეტად უცნაურია, მაგალითად, გერმანიის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა იხილოს ევროკავშირის რიგებში, თუმცა, ამავე დროს, რუსეთთან თანამშრომლობას არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ საკითხებშიც აგრძელებს. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლება ორიენტირებულია იმაზე, რომ რუსეთის საშუალებით დააბალანსოს მდგომარეობა და ლიდერის პოზიცია ევროკავშირში არ დაკარგოს. ის, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური ლიდერი, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბრიტანეთისთვის, მიუღებელია მისი პოლიტიკური ლიდერობა. მოკლედ, უამრავი ქვედა დინებაა, სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მუშაობა იყოს უფრო აქტიური. კარგა ხანია, ვამბობ, რომ საჭიროა ევროპაში შეიქმნას ლობისტური ჯგუფები, რომლებიც საქართველოს საკითხის მუდმივი აქტუალიზაციით იქნებიან დაკავებულნი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებ", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ყველასთვის ცხადია, რომ დღეს უკრაინაში დასავლეთი და რუსეთი უპირისპირდება ერთმანეთს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იქ "უკან დაბრუნების წერტილი" უკვე გავლილია და პროცესების შეჩერება ძალიან რთული იქნება. დღეს აქციების ყველა მონაწილეც რომ დაიჭირონ, საპროტესტო ტალღა მაინც ვეღარ შეჩერდება. თანაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთმანეთის მიუღებლობა დღითი დღე იზრდება. ბევრი მძიმედ დაშავდა, საბედნიეროდ, ჯერ არავინ დაღუპულა. მხარეებს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ, დანარჩენი ყველაფერი გამოიყენეს უკვე. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოპოზიცია, რომელიც ხელმძღვანელობდა მაიდანს, ლამის თამაშგარე მდგომარეობაშია, სიტუაციას კი ფლობენ ულტრანაციონალისტური ორგანიზაციები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ღრმად წავა და უკრაინას სიმშვიდე კარგა ხანს არ ეღირსება, თუ იანუკოვიჩმა ნაბიჯები არ გადადგა დათმობებისკენ. უკვე სამოქალაქო ომზე ალაპარაკდნენ, ამას აქვს საფუძველი. ვიცი, რომ დასავლეთ და სამხრეთ უკრაინის რიგ რაიონებში ამისთვის ემზადებიან. არ არის ერთიანობა შეიარაღებულ ძალებშიც, მომიტინგეებს ბევრი ვეტერანი სამხედრო შეუერთდა. მაგალითად, ის ოფიცრები, რომელთაც კოსოვოსა და ერაყში მიიღეს სამხედრო გამოცდილება", - დასძენს მამუკა არეძიძე და შეკითხვას - "რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს?" - პასუხობს:

"უკრაინასავით რუსეთზე ეკონომიკურად ნამდვილად არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ მას ჩვენზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის არაერთი ბერკეტი აქვს. სავარაუდოდ, კვლავაც გააგრძელებენ პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ამ მავთულხლართების გავლება არ დასრულებულა. არ არის გამორიცხული, ამან უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, მაგალითად, სოფელ ორჭოსანთან გორი-თბილისის ტრასაზე გაგვივლონ ღობე. ასევე არ არის გამორიცხული, არეულობის მოწყობას სხვა რეგიონებშიც შეეცადონ. მოკლედ, ხიფათები და გამოწვევები უამრავია, სამწუხარო ის არის, რომ ეს ხიფათები და რისკები მხოლოდ ზედაპირულად გვაქვს შესწავლილი, არადა, ამას სჭირდება ძლიერი ანალიტიკური ცენტრის შექმნა, სადაც პროფესიონალები შეიკრიბებიან და მდგომარეობას პროფესიონალურად შეისწავლიან. აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც აქვთ ასეთი ცენტრები, აღარაფერს ვამბობ რუსეთზე. ჩვენთან ერთადერთი ანალიტიკური ცენტრი შს სამინისტროშია, იქაც გარეშე პროფესიონალებთან ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ".