ჟურნალისტები დახმარებას დიპკორპუსს სთხოვენ

ჟურნალისტები დახმარებას დიპკორპუსს სთხოვენ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ჟურნალისტების ციხეებში შეშვების მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა - სამინისტროს შენობასთან მისულ ჟურნალისტებთან, ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან სამინისტროდან არავინ გამოსულა.

 

წერილობითი თხოვნის იგნორირების გამო, ჟურნალისტთა 13-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ციხეების ერთდღიან შემოწმება-დათვალიერებას მოვითხოვთ, წერილობით მივმართავთ: ევროპის საბჭოს, ევროკავშირის ელჩს, აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

 

“მოგმართავთ თქვენ, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, რეაგირებისთვის და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში თანადგომისთვის“, - ნათქვამია წერილობითი მიმართვის ბოლოს.

 

შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველები და სახალხო დამცველი ციხეებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და პატიმრების ცემა-წამებაზე საჯარო განცხადებებს აკეთებენ, სპეციალურ ანგარიშებს აქვეყნებენ, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე აცხადებს, რომ პატიმრებს ევროსტანდარტების მიხედვით ეპყრობიან და ამასთან, ევროსტანდარტების შესაბამისად აცხოვრებენ. ციხეებში არსებული რეალური ვითარების სანახავად, ჟურნალისტთა ჯგუფმა კალმახელიძეს  7 თებერვალს წერილობით ვთხოვეთ ციხეების ერთდღიანი დათვალიერება-შემოწმების უფლება, რაზეც არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

 

“ევრომოპყრობის“ ერთი ისტორია

სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატებიც იყვნენ მოსულები. მათ შორის იყო მსჯავრდებულ რეზო ხარძიანის დედა, ციური ხარძიანი და ხარძიანის უფლებების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი, მამუკა ქირია. მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც პატიმრის თხოვნით მისი მდგომარეობის შესახებ საჯარო განცხადებები გაკეთდა, რეზო ხარძიანი მერვე საპყრობილის დირექტორის მოადგილემ, გოგა ბუთლიაშვილმა სცემა, რის გამოც გამოძიებაა დაწყებული.

 

შეგახსენებთ რომ გასული წლის ნოემბერში, გლდანის N8 საპყრობილეში ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებული მსჯავრდებულები: ლერი გირგვლიანი, ბადრი პატარაია, გიგა ლომთათიძე, ზაზა შიუკაშვილი, კოტე სალემიანი და რეზო ხარძიანი ერთადერთი მოთხოვნით შიმშილობდნენ – ისინი ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას ითხოვდნენ, საიდანაც გლდანში 2010 წლის 24 ოქტომბერს გადაიყვანეს. ამ პრობლემის ირგვლივ მედია-საშუალებებში, და მათ შორის ჩვენთან, სამი წერილი გამოქვეყნდა: 2010 წლის 7 ნოემბერს მასალა სათაურით - ტუბერკულოზით დაავადებულმა პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს; 10 ნოემბერს– ტუბერკულოზიან პატიმრებს აწამებენ! და 18 ნოემბერს - ტუბერკულოზიანი პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ.

 

იმაზე, თუ რა შედეგი მოჰყვა ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების შიმშილობას, ამაზე ატეხილ ხმაურს და ვინ სცემა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, ამაზე პრესაგე.ტვ-ს მკითხველს რეზო ხარძიანის ადვოკატი, მამუკა ქირია ესაუბრა.

 

სად რომელ საპყრობილეში არიან ახლა ის პატიმრები, რომლებიც შიმშილობდნენ?

- მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან დავდივარ, გლდანის N8 საპყრობილეში, ხოლო დანარჩენებზე ინფორმაცია მაქვს, რომ ისინიც ამავე საპატიმრო დაწესებულებაში არიან. რეზო ხარძიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზა გასული წლის 26 ოქტომბერს დაინიშნა და დღემდე არ დასრულებულა - გაჭიანურდა.

 

რაიმე შედეგი ხომ არ მოჰყოლია მსჯავრდებულების შესახებ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, ხმაურს?

- რეზო ხარძიანი სწორედ ამ ხმაურის შემდეგ, 28 დეკემბერს სცემეს. მის უფლებებს მეორე ადვოკატი, ცირა ჯავახიშვილიც იცავს და სწორედ ის მონაწილეობს ხარძიანის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში. ამ საქმეს იძიებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური.

 

იგი პრეტენზიას აცხადებს იმის შესახებ, რომ სათანადოდ არ მკურნალობენ, რომ მერვე საპყრობილეში არ არის სათანადო კვება... ის დოტსის პროგრამით მკურნალობს და გარკვეული წამლების მიღების პარალელურად აუცილებელია სპეციალური კვება, ჰაერზე ყოფნა. ამასთან, თავად ციხის ექიმების მიერ გაცემულ ცნობებში წერია, რომ  ეს წამლები მასში იწვევს ფსიქიკურ აშლილობას (განსაკუთრებით მაშინ, თუ წამლებს დახურულ სივრცეში იღებს). სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, 5 იანვარს ექსპერტიზის ჩასატარებლად გაყვანილი ჰყავდათ, მაგრამ დასკვნა დღემდე არ დაუწერიათ. ექპსერტიზის ბიუროში ყოველდღე ვრეკავთ, პასუხს ვითხოვთ; გვეუბებიან დასკვნა ჯერ მზად არ არისო.

 

რეზო ხარძიანს სჯიან მაგალითად, რეჟიმის დარღვევაზე. ანუ, ფსიქიკურად აშლილი კაცისგან ითხოვენ რეჟიმის დაცვას, ან თუნდაც იმას, რომ მოითხოვოს სათანადო კვება.

 

ამჟამად წამლებს იღებს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი?

- არა, ამჟამად წამლებს ვერ იღებს, რადგან, როგორც გითხარით, მათი დალევის შემდეგ ფსიქიკური აშლილობა ეწყება.

 

რას ამბობს ცემის ფაქტთან დაკავშირებით?

- ადვოკატისგან გადმოცემით ვიცი, რომ ის ამხელს ბუთლიაშვილს - მერვე საპყრობილის დირექტორის მოადგილეს. ამბობს, ბუთლიაშვილმა მცემაო. საქმე აღძრულია რეზო ხარძიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ეს ადამიანი განწირულია, ყურადღებას არავინ აქცევს, არავინ არკვევს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფma პატიმარმა რომელი წამალი შეიძლება მიიღოს და რომელი არა. არადა, ასეთ დროს ექიმები კონსილიუმს იწვევენ და მსჯელობენ, რომელი პრეპარატი უფრო შედეგიანი იქნება.