„სუროგატი დედა - ბიოლოგიური საამქრო?!“

„სუროგატი დედა - ბიოლოგიური საამქრო?!“

თავის ქმნილებათა გვირგვინი - ადამიანი ღმერთმა სამყაროს დაბადებიდან მეექვსე დღეს შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ მოიცალა დასვენებისთვის... დღეს, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი იქამდე მივიდა, რომ ღმერთის ნაცვლად, ადამიანებმა დაიწყეს ადამიანის ხელოვნურად შექმნა და ამის გამო ეკლესია საფუძვლიანად შეშფოთდა. შეშფოთდა, რადგან დაინახა კაცთა მოდგმის კადნიერი სურვილი- ღმერთს გასჯიბრებოდნენ. ამ შეშფოთებას კიდევ არაერთი საფუძველი აქვს. თუნდაც ის, რომ, საკითხავია - კაცის მიერ ხელოვნურად შემნილი სიცოცხლეც ისეთივე იქნება, როგორც ღვთისმიერი? ...

მაგრამ, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ე.წ. სინჯარის ბავშვები და სუროგატი დედობა სარფიან ბიზნეისად იქცა მთელ მსოფლიოში. როდესაც ქალს შვილის ყოლა უნდა და არ ჰყავს, ყოველ ღონეს იხმარს, რომ დედა გახდეს, მაგრამ ამ, თუნდაც ძალზე კეთილშობილური მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და საშუალება ვარგა?

საქართველო ისეთი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, სადაც სუროგატი დედობა კანონით აკრძალული არ არის და ჩვენი ინფორმაციით, ბევრი საქმით ზედმეტად დაკავებული თუ შვილის ყოლის უუნარო უცხოელი ქალბატონი არჩევს, რომ შვილი ქართველმა სუროგატმა დედამ გაუჩინოს. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში ეს იაფი ჯდება.

ნინო გომელაური, დემოგრაფი: „ქართველი სუროგატი დედები ერთგვარ დისკრიმინაციას განიცდიან. რადგან ჩვენთან სოციალური გაჭირვებაა, სუროგატი დედები გაცილებით ნაკლებ თანხას იღებენ, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აქ თუ სუროგატი დედა ბავშვს 14-15 ათას დოლარად აჩენს, სხვა ქვეყნებში წლების წინ სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენა 27 ათასი დოლარი და მეტი ღირდა.

ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ისრაელიდან ჩამოსულმა წყვილებმა საქართველოში გააჩენინეს ბავშვი სუროგატ დედებს. ლაპარაკია, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გენეტიკური მშობლების გარდა, იმ ქალის გენეტიკურ თვისებებსაც იძენს, ვის მუცელშიც არის 9 თვე. თუმც ამის დამტკიცება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან აღნიშნული საკითხი არ არის ღრმად შესწავლილი“.

არადა, საკითხი მართლაც საინტერესო და შესასწავლია. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ხომ მართლაც განსხვავდება ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვისაგან თუმდაც იმით, რომ ის სამი მშობლის გენეტიკის მატარებელია, ბუნებრივი გზით დაბადებული კი - ორი მშობლის გენის.

ავთო სულაბერიძე, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი:

„ტელევიზიით ვნახე, რომ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები გონებრივად განვითარებულებიც არიან და ჯანმრთელებიც, მაგრამ ეს როდის რა შედეგს გამოიღებს, არ ვიცით. ისინი ხომ ექსპერიმენტის შედეგად დაბადებული ბავშვები არიან. ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მისცა და ადამიანს შეუძლია ეს თავისუფლება ბოროტად ან კეთილი მიზნით გამოიყენოს. ღმერთი უფლებას აძლევს ადამიანს შვილი იყოლიოს. თუ დედას უნდა შვილის გაჩენა და არ აქვს ამის შესაძლებლობა, ვამართლებთ, როდესაც მას შვილი აჰყავს, მაგრამ სუროგაცია უკვე ხელოვნური ჩარევაა. მაგრამ, თუ არჩევანი მექნება გასაკეთებელი, სუროგაციას უფრო მივემხრობი, ვიდრე იმას, რომ ბავშვი დაქორწინებულმა ერთსქესიანებმა აიყვანონ.

წინააღმდეგი ვარ, როდესაც ერთსქესიან მშობლებს აძლევენ უფლებას ბავშვი აიყვანონ. ბავშვმა დედა რომელს დაუძახოს?! არ იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე? როგორც შეიძლება კაცი დედა იყოს?!

თუმცა, ალტრუისტული სუროგაცია რიგ ქვეყნებში დაშვებულია. არის შემთხვევები, რომ ახლობლები უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის გარეშე უჩენენ წყვილს შვილს.

- მიძნელდება ამაზე პასუხი. დემოგრაფიულად ეს მისაღებია, რადგან მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების გზით ბავშვების დაბადებას რა სოციალური შედეგი ექნება, ამას რამდენიმე თაობის შემდეგ გავიგებთ.

სუროგაციას ზოგჯერ იმით ამართლებენ, რომ გასაშვილებელ ბავშვათა რაოდენობა იმდენი არ არის, რამდენიც მსურველია, მაგრამ ვხედავ საფრთხეს, რომ შეიძლება სუროგატი დედები ბიოლოგიური საამქროებად იქცნენ. ასეთმა ქალმა შესაძლოა რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში 5-6 შვილიც გაუჩინოს შვილის მსურველ წყვილს. არ ვიცი როგორი იქნება ის ბავშვი, რომელიც სუროგატი დედის სხეულში ყალიბდება. ე.წ. სინჯარის ბავშვსაც ხომ ეცოდინება როგორც მოევლინა ამ ქვეყანას და სხვებისაგან განსხვავდება?! არ ვიცი ეს რა შედეგს მოგვცემს. ეს ექსპერიმენტი გრძელდება და ვერ ვიტყვით, ერთი ან ორი თაობის შემდეგ რა მოჰყვება ამას. ამიტომ, ჯერ იმასაც ვერ ვიტყვით, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა თუ არა.