„ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. დაახლოებით ერთ თვეში რამდენიმე გახმაურებული ფაქტის მომსწრენი გავხდებით. ჩვენ გამოვიკვლიეთ რამდენიმე ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი – შევისწავლეთ და გამოძიებამ დაადგინა, თუ რა პირობებში მოხდა მათი დაკარგვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ ეტაპზე, რამდენიმე უგზოუკვლოდ გამქრალ ადამიანთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და როგორც ირკვევა, სერიოზული დანაშაუალის ნიშნებიც იკვეთება.
„უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ. ეს არის ძალიან მძიმე საქმეები. ჩვენი ქვეყნის შვილები, თანამოქალაქეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც, მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ შვილებს. მათ სჯერათ, რომ მათი შვილები არიან ცოცხლები, თუმცა სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გამოძიების დასრულებამდე დამატებითი კომენტარი საგამოძიებო უწყებიდან არ კეთდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ადამიანების გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა.
საქართველოში 2010 წლიდან დღემდე 631 ადამიანია გაუჩინარებული. მათგან 194 პირი დაკარგულია 2010 წელს. ყველაზე მეტი ადამიანი 2011 წელს არის დაკარგული - 198. შსს-ს ინფორმაციით, ყველაზე ხშირად, საქართველოში 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. ბოლო ოთხ წელში ამ კატეგორიის 225 ადამიანია დაკარგული.
მაშინ, როდესაც პრემიერი ჟურნალისტებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, 2012 წლის 16 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები საპროტესტო აქციას მართავდნენ. აბულაძის ოჯახის წევრებმა ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს.
გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა მოითხოვს, რომ გამოძიებული იქნას მისი შვილის გაუჩინარების ამბავი და მიაწოდონ ინფორმაცია, არის თუ არა ის ცოცხალი.
სერიოჟა და ცინარა აბულაძეები, თითქმის, დარწმუნებული არიან, რომ მათი ერთადერთი ვაჟიშვილი ქართული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას შეეწირა. აბულაძემ წერილი დატოვა, რომ სამართალდამცავების დავალებით აფხაზეთში გადადიოდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.
ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორთან კავშირის დასამყარებლად, გოგიტა აბულაძის გამოყენება, შსს-სთვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება იყო, თუმცა რა მოხდა რეალურად, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა რეზიდენტი თუ უბრალოდ მსხვერპლი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, ამ დრომდე უცნობია.
ცნობილია ის, რომ გაუჩინარებამდე დაწერილ წერილში ნახსენები კიდევ ერთი სახელი, მალხაზ პაჭკორია, სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უწყებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. თუმცა პაჭკორიამ გაუჩინარებულთან არა თუ თანამდებობრივი კავშირი, უბრალო ნაცნობობაც კი უარყო.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საკმაოდ მძიმე მასალებია თავმოყრილი პროკურატურაში, სადაც იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, როგორ ხდებოდა ადამაინების გატაცება და როგორ მონაწილეობდნენ ამაში სხვადასვა პირები, რომლებიც არ იყვნენ რიგითი მოქალაქეები. უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარი არ კეთდება.
2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჯაშუშობის ეჭვით, თუ პოლიტიკური მიუღებლობის გამო, ასეული ადამიანია გაუჩინარებული და როგორც ირკვევა, დაკარგული ადამიანების საქმეების ძიებისას ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი ამოტივტივდა და როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ასეთი ყოფილი ჩინოვნიკი ვანო მერაბიშვილის ყოფილი პირველი მოადგილე ამირან მესხელია.
ის, რომ მესხელი ადამიანების გატაცების საქმეში ფიგურირებდა, ამ ინფორმაციას სამეხდრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაიაც ადასტურებს.
„შემიძლია დავასახელო ამირან მესხელი, რომელიც ასეთი ტიპის გატაცებებში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა. მესხელის მაღლა იდგა ვანო მერაბიშვილი. 2008 წელს იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც დაკარგულია, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ არის მოტაცებული და მათგან ვინც წამებას ვერ გაუძლო, ისინი დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.