რა თანხა დახარჯა გურამ ოდიშარიას უწყებამ საჩუქრებსა და რესტორნებზე? რით იყო გამოწვეული ამდენი ხარჯი და რატომ ასაიდუმლოებენ რამდენიმე რესტორნის მენიუს, რომელში გადახდილი თანხაც კოლოსალურია?
ამ საკითხზე "ალიას" ფინანსისტი, "მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი ჩახაია ესაუბრა.
- გიორგი, თქვენ შეისწავლეთ კულტურის სამინისტროს ხარჯები. ყველაზე თვალშისაცემი რა იყო? არამიზნობრივ ხარჯებს გვგულისხმობ.
- სამინისტროს მიერ 2013 წელს, ყველაზე არარაციონალურად დახარჯულ თანხებად შეიძლება ჩაითვალოს, სარესტორნო მომსახურებებსა და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთების შეძენაზე დახარჯული ფულადი სახსრები, თუმცა არის ამავე დროს სხვა თვალშისაცემი შესყიდვებიც. ყველა გაწეული ხარჯი, რომელზეც გვექნება საუბარი, წარმოადგენს მხოლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ გაწეულ ხარჯს და არა მთლიანად სისტემის. საქვეუწყებო დაწესებულებების ჩათვლით სამინისტროს ამ ტიპის ხარჯები მეტი იქნება. სულ 2013 წელს, კულტურის სამინისტროს მიერ სარესტორნო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯულია 102 739 ლარი.
- მენიუ იცით, რაში დაიხარჯა ამდენი ფული?
- სამწუხაროდ, ხელშეკრულებებს გაურკვეველი მიზეზების გამო არ ახლავს მომსახურე რესტორნის მენიუ, თუმცა მომსახურე რესტორნები წარმოადგენენ, თბილისში მდებარე საუკეთესო რესტორნებს და მენიუც, შესაბამისად, ძვირადღირებული იქნება, თვალსაჩინოებისთვის მაგალითს მოგიყვანთ. "ჯი-ემ-თი მთაწმინდასთან" დადებულია ხელშეკრულება, 2013 წლის 27 ივნისს გასაწევ სარესტორნო მომსახურებაზე, დახარჯულია 13 195 ლარი მხოლოდ ერთ სარესტორნო მომსახურებაზე, თორემ, ზოგადად, როგორც მოგახსენეთ, სულ 2013 წელს დახარჯულია 102 739 ლარი.
- როგორც მითხარით, მენიუ გასაიდუმლოებულია. მალავენ, რაში გადაიხადეს ამდენი ფული?
- შესაძლოა, როდესაც ძვირადღირებულ რესტორანთან ხელშეკრულებას დებ, ბუნებრივია, მენიუც ძვირადღირებული იქნება. ასე რომ მენიუს გარეშეც შეიძლება შეფასების გაკეთება. მესმის, რომ სტუმარს პატივისცემა სჭირდება და, სხვანაირად არც შეიძლება, ეს უნდა იყოს სიმბოლური ვახშამი და არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ რესტორნები უკაცრავად და "თავზე დავიმხოთ". ეს ყოველივე მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ოფიციალურად, ეს სიღარიბის ზღვარს მიღმა, თორემ, ზოგადად, სიღარიბეში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. კულტურის სამინისტროს მხოლოდ ცენტრალურ აპარატში იმდენი თვალშისაცემი ხარჯია, რომ ეს ინფორმაცია იძლევა უკვე ნათელ სურათს, ამ სამინისტროს მიდგომებზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართ.
- პირად კომფორტზე რამდენი დაიხარჯა?
- ავტომობილებსა და ავეჯზე რამე განსაკუთრებული თანხა არ დახარჯულა, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებისგან ძალიან მაღალი ხარისხის ავტომობილები და ავეჯი გადმოჰყვათ. მათ ჰყავთ 2012 წლის 15 მარტს შეძენილი ავტომობილი "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200", რომლის ღირებულებაა 128 410 ლარი, ლოგიკურია, რომ 2012 წლის მარტში შეძენილ ავტომობილს 2013 წლის ოქტომბერში არ გამოცვლიდნენ და იგივე შეიძლება ითქვას ავეჯზეც. დარწმუნებული ვარ, რურუას მინისტრობის პერიოდში, ძალიან კეთილმოწყობილი იქნებოდა მინისტრისა და მისი მოადგილეების კაბინეტები და იგივე კომფორტში მუშაობენ ესენიც. საწუწუნო არაფერი აქვთ ნამდვილად. ისე ახალი მობილური ტელეფონის აპარატები კი შეუძენიათ ბლომად. სულ 2013 წელს შესყიდულია 20 733 ლარის ღირებულების ახალი მობილური ტელეფონის აპარატები. აქ თვალშისაცემი ის არის, რომ შეძენილია 1000 ლარზე მეტი ღირებულების 11 მობილური ტელეფონი, მათ შორის: 5 ცალი "აიფონ 5", 2 ცალი "სამსუნგ #7100 გალაქსი" და ა.შ. მემგონი, "აიფონისა" და "გალაქსის" გარეშეც, ჩინებულად უნდა შეასრულოს საჯარო მოხელემ საკუთარი მოვალეობა. მათთვის არავის უთქვამს, 40-ლარიანი ე.წ. "ფარნიანი" "ნოკიათი" ისარგებლეთო, უბრალოდ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავარდნენ. 40 ლარსა და 1340 ლარს შორის დიდი განსხვავებაა და შეიძლება "ოქროს შუალედის" პოვნა.
- რაც შეეხება საჩუქრებს, რა სახის საჩუქრები, რა რაოდენობით და რა ფასიანი იქნა შეძენილი?
- საჩუქრებს რაც შეეხება, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, აშკარად დიდი თანხაა ამ მიმართულებით დახარჯული. 2013 წელს საჩუქრების შეძენაზე დახარჯულია 76 332 ლარი. მათ შორის არის ასეთი საჩუქრები: სამკერდე ნიშნები და მინანქრის ბროშები, თითოეული 750 ლარის ღირებულების. გარდა ამისა, აქ არ შედის სასაჩუქრე ალკოჰოლური სასმელები.
- რა ბრენდული სასმელებია შეძენილი?
- სამინისტროს შეძენილი აქვს 35 044 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები. ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, იყო, 90 ბოთლი ბრენდი. 1 ბოთლის ღირებულება არის 117 ლარი. 90 ბოთლი 117-ლარიანი ბრენდი შეიძინო და ამაში 10 530 ლარი გადაიხადო, მე არ მესმის, არანაირად, რა აუცილებლობით არის ეს განპირობებული. მათ რომ ჰკითხო ასე არისო საჭირო, მე პირადად კი, როორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ხარჯებში შეიძლება გარკვეული ფულადი სახსრების დაზოგვა, რომელიც უნდა მოხმარდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას.
შესყიდვის რამდენიმე მაგალითს მოგიყვან, რომელიც აშკარად თვალშისაცემი იყო. სულ, 2013წელს შეძენილია 31 022 ლარის ღირებულების საოფისე ტექნიკა (გარდა კომპიუტერული ტექნიკისა). მათ შორის იყო ციფრული ვიდეოკამერა "პანასონიკის" კომპლექტი, რომლის ღირებულებაა 18 700 ლარი. მსგავსი ფაქტები უნდა განიმარტოს, რა საჭირო იყო მაინცდამაინც ასეთი ძვირადღირებული ვიდეოკამერის შეძენა. გარდა ამისა, სულ შეძენილია 67 175 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, მათ შორის კი არის ასეთი ფაქტი - შეძენილია 1 ცალი პერსონალური კომპიუტერი ღირებულებით 4468 ლარი. ვერანაირად ვერ ვხვდები, 4468-ლარიანი პერსონალური კომპიუტერის შეძენა, რა მიზნებისთვის იყო განკუთვნილი კულტურის სამინისტროში. ასევე, იმავე 2013 წლისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვაზე დადებულია ხელშეკრულებები 31 073 ლარის ღირებულების. მათ შორის შესყიდულია ყავა 10 393 ლარის. ნებისმიერი ადამიანის მიერ ყავის სმა ბუნებრივია, მაგრამ 10 393 ლარის ყავა ვინ მიირთვა, საინტერესოა. სწორედ რომ, ამის მსგავს ხარჯებს მივიჩნევ მე პირადად ე.წ. "ზედმეტ ხარჯებად". ყავაც უნდა დალიო ადამიანმა, მაგრამ არა 10 393 ლარის ღირებულების და არა ბიუჯეტის ხარჯზე, თორემ საკუთარი ფულით ვისაც რა სურს, იმას იყიდის. არ დაგავიწყდეთ, ეს არის მცირე მასშტაბების სამინისტრო, საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურულ ერთეულებს ვგულისხმობ თორემ, უფრო დიდი "მოცულობის" სამინისტროებში მსგავსი ხარჯები კიდევ უფრო მეტია. ათეულობით მილიონზეა საუბარი.