მთავარი მოწმეები დაუცველები არიან

მთავარი მოწმეები დაუცველები არიან

მოწმეების მიერ პოზიციების განუწყვეტელი ცვლილება საეჭვო გარემოებებს უკავშირდება. დიდი ალბათობით, ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის დაგვიანებასთან. ჩნდება კითხვა, რამდენად დაცულნი არიან გახმაურებული ან თუნდაც გაუხმაურებელი საქმეების მთავარი მოწმეები, ხომ არ გადათქვამენ ისინი ყოფილ ხელისუფალთა წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას და ხომ არ რჩებიან ისინი დღემდე „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე წევრების მძევლებად, რომელთა მხრიდან წამება და შეურაცმხყოფელი ქმედება თავის დროზე ერთხელ უკვე იწვნიეს?!

ამ კონტექსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მთავარი მოწმის - გოდერძი ჯოლოხავას პერსონა დამაფიქრებელია. მან, როგორც ყოფილი პატიმარმა, თავდაპირველად ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ პატიმრების წამების საქმეზე ჩვენება მისცა, სადაც თქვა, რომ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ახალაია პირადად მას სხვა პატიმრების წამებას აიძულებდა და მითითებებს მეგრულად აძლევდა. ამასთან, ჯოლოხავა ამტკიცებდა, რომ მას აჩვენებდნენ ვიდეოს, სადაც ასახული იყო პატიმრების „დუბინკებით გაუპატიურების სცენები“.

მოგვიანებით კი ჯოლოხავამ პოზიცია შეიცვალა და ერთ-ერთ ინტერვიუში ამჯერად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა, თითქოს, წულუკიანი მას პირადად დაემუქრა, - თუ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, ციხეში დააბრუნებდნენ. მეტიც, თურმე მას დაწერილი ჩვენება მისცეს და ეუბნებოდნენ, რომ კამერის წინ უნდა ეთქვა სწორედ ის, რაც ფურცელზე ეწერა. სინამდვილეში კი, ბაჩო ახალაია პირადად მას არასდროს შეხვედრია და მხოლოდ ტელევიზიით უნახავს.

ამის საპასუხოდ, ეა წულკიანი ადასტურებს, რომ ჯოლოხავას ოფიციალურად 2013 წლის თებერვალში მართლაც შეხვდა ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, რაც საშვთა ბიუროს მონაცემებმაც აჩვენა. თუმცა წულუკიანი წუხს, რომ მოწმე ჯოლოხავა კბილაშვილის პროკურორობის დროს სათანადოდ ვერ დაიცვეს.

„ეს მოქალაქე იყო ძალიან ფრუსტრირებული, ცახცახებდა, როცა შევხვდი. ნუ ეწყინება, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ შემეცოდა, როცა ვუსმენდი. ის დეტალურად ყვებოდა, თუ როგორ აწამებდნენ ციხეში და როგორ აიძულებდნენ, ყოფილიყო აგენტი. მან ისაუბრა ბევრ ისეთ ინფორმაციაზე, რომლის გამომჟღავნებაც ჩემი მხრიდან უპრიანი არ იქნება. ამის შემდეგ მან ითხოვა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, რადგან შეშინებული იყო. მაშინვე დავუკავშირდი მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს და მეორე დღესვე ეს ადამიანი გადავაბარე მთავარ პროკურატურასა და პროკურორს, რომელსაც ის დაცვის პროგრამაში უნდა ჩაერთო. ამის შემდეგ ჩემთვის უცნობია, რა საუბარი შედგა ჯოლოხავასა და პროკურატურის მაშინდელ ხელმძღვანელებთან, ერთის მხრივ - კბილაშვილთან და, მეორე მხრივ, - ლაშა ნაცვლიშვილთან, თუმცა ძალიან ვწუხვარ, როგორც ჩანს, ის მაშინ სათანადოდ ვერ იქნა დაცული. იმედი მაქვს, ახლა მთავარი პროკურორი გამოასწორებს“, - განმარტა თეა წულუკიანმა.

მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ჯოლოხავა მინისტრ წულუკიანს მისი დახმარებით მართლაც შეხვდა. ინაშვილის თქმით, მან იუსტიციის მინისტრს ყოფილი პატიმრის სპეციალური მოწმის პროგრამაში ჩასმა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამიტომ, ჯოლოხავას გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცავდა „ობიექტივი“. ამის შემდეგ ჯოლოხავაზე მოხდა თავდასხმა, ამდენად, ირმა ინაშვილი ეჭვობს, რომ ჯოლოხავაზე ამჯერად ისევ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მხარემ ზეწოლა განახორციელეს და ჩვენება შეაცვლევინეს.

„გოდერძი ჯოლოხავამ მითხრა, რომ ბაჩო ახალაიას მხარემ და მეგის ქარდავამ მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შესახებ გაიგეს, ჩემზე მიმდინარეობს თვალთვალი და დევნაო, ეშინოდა. უკანასკნელად დაახლოებით 6 თვის წინ დამიკავშირდა ჯოლოხავა და მითხრა, რომ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან დასდევდნენ, არ გრძნობდა თავს დაცულად და გავიდა ქვეყნიდან. ბოლოს მესაუბრა და მითხრა, რომ ოდესაში იყო და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. სულ მაინტერესებდა, სად იყო ჯოლოხავა. პროკურატურა, რომელსაც ეს ამბავი უნდა მოეკითხა, პეპლების ჭერით იყო დაკავებული იმ პერიოდში“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღეს კი გოდერძი ჯოლოხავა კვლავ პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა და მასზე ზეწოლაში ახალაიასთან ერთად დეპუტატი დავით საყვარელიძე და გლდანის N8-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ოლეგ ფაცაცია დაადანაშაულა. იგი ახალაის გუნდის მიერ მუქარებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მან სწორედ ანი ნადარეიშვილისა და გიორგი ონიანის კარნახით ისაუბრა, რადგან ისინი შვილითა და ძმის შვილების სიცოცხლით დაემუქრნენ.

„მათ ისეთი საბუთები მაჩვენეს, რომლითაც დამარწმუნეს, რომ ამ ხელისუფლებაშიც ჰყავდათ ხალხი და შემეშინდა. ოდესაშიც იმათი კაცი იყო, ოღონდ მე არ ვიცი სახელი და გვარი, ვინ იყო. ბინა მათ მიქირავეს და პერიოდულად მაწვდიდნენ თანხას, ჩემი პასპორტი კი მათ ჰქონდათ“.

რას უკავშირდება მოწმის პოზიციის ასე ხშირი ცვლილება?! უნდა ველოდოთ თუ არა ასეთი ფაქტების გახშირებას?

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოწმის პოზიციის ხშირი ცვლილება შეიძლება დავუკავშიროთ სამართლიანობის აღდგენაზე მასშტაბურად განხორციელებული პროცედურების უარყოფას, კონკრეტული კომისიის თუ საგამოძიებო ორგანოს შექმნის დაბრკოლებას. გელა ნიკოლაიშვილის აზრით, სწორედ ამით აიხსნება მოწმეთა დაუცველობა. ამ ადამიანებმა წამების ჯოჯოხეთური და სადისტური ფორმები გადაიტანეს. მათ პირუტყვებივით ექცეოდნენ ციხეებში, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შეეფურთხებინა, შეეგინებინა, პანჩური ამოერტყა, ეცემა, დაეჩოქებინა, გაეშიშვლებინა და ეს ყოველდღიურობა იყო.

„ეს ადამიანები დღეს გამწარებულები არიან, რადგან ვერ ამტკიცებენ სიმართლეს. დღევანდელი პროკურატურა მათ წამებას ვერ ასაბუთებს, ან კიდევ, სასამართლოში მიდიან, ათეულობით მოწმე ნაციონალებს პირზე ადგება, რომ ესა და ეს ადამიანი გვაწამებდაო და ამ დროს სასამართლოს მაინც გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. თანაც, ამბობს, რომ მარტო მოწმეების ჩვენება თურმე არ კმარა. აბა, 5-10 წის წინ რაღაცას რომ გააკეთებს ადამიანი, სხვა რა უნდა იყოს არგუმენტი?! გავიხსენოთ ის დრო, როცა ნაციონალების სასამართლოში ერთი და ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე ძალიან მშვიდად 10, 20 და 30-წლიან განაჩენებს ადგენდნენ. ამიტომ, თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ჯალათების ქუჩაში სიარული და დაცინვა მათი მხრიდან, მაინც ვერაფერს გვიზამთო, ამ ცინიზმის პასუხი შეიძლება იყოს ქუჩაში ანგარიშსწორების მასობრივი შემთხვევები. ამ საფრთხის წინაშე დგას ეს ხელისუფლება, ამიტომ აუცილებელია სამართლიანობის აღსადგენად სწორი და დროული ნაბიჯების გადადგმა“, - განმარტა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, ჯოლოხავას ინტერვიუ და ჩვენება სრულიად სხვადასხვა რამაა, მაგრამ ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ზეწოლის არანაირი მექანიზმი ირმა ინაშვილს მასზე არ ჰქონდა. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, მათგან მუქარას გოდერძი ჯოლოხავა რეალურად აღიქვამდა, რადგან ეს მუქარა წლების წინ მის მიმართ არაერთხელ განხორციელებულა. თუმცა, უნდა დაიწყოს გამოძიება, რომელიც გამოკვეთს, როდის, ვინ და რა მეთოდით მოახდინა მასზე ზეწოლა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა არ გამორიცხავს, რომ მოწმეებმა ჩვენებები და პოზიციები მომავალშიც გადათქვან, რადგან ეს ხელისუფლება ისეთ უუნარობას იჩენს, რომ შესაბამის ორგანოებს დანაშაული უდანაშაულობისგან ვერ გაურჩევიათ. ამიტომ ბრალდებამ, დაცვამ და სასამართლომ შესაბამისი ზომები მიიღოს, ხოლო სასამართლო თავის დონეზე უნდა იყოს და არ უნდა გააბედინოს ბრალდებას, სასამართლოში გაუმართავი და პრობლემური საქმე მიიტანოს.

„სამართლიანობის აღდგენა რომ დაგვიანდა, რიგით ადამიანებზე ეს უფრო მწვავედ ჩანს. დღევანდელი ხელისუფლება და მთავარი პროკურატურა მალე იწვნევს ამ ყველაფრის უკუშედეგს და მალე წაიტეხავს კისერს. ამდენი ადამიანი ისევ მას მოუბრუნდება. ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ პროკურატურაში სხედან, სამართლიანობას ვერ აღადგენენ, ვერცერთ დამნაშავეს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ. მარტო მოწმის ჩვენება არ არის მტკიცებულება, თუკი ბრალი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება და არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამიტომაც, არ უნდა გადადებულიყო მოწმის დაკითხვის წესი და ერთადერთი დაკითხვა სასამართლოს წინაშე უნდა მომხდარიყო. მაშინ მოწმეებს ვეღარ შეედავებოდნენ, რატომ გადათქვეს პირვანდელი ჩვენება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში.