[ეკა ბაქრაძე]
მზღვეველებმა უდიდესი დარტყმა იგემეს. პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნები და საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების სახელმწიფო პროგრამების მენეჯერები დააკავეს. ამასთან გრძელდება სადაზღვევო კომპანიების შემოწმებები. როგორც ეტყობა, სკანდალი მხოლოდ ახლა იწყება.
დაკავებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს 7 თანამშრომელი და კომპანიების: „ალფას“, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“, „ალდაგი ბისიაის“, „იმედი ელ“-ის, „ირაოს“, „აისი ჯგუფის“ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სახელმწიფო პროგრამების მენეჯერები.
„აღნიშნულმა პირებმა ყალბი საბუთების გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფისა და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო დახმარების ხარჯებს, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან მიითვისეს 5 მილიონზე მეტი“, - განმარტავენ პროკურატურაში.
ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შეწყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ამბროლიანმა და სახელმწიფო პროგრამების მენეჯერმა გივი წულეიმანმა საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხულ თანამშრომლებმზე მოახდინეს ზეგავლენა და ისინი აიძულეს „არ მიეწოდებინათ გამოძიებისთვის ინფორმაცია პოლისების დაგვიანებით მიწოდების თაობაზე“.
დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული. მათ საბუთების გაყალბება, ბიუჯეტის განსაკურებით დიდი ოდენობის თანხების მითვისება და გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ბრალდებათ.
კონტროლის პალატამ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. პალატის წარმომადგენლის გიორგი ალასანიას განმარტებით, სადაზღვევო კომპანიებს ტენდერიდან ერთი თვის ვადაში ყველა დაზღვეულისთვის უნდა გადაეცათ პოლისი, ჩაეტერებინათ შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, გაეფორმებინათ ხელშეკრულებები, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა.
მისივე თქმით, სადაზღვევოები სახელმწიფოს მიერ თითოეულ დაზღვეულზე ყოველთვიურად გამოყოფილ პრემიებს არ გასცემდნენ. პალატის წარმომადგენელი დასძენს, რომ სადაზღვევო კომპანიების უშუალო მაკონტროლებელს - სოციალური პროგრამების სააგენტოს ყველა ინფორმაცია ხელშეკრულებებისა და პოლისების გადაცემის შესახებ უნდა მიეღო, თუმცა სააგენტო მის მოვალეობას არ ასრულებდა და მოქალაქეები თვეების განმავლობაში დაზღვევის გარეშე რჩებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რა თქმა უნდა, კომენტარისაგან თავს იკავებენ სადაზღვევო კომპანიებშიც.
როგორც ალასანია აცხადებს, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის კანონიერად მართვაზე პასუხისმგებლობას სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება.
„2008-10 წლებში ბიუჯეტიდან უმწეოთა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევაზე გამოყოფილი 284 მლნ ლარიდან უმწეოთა მომსახურების მიზნებს მოხმარდა მხოლოდ 40%, ანუ 114 მლნ ლარი. დარჩენილი 170 მლნ ლარი იქცა სადაზღვევო კომპანიების შემოსავლად, იმის ხარჯზე, რომ მათ არ უზრუნველყვეს ყველა ბენეფიციარი, ვინც დახმარებას საჭიროებდა. გაწეული 40%-იანი ხარჯი მოხმარდა მხოლოდ ბენეფიციართა 20%-ს, დაახლოებით 800 000 მოქალაქიდან - 171 000 მოქალაქეს“, - განმარტა ალასანიამ.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში აღნიშნულ ფაქტის კომენტარისას მედიაციის სამსახურის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მედიაციის სამსახურის არსებობა აუცილებელია, თუმცა დღეს ეს სამსახური სადაზღვევოების დაფინანსებაზეა მიბმული, რაც მას პრობლემების ობიექტურად წარმოჩენაში ზღუდავს.
გიორგი გოდაბრელიძის თქმით, მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს მსჯელობა, რა პრობლემებს აწყდება ეროვნული ბანკის მონიტორინგის სამსახური და ხომ არ იქნება უფრო ეფექტური მონიტორინგის ჯანდაცვის სამინისტროზე მიბმა.
როგორც გოდაბრელიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, სადაზღვევო ინდუსტრიაზე, რომელიც განვითარებისკენ ნაბიჯებს დღეს დგამს, ზეწოლა არასწორია, თუმცა სახელმწიფო ვერც იმას დაუშვებს, ბიუჯეტის თანხების მითვისება მოხდეს. ამასთან, მისივე თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნაა, თუმცა დასძენს, რომ ეს ნაბიჯი სადაზღვევო ბიზნესს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი კი სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის.
„მე რა შუაში ვარ? არის სადაზღვევო კომპანია და ეროვნულ ბანკში საქონელზე ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს“, - განაცხადა კვიტაშვილმა.