„გელოდებით, გირეკავთ და რატომ არ მოდიხართ? ღორები და ძაღლები ჭამენ დაღუპულებს“

„გელოდებით, გირეკავთ და რატომ არ მოდიხართ? ღორები და ძაღლები ჭამენ დაღუპულებს“

რას იხსენებს გენერალი ბორისოვი აგვისტოს ომის შესახებ და რა უნდოდა თემურ ალასანიას მის ავტომანქანაში?! 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე ვიაჩესლავ ბორისოვი საუბრობს. გენერალი კონკრეტულად უშიშროების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის კახა ლომაიასა და უმცირესობის დეპუტატის გივი თარგამაძის გვარებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათ ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისა და ტყვეების ქართული მხარისთვის გადმოსაცემად არაფერი გააკეთეს.

ბორისოვი იხსენებს, რომ ამ საქმის ორგანიზებისთვის მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს ორი პირი გააგზავნა. თუმცა, ქართული მხარისთვის ჯარისკაცების ცხედრების გადმოცემა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს და უშუალოდ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჩარევითა და ძალისხმევით მოხდა.

„როდესაც ქართულმა მხარემ მხოლოდ ხუთი ტყვე გადასცა რუსეთს, ამას მოჰყვა ჩვენი მოთხოვნა, ყველა დაკავებულის, გარდაცვლილის და დაჭრილის გადმოცემის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ამ საქმის ორგანიზება მთხოვა და ამაში ქართველი მაღალჩინოსნებიც ჩარია. ამ მიზნით გორში ჩემთან შესახვედრად ალექსანდრე ლომაია და გივი თარგამაძე ჩამოვიდნენ. ლომაიას რაც შეეხება, იგი არც სიტყვის კაცია, არც საქმის, უბრალოდ, მშიშარა ადამიანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ის არ გვეხმარებოდა არც გარდაცვლილების და არც დაჭრილების გადაცემაში, ის მხოლოდ და მხოლოდ ტყვიაგაუმტარი ჟილეტით დარბოდა. ეშინოდა, რომ არავის არაფერი დაეშავებინა მისთვის და არავის გაეტაცებინა. ვის რაში სჭირდებოდა ლომაია?! ჩახტა პირველსავე მანქანაში და იქაურობა დატოვა. არაფრის ორგანიზებაში მას წვლილი არ შეუტანია. გივი თარგამაძე კი სააკაშვილის მიერ დაკისრებულ მისიას ასრულებდა”, - განაცხადა გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა პორტალ „კვირასთან“ საუბრისას.

For.ge დაუკავშირდა ამ შეხვედრის თვითმხილველს, გორის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ტარიელ თოდაძეს.

„14 აგვისტოს, გორის ცენტრში ბიჭები ვიდექით, როდესაც მოვიდა გენერალი ბორისოვი, ამ დროს მოვიდა კახა ლომაიაც, ბორისოვი გადმოვიდა მანქანიდან, აგრესიულად მიმართა ლომაიას, ქრისტიანები არ ხართ? ორი დღეა, გელოდებით, გირეკავთ და რატომ არ მოდიხართ, ყარს მკვდრები, ცხინვალში ღორები და ძაღლები ჭამენ დაღუპულებს, ათასობით კაცი ყრიაო. ლომაიას თითები კოსტიუმში ჰქონდა გაყრილი და ბორისოვს ცოტა აგდებულად უთხრა, „მი სამი ზნაემ ნაში დელა“. ეს რომ უთხრა, მე ვეღარ მოვითმინე და „რა დელა, შე ნაბიჭვარო, შენი არც შვილია, არც ძმა, არც არავინაა დაღუპული და მეომარი ბიჭები ჩაგვიხოცეს-მეთქი“. მის საცემრად გავიწიე. ამას მოჰყვა მთელი გაწევ-გამოწევა. ქართული სცოდნია ბორისოვს - „კაი, ბიჭო, კაი, დაწყნარდიო“. ბორისოვს ვთხოვე, ჩვენ გამოვიყვანთ იმ ბიჭებს-თქო“, - გვითხრა ტარიელ თოდაძემ.

იგი განმარტავს, რომ ნაციონალებს სტალინის ძეგლის აფეთება უნდოდათ, რაზეც გორში ლეგენდები დადიოდა. ამიტომაც იდგნენ ის და სხვა ადამიანები გორში სტალინის ძეგლთან, რომ ძეგლი არ აფეთქებულიყო.

„მაგათ უნდოდათ, მაღლიდან, თვითმფრინავიდან გასროლით კი არ აეფეთქებინათ სტალინის ძეგლი, არამედ სურდათ იქიდანვე აეფეთქებინათ. გვიანობამდე ვყარაულობდით ძეგლს. თემურ ალასანიაზე ხმები დადიოდა, რომ იგი ჩამოდიოდა და რუსებთან ერთად დადიოდა გორში. ბორისოვთან და კიდევ ორ რუს გენერალთან ერთად მოძრაობდა ქალაქში. მე არ დამინახავს, თუმცა რუსებთან რომ დადიოდა, აშკარაა. გორელები ასე ფიქრობდნენ, რომ ამათ უნდოდათ, რაც უფრო მეტი ხალხი ჩაიხოცებოდა. ეტყობა, ვიღაცისთვის უნდა ეთქვათ, ამდენი ხალხი დაგვიხოცა რუსეთმაო, მაგრამ რუსებს ეგ რომ სდომოდათ, კიდევ უფრო მეტ უბედურებას დაგვატეხდნენ. რუსი გორში რომ შემოვიდა, სულ ბატონობით ელაპარაკებოდა ხალხს, თუმცა ფაქტია, ბიჭები დაგვიხოცეს“.

ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტარიელ თოდაძე მას დანიშნული ჰყავდა სამხედრო ბაზების უსაფრთხოების უფროსად. მოგვიანებით, ნაციონალებს უნდოდათ, იგი მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გამოეყენებინათ და დააპირისპირეს კიდეც მოდულის შენობაში, მაგრამ ტარიელ თოდაძე არ გატყდა. რაც შეეხება აგვისტოს ომს, ტრისტან წითელაშვილის განმარტებით, ტარიელ თოდაძე, როგორც იქაური პიროვნება, დარჩა გორში და მას ატყობინებდა, თუ რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე.

„გვამებთან დაკავშირებულ საკითხში მეც აქტიურად გახლდით ჩართული, გვინდოდა, როგორმე მოგვეხერხებინა მათი გადმოსვენება, მოლაპარაკებებს ვაწარამოებდით ვიღაც-ვიღაცების მეშვეობით. მაშინდელ ხელისუფლებას, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, საერთოდ არ აინტერესებდა დაღუპული სამხედროების გვამების გადმოსვენება. მსხვერპლი იმაზე მეტი არის, რაც გადმოასვენეს, რადგან იქ ჩარჩნენ მიცვალებულები და დაღუპულები, რომლებიც ვერ მოიძიეს და მათი ბედით არ დაინტერესდნენ. არ აწყობდა სააკაშვილს, ქართველ მოსახლეობას მსხვერპლის რეალური რაოდენობა დაენახა, რადგან ცუდად შემოუტრიალდებოდა. მათ არ სურდათ არცერთი მიცვალებულის გადმოსვენება, ჩატოვეს გვამები და აგვისტოს გაგანია სიცხეში ხელ-ფეხმოგლეჯილი მიცვალებულები გაირყვნენ, მათ მატლები დაესიათ. პატრიარქი რომ არა, მათ ვერ გადმოვასვენებდით. სხვათა შორის, ბორისოვმა რამდენჯერმე მიუთითა, მე მოგცემთ ტრანსპორტს, რომ თქვენი მიცვალებლები გადაასვენოთ, უსაფრთხოების დერეფანს შეგიქმნითო, ლომაიას და გივი თარამაძეს მიმართა, დაღუპულები ოჯახს დაატირებინეთო. იქ იყო თემურ ალასანიაც, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, მათ უნდოდათ ტექნიკისა და შეიარაღების მაქსიმალურად გაწერა. ეს ტექნიკა მათ სხვა ქვეყნებში ჰქონდათ გადაყიდული“, - გვითხრა ტრისტან წითელაშვილმა.

მანვე დაადასტურა, რომ ლომაია-თარგამაძე და თემურ ალასანია სულ სხვა რამის გამო იყვნენ იქ ჩასულნი, არა მოსახლეობის უსაფრთხოების და მიცვალებულთა გადმოსვენებისთვის, არამედ თავიანთი მიზანი ადარდებდათ. მათ სტალინის ძეგლის აეფეთქება უნდოდათ. მეტიც, ლომაიამ ხელი აუქნია ბორისოვს, მიცვალებულები არ მაინტერესებს, თავი დამანებეო. თარგამაძესაც არაფერი გაუკეთებია, სანამ რუსული ქვედანაყოფები არ შევიდნენ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღეს შტაბში, რომ ადგილზე დარჩეს მოსახლეობა, მათი ევაკუაციის დრო არ გვაქვსო. ტრისტან წითელაშვილის თქმით, ეს სწორედ გივი თარგამაძის სიტყვები იყო.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლითაც შეიძლება დასკვნები გავაკეთოთ. ამიტომ 2008 წლის მოვლენებს სერიოზული გამოძიება სჭირდება არა საერთაშორისო კუთხით, ანუ სულ სხვა ფორმატით, არამედ შესასწავლია ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების ქცევებში, გადაწყვეტილებებსა და მოტივაციაში რა იყო დანაშაული და რა - შეცდომა.

„ნებისმიერი ქვეყანა საკუთარ საბრძოლო კონფლიქტებს იძიებს. აგვისტოს ომის დროს დაღუპულებთან დაკავშირებით სამხედრო მანქანა ჩამოიშალა და პანიკაში იყო. ინფორმაცია ბრძოლის ველიდან პოლიტიკოსებთან დამახინჯებულად მიდიოდა, ვრცელდებოდა ჭორები, რომ დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათასი იყო. ნაცმოძრაობამ ვერ მოახერხა, ისე აეწყო სამხედრო მანქანა, რომ ზუსტი ინფორმაცია მიეღო ბრძოლის ველიდან. ეს არის დანაშაული და ავანტიურა. თუ ოპერაცია მზადდებოდა, ის ყოველმხრივ მომზადებული უნდა ყოფილიყო. საკმარისი დრო ჰქონდათ და ამაზე პასუხი არავის მოეთხოვა. არ არის გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის ლიდერებმა, რომლებსაც სხვა წყარო არ ჰქონდათ და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი იყო დაღუპული, ხელისუფლების დაკარგვის შიშით გადაწყვიტეს, სანამ მყიფე იყო ხელისუფლება, ეს ინფორმაცია დაემალათ. ამიტომაც საპატრიარქოს ჩარევამდე არ განხორციელდა იქ სანიტარული და ჰუმანიტარული კორიდორების შექმნა დაღუპულთა ცხედრების შესაკრებად“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით, გივი თარგამაძე მაშინ პარლამენტის წევრი იყო, მას სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლის ფუნქცია არ ჰქონდა, მაგრამ იმყოფებოდა გორის რაიონში და გარკვეულ კონტაქტებში შედიოდა. ასევე, იქ იყო ჩინოვნიკი კახა ლომაია, რომელსაც ევალებოდა კოორდინაცია გაეკეთებინა ძალოვანებისთვის, სხვადასხვა სამსახურებისთვის. მათ ერთად შეეძლოთ, დამოუკიდებლად მიეღოთ თუნდაც შუალედური გადაწყვეტილებები.

„თუმცა ჯარებმა პანიკური უკანდახევა დაიწყეს, იყო უმართავი პროცესი და ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ დაიღუპა, რომ ისინი ბრძოლის ველზე მიატოვეს, ხოლო ტყვეები დახვრეტილ იქნენ. ეს ინტერვიუ ბორისოვს გმირად არ წარმოაჩენს, ის მოწინააღმდეგე ძალებს ხელმძღვანელობდა, რომლებმაც დაუშვეს ოსური ბანდფორმირებების სამხედრო დანაშაულობები, როცა ისინი ადგილობრივ მკვიდრთ აწიოკებდნენ. ამიტომ ბორისოვი ქართველ დაღუპულებზე მზრუნველად ნაკლებად წარმომიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიის გენერალია, ის ცდილობს თავის გამართლებას. თუმცა მას ვალდებულება ჰქონდა, არ დაეშვა ბანდფორმირებების თარეში“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.