დედაქალაქში საცობების პრობლემას თან დაერთო თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელებში მოძრაობის გადატვირთვა. ამ მხრივ ვითარება სულ უფრო რთულდება და მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. საკითხი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელებში ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ მოხდება ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ე.წ. დაკავშირების ფუნქციის გაძლიერებაა.
„პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ავტომაგისტრალებზე. 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტობანი, მაგისტრალი იყო აშენებული ჩვენს ქვეყანაში. თან ეს იყო ყველაზე იოლი მონაკვეთი მშენებლობისთვის. მას შემდეგ ძალიან ინტენსიურად წარიმართა სამუშაოები და უკვე მომავალ წელს, მთლიანად, თბილისიდან ბათუმამდე იქნება გახსნილი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი, ე.წ. ავტობანი. ბოლომდე იქნება მიყვანილი თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისა და რუსთავის დაკავშირებისთვის. ასევე თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელი ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება უახლოეს მომავალში, რაც განტვირთავს ქალაქის შემოსასვლელ კვანძებს“, - განაცხადა პრემიერმა.
თბილისის შემოსასვლელები, საიდანაც ყოველდღიურად მანქანების დიდი ნაკადი შედის და გადის, ბოლო წლებში მართლაც ძალიან გადაიტვირთა. ქვეყნის შიგნით მიგრაციული პროცესის გააქტიურებამ ამ მხრივ თითქმის გამოუვალი სიტუაცია შექმნა და გზებზე მოძრაობა გაუსაძლისი გახადა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სადღესასწაულო პერიოდში, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, უქმეებზე და ა.შ.
ბოლო წლებია, ახლომდებარე რეგიონების მოსახლეობა დედაქალაქზე უკვე ეკონომიკურად და სავაჭრო მიმართულებითაც მყარად არის მიბმული და ამ რეალობის შეცვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შესაბამისად, კერძო ავტომობილით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეები დანიშნულების ადგილამდე მისვლას ძალიან დიდ დროს ანდომებენ.
ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ პროექტი, რომელიც საგურამოსა და მიმდებარედ არსებული 12 დასახლების, ასევე ჭოპორტისა და ახატანის სივრცის დაგეგმარებას გულისხმობს. როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, გაწეული მუშაობის პროცესში მიგრაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა გამოიკვეთა.
პროექტის კოორდინატორი ოთარ მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისთან ახლო მდებარეობა თავისთავად განაპირობებს სამუშაო ძალის გადინებას. მისი თქმით, საპროექტო არეალის მოქალაქეები, ძირითადად, ყოველდღიურად მიგრაციას ახორციელებენ. ისინი სამუშაო ჩადიან დედაქალაქში, საღამოს კი ბრუნდებიან, რაც სატრანსპორტო კუთხით პრობლემურია.
„თბილისის მიმდებარედ არსებული ტერიტორიები, რომლებიც 1 საათის სამანქანო გზაზე მდებარეობს, ძალაუნებურად ეკონომიკურად მიბმულები არიან დედაქალაქზე. აგლომერაციული ზეგავლენა ყოველთვის მზარდია ხოლმე, თბილისი მილიონზე მეტის საცხოვრებელი ადგილია და მისკენ მიზიდულობის ძალა სულ ძლიერია“, - აღნიშნა მჭედლიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ აუცილებელია თბილისიდან მომიჯნავე ქალაქებში შეიქმნას სარკინიგზო ხაზები, რათა ადამიანებმა ბევრად მარტივად და სწრაფად შეძლონ მგზავრობა ისე, რომ სხვა ტრანსპორტის გამოყენება აღარ დასჭირდეთ. როგორც მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე აცხადებს, ქალაქი უნდა გაიშალოს, რაც თავისთავად ინფრასტრუქტურის შეცვლას გულისხმობს.
„თბილისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიური უბნები შეიქმნას, რაც საქალაქთაშორისო მგზავრობას გაამარტივებს. კარგი იქნება, რომ ტრანსპორტიც ჩანაცვლდეს, მაგალითისთვის, დედაქალაქიდან მცხეთის ან რუსთავის მიმართულებით სავსებით შესაძლებელია, დაკავშირება რკინიგზის საშუალებით, რათა სხვა ტრანსპორტი არ იყოს საჭირო.
თბილისში სამუშაოდ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ახლომდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდან, მათ შორის, რუსთავიდან, მცხეთიდან, საგარეჯოდან და სხვა.
ეს პროცესი გაგრძელდება, ამიტომ სატრანსპორტო კოლაფსი რომ ავიცილოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ. ცხადია, მგზავრობაც უფრო კომფორტული და უსაფრთხო უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, საცობები გამოუვალ მდგომარეობამდე მიგვიყვანს და საერთოდაც თბილისში ცხოვრებას შეუძლებელს გახდის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.