დიტო გელოვანი: ვირებიც ტირიან...

დიტო გელოვანი: ვირებიც ტირიან...

უცებ, ტკვილისა და სირცხვილისაგან აბღავლებულმა პატრიციო არაგონესმა ორივე ხელი წაივლო მუცელზე, ღმერთო ჩემო, ჩემო გენერალო, ჩავ...ვი. პრეზიდენტმა გაიფიქრა, ალბათ, გადაკრულად მიმანიშნებს, სიკვდილის წინაშე შიშს ვაღიარებო, მაგრამ პატრისიო არაგონესმა, თითქოს მიუხვდაო, შებღავლა, გადაკრულად კი არა, მართლა ჩავ...ვიო. მაშინ კი შეუძახა პრეზიდენტმა, გემუდარები, მაგას ნუ იზამ, ცოტაც მოითმინე, სამშობლოს გენერლები ასე არ კვდებიანო, მაგრამ უკვე გვიან იყო. პატრიოტული გრძნობებისგან და კუჭისგანაც დაცლილი არაგონესი საკუთარ ცრემლში და განავალში ამოქვარქვნილი უსულოდ დაასკდა იატაკს.

(გაბრიელ გარსია მარკესი, „პატრიარქის შემოდგომა“)

ახლახანს წაგებული ომის მინისტრი-გენერალი მახსენდება, შეეჩვიე მოგებასო - რომ მირჩევდა, მამუნათებდა, დამკიოდა, დამჩხაოდა და ახლა სადღაც, სამხრეთ საფრანგეთის რომელიღაც ციხეში ზის, ზის, ზის...

ვინც დგას, ვინც ზის და ვინც წევს... ნაგავში გადაგდებული ბრილიანტი, ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი და „არაფრის“ სადღეგრძლო - აი, რომ გკითხავენ, რაზე ფიქრობო და შენ რომ უპასუხებ, არაფერზეო, ამ დროს კი ის არაფერი შენთვის ყველაფერიაო... ამ დროს თამადა შესვენებას გამოაცხადებდა, ვცეკვავდით, ხოლო ის... ხოლო ის ზის, ზის, ზის და „საკუთარი ნიჭით ნაშოვნ მილიარდებს“ ითვლის, ფულს ხომ თვლა უყვარს? ვისაც ფული უყვარს, იმას თვლა განსაკუთრებულად ეხერხება და თუ თვლა გეხერხება, ადამიანებსაც უნდა ითვლიდე და წლებსაც, რომლებიც მოდიან, მიდიან და არ ბრუნდებიან.

ეგ აღარ დაბრუნდებაო, „მიმინოში“ რომ არის... მაგრამ ვალიკო დაბრუნდა. ისიც დაბრუნდება, ვინც იქ ზის, საფრანგეთში, და თვალოს მერე ადამიანები, რომლებიც ისხდნენ და რომლებიც ახლაც წვანან, თვალოს წლები, რომლებიც დავკარგეთ და ის წლებიც თვალოს, რომლის განმავლობაშიც უნდა თვალოს მილიარდები, რომელთა გამოც მოუწევს ჯდომა.

იმედი მაქვს, ეგრეც იქნება, ჯერ კიდევ მაქვს ამის იმედი.

ბაჩოსთან ჩამსვითო - ოქრუაშვილი იხვეწებოდა, ვანოსთან ჩამსვითო - ბაჩო იხვეწება, კეზერასთან ჩამსვითო - ვინ იცის, რამდენი მოინდომებს და არც ის იცის ვინმემ, იქნებ ზოგიერთმა განგებაც კი ჩაიდინოს დანაშაული იმ იმედით, რომ იქნებ მოხვდეს კეზერასთან ერთ საკანში და სანამ უნიტაზში თავს ჩააყოფინებდეს, უშუალოდ მისგან მოისმინოს ლექცია თემაზე „როგორ მოვიპარო მილიარდი“.

„მჯერა, რომ მკურნალიძეზე ზეწოლას არ გამოიძიებენ, ისე, როგორც ვანო მერაბიშვილის მიმართ ზეწოლა ამ დრომდე არ გამოუძიებიათ“ - თქვა გასულ კვირაში ბაჩო ახალაიამ და გული ამიჩუყდა. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გაგა მკურნალიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მისმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა“ - ამ ნიუსზეც ამიჩუყდა გული და ვატყობ, რომ სიბერე ახლოვდება. გულჩვილი არასოდეს ვყოფილვარ, სხვა დროს ვიტყოდი, აი დარდი-მეთქი, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეცოდებიან უსამართლოდ დასჯილები, მკაცრი ზეწოლით ქვე-წოლილები...

ის დროა, ყველაფერს შევეშვა და უფლებადამცველი გავხდე, ენჯეო ჩამოვაყალიბო, რუდუნებით და უანგაროდ ვემსახურო ჩაგრულს და უპოვარს ასე -  „ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვანო მერაბიშვილის მიერ გახმაურებულ ბრალდებებზე "ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო" შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო (TI-GEORGIA); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); მედიის განვითარების ფონდი (MDF) მიერ გავრცელებულ განცხადებაში“ და ასე - „სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – კოალიცია "საზოგადოებრივმა ინიციატივამ", "ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბმა", "დროას", სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის წევრებმა აქცია გამართეს, რომელზეც სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის გადადგომა მოითხოვეს.

არასამთავრობოები სამინისტროსთან სასტვენებითა და წითელი ბარათებით მივიდნენ. მათ სამინისტროს შესასვლელთან წითელი ბარათები დაყარეს და სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ პროტესტი გამოხატეს. აქციაში ასევე მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია“.

როგორც ხედავთ, ჩვენ ძველთაგან არა მხოლოდ ვაჟკაცობა, არამედ სოლიდარობაც მოგვდევს, თურმე. „თურმე“ კი იმიტომ, რომ არ მეგონა და არ ვიცოდი. აბა, გაგიგიათ, რომ ამდენ ენჯეოს ან გირგვლიანზე ეყვიროს, ან რობაქიძეზე, ან თეთრაძეზე, ან ფოტოგრაფებზე, ან კოდორზე ან ახალგორზე ან... ან... ან...

საქართველო ანოსია, ყველა ენჯეო ვანოსია, ბაჩოსია, კეზერასია, ქილერასია, წუკლარასია. რაც ცხრა წელიწადში იყვირეს, იმაზე მეტი იყვირეს მხოლოდ ბოლო ორ კვირაში და ეგრე ხომ არ ხდება, რომ ამდენ ხანს დუმდე და შემდეგ ერთბაშად ამოიღო ხმა? ვიღაცამ პანღური ამოსცხო - გეყოფათ კრიახი, საქმეს მიხდეთო, და ერთი ნიუსი მენიშნა - „ტყის ქათამზე ნადირობა 1 მარტამდეა შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ, ექპსერტებსა და მეცნიერთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება გადამფრენ ფრინველზე - ტყის ქათამზე ნადირობის ვადა 1 მარტამდე გაგრძელდეს“.

და რა მოხდება 1 მარტის შემდეგ? თუ გაფრინდებიან, როგორღა ვინადირებთ და თუ არ გაფრინდებიან, ტყე-ტყე ვიაროთ და საკენკით ვკვებოთ? საერთოდ კი, ეს გადამფრენი ქათმების ინსტიტუტი ძალიან საინტერესო მოვლენაა - გადაფრინდებიან, მოისმენენ სემინარებს, წამოიღებენ სერთიფიკატებს, უკანვე ჩამოფრინდებიან და ამაყად დააბიჯებენ, ყველაფრის უფლება გვაქვს, სადაც გვინდა იქ მოვსკლინტავთ, აგერ დიპლომი და აქვე სერტიფიკატიცო.

აი, გასული კვირის ერთ-ერთი საინტერესო სკლინტიც: „არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს მოუწოდებენ, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს. ამის შესახებ ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში“.

იმათ რომ არ მოეწოდებინათ ამათ არ იცოდნენ, თუ - იცოდნენ, მაგრამ არ აპირებდნენ, და ახლა, რადგან იმათ მოუწოდეს, ესენი იძულებულები გახდებიან, რომ „სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს“.

კითხვა ორია, პასუხი - არც ერთი. ვინ უნდა გასცეს პასუხი, პოლიტიკიდან საზოგადოებრივ სექტორში გადასულებმა თუ საზოგადოებრივი სექტორიდან პოლიტიკაში წასულებმა? კვლავ ორი კითხვა და კვლავ არც ერთი პასუხი. მე, ჩემდათავად, მაინც საზოგადოებრივ სექტორში წასულ პოლიტიკოსებს ვამჯობინებ, რადგან ენჯეოდან პოლიტიკაში გადასკუპებული სულ ორი ვიცი - თამარ კორძაია და ირაკლი სესიაშვილი - და არც ერთ მათგანს არ ვენდობი. დუმან იქ, სადაც უნდა ილაპარაკონ, ლაპარაკობენ იქ, სადაც უნდა ყვიროდნენ და ყვირიან იქ, სადაც უნდა დუმდნენ. მაგალითი? მაგალითები ბევრია, მაგრამ რადგან ეს არის ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, ამიტომ მაგალითს გასული კვირიდან გაახლებთ: "ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომა არ მომეწონა, რადგან ვთვლიდი, რომ ძალიან ძლიერი პროკურორი იყო" - აღნიშნული განცხადება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ფარცხალაძის საგაზეთო ინტერვიუს გამოეხმაურა“.

სესიაშვილს რომ კითხო, გახმაურებულ საქმეებს ფარცხალაძე სწრაფად და ეფექტურად იძიებდა, რამაც ნაცების შეშფოთება, ნაცების შეშფოთებამ კი ფარცხალაძის გადადგომა გამოიწვია.

მე არ ვეკუთვნი ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც გერმანელი ან მოზამბიკელი პოლიციელისთვის თავში წამორტყმას ვინმეს სასიკვდილო ცოდვად უთვლის, მაგრამ როცა ნაცები ღნავიან და ენჯეოები კრიახებენ, ანუ უწმინდურები სიწმინდეებს ახსენებენ და უსაქმურები საქმეს ეძებენ, კეთილი უნდა ინებო და სალაპარაკო არ უნდა მისცე.

იმ დღეს სოციალურ ქსელში ეწერა, პროკურატურიდან თეთრი კვამლი ჯერ არ ამოსულაო. გვპირდებიან, რომ მომავალ კვირაში ამოვა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც თეთრი კვამლი და არა ნაცრისფერი, რომელიც ზოგისთვის თეთრია და ზოგისთვის შავი. ვინმე შოთაძე, რომელიც, ზოგიერთის ინფორმაციით, ათი წლის წინ პროკურატურის სტაჟიორი იყო, ზოგი კი ირწმუნება, რომ გვიჩიანის საქმეს სწორედ ის იძიებდა... დავუშვათ და, სტაჟიორი იყო... სტაჟიორად დარჩა თუ დააწინაურეს? დააწინაურეს. ალბათ, დაიმსახურა და დააწინაურეს. არ მინდა, ბატონო, ადეიშვილის დაწინაურებულები და, საერთოდაც, გუშინდელ სტაჟიორებს და შემდეგ დაწინაურებულებს ისევ დღევანდელი სტაჟიორი მირჩევნია, რომელსაც ნაცების დროს უკადრებელი არ უკადრია და დაწინაურება არ დაუმსახურებია. ამას ზოგადად ვამბობ, შოთაძე არაფერ შუაშია. ახლა ხომ ასეა - ენჯეოებისგან შექმნიან საკონკურსო კომისიას და კონკურსში იმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტი დედიმისისა აქვს მირთმეული, ხოლო თუ მირთმეულის რაოდენობა თანაბარია, გამარჯვებულად ის ცხადდება, ვინც უფრო დიდი კოვზით ჭამდა.

„ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას შესაძლოა, მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული სიახლე აბიტურიენტის მიერ სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობის შემცირებით არის განპირობებული“ - ამ ნიუსს რომ დავუჯეროთ (მე კი, ძალიან მინდა რომ მჯეროდეს), ყველაფერი არის კარგად, მაგრამ თუ დავალებას მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატება, ყველაფერი უფრო კარგად იქნება.

წესით, გამოცდები ასე ტარდება: უნარები-კანონები-გასაუბრება. თავად განათლების სამინისტროში კი, მხოლოდ გასაუბრება ჩატარდა. სამინისტროს ერთი ნაციონალი თანამშრომლისგან და რამდენიმე უსაქმური ენჯეოშნიკისგან შედგენილმა კომისიამ ერთ ჩემ ნაცნობს, მოქმედ თანამშრომელს, დაუსვა ერთადერთი კითხვა („წელიწადის რომელი დრო გიყვართ?“ - დაახლოებით ასეთი), მიიღო პასუხი („შემოდგომა“ - ალბათ ასეთი) და კაცი დარჩა უმუშევარი. არც საყვედური, არც გაცდენები, არც კვალიფიკაციის პრობლემა... არ ვიცი, ვინ დაინიშნა მის ადგილზე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა ან ნაციონალების ზონდერი და ანაც მეოცნების ბიძაშვილი, თუმცა, მეოცნებეების ისეთი ბიძაშვილებიც ვიცი, ცხრა წელი „მიშა მაგარიას“ რომ ყროყინებდნენ. ვირები...

და აი, მაგარი, მე ვიტყოდი, უძაანმაგრესი ნიუსი: „სოფელ კუმისთან მონადირეებმა ვირების სასაკლაოები აღმოაჩინეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მონადირეები ამბობენ, რომ ამ ადგილას ცხოველებს ფარულად ხოცავენ, ხორცი კი სარეალიზაციო ძირითადად თბილისში მიაქვთ. მონადირეების განცხადებით, ხორცი ისე იჭრება, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს. მათივე მტკიცებით, ძირითადად ასეთ ხორცს საშაურმეებსა და სახინკლეებში აბარებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სასაკლაოებზე ვირის გარდა ცხენებსაც კლავენ. ვირები კი ძირითადად კახეთიდან მიჰყავთ. გლეხების თქმით, ბოლო პერიოდში ვირების ფასიც გაიზარდა“.

ფეხბურთი ტოტალიზატორით ფასობს, სიმღერა - ფონოგრამით, ქალი - სილიკონით, ამ ბოლო დროს ვირების ფასიც გაიზარდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე კალიები და ტარაკნებიც დაფასდებიან - „თბილისის საკრებულოსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ქალაქ გუანგჯოუს შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული მემორანდუმი ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების საფუძველი გახდება“.

ანუ... სახინკლეში, ქუდი რომ შეუგდო, აღარავინ შევა, „მაკდონალდსი“ შხამია, „საბვეი“ - ჩალა... რჩება ჩინური სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ იგემოთ კალიის საცეცები და ტარაკანის შიგნეულობა არაქისის გარნირით. ჩვენი მზარეულები ტარაკანს ვერ შეკმაზავენ და ამ მხრივ ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას არ უნდა ველოდოთ, სამაგიეროდ, იმედი მაქვს, დასაქმდებიან ქართველი მწერები. ჯერ ერთი, ქართული მწერი არის იაფი და, რაც მთავარია - ეკოლოგიურად სუფთა.

რეებს მიედ-მოედებიო - მეტყვის ვიღაც. დავასწარი და საკუთარ თავს ეგ უკვე ვუთხარი. მივედ-მოვედები, კი, ნამდვილად ასეა, ვაღიარებ, მაგრამ იმანაც აღიაროს, კახა რომ ქვია და კუკავა რომ არის გვარად - "თავისუფალი საქართველო" 31 იანვარს თბილისის საკრებულო სხდომაზე თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხის განხილვას მოითხოვს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ღარიბაშვილის მთავრობა ეწინააღმდეგება. ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი“.

წიფის გვირაბს გურამ აბსანძის სახელი რომ მიენიჭოს, არა? თუ არა და - ნუ!!! ისე კი, აეროპორტი სენაკშიც არის და იქნებ ვთხოვოთ ზურაბ ტყემალაძეს, რომ გამსახურდიას სახელი მიენიჭოს სენაკის აეროპორტს და გამოცხადდეს თბილისის აეროპორტად.

თავაზიანად რომ ვთქვათ, მეტად უცნაური ხალხია. და ისა... გასულ კვირაში თბილისის ზოოპარკში რომ ზებრა დაიბადა, რომ წამოიზრდება, ვირი ვუწოდოთ და ხინკლად მივირთვათ. არა? საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ტელევიზია ქვია, რა მოხდება, თუ ქუთაისის პარლამენტი იქნება თბილისში, თბილისის აეროპორტი - სენაკში, იქნებ ყატარი დავირქვათ და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ? მაგარი იქნება, უფრო მაგარი ვიდრე ის, ყაზტრანსგაზის ჯეელებმა „გეგმიური შემოწმების დროს“ პრეზიდენტის სასახლეში ბუნებრივი აირის დატაცება რომ აღმოაჩინეს.

აღმოაჩინეს... რამდენიც იცოდნენ, იმდენი მოხვდათ გასულ კვირაში თბილისის ზოოპარკში დაბადებული ზებრისა, ოღონდ, რომ წამოიზრდება - მერე.

ვითომ, არ იცოდნენ... თქვი, შე ჩემ... ჩემპიონო, რაც ხდებოდა, თქვი, რომ ჩაისვარე, ეგეთებს ჩაუსვრიათ? აგერ, დღეს რომ საახოვს აგინებენ, ნახევარზე მეტი სულ ჩასვრილი იყო.

დავკალით ვირები, ვჭამეთ ხინკლებად.

და თუ დავუჯერებთ ხადურს, რომ ლარის კურსი სტაბილურია, დავუჯეროთ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც - ცხოვრება მშვენიერია, „ეტალონი“ კი ყველაზე ეროვნული მედია-პროექტი

ი.მ. (ისე, მართლა) იანვრის ერთ საღამოს კი სასახლის აივანზე მართლაც დავინახეთ ძროხა, რომელიც მონუსხულივით შესცქეროდა მზის ჩასვლას. ეს რასა ჰგავს, ეს რა თავისაგდებაა, ეს რა მძღ... ქვეყანაა, ძროხას რა უნდა სამშობლოს აივანზე, ვის მოსწრებია ძროხა კიბეზე ადი-ჩადიოდეს,  თანაც სასახლის თანაც სასახლის ქვის კიბეზე და თანაც ფარდაგდაგებულზე...

(გაბრიელ გარსია მარკესი, „პატრიარქის შემოდგომა“)