თუ პრევენციული მექანიზმები არ შეიქმნა, ახალ კეზერაშვილებს მივიღებთ

თუ პრევენციული მექანიზმები არ შეიქმნა, ახალ კეზერაშვილებს მივიღებთ

"ღარიბაშვილის პრესკონფერენცია ნამდვილად დროული იყო"

გაგიკვირდებათ და ზოგჯერ კარგ ამბებზეც შეიძლება ხოლმე წერა. მაგალითად, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "თანაინვესტირების ფონდში" 6 მილიარდი დოლარია მობილიზებული, რაც სახუმარო თანხა ნამდვილად არ არის. ასევე, როგორც ჩანს, აშშ ისევ აქტიურად დაეხმარება საქართველოს. კარგი ამბავი ისიც არის, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაგრძო მედიასაშუალებებთან ღია შეხვედრის ტრადიცია. მეტიც, პრემიერის თქმით, ამ პრაქტიკას მინისტრებიც დანერგავენ. თუმცა ქართული პოლიტიკა რის ქართული პოლიტიკა იქნებოდა, ტრაგიკომიკური ამბებიც რომ არ ხდებოდეს. მაგალითად, გავიგეთ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში "ლევი" გაზი ყოფილა შეყვანილი. 

დეპუტატ ზურაბ ტყემალაძეს კი იდეა მოუვიდა, - თუ პარლამენტი ვერ მოდის თბილისში, ქუთაისი უნდა ჩამოვიდეს საქართველოს დედაქალაქშიო. ის-ის იყო, ტყემალაძის ინიციატივაზე (რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემის შესახებ) აჟიოტაჟი უნდა ატეხილიყო, რომ დავით უსუფაშვილმა "დაამუხრუჭა": ტყემალაძის იდეა წლის ხუმრობა იყოო. ცუდი ამბებით კი ვერავინ გაგვაკვირვებს. თუმცა ზოგჯერ ესეც ხდება - მრავლისმნახველი ქართული პოლიტიკისთვისაც კი უცნაურია, თუ რატომ გაჭიანურდა მთავარი პროკურორის დანიშვნა. ეტყობა, დაილია პატიოსანი და კვალიფიციური კადრები და ველით, როდის გაიზრდება ბაზალეთის ტბის ძირში ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმა, რომ მთავარი პროკურორობა შევთავაზოთ. გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ექსპერტ კახი კახიშვილთან საუბარი პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრის თემით დავიწყეთ:


- ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია ნამდვილად დროული იყო. კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითს გაიზიარებენ მთავრობის წარმომადგენლები და პირდაპირ შეხვედრებს გამართავენ როგორც ჟურნალისტებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

- პრემიერმა რამდენიმე გახმაურებული საქმის გახსნა დააანონსა, რომლებიც ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან არის დაკავშირებული. ასევე, მისი ცნობით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაში პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავს. 

- უკვე წელიწადია ჟვანიას საქმეზე საუბარია და პროკურატურა რაღაც ანონსებს ავრცელებს, მაგრამ კონკრეტული დეტალების შესახებ არაფერი ვიცით. შვეიცარიის ლაბორატორიაში გაიგზავნება ჟვანიას ცხედარი თუ სხვაგან, ეს არ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვაზე - რა მოხდა ცხრა წლის წინ. 

- შესაძლოა, იმას, თუ რომელი ქვეყნის ლაბორატორია ჩაერთვება ცხედრის ექსჰუმაციაში, მნიშვნელობა ჰქონდეს. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვეიცარიის ლაბორატორია იმით გამოირჩევა, რომ მასზე ძნელად მოახდენენ  ზემოქმედებას სხვადასხვა ძალა თუ სპეცსამსახურები. შესაბამისად, მის დასკვნას უფრო მეტი პრეტენზია ექნება ობიექტურობაზე. 
- შესაძლოა, ამაში იყოს სიმართლის მარცვალი, მაგრამ ჩემთვის სულერთია შვეიცარიის, ამერიკის თუ რუსული ლაბორატორიით დამიდგენ ჭეშმარიტებას - მთავარია, ჭეშმარიტება დამიდგინო. თუ აცხადებ, რომ ჟვანიას საქმეში იკვეთება ახალი დეტალები, ეს უტყუარად უნდა დაადასტურო, რათა საზოგადოებას კითხვები აღარ დარჩეს.

- პრემიერი ევროსაბჭოს თანამომხსენებლების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ პირდაპირი წესით არჩეულ მერს სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება უჩერდება. ღარიბაშვილმა განაცხადა, ევროპელები არ არიან მიჩვეულნი, რომ მათი დედაქალაქის მერი ბრალდებული იყოს 50 მილიონი ლარის გაფლანგვაშიო. ისე, როგორ ფიქრობთ, "მიუჩვევლობასთან" გვაქვს საქმე თუ სხვა რაღაცასთან?
- როგორც ჩანს, ევროსაბჭოს თანამომხსენებლების ჯგუფს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, თითქოს არჩეული მერი გიგი უგულავა სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა. არადა, მას უფლებამოსილება შეუჩერდა, რაც დროებითი, იძულებითი ღონისძიებაა. 
მიკვირს, რატომ ვერ მოხერხდა ამდენ ხანს დასავლეთთან კომუნიკაციის ქმედითი არხის აწყობა. 
ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს - სერიოზული კომუნიკაციაა საჭირო ევროპასთან და აშშ-თან, რათა ბოლოს და ბოლოს, გაიგონ, რა პროცესები ვითარდებოდა და ვითარდება საქართველოში. 

- გასულ კვირას მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო, რომელიც სამოხელეო დანაშაულისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავს. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2009-2012 წლებში კეზერაშვილის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა კომპანიის შემოსავალმა ასეულობით მილიონი დოლარი შეადგინა. სხვათა შორის, ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ კეზერაშვილზე სკანდალური ინფორმაცია იკვეთება. 

- თუ ეს დადასტურდა, აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ დამნაშავენი და სისხლის სამართლის პასუხისგებაც დაეკისროთ. ეს სერიოზული საქმეა და იმედია, ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს არ დასჯერდება. იმავდროულად, უნდა აღმოიფხვრას ტენედენცია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ადვილია გამდიდრება. პირები, რომლებიც მუშაობდნენ ვითომდა ხელფასზე, შემდგომში დიდი ქონების ან დიდი ბიზნესის მეპატრონეებად მოგვევლინნენ. არაერთხელ მივმართე ბიძინა ივანიშვილს, რომ საჭიროა პრევენციული რეგულაციების შექმნა, რომელიც არ მისცემს საშუალებას სახელმწიფო მოხელეს თანამდებობით გამდიდრდეს. არსებობს დეკლარაციების ბიურო, ყოველი თანამდებობის პირი ავსებს დეკლარაციას, მაგრამ არ არსებობს დეკლარაციის შინაარსის მაკონტროლებელი სამსახური. 

ბიურო მხოლოდ იმას აკონტროლებს, შეავსო თუ არა ჩინოვნიკმა დეკლარაცია და რა ჩაწერა დეკლარაციაში, პასუხს არავინ სთხოვს. ივანიშვილსაც მივმართე და ღარიბაშვილსაც მივმართავ: შეიქმნას სამსახური, რომელიც შევსებულ დეკლარაციებსა და ქონების წარმომავლობას შეისწავლის. თუ შევსებულ დეკლარაციაში აღმოჩნდება დარღვევა, საქმის მასალები პროკურატურას  უნდა გადაეცეს. გარდა ამისა, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა და სახელმწიფო მოხელეებმა დეკლარაცია თანამდებობის დატოვებიდან 5-10 წლის განმავლობაშიც უნდა შეავსონ, რათა თანამდებობიდან წასვლის მესამე წელს ყოფილ მაღალჩინოსანს "უცბად" არ აღმოაჩნდეს დიდი ქონება ან რამდენიმემილიონიანი ბიზნესი. თუ პრევენციული მექანიზმები არ შეიქმნა, ახალ კეზერაშვილებს მივიღებთ. ასევე, უცნაურია, ერთი მხრივ, ლაპარაკობენ კეზერაშვილზე და მეორე მხრივ, ის პირები, რომლებიც კეზერაშვილის დროს საკვანძო ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდნენ, დღეს ამ ხელისუფლების დასაყრდენიც არიან. რატომ არიან ხელმძღვანელ პოსტებზე პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში? გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იმედია, ამ კითხვაზე პასუხს მივიღებ. 

ჩემი აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" კადრების კვალიფიკაციაზე. "ნაცმოძრაობის" კადრები ეფექტურები იმიტომ კი არ იყვნენ, რომ დიდი კვალიფიკაცია ჰქონდათ, უბრალოდ სისტემა იყო ასეთი, ცარიელი ყდა რომ გაგეგზავნათ სასამართლოში, ის განაჩენი გამოჰქონდათ, რაც პროკურატურას სურდა. ეს კვალიფიკაციაზე არ მეტყველებს. მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა კადრი სამსახურიდან უნდა წავიდეს, თუმცა თითოეულ მათგანზე უნდა დაისვას კითხვა: რას აკეთებდნენ, თანამდებობის გამოყენებით ხომ არ შელახეს სხვისი უფლებები და აქვთ თუ არა ჩადენილი დანაშაული? 

- ეს კითხვები, ალბათ, დიდი ხნის წინ უნდა დასმულიყო. თუმცა რა კითხვებზეა ლაპარაკი, როდესაც მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა უსაშველოდ გაჭიანურდა. 

- შესაძლოა, ფარცხალაძის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ, ფრთხილობენ და კანდიდატთა ბიოგრაფიებს გულდასმით სწავლობენ, რათა მორიგ სკანდალში არ გაეხვიონ. მაგრამ მე მთავარ პრობლემაზე გავამახვილებ ყურადღებას, რასაც საკადრო საკითხი უკავშირდება: პროკურატურაში საკვანძო თანამდებობებზე არიან ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდნენ იმ საქმეებში, რომელთა გადახედვასაც საზოგადოება ითხოვს. წარმოიდგინე, შენ ხარ თანამდებობაზე და გავალებენ იმ საქმის გამოძიებას, სადაც შენი, შენი ახლობლის ან დამნიშვნელის ბრალეულობა იკვეთება. გააკეთებ ამას? რა თქმა უნდა, არა. ამას ვუკავშირებ ყველაფერს. ასეთი ფონის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ ჭიანურდება მთავარი პროკურორის წარდგენა.

- და რას ელოდებიან?

- არ ვიცი, რას ელოდებიან. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ აქცენტი კვლავ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებზე გაკეთდეს. უცნაურია, რატომ ჰგონიათ პროკურატურის ქვეგანყოფილება ფინანსური პოლიცია? გახსოვთ, როგორ მოქმედებდა ფინანსური პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" დროს? ბიზნესმენებს ბევრ შემთხვევაში უსამართლოდ უქმნიდნენ პრობლემებს. აი, ასეთია მათი კვალიფიკაცია და გაუგებარია, როგორ გამოდგება ეს "გამოცდილება" პროკურატურაში, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს დანაშაულთან ბრძოლას და საპროცესო კუთხით უხელმძღვანელოს ყველა უწყებას, სადაც ტარდება გამოძიება და ოპერატიული–სამძებრო ღონისძიება. მოკლედ, სუფთა ბიოგრაფიასა და კვალიფიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

- პრემიერმა განაცხადა, რომ პროკურორი ფოტოშოფით კოლეგის შეურაცმხყოფელ შარჟებს არ უნდა ქმნიდეს. სწორედ ამ მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი. 
- რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება ამ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის განცხადებას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

კერძოდ, გიორგი ნოზაძემ განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში იძიებდა ისეთ რეზონანსულ საქმეებს, როგორიცაა ციხის ბუნტი, შსს-ში თანხების გაფლანგვა და სხვა, მაგრამ მისი უშუალო ხელმძღვანელი არ აძლევდა საშუალებას, დაედგინა ჭეშმარიტება. სახეზეა განცხადება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. სამწუხაროდ, ამაზე არაფერს ამბობენ პროკურატურა და პოლიტიკური წრეები. რაც შეეხება ფოტოშოფს, თუ ამის გამო გაათავისუფლეს ნოზაძე თანამდებობიდან, ეს მითითებული უნდა იყოს ბრძანებაში, ნოზაძის გათავისუფლების ბრძანებაში კი ფოტოშოფი ნახსენებიც არ არის. შესაბამისად, ისმის კითხვა: ნოზაძის გათავისუფლების რეალური მიზეზი რატომ არ აცნობეს, რატომ შეიყვანეს შეცდომაში  პრემიერი, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა - როდესაც პროკურორი ფოტოშოფით ერთობა, ეს კატასტროფააო. თუმცა პასუხი ნათელია - ნოზაძის სამსახურიდან გამათავისუფლებელი ხომ არ ეტყვის პრემიერს: იმიტომ დავითხოვე სამსახურიდან განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, რომ არ მინდოდა კონკრეტულ საქმეებზე განაჩენი დამდგარიყოო. მე კონკრეტული გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, პროკურატურაში ძალიან ბევრს არ სურს ზემოხსენებული საქმეების გახსნა, რათა მისი ან მისი ახლობლის მონაწილეობა არ გამოიკვეთოს. 

საშველი არის ის, რომ პროკურატურაში საკვანძო თანამდებობებზე დამოუკიდებელი პირები უნდა იყვნენ. ასევე, სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ ის პირები, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნისას ჩაიდინეს დანაშაული
და მათი ქმედება სამართლებრივად უნდა შეფასდეს. სად არის ლოგიკა?! ჩვენ საქმე გვაქვს პროკურორებთან, რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ კი არ გაიარეს თანამდებობრივი საფეხურები, არამედ იმიტომ დაინიშნენ პროკურორებად, რომ ზურაბ ადეიშვილის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. 

- გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც შევეხოთ. პრესაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის წერილი ფრანგული მხარისადმი, რომელშიც ის ქვეყნისა და "ნაცმოძრაობისთვის" კეზერაშვილის ფიგურის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს და საფრანგეთის სასამართლოს სთხოვს, უარი თქვას კეზერაშვილის ექსტრადიციაზე. განსაკუთრებით საინტერესოა პასაჟი, რომლის თანახმად, კეზერაშვილი "ნაცმოძრაობისთვის" ფინანსების მოზიდვაში ცენტრალური ფიგურა იყო.

- სააკაშვილის წერილს უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეს ყოფილი პრეზიდენტის გზავნილია კეზერაშვილისა და "ნაციონალებისათვის": მე თქვენთან ვარ, არ გავქცეულვარ და გუნდი არ მიმიტოვებიაო. კერძოდ, თუ კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და სხვებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ისინი სააკაშვილმა მიატოვა, არ არის გამორიცხული, ლაპარაკის ხასიათზე მოვიდნენ. სხვათა შორის, წერილში სააკაშვილი მიუთითებს, თუ რას წარმოადგენდა კეზერაშვილი პარტიისთვის ფინანსების მოზიდვაში, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ კეზერაშვილის დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს. ისე, ვეჭვობ, სააკაშვილის წერილმა ფრანგულ მართლმსაჯულებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს.

- სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგების მიხედვით არ დასტურდება ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომლის თანახმად, 14 დეკემბერს ღამით ის სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად მიიყვანეს. თუმცა საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა განცხადების იმ ეპიზოდმა, რომლის მიხედვითაც, ციხისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სათვალთვალო კამერები ჩანაწერს მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ინახავენ.  ლომბარდების ვიდეოკამერებიც კი არ შლიან ინფორმაციას 24 საათის შემდეგ. 
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 2006 წლიდან არ ცნობს მოკვლევის ინსტიტუტს და რა ჩაატარა სუბარის უწყებამ, გაურკვეველია.  

სუბარმა განაცხადა, ჩვენ შევისწავლეთ და ამოვიღეთ ავტოგასამართი სადგურებიდან და აფთიაქებიდან ვიდეოჩანაწერებიო (გზა მე-9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე). ამოღება საგამოძიებო მოქმედებაა, რომელიც რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. მოკვლევის პირობებში, რომელსაც არ ცნობს კანონმდებლობა, როგორ მოხდა ვიდეოჩანაწერების ამოღება კერძო პირებისგან და კერძო დაწესებულებიდან, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, გაუგებარია. მინისტრის განცხადება ცალკე შესასწავლია და ე.წ. მოკვლევის მწარმოებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.