გია გვიჩიანი: „არ ვარ მკვლელი და არც მკვლელობის შემკვეთი“

გია გვიჩიანი: „არ ვარ მკვლელი და არც მკვლელობის შემკვეთი“

„გაღმა ნაპირზე ხარ გასული და იცი, რომ უკან ვერასოდეს დაბრუნდები“, - ამბობს „თბილგაზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გია გვიჩიანი, რომელსაც ბრალი „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში დასდეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურამ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოსაყენებლად ერთი ადამიანის, ნოდარ გვიჩიანის ჩვენება საკმარისად ჩათვალა იმისათვისთვის, რომ გია გვიჩიანისთვის და ნიკა ჩემიასთვის სამუდამო პატიმრობა მიესჯა. უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და მისი დაკავება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზნით გამოიყენეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ „თელასის“ ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობა გაუხსნელად გამოაცხადა. პროკურატურის მტკიცებით, მსჯავრდადებულების უდანაშაულობას ამტკიცებს, 2006 წლის 6 იანვარს აშშ-ის ფედერალური ბიუროდან შემოსული დასკვნა, რომლის მიხედვით გამოირიცხა ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე მკვლელობის შემსრულებლების დნმ-ის არსებობა. თუმცა, აღნიშნული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო და საქმე დასკვნის გარეშე წარიმართა სასამართლოში.

საქმეს ასევე არ დაერთო 2006 წლის 8 თებერვლით დათარიღებული დასკვნა ლაბორატორიაში წარდგენილ მასალაზე თმისა და ბოჭკოების არარსებობისა და კვლევის არჩატარების შესახებ. ამ დასკვნების გამოკვლევის გარეშე, 2006 წლის 15 აგვისტოს, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ისე დადგა, რომ საქმეში მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდაო, ამბობს პროკურატურა.

აღნიშნული მტკიცებულებების დამალვაში გია გვიჩიანის ადვოკატების განცხადებით, მთავარი პროკურორის მოვალების შემსრულებელი, ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა. საბრალდებო სიტყვაში, შოთაძე ითხოვს გვიჩიანისა და ჩემიას მიმართ თავისუფლების უვადო აღკვეთას. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, შოთაძემ დამალა ყველაზე მნიშვნელოვანი და გამამართლებელი დოკუმენტი დნმ-ის ანალიზი, რომელიც აშშ-ში ჩატარდა და რომელიც გვიჩიანის და ჩემიას უდანაშაულობას ადასტურებდა.

„გვიჩიანის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გადაიდო, რაც ჩემი აზრით, შოთაძის ჩართულობას უკავშირდება. გარდა შოთაძისა, მთავარ პროკურატურაში დღეს წარმოდგენილები არიან პროკურორები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულში არიან შემჩნეული“, - აცხადებს for.ge-სთნ საუბრისას ირმა ჭკადუა.

For.ge. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს უვადოპატმრობაში მყოფ, გია გვიჩიანთან.

ბატონო გია, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, იარაკლი შოთაძეს რა კავშირი აქვს თქვენს პატიმრობასთან?

გია გვიჩიანი: ის იყო საქმის პროკურორი.

თუმცა, პროკურატურა ამბობს, რომ ის იყო მხოლოდ სტაჟიორი?

- პირველი ინსტანციის სასამართლოში სტაჟიორი პროკურორი იყო, მაგრამ მეორე ინსტანციაში, უკვე სააპელაციო სასამართლოში ის იყო პროკურორი. ბრალდებას ხელს აწერს არა როგორც სტაჟიორი პროკურორი, არამედ როგორც პროკურორი. ამ ბარლდების მიხედვით, ორ უდანაშაულო ადამიანს სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯეს. საბრალდებო სიტყვაში წერია, რომ დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე შეგნებულად მალავს აშშ-ში ჩატარებულ ე.წ. დნმ-თან დაკავშირებულ ექსპერტების დასკვნას, რასაც შოთაძე პასუხობს: „ბატონებო მერწმუნეთ, რომ დასკვნის დამალვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, დასკვნა დღემდე მიღებული არ არის“, - ეს მაშინ, როდესაც ერთი წლის მიღებული იყო დასკვა. დნმ-ის დამალვის ფაქტზე საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.

ანუ დნმ-ის პასუხების დამალვაში სდებთ ბრალს ირაკლი შოთაძეს?

- ბრალს არავის ვუყენებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ორ უდანაშაულო ადამიანს სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯეს. შემიძლია მისი მეორე საბრალდებო სიტყვა წაგიკითხოთ, სადაც ბატონი შოთაძე, როგორც სტაჟიორი, პროკურორი ისე აწერს ხელს. სტაჟიორი პროკურორი ისე არის გაგებული, რომ თითქოს, მას უფლებები არ აქვს, არა ბატონო, როგორც ჩვეულებრივი პროკურორი ისე გამოდიოდა სასამართლოზე, მონაწილეობდა ყველა შუამდგომლობის განხილვაში.

აი, რას წერს ბატონი შოთაძე 2006 წლის 7 აგვისტოს საბრალდებო სიტყვაში - „დაცვის მხარე სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმეთა ჩვენებებში არის ათეულობით წინააღმდეგობა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობები ბუნებრივია, იმის გათვალსიწინებით, რომ დანაშაული ჩადენილია 4 წლის წინ და ყველა დეტალის და ნიუანსის გახსენება შეუძლებელია“.

მაპატიეთ, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით თუ მოწმის ჩვენებაში არის არსებითი წინააღდეგობა, ასეთი ჩვენება არის დაუშვებელი მტკიცებულება. ეს ნიშნავს, რომ მოწმე იტყუილება. ის იყო საქმის პროკურორი და წაგიკითხეთ რაზეც აქვს ხელი მოწერილი.

საქმის გადახედვა მიმდინარეობს. პროცესი ჩაინიშნა, მაგრამ 9 იანვარს განუსაზღვრელი ვადით გადაგვიდეს. მინდა გითხრათ, რომ 9 და 10 იანვარს პროცესი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რატომღაც, 9 იანვარს მოსამართლე ავად გახდა და პროცესი გადაგვიდეს განუსაზღვრელი ვადით. როგორც გავიგეთ მოსამართლე გამოჯანმრთელდა და პროცესი 10 თებერვალსაა ჩანიშნული. სასამართლო სხდომას ვერ გააუქმებენ, ყველა ვარიანტში გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი. დასკვნითი სიტყვაა დარჩენილი და ამიტომაც ვეპატიჟები საზოგადოებას, ჟურნალისტებს, სახალხო დაცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვთხოვ ყველას ნახონ, ვარ თუ არა დამნაშავე.

თუმცა, ნიკა ლომინაძის მამა დღემდე მკვლელობის შემკვეთად გასახელებთ...

- მე შემიძლია წაგიკითხოთ ნიკა ლომინაძის მამის ჩვენება სასამართლოზე და მერე მკითხველმა შეაფასოს. ის ამბობს, რომ „ნიკას მკვლელობამდე გია გვიჩიანზე არაფერი არ მსმენია. მკვლელობის შემდეგ მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებმა მითხრეს გვიჩიანზე, რომ ეს კაცი ბანდიტიაო“, -  ეს თვითონ თქვა სასამართლოზე. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან მუდმივი ბრძოლა მქონდა. შეგიძლიათ ამოიღოთ ეს მასალები. მათ 140 მილიონი დავაკლებინე ტარიფში. გამოვიჭირე, რომ ტარიფი ჰქონდათ გაზრდილი, 2001 წლის გაზაფხულზე პირდაპირი ჩართვა მქონდა კურიერში და მარეგულირებელი 140 მილიონის „მოტეხვაში“ დავადანაშაულე.

სასამართლო დაკითხვაზე ნოდარ ლომინაძე ამობობს, რომ გია გვიჩიანი ამ საქმეში მონაწილე არის თუ არა არ ვიცი. მკვლელობის შემდეგ ორ დღეში და დაახლობით თვენახევარში ნოდარ ლომინაძე დაკითხა გამოძიებამ. სასამართლო დაკითხვაზე ამბობს, რომ მისთვის არაა ცნობილი, რომ ნიკა ლომინაძეს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა, უჭირს შეფასების გაკეთება, იყო თუ არა ნიკას მკვლელობა დაკავშირებული მის სამსახურთან.

30 ოქტომბრის დაკითხვაში კი იძახის, რომ მკვლელობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მის სამსახურთან, მისი აზრით დამნაშავე იყო ნაცნობი, რადგან ნიკა უცნობს სახლში არ შეუშვებდა. „საფერფლეში ორი ღერი სიგარეტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკას ვიღაცასთან ჰქონდა საუბარი, რადგან უცნობთან იგი არ ისაუბრებდა“, - ამას ეუბნება გამოძიებას. არსად არ უწერია, რომ მე ვარ მკვლელი.

4 წლის შემდეგ, როცა დამაპატიმრეს, გამოძიებამ, კერძოდ სოდ-მა ხელმეორედ დაკითხა და ამ დაკითხვაში ის წერს: „მართალია ნიკა არ საუბრობდა თავის სამსახურეობრივ საქმიანობაზე მასთან, მაგრამ ნიკამ მკვლელობამდე გარკვეული დროის წინ რამდენჯერმე ახსენა გვარი გვიჩიანი, რომ „თელასში“ აკეთებდა ფულს, საიდან და როგორ, ეს გასარკვევი იყო“. წინა ორ ჩვენებაში ჩემი გვარი არ უხსენებია, მაშინ, როდესაც მას და მის მეუღლეს ყველა გარშემომყოფზე ჰქონდათ ეჭვი.

4 წლის შემდეგ რატომ ახსენა ნოდარ ლომინაძემ თქვენ გვარი?

- ისე დამაპატიმრეს, რომ საქმე გამოძიებული არ ჰქონდათ. დამაპატიმრეს 2006 წლის 7 მარტს, ხოლო 6 მარტს გაიხსნა სანდრო გირგვლიანის მკვლეობა. ეს საქმე გაიხსნა არასწორად და ამის გადასაფარავად სასწრაფოდ დამაპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ დაიწყოს საქმის გამოძიება. ამოიღეს სხვა მსჯავრდებულების, ანუ ვისაც ქილერობა ბრალდება მათი მობილური ტელეფონების მონაცემები, საზღვრის გადაკვეთის ცნობა და აღმოაჩინეს, რომ რაც მთავარმა მოწმემ ნოდარ გვიჩიანმა დაწერა, ყველაფერი მოგონილი იყო და არ დასტურდებოდა. სამი კვირის შემდეგ გადაწყვიტეს ჩემი გაშვება. მომივიდა ინფორმაცია, რომ მანთავისუფლებდნენ.

გიშვებდნენ ციხიდან იმის გამო, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც თქვენს კავშირს ამ მკვლელობასთან ადასურებდა?

- არაფერი მიმტკიცდებოდა. ნოდარ გვიჩიანის ჩვენება იყო მოგონილი. ნოდარ გვიჩიანს ასეთი ჩვენება აქვს მიცემული, რომ თვითონ იყო შუამავალი, მისი ნაცნობი იყო ქილერი, ეს ქილერი ორი კვირა ამზადებდა ნიკა ლომინაძის მკვლელობას. ორი კვირის განმავლობაში ორჯერ შეხვდა ამ ე.წ. ქილერს - ნიკა ჩემიას. ეს ნიშნავს, რომ ერთდროულად, ნიკა ლომინაძე, ნოდარ გვიჩიანი და ე.წ. ქილერი - ნიკა ჩემია თბილისში უნდა ყოფილიყვნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორი კვირა კი არა, მთელი ერთი თვე ნოდარ გვიჩიანი საერთოდ არ ყოფილა თბილისში, ხოლო ნიკა ჩემია - გერმანიაში.

თუმცა, გამოძიებით დასტურდება, რომ მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ის თბილისში ჩამოდის და მკვლელობის დილას ისევ გერმანიაში მიდის...

- გასაგებია. ის მანქანებით ვაჭრობდა და თვეში ორჯერ ასწრებდა მანქანის ჩამოყვანას. გასაგებია, რომ სამი დღით ადრე ჩამოდის, მაგრამ ეს სამი დღე თავად ნიკა ლომინაძე არ იმყოფებოდა თბილისში. ამიტომ, გამოძიებამ, როცა მტკიცებულება ვერ იპოვა, გადაწყვიტეს ჩემი გაშვება, მაგრამ სანდრო გირგვლიანის გამო დაიწყო მასიური გამოსვლები, ვანო მერაბიშვილის გადაგომის მოთხოვნით და ამის გადასაფარავად, გადაწყვეტილება შეცვალეს და არ გამანთავისუფლეს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლებისა და პროკურატურის მიერ მოხდა მკვლელობის არაობიექტური გამოძიება. წულუკიანი ამბობს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება საჭიროა, რატომ არაა საქმეზე წინსვლა, ახლაც პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს?

- პირდაპირ გეტყვით, რომ პროკურორები აბსურდს უჭერენ მხარს. თეთრზე იძახიან, რომ შავია. ბუნებრივია ამას ნიშნავს, რომ რაღაცა პოლიტიკური მოტივი იკვეთება. ფაქტია, რომ პროკურორებზე ხდება ზეწოლა. ეს არაა მათი ბუნებრივი პოზიცია და შეუძლებელია ეს მათი ბუნებრივი პოზიცია იყოს, რადგან მთელი საქმე არის აბსურდი. მკვლეობის საქმეში არაა იარაღი და არაა მკველობის ტყვია. საქმეში იყო მკვლელბის ტყვია, მაგრამ პოლიციის გენერალმა კეკუამ მკვლელობის ტყვია საქმიდან ამოიღო და სხვა ტყვია ჩადო, სულ სხვა ადამიანის. ეს უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა, 8 თვე ჰყავდა ციხეში და მერე გაუშვა. რატომ გააკეთა, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას კვალი აურია.

საქმეში არ არსებობს იარაღი და ტყვია, არსებობს თითის ანაბეჭდი, მაგრამ ეს ანაბეჭდები ამ საქმეზე გასამართლებულების თითის ანაბეჭდს არ დაემთხვა, ისევე, როგორც დნმ-ის ფრაგმენტები - თმის ღერები და სიგარეტის ნამწვი. ამერიკის ფედერალური ბიუროს გამოძიებამ დაასკვანა, რომ ერთი მოწეულია თავად ნიკა ლომინაძის მიერ, ხოლო მეორე უცხო ადამიანის მიერ. უცხო ადამაინაში გამოირიცხა მისი ოჯახის ყველა წევრი, ასევე შემთხვევის ადგილას მისული საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტები. ყველა მტკიცებულება ჩემს სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა სამუდამო მომისაჯეს.

მთავარ მოწმე, ნოდარ გვიჩიანი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ მკვლეობის ფაქტის შესახებ გაიგო საკუთარ სახლში, თბილიში, შუადღეს, კურიერიდან და მიხვდა, რომ მისმა მეგობარმა შეასრულა შეკვეთა, აიღო მობილური ტელეფონი დაურეკა მას, მაგრამ გამორთული ჰქონდა. მივიდა სახლში, ქუჩიდან დაუძახა, აივნიდან გადმოხედა მისმა მეუღლემ და უთხრა, რომ მისი ქმარი სახლში არ იყო. როგორც მერე დაადგინა, დასავლეთში, რომელიღაც სოფელში იმალებოდნენო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ჩამოვიდნენ მომიყვნენ მკვლეობის შესახებო, მაგრამ მობილი ტელეფონიდან ამოღებული მონაცემებით დადგინდა, რომ მკვლელობის დღეს და ბოლო ერთი თვე გვიჩიანი ბათუმში იყო. მეორე ჩვენებაში კი, რომელიც გამოძიებამ დააწერინა, ამბობს, რომ მკვლელობის შესახებ გაიგო ბათუმში, თავად ნიკა ჩემისგან, მან დაურეკა და უთხრა, რომ ბათუმის გასასვლელში შეხვედროდა - „საბუთები გადმომცა და მითხრა სარფის საბაჟოზე ნაცნობი ხომ არ გყავსო“.

თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ამბობთ, რომ 8 წელია უკანონო პატიმარი ვარ და უდანაშაულოდ ვიხდი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო პატიმრობასო. აქვენ ამბობთ, რომ კუბლაშვილის სასამართლომ უფლებამოსილებას გადაამეტა და კანონის უხეში დარღვევით უარი გითხრათ ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო, საქმის გადახედვაზე. რა არის ეს ახალი გარემოება?

- ახლადაღმოჩენილი გარემოება იყო დნმ-ის პასუხები, რომელიც დამალული ჰქონდა პროკურატურას, მაგრამ ახალმა პროკურატურამ გამოაჩინა დნმ-ის პასუხები და ჩვენ გადმოგვცა. ამის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მეორე მტკიცებულება, ეს არის კეკუას განაჩენი, რითაც მტკიცდება, რომ მან ტყვია შეცვალა საქმეში და გააყალბა შემთხვევის ადაგილის დათვალიერების ოქმი.

იუსტიციის მინისტრის გარდა, თქვენს უდანაშაულოაბზე ისაუბრა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, ამის მიუხედავად თქვენი პატიმრობა გრძელდება. როგორ ფიქრობთ, სასამართლო თქვენს საქმეზე გაგამრთლებელ განაჩენს დააყენებს?

- მაქსიმალურად ვეცდები, რომ პროცესი იქნეს საჯარო, ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ გამართლებელი განაჩენი დადგება. იმ შემთხვევაში თუ იქნება სხვა განაჩენი, ეს იქნება უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი.

როგორ ფიქრობთ, თქვენს გამამართლებელ განაჩენს როგორ შეხვდება თავად ნიკა ლომინაძის მშობლები, გაქვთ მისი მშობლებისთვის რამე სათქმელი?

- დაზარალებული ლომინაძის ოჯახმა მეორე დღეს უარი თქვა მათ ადვოკატზე ლალი აფციაურზე. არ დაესწრნენ მთავარი მოწმის ნოდარ გვიჩიანის დაკითხვას დ ჩვენების მიცემას სასამრთლოში. ხოლო, სასამარლოზე ნოდარ ლომინაძემ განაცხადა, რომ საქმის მასალებს იცნობს ნაწილობრივ, რაც არასწორია.

მთელი პროცესი მე და ნიკა ჩემია მივმართავდით დაზარალებულ ლომინაძეების ოჯახს, რომ აიეყვანათ ადვოკატი და გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ნიკო ლომინაძის მშობლებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგი, ორ უდანაშაულო ადამიანს მოგვისაჯეს სამუდამო პატიმრობა. სააპელაციო სასამართლოს მიმდინარეობისას ინფარქტით მამა გარდამეცვალა. მამაჩემზე უფრო წესიერი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია.

ადვოკატი განმარტავს, რომ ნიკა ლომინაძის მამამ ისეთი მოწმეების დაკითხვაზე თქვა უარი, რომლებსაც შესაძლოა საქმეზე სიმართლე ეთქვათ...

- ჩვენ რომ ვაყენებდით მოწმის დაკითხვის საკითხს, მტკიცებულების გამოკვლევას, პროკურატურა ამ შუამდგომლობას მხარს არ უჭერდა, არ უნდოდა საქმის გარკვევა, თვითონ მამასაც არ უნდოდა. პროკურატურა რასაც იძახდა, იგივეს იძახდა ისიც, არ აინტერესებდა საქმის გარკვევა.

მაშინ ვინ არის მკვლელი?

- ეჭვი ბევრი შეიძლება გამოითქვას, მაგრამ თუ არ დადასტურდა, ამის თქმა შეუძლებელია.

გამოძიება გთავაზობდათ მკვლელობის აღიარებას?

- მთავაზობდნენ, რომ მეთქვა შუამავალი ვიყავი და შემკვეთად დამესახელებინა იგნასიო ირიბარენი, „თელასის“ გენერალური დირექტორი, რომელიც ვენესუeლაში ცხოვრობს. გამოძიებამ მითხრა, რომ მას ვენესუელიდან ვერავინ ვერ ჩამოიყვანს და დაადე მას ხელი და პირობითი მოგესჯებაო, რაც არ გავაკეთე. ამის შემდეგ, მოულოდნელად გადამიყვანეს სხვა ციხეში და შემიყვანეს იმ საკანში, სადაც 2 დღით ადრე ადამაინმა თავი ჩამოიხჩო.

მაშინ მივხვდი, რომ დაგეგმილი იყო ჩემი ლიკვიდაცია. მეორე დღეს სასამართლოზე გავაკეთე განცხადება, რომ თავის მოკვლას არ ვაპირებდი. საქმის მთავარი მოწმე ნოდარ გვიჩიანი გადაიყვანეს ერთი ციხიდან მეორეში და სამ დღეში თვი ჩამოიხრჩო. სპეცილაურად გადაიყვანეს, რომ თავი ჩამოეხრჩო და ეს დასტურდება იმით, რომ ის არ შეიყვანეს მოწმეთა დაკითხვის სიაში. პროკურორმა წინასწარ იცოდა, რომ თავს ჩამოიხრჩობდა და ამიტომ არ შეიყვანა მოწმეების სიაში.

ბაჩო ახალაიასთან შეხება გქონდათ?

- არა, მაგრამ ე.წ. ქილერს, ნიკა ჩემიას ჰქონდა მასთან შეხება. ერთი თვე აწამებდნენ და პირადად ბაჩო ახალაიამ გადაიყვანა სხვა ციხეში და პირადად მისი მითითებით სცემდნენ ხელკეტებით.

როგორია სამუდამო პატიმრობაში მყოფი ადამიანის ცხოვრება, მისი ერთი დღე?

-არ ვარ მკვლელი და არც მკვლელობის შემკვეთი. სასჯელის უმაღლესი ზომა, სამუდამო პატიმრობა განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. ასეთი შეგრძნებაა, რომ შენ მოგკლეს და ცოცხალი არ ხარ, უბრალოდ, სუნთქავ. გაღმა ნაპირზე ხარ გასული და იცი, რომ უკან ვერასოდეს დაბრუნდები. მითუმეტეს, ეს რთული უდანაშაულო ადამიანისთვის. 4 წელი სხვა სამუდამო მისჯილებთან მომიწია ერთ საკანში ყოფნა, მაგრამ ბოლო 4 წელია მარტო ვარ.

8 წელი მთელი ცხოვრებაა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები წამართვა სააკაშვილის რეჟიმმა. როდესაც მომისაჯეს სამუდამო პატიმრომა, მაშინ ჩემთვის ვთქვი, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ მკვდარი ვარ. ჩემს თავს ვეუბნებოდი სულ, რომ ასე უნდა მეცხოვრა და ამ კუთხით შემეხედა ამისთვის, რადგან სხვანაირად ვერ გავძლებდი. ტელევიზორი არ მქონდა, მოწყვეტილი ვიყავი ყველაფერს. ახლა ტელევიზორი მაქვს. ვერასოდეს ვერ წარმომედგინა, რომ ციხეში მოვხვდებოდი.