„მართლმადიდებელთა კრებულის“ ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ხელოვნების მუზეუმში არსებული სიწმინდეების აღრიცხვა-ინვენტარიზაციას მოითხოვს. მისი თქმით, ჟურნალისტური მოკვლევითა და პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო წლებში 300-მდე ექსპონატია დაკარგული, თუმცა სიწმინდეების ადგილმდებარეობის მოძიება არ ხდება.
უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო აუქციონებზე აღმოჩენილა დაკარგული ექსპონატები, რომელთა მოძიება ინტერპოლის დახმარებით ვერ ხერხდება, რადგან ინტერპოლთან საჭირო დოკუმენტაცია გაფორმებული არ არის.
ზაზა ნანობაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ კონკრეტულად ვერავის დაადებს ხელს, მაგრამ ფაქტია, სიწმინდეები დაკარგულია და ისიც ფაქტია, რომ რიგითი ადამიანებისთვის შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშების გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
უფრო მეტიც, იგი აცხადებს, რომ სააკაშვილმა პატარა ჯიბის სახარება აჩუქა ხელოვნების მუზეუმს, რაც ამდენი სიწმინდის დაკარგვის ფაქტის გადასაფარად გააკეთა, აი, საკუთარი ქონებიდან ხარკი გავიღეო.
„ეს მოჩვენებითი შოუს ნაწილია. ღიად ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ, როდესაც გამოძიება დაიწყება, გამოჩნდება, ვისი ხელშეწყობით ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს საკითხი მიჩუმათებული იყო და მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირის თუ გარკვეული ჯგუფების ხმა ისმოდა ბოლო წლებში. მიუხედავად იმისა, რომ კონკორდატის შემდეგ უწმინდესმა ბრძანა, საწყობებში არსებული საგანძური და სიწმინდეები უნდა აღირიცხოს და მათი გამოაშკარავება უნდა მოხდესო, პრაქტიკულად, ეს დღემდე არ მომხდარა. პასპორტიზაციაზე ხომ აღარ არის საუბარი. გვარწმუნებენ, ათი წელი სჭირდება ამ საქმის დაწყებასო. მას შემდეგ მართლაც ათ წელიწადზე მეტი გავიდა და პასპორტიზაცია კიდევ არ დაუწყიათ. ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, რომ შეგნებულად არ ხდება საგანძურის ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია. პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორს ვესაუბრე, იქ მრავლად არის ქართული საგანძურიდან მოხვედრილი ნივთები, რაც უფრო ადრეულ წლებს უკავშირდება. ისინი შედარებით კანონიერი შესყიდვით მოხვდნენ იმ ქვეყნებში, რადგან დიდი მუზეუმები ყოველთვის ერიდებიან „შავ ბაზარზე“ რაღაცის ყიდვას, რათა შენაძენი სადავო არ გახდეს. თუმცა, ევროპაში არის ისეთი „შავი ბაზრები“, სადაც კონფიდენციალობა დაცულია. ვთქვათ, ვიღაცამ გაყიდა ხელოვნების ნიმუში ან სიწმინდე, მის ვინაობას იცავს ბაზარი და არ ამბობს, ვისგან მიიღო შენაძენი. ამიტომ, ასეთი ნიმუში ქვეყნისთვის დაკარგულად ითვლება, რადგან ვინც იყიდა, აღარ დაგიბრუნებს, თუ ინტერპოლი არ ჩაერთო საქმეში“, - განაცხადა ნანობაშვილმა.
რაც შეეხება დაკარგული ნიმუშების ჩამონათვალს, მისი თქმით, სია უსასრულოა. მათ შორის, ბენუას „ვენეციის არხი“, აივაზოვსკის „სევასტოპოლის აღება“ და „თბილისის ხედი“, რომლებიც ადრეულ წლებში დაიკარგა. თუმცა, ერთიც კია, ნანობაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ეს ნიმუშები ადრეულ წლებში დაკარგულებად წარმოაჩინეს. სინამდვილეში, უფრო გვიან დაიკარგა, რადგან ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ნოდარ ლომოური აცხადებდა, თვით „მხედრიონის“ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქი ააოხრეს, ჩვენთან არ შემოსულან, ქართველ კაცში იმდენი სიწმინდეა, განძისთვის ხელი არ უხლიათო.
მოგვიანებით დაკარგულ ნიმუშებთან დაკავშირებით ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, რომ ფიროსმანის „ფაეტონი“ და „ღამის ქეიფი“ უკვე 2007 წელს გაიტანეს, ასევე, ამავე წელს გაიტანეს ახალი აღთქმის უნიკალური უძველესი ხელნაწერი. არც ნაყოფიერების ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების ( ჩვ.წ. აღ-მდე მე-3 საუკუნე) დაკარგვაზეა აღძრული საქმე. ლადო გუდიაშვილის „ლურჯა ცხენები“ და „მერი“ წაღებულია, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმიდან რამდენიმე ექსპონატი მითვისებულ იქნა მიზეუმის დირექტორის მიერ, მათ შორის, მეფე ერეკლეს ხმალი, აქ სავარაუდო თარიღად „2004 წლამდე“ წერია. ამას ნანობაშვილი იმით ხსნის, რომ შეიძლება, სურდათ, ხელოვნების ნიმუშის დაკარგვა ძველ მთავრობას დაბრალებოდა. არ ჩანს კაჟიანი თოფები, მონეტები, სურათები, მეფეთა თუ კათოლიკოს-პატრიარქთა ჯვრები, მათ შორის, ჭავჭავაძეების საგვარეულო ჯვარი, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლ-მუზეუმიდან საგვარეულო ბეჭედი, მაცხოვრის ხატი, ოლღა გურამიშვილის კუთვნილი ოქროს საათი, ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო „აჩრდილი“. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან კი ანტიკური ხანის 73 დასახელების სამუზეომო ექსპონატია წაღებული, რომლებიც ეროვნულ საგანძურს მიეკუთვნებოდა. ე.წ. ოქროს სეიფიდან კი მოპარულია ანტიკური ხანის ოქროს სამკაულები და მრავალი სხვა უნიკალური ექსპონატი, მათ შორის, დაკარგულია ნივთები ქუთაისის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმიდან და სხვა.
მომხდართან დაკავშირებით ზაზა ნანობაშვილს ახსენდება 1936 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიმართვა ქართველი ერისადმი. ექვთიმე თაყაიშვილმა იმ პერიოდში ევროპულ კოლექციებში ქართული საგანძურის მოხვედრის შესახებ შეიტყო და მაშინვე განგაშის ზარები შემოკრა. მან იქიდან მოუწოდა თანამემამულეებს, ქართული საგანძური ჩინოვნიკებმა გაყიდეს (იგულისხმება კომუნისტები) და ამ საგანძურს საზოგადოებამ მიხედეთო. ამისთვის, იგი, პირველ რიგში, ამ საგანძურის აღრიცხვას სთხოვდა ქართველებს.
„კონკორდატი ფარსი იყო, სადაც ეწერა, რომ ეკლესიის საკუთრება ეკლესიის ქონებად ითვლებოდა. სინამდვილეში, ეკლესიას არ უშვებენ ამ ქონებამდე, მხოლოდ 29 აგვისტოს, ანჩისხატობაზე უშვებენ მომლოცველებს ხელოვნების მუზეუმში და სამადლობლად 5 წუთს ალოცვინებენ. ეს ათეისტურ ხატმებრძოლობას უთანაბრდება, როცა ხატის წინ ლოცვა იკრძალება. ვერ ვიტყვი, რომ მუზეუმის ყველა თანამშრომელი გულგრილია ამ საკითხის მიმართ, გამოხატავენ კიდეც გულისტკენას, მაგრამ ხელფასის დაკარგვის შიშით ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ. ახალ მთავრობას უნდობლად არ ვუყურებთ, მაგრამ უნდა გამოიძიონ ეს საქმეები. ადამიანების დაჭერით ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი, მაგრამ ცუდია, როცა გვესმის, რომ ლონდონის აუქციონზე მოხვედრილა ქართული ერთ-ერთი ნივთი, ევროპის ბევრ ქვეყნაში ვართ ნამყოფი და იქაც გვსმენია ამის შესახებ“, - გვითხრა ზაზა ნანობაშვილმა.
For.ge დაუკავშირდა ხელოვნებათმცდონეობის დოქტორს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილეს გია მარსაგიშვილს. მან განმარტა, რომ ბოლო წლებში ხელოვნების მუზეუმიდან არაფერი დაკარგულა.
„ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, ხელოვნების მუზეუმს სააკაშვილმა ჯიბის სახარება გადასცა საჩუქრადო. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს ჩვენს ხელოვნების მუზეუმში არცერთხელ არ ყოფილა მოსული და არ გადმოუცია ჩვენთვის ჯიბის სახარება. სხვა მუზეუმს თუ გადასცა, ჩვენს მუზეუმს რატომ უნდა მიეწეროს?! გვაბრალებენ, ხელოვნების ნიმუშების აღწერა არ მიმდინარეობსო. როგორ არ მიმდინარეობს? კომისია ამაზე მუშაობს. უკვე ორ წელზე მეტია, მიმდინარეობს მთელი საგანძურის აღწერა. თავი დროზე, აივაზოვსკის ნამუშევრები ყაჩაღური გზით გაიტაცეს. საუბარი იყო სიწმინდეებზეც, თუმცა არცერთ მუზეუმს ყველა თავისი ექსპონატი გამოფენილი არ აქვს. მხოლოდ 8-10%-ია გამოფენილი, ისიც იდეალურ შემთხვევაში. რაც გატაცებული და მოპარული იყო გასული საუკუნის 1994 წლის ბოლომდე, ეს ყველაფერი გადაცემული გვაქვს პროკურატურასა და ინტერპოლში გამოსძიებლად“, - გვითხრა გია მარსაგიშვილმა.