დავით საგანელიძის უცხოური „თავგადასავლები“

დავით საგანელიძის უცხოური „თავგადასავლები“

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ საკვირაო-სახალისო წერილში საუბარი ჩვენებური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას გაგაცნობთ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ დავით საგანელიძეს გადავცემ. ბატონი დავითი უცხოეთში ხშირად მოგზაურობს და რამდენჯერმე უცნაური თავგადასავალიც გადახდა.

„ჩემი კურიოზები, ძირითადად, მგზავრობას უკავშირდება. ერთხელ, ტოკიოში მივფრინავ. თვითმფრინავში ჩემ გვერდით დაჯდა ერთი რუსი კაცი. მიამბო თავისი ცხოვრების დეტალები და მოაყოლა, ლოს-ანჯელესში მაქვს ბიზნესი და იქ მივდივარო. დავფიქრდი. ვიფიქრე, ეს ლოს-ანჯელესში მიფრინავს, მე – ტოკიოში და როგორ იქნება ახლა ჩვენი საქმე-მეთქი.

ჩავეძიე: ბატონო ჩემო, ხომ არ გეშლებათ, ეს თვითმფრინავი ტოკიოში უნდა დაჯდეს და თქვენ ლოს-ანჯელესში როგორ მოხვდებით-მეთქი? გადაირია, რა ტოკიო, ეტყობა შეგეშალათ რეისი, ზუსტად ვიცი, სადაც მივფრინავო. დამცხა, ცივმა ოფლმა დამასხა. ვიფიქრე, ნამდვილად შარში ვარ-მეთქი. თანაც, ცაში ხარ და, ხომ არ ეტყვი პილოტს, შენი ჭირიმე, გააჩერე, შემეშალა გზაო. მოკლედ, ორივე უბედური ვართ, ვაწყნარებთ ერთმანეთს და, ამ დროს, სტიუარდესამ ჩამოიარა. ვეცი და ვეკითხები: შენი ჭირიმე, ხომ ჩავფრინდებით ტოკიოში-მეთქი, გამიღიმა – კიო. ახლა ის კაცი ეცა: გოგონი, შენი თვალების ჭირიმე, ხომ ჩავალ ლოს-ანჯელესშიო. იმასაც გაუღიმა და უპასუხა, კიო.

ვა, სულ გადავირიე. ვიფიქრე, ნაღდად „გვეღადავება“ ეს ქალი და ახლა ამას დავახრჩობ-მეთქი. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა რომ ჯერ ტოკიოში დაჯდებოდა და შემდეგ ჩაფრინდებოდა ლოს-ანჯელესში.

მერე ვშაყირობდი, არ გადავრჩით მე და ის რუსი იმ სტიუარდესას გამო ციხეს-მეთქი?!“.

უცხოეთში ყოფნას რა ვუთხრა და „საზღვარგარეთულმა“ ჰავამ ქართველ პარლამენტარს ერთხელ „ქურდობისაკენ“ უბიძგა. კვლავ დავით საგანელიძეს მოვუსმინოთ.

„ერთ ზაფხულს კი ცოლთან და მეგობრებთან ერთად გახლდით უცხოეთში დასასვენებლად, კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაზე. ერთ დღესაც, სათევზაოდ გადავწყვიტეთ წასვლა. ვიტრაბახე კიდეც, ნახეთ ახლა რამდენ თევზს დავიჭერ, მაგრად გამომდის თევზაობა-მეთქი. გადავაგდე ანკესი და ველოდები. აქეთ გავიხედავ – ერთი ჩემი მეგობარი ამოათრევს თევზს წყლიდან, გავიხედავ – მეორე, ჩემმა ცოლმაც კი მაჯობა. რაჭველი კი ვარ, მაგრამ, სწრაფად მოვისაზრე, ბევრი არ მიფიქრია, ისე ვიპოვე გამოსავალი.

თევზი პირველად მოვიპარე ჩემს ცხოვრებაში მაგრამ არ გამიმართლა. ამ შემთხვევაში უიღბლო აღმოვჩნდი.

მოკლედ, დავყევი და, ვისაც ბევრი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ვიპარავდი და ჩემს ჭურჭელში ვყრიდი. ცოლსაც კი მოვპარე, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველამ არ იცნო თავისი დაჭერილი თევზი?! მოცვივდნენ და გადაირივნენ, ეს ჩემი დაჭერილია, ეს – ჩემიო. ასე რომ, ჩემგან თევზის ქურდი არ დადგება და ამ საქმეში ვერ ვივარგებ“.

ქართველ პოლიტიკოსებს სუფრა და ქეიფი ძალიან უყვართ. მათ შორის გამორჩეული თამადებიც არიან. გაიკვირვებთ და მათ რიცხვში „მჩატე წონითი კატეგორიის“ ყოფილი დეპუტატი კახა კუკავაც ითვლება. ამ „საინტერესო შემთხვევას“ ბატონი ალექსანდრე შალამბერიძე მოგვიყვება.

„ქართული სუფრისა და ჩვენი ტრადიციების შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ზედმეტი განმარტება აღარ იქნება საჭირო.

ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს „დიდ კაცს“ – კობა დავითაშვილს. ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა, კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ „გაბარიტებით“ ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ, კახა, შეძლებისდაგვარად, ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს.

თანდათან ვხედავთ, რომ კახას მუცელი ებერება და ისეა უკვე, სადაცაა გასკდება, ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა – ე, მანდ, მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც „მათე ბიჭს“ ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება – ესაა თქვენი დალევა, მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო... კახა დგას წრუწუნასავით გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი, იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი, რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ საოხრე მუცელში-მეთქი. ამასობაში, მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა.

როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის „მათე ბიჭმა“ მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო „მათე ბიჭის“ გაცილებას დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი „მათე ბიჭი“, ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო – ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები“.

დრო მოვიდა და სიტყვას უფროსი თაობის ყოფილ პოლიტიკოსს გადავცემ. ყოფილი დეპუტატი გერმანე ფაცაცია წინა საუკუნის 90-იან წლებში დაგვაბრუნებს და იმ პერიოდის საპარლამენტო „სხდომებს“ გაიხსენებს.

„მინდა, ის პერიოდი გავიხსენო, როცა პარლამენტის სხდომები „იმელის“ შენობაში იმართებოდა. ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი მრავალფეროვნება: თუ ვინმე არსებობდა საქართველოში – შტერი იქნებოდა, სულელი, მოაზროვნე თუ პათოლოგი – ყველა ერთად იყო შეყრილი ამ პარლამენტში. მაშინ მძიმე პერიოდი იყო – დენის დანახვაც კი ხალხში ოვაციებს იწვევდა. ერთხელ, სიცივეა, დენი არა არის, თვით „იმელის“ შენობაშიც კი, ჩართულია ეგრეთ წოდებული „დვიჟოკი“ და ამგვარად ვმუშაობთ.

პარლამენტარებს ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, ისე ვსხედვართ და არავინ არაა მუშაობისა და, თუ გნებავთ, პოლემიკის ხასიათზე. ამ დროს მოვიდა ჩემთან ბეჟან ხურციძე და მეუბნება, რამე ვქნათ ისეთი, რომ სხდომა ჩავშალოთ. თუ ამას მოახერხებ, პურ-მარილს ვკისრულობო. მეც დავეთანხმე, რადგან იმავეს ვფიქრობდი.

როცა შესვენება გამოაცხადეს, ფოიეში შევეჩეხე ედუარდს. მე, ცოტა არ იყოს, ნასვამი ვიყავი, და მან საყვედური მითხრა – არ უნდა იცოდე, ვისთან უნდა დალიოო? თურმე, ნუ იტყვით და, ვისაც მე დავალევინე, იმან შესვენებამდე შევარდნაძე უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. თემურ მირიანაშვილმა კი მე „ჩამიშვა“ – იმას გერმანემ დაალევინაო. მეც არ დავუთმე – ამისთანა ამბებს მე არავის, მით უმეტეს, სახელმწიფო მეთაურს, არ ვუთანხმებ-მეთქი. თან, მიზეზს ვეძებ, რომ სხდომა ჩავშალო და ბეჟანმა პურ-მარილი იკისროს. მივადექი მიკროფონს. ცხონებულ ვახტანგ გოგუაძეს მიჰყავდა სხდომა და გვერდით უზის ედუარდი. ვთხოვე, მაგრამ ვახტანგმა არ მომცა სიტყვის თქმის უფლება. როცა სხდომაზე ვახტანგს ვუსაყვედურე შინაურს ასე არ ექცევიან-მეთქი, მიპასუხა მღვდელი არ შეიძლება, შინაური იყოსო, მე ვუთხარი, პროცედურაზე რომ არ მომცე სიტყვა, უფლება არ გაქვს-მეთქი.

როგორც იქნა, მომცა სიტყვა და მაშინვე გამოვაცხადე: – ბატონო ედუარდ, რაც იქ ფოიეში, შესვენების დროს მოხდა, აქ უნდა გავუკეთო კომენტარი: თქვენ მე ყოველთვის მაძაგებდით, მე კი ყოველთვის გაქებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ორივენი მწარედ ვცდებოდით-მეთქი. ამის თქმა იყო და დარბაზში ისეთი ხარხარი ატყდა, რომ სხდომა ჩაიშალა. ბეჟანმა კი მართლაც შეასრულა სიტყვა და იკისრა პურ-მარილი“.

ჩვენი საკვირაო „მოგონებების“ დასასრულს ერთ დაუჯერებელ ისტორიას შემოგთავაზებთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ შემთხვევის დაჯერება რთულია, მაგრამ ის ნამდვილად დაფიქსირდა. ამ „ცხოვრებისეულ კურიოზს“ ბატონი ავთანდილ მარგიანი გაიხსენებს.

„ახლა მარადიული საპრეზიდენტო კანდიდატი რომაა, როინ ლიპარტელიანი იმის „გონებამახვილობაზე“ მოგახსენებთ. მოვიდა ჩემთან და მთხოვა, შენ იცნობ „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტს და სთხოვე ჩემზე, კრედიტი მომცეს ბანკიდანო. მამუკა ხაზარაძემ ეს საქმე მიანდო მოადგილეს და როინს ეკითხება ბანკირი, კრედიტის სანაცვლოდ რომ ჩადო ბანკში ქონება, სახლი ან მიწა გაქვსო? კი, მიწის მეტი რა მაქვსო, უპასუხა როინმა. წამოვიდა, დაიქირავა სატვირთო მანქანა, წაიყვანა ვერის ხეობაში, დატვირთა კაი შავი მიწით ის მანქანა და მიაყენა „თიბისი ბანკის“ შენობას. ხალხმა ატეხა სიცილი ამაზე, მაგრამ უარი ვეღარ უთხრეს, რადგან 3 000 ლარი ქორწინებისთვის სჭირდებოდა თურმე“.